EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლადო ასათიანი »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2017-02-14 19:08:28
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე?!
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?!
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?!
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, ―
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!
საქართველო, იყო მათი საოცნებო სახელი
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყადათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, _
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, _
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ _
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, _
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით;
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!
ისე მტკიცედ იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.
ჩემი სამშობლო
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
_ ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არის?
ჩემი სამშობლო ქვეჩანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყლით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წისქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა,
ხალხია ენამზიანი, გმირი და არა მკვეხარა, _
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
წარწერა ერთი სამარის ქვისა
რ. მ-ს
ჰეი, შენ, დიდი მომავლის ლანდო,
ლაჟვარდებიდან რომ იყურები,
ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს,
ამაზრზენი და განუკურნელი, _
ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს
და მოიხადო, როგორც სახადი,
ჰეი, შენ, დიდი მომავლის ლანდო,
ერთი თხოვნისთვის ნუ დამძრახავდი:
თუ მეცნიერის გონების ღონემ
უმალ განკურნოს ჭლექით სნეული, _
მაშინ მომნახე და მომიგონე
სამარადისოდ მიწად ქცეული!
საქართველოში
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!