EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ღეროვანი უჯრედები – ახალი ერა მედიცინაში »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: Juloboy
თარიღი: 2017-02-06 19:03:22
ღეროვანი უჯრედები – ეს არის უჯრედები, რომლებსაც აქვთ როგორც თვითგანახლების უნარი, ასევე შეუძლიათ, წარმოქმნან ყველა ტიპის უჯრედი და ქსოვილი, რომლისგანაც სხეული შედგება. ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმი 200–ზე მეტი ტიპის უჯრედისგან შედგება, ყველა მათგანს კი დასაბამს ღეროვანი უჯრედი აძლევს.
წყაროს მიხედვით ღეროვანი უჯრედები იყოფა – ემბრიონულ, ფეტალურ და მოზრდილთა ღეროვან უჯრედებად. მათ შორის ყველაზე ეფექტურია ემბრიონული ღეროვანი უჯრედები. მათ აქვთ პოტენციალი წარმოშვან თითქმის ყველა ტიპის უჯრედი. ემბრიონული უჯრედები მიიღება 5 – 14 დღის ემბრიონისგან. in vitro განაყოფიერების დროს რჩება “ზედმეტი” ბლასტოციდები – 5 დღის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომლებიც წარმოადგენენ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მთავარ წყაროს. თუმცა კვლევებისათვის ემბრიონის გამოყენება მეცნიერებს ეთიკური დილემის წინაშე აყენებს. კვლევის მოწინააღმდეგები ამტკიცებენ, რომ ემბრიონი ცოცხალი ორგანიზმია და მის ხარჯზე სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არ შეიძლება. ღეროვანი უჯრედები ყველაზე დიდი რაოდენობითაა ემბრიონში, ხოლო 20 წლის ასაკში მისი ბუნებრივი მარაგი მცირდება.
მოზრდილთა ღეროვან უჯრედებს იღებენ ძვლის ტვინიდან, პერიფერიული სისხლიდან და ცხიმოვანი ქსოვილიდან.
ფეტალური ღეროვანი უჯრედები მიიღება აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან ან მშობიარობის შემდგომ პლაცენტაში დარჩენილი სისხლიდან. ეს უკანასკნელი ცნობილია ჭიპლარის ვენის სისხლის სახელით. მშობიარობის შემდეგ ახალშობილის ჭიპლარის ვენის სისხლიდან რამდენიმე საათში გამოიყვანენ ღეროვან უჯრედებს, სინჯარაში გაყინავენ მინუს 196 გრადუსზე და შეუნახავენ ამ ახალშობილს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რათა დაიცვან მოსალოდნელი დაავადებებისაგან. თუმცა ჭიპლარის სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები ემბრიონული უჯრედებივით უნივერსალური არ არის, მათი გამიყენება მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც უშუალოდ ეკუთვნის უჯრედი.
ღეროვანი უჯრედების იდენტიფიცირება საკმაოდ რთული პროცესია. მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები თავისი ზომის, ფორმისა და ფუნქციის მიხედვით შეუმჩნეველნი არიან. მათ აქვთ უნარი ღრმად ჩაიმალონ ქსოვილებში, მათი რაოდენობა მეტად მცირეა.
თუ ღეროვანი უჯრედების ჩასახვა მოხდება პანკრეასში, მათგან წარმოიქმნება პანკრეასის უჯრედები, რომლებსაც შეეძლებათ დიაბეტით დაავადებული ადამიანის განკურნება. ღეროვანი უჯრედების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებების განკურნებისათვის: გულის დაავადებების, ჰეპატიტების, ზურგის ტვინის დაზიანებების, ინსულტის, პარკინსონის და სხვა.
საქართველოში ემბრიონს ღეროვანი უჯრედების მისაღებად არასოდეს იყენებდნენ. 2002 წლიდან საქართველოში ფეტალური ღეროვანი უჯრედების გამოყენება შეწყვეტილია საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით. ამჟამად საქართველოში ღეროვანი უჯრედების მისაღებად ჭიპლარის სისხლს იყენებენ. ამ მიზნით საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს „ჭიპლარის სისხლის ბანკი“.
2006 წლის ნოემბერში მისურის შტატში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც იურიდიულად ნებადართულია ღეროვანი უჯრედების გამოყენება კვლევისათვის და მკურნალობისათვის, მაგრამ იკრძალება ადამიანის კლონირება.
ჯერჯერობით მეცნიერები წარმატებით ახორციელებენ ღეროვანი უჯრედებისგან თმის ფოლიკულის გაზრდის ცდებს მხოლოდ ცხოველებში. სპეციალისტები გეგმავენ თმის ფოლიკულის მიღებას ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანებშიც. მეცნიერები თვლიან, რომ თმის ტრანსპლანტაცია საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია და თუ ღეროვანი უჯრედების მეთოდი გაამართლებს, თმის გაზრდა შესაძლებელი გახდება იაფასიანი ინექციის შედეგად. ჯერჯერობით ეს მხოლოდ მომავლის საკითხია.