EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ხელისუფლება აფხაზეთის აღიარებას აპირებს? »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-05 14:38:55
საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო კომისიაც შექმნა. საქმეში ჩახედული ადამიანები იმთავითვე ვარაუდობდნენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები პრეზიდენტის არჩევის წესს შეეხებოდა. საქართველოში ჩამოსულმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ პირდაპირ და მკაფიოდ თქვა, რომ ვენეციის კომისია პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. რამდენად გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება ამ პოზიციას, ჯერ კიდევ, არ ვიცით, მაგრამ საკონსტიტუციო კომისიის პირველი გადაწყვეტილება უკვე შეეხო საქართველოს პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხს. მართალია, „ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, გვიმტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხს მხარი არ დაუჭირა, სამაგიეროდ, კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ ჩანაწერი გაუქმდება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ პარლამენტი თბილისში უპრობლემოდ გადმოვა.
როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რეალურად, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზანი არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება და პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლაა, არამედ ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ცვლილებები მზადდება და ეს ცვლილებები ქვეყნისთვის დიდ ტრაგედიად შეიძლება გადაიქცეს
რამდენიმე თვის წინ გალის რაიონი რუსეთმა მთლიანად სამხედრო ქალაქად გამოაცხადა. ენგურის ხიდზე ყველა გადასასვლელი ეტაპობრივად ჩაკეტა. გუდაუთის სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გალის რაიონში გადმოტანა მიმდინარეობს, რუსეთი ენგურის ხიდზე საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნასაც აპირებს. რუსეთის ამ ქმედებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არც პროტესტი და არც სხვა უფრო ქმედითი ღონისძიებები არ მოჰყოლია
ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიები რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკვე აღიარა და, რეალურადაც, მისივე პატრონაჟის ქვეშ აიყვანა, _ აფხაზეთი მთლიანად რუსეთის დუმის დეპუტატსა და ფრაქცია „Единная Россия“-ს თავმჯდომარის მოადგილეს, ოთარ არშბას ჩააბარეს. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ოთარ არშბა პუტინის იდეოლოგის, ალექსანდრე ჭაჭიას უახლოესი მეგობარი და ყოფილი მძახალია. ეთნიკურად აფხაზი და დედით ქართველი არშბა პუტინის ახლო მეგობარია და არც ქართულ პოლიტიკაში ჩარევაზე ამბობს უარს. ბათუმში მისი სასტუმრო პირადად მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. იმასაც ამბობდნენ, რომ პრემიერობიდან გადაყენების შემდეგ, სწორედ, არშბა იყო ირაკლი ღარიბაშვილის მეკავშირე რუსულ პოლიტიკურ წრეებთან, როცა ყოფილი პრემიერი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებდა
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური გეგმები, ჯერჯერობით, განუხორციელებელი დარჩა. სამაგიეროდ, რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ უფრო გაამკაცრა ტონი და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ძალიან მალე ხელისუფლება უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება
ოცნების“ ხელისუფლების რბილმა პოლიტიკამ და რუსეთისადმი ლოიალობამ, ოკუპაციის კანონის გაუქმებაზე ხმამაღალმა საუბრებმა რუსეთის მოთხოვნები ბევრად უფრო მასშტაბური გახადა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის თემა იქნება და მძაფრი დისკუსია სწორედ ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების სტატუსის ირგვლივ გაიმართება.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს იურისდიქციის საკითხი, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების დროს დადგა ეჭვქვეშ. პარლამენტის მაშინდელი დეპუტატის, გიგა ბოკერიას კატეგორიული მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის დეპუტაცია გააუქმეს. ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფომ უარი თქვა სამართლებრივ ბერკეტზე. მართალია, მოგვიანებით, ორპალატიანი პარლამენტის პროექტზე იყო საუბარი, სპეციალური სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა, მაგრამ, საბოლოოდ, ისევ გიგა ბოკერიას მონდომებით, ეს პროექტიც თაროზე შემოდეს.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, რუსეთის საბოლოო მოთხოვნა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებაა, მაგრამ რაკი საქართველოში, ჯერ კიდევ, არსებობს მცირე საპროტესტო მუხტი, ხელისუფლება პირდაპირ ამ დათმობაზე ვერ მიდის. სწორედ ამიტომ განიხილება საკონსტიტუციო კომისიის მიერ ე. წ. რბილი ვარიანტის შემოთავაზება, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი გაჩნდეს აფხაზეთის კონფედერაციის თაობაზე. ეს იქნება, ერთგვარი, ტესტი და თუ პოლიტიკური ძალები და საზოგადოება ამ ე. წ. რბილ ვარიანტს გაატარებს, ამის შემდეგ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზეც დაიწყება საუბარი.
გარკვეული მუშაობა აფხაზეთის კონფედერაციის საკითხის დასმის წინ ფონის შესაქმნელად უკვე მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დევნილთა რიცხვის შემცირებაც. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტყუილად არ დაიწყო საუბარი დევნილებისთვის 45-ლარიანი შემწეობის მოხსნის შესახებ
საკონსტიტუციო კომისიას ვადები შეზღუდული აქვს. კომისიის სრულმა შემადგენლობამ კონსტიტუციის ყველა მუხლზე ცალ-ცალკე უნდა იმუშაოს და კონსენსუსს მიაღწიოს, საპარლამენტო განხილვების წინ კი ფორმალურად მაინც საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა მოეწყოს. გაზაფხულამდე ახალი კონსტიტუციის პროექტი უკვე მიღებული უნდა იყოს და სწორედ ზაფხულის დასაწყისში იგეგმება აფხაზეთის რკინიგზის გახსნაც
პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებების შეზღუდვა, ალბათ, დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევს, რადგან გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური მოკავშირეები, ამ ეტაპზე, არ ჰყავს. მიუხედავად გრძელვადიანი მეგობრობისა, ბოკერია-უგულავას გუნდი მარგველაშვილზე განაწყენებულია, რადგან მან უგულავას შეწყალებაზე უარი თქვა და პასუხისმგებლობა მთლიანად სააპელაციო სასამართლოზე გადაიტანა, მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კი გარიგების დეტალები ცხადზე ცხადი გახადა
ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც, მაგრამ დავით უსუფაშვილი საკუთარ თავს, სავარაუდოდ, ისევ ბიძინა ივანიშვილს შესთავაზებს. მისივე ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ ის ხელისუფლებიდან შორს არც წასულა. ქვეყნის პრეზიენტი არც ვანო მერაბიშვილის შეწყალებას გეგმავს. როგორც ჩანს, უგულავას შემთხვევის მსგავსად, მერაბიშვილის განთავისუფლებაც სააპელაციო სასამართლოს მოუწევს და ეს გარიგებაც თეთრი ძაფით იქნება ნაკერი. გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქვეყნიდან და ქარული პოლიტიკიდან საერთოდ წასვლას გეგმავს, რადგან, უგულავასგან განსხვავებით, როგორც ჩანს, კარგად იცის, რომ ქართული პოლიციის შემქმნელი რეფორმატორის იმიჯისგან აღარაფერი დარჩა და მისი მისამართით ბევრი კითხვა დაგროვდა, მათ შორის, ციხის კადრებთან დაკავშირებითაც
კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ამბიცია აქვს, მეორე ვადით იყაროს კენჭი ამ პოსტზე, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ერთადერთი, ვისაც ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეიწყალებს, ეს მიხეილ სააკაშვილი იქნება. „ის იმსახურებს იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მე მას შევიწყალებ და ამის საშუალებას მივცემ, თან შევეცდები, სააკაშვილი არჩევნებში დავამარცხო“, _ უთქვამს პრეზიდენტს
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ისევ კულისებში გადაინაცვლა. ის საჯაროდ მხოლოდ ერთხელ და ისიც, იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის დედის დაკრძალვაზე გამოჩნდა. არც ტრადიციული სუფრა გაუმართავს ბედობა დღეს და ტელეფონის ნომერიც გამოცვალა, რომ მასთან კომუნიკაცია იმ ხალხს არ ჰქონდეს, ვისთან კომუნიკაციის სურვილიც თავად არ აქვს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ძალიან უკმაყოფილოა. ხშირად საყვედურობს იმ ადამიანებს, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ ბოკერია-უგულავას პროექტი წარმატებული იქნებოდა და ამ გზით ქართულ პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ ჩამოშორდებოდა
ყოფილი პრემიერი განსაკუთრებით იუსტიციის მინისტრზე გაბრაზებულა, სტრასბურგში მოსამართლეების სიის ჩაგდება არც ქვეყნისთვისაა რიგითი მარცხი და არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. მართალია, თეა წულუკიანი საკუთარ წარუმატებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“, ადვოკატთა ასოციაციასა და სახალხო დამცველს აბრალებს, ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ სია იმიტომ ჩავარდა, სტრასბურგში მოსამართლეთა შერჩევის წესები შეიცვალაო, მაგრამ, რეალურად, ფაქტი ჯიუტია _ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების სია, რეალურად, ორჯერ ჩააგდო. სწორედ ამ ფაქტის გამო ივანიშვილის კარზე უკვე ეძებენ იუსტიციის მინისტრის შემცვლელს. ამასთან, საქმეში ჩახედული ადამიანები არც იმას გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ისე გაღრმავდეს, რომ დღის წესრიგში მთავრობის შეცვლის საკითხიც დადგეს. კულუარებში ბევრს ლაპარაკობენ გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელზეც. გავრცელებული, მაგრამ, ჯერჯერობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად ეკონომიკის მინისტრი გიორგი გვახარია სახელდება.
ელისო კილაძე
infonews.ge