EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დღეს ქართველობა ახალი ძალით დაიძრა ღმრთისაკენ. იწყება დიდი გამოღვიძება! »
კატეგორია: რელიგიაავტორი: ushi
თარიღი: 2017-02-15 13:53:08
ძვირფასო მკითხველო, გვინდა მოგითხროთ ღმრთისაგან მრავალმხრივ დაჯილდოებულ ადამიანზე, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება ღმრთისა და სამშობლოს ერთგულებით იღვაწა. იღვაწა დაფარულში უხმაუროდ. საზოგადოდ კი მას იცნობენ, როგორც უბრალო, მართალ და კეთილ მოძღვარს. ხალხს მისთვის "ფეხითმოსიარულე" შეურქმევია. ეს პიროვნება გახლავთ მოწამეთას მონასტრის მღვდელმსახური - მამა გიორგი (ბასილაძე).
სიცოცხლეში პირველად შევხვდით ადამიანს, რომელიც აზრებს კითხულობდა, იცოდა შენი წარსული, ჩადენილი სიკეთე თუ ცოდვები. ხედავდა შინაგან სამყაროს, სულსა და გულს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, მომავალს, სიზმრებსაც კი. გიჩვენებდა გასაჭირიდან გამოსვლის გზებს. ასხივებდა უდიდეს სიყვარულს, სითბოს, სიმშვიდეს, სინანულს, რწმენასა და იმედს. საოცრად თავმდაბალი, უბრალო და ახლობელი ამავე დროს მკაცრი, პირუთვნელი და სამართლიანია. მხილებაში ზოგჯერ მოურიდებელი, ზოგჯერ თავის მყვედრებელი... საოცარ სიბრძნეს ალეგორიული ფრაზებით, იგავებით, იუმორითა და "გლეხური თხრობით" ნიღბავდა. და კიდევ ბევრი რამ... რასაც მხოლოდ სული გრძნობს, ენა კი უძლურია გადმოსაცემად.
ერთმანეთს პირველად რომ შევხვდით, ტაძარში რემონტი მიმდინარეობდა. სანთლები დავანთეთ და ეზოში მერხზე ჩამოვსხედით. ცოტა ხანში გამოჩნდა ახოვანი მოხუცი მღვდელმსახური. ფეხზე წამოვუდექით. მკაცრად გადმოგვხედა. მისალმების ნიშნად თავი დაგვიქნია და ტაძარში შევიდა. ათიოდე წუთში გამოვიდა და ტაძარს გარედან დაუწყო ყურება. სახე ისევ მკაცრი, გამოხედვა კი არწივისებური ჰქონდა. ისევ ფეხზე ვიდექით. უცებ სწრაფად შემობრუნდა და ერთ-ერთ ჩვენგანს მკაცრი ტონით უთხრა: - კარგად იქნება, კარგადო და ისევ განაგრძო ტაძრის ყურება. გაქვავებული ვიდექით. მერე კვლავ შემობრუნდა, სახე შეეცვალა, კეთილ ბაბუას დაემსგავსა, მოგვიახლოვდა და ჩემს მეგობარს ისე თბილად მიმართა, თითქოს ოჯახის წევრი ყოფილიყო:
- ექიმი ხარ, მაგრამ ახლა არ მუშაობ, ხომ? რას იზამ, არ იყო მაგი შენი ბრალი...
მარინეს გარდა (მარინე ექიმია და შემდგომ გავიგეთ, მართლაც ჰქონია პრობლემები) ვერავინ ვერაფერი გაიგო.
ცოტა გულს მოგვეშვა, მაგრამ ვგრძნობდით, ეს უცნობი მღვდელი დანარჩენებსაც "რაღაცას გვიმზადებდა". სახე ისევ კეთილი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად ისე ხმამაღლა დასჭექა, - ვალიკოო, რომ შიშმა აგვიტანა. თომას შეხედა და ჰკითხა:
- როგორაა, ბიჭო, მამაშენი?
- გმადლობთ, მამაო, არა უშავს, - მიუგო თომამ.
- ხო, არ ხარ შენ ცუდი კაცი, მაგრამ... - და მრავლისმეტყველად გააქნია თავი.
შემდეგ ანას შეხედა და მკაცრად მიმართა: "არა არს ხორცი უფროის სულისა!"... მერე თბილი ხმით უთხრა, - "ჟოზეფინა", როგორაა საქმე შენს "მარკეტ ჩაიში?"... ანა მოულოდნელობისაგან გაშრა.
- ადამიანო, ჯერ სული მოაგვარე და ჩაი მერე გაგეყიდებაო!
ადამიანი პირველად გვხედავდა და ჩვენს ამბავს აქეთ გვეუბნებოდა! თვალებში რომ შემომხედა, ვიგრძენი, ჩემზეც იცოდა ყველაფერი... თვალებით შევეხვეწე, არაფერი ეთქვა. ეს ყოველივე ძნელი გადმოსაცემია, მით უმეტეს, არაეკლესიური ვარ და ბევრი რამის ნაკლებად მჯეროდა...
აი, ასე გავიცანით მამა გიორგი. რამდენიმე წუთში ხუმრობაც დაიწყო. იცინოდა და საოცარი სიყვარული, სითბო, უბრალოება, სიმართლე და სიმკაცრე იფრქვეოდა მისი თვალებიდან.
- გიკვირთ, ხომ? რამდენი წელია ეკლესიაში დაიარებით?
ვუპასუხეთ...
- არა ხართ თქვენ მორწმუნეები, ხომ ხედავთ, ცოცხალი ადამიანისა გიკვირთ.
ისევ ჩაიცინა და ოთახში "შეგვიპაიჯა", წითელი ღვინო შემოგვთავაზა: - აბა, დავაი, სლუჟიმ სავეტსკომუ ამერიკა... მივხვდით, წასვლის დრო იყო. დაგვლოცა, წარმატებები გვისურვა და წამოვედით.
მხილებით გაოგნებულ ანას აღმოხდა: - რა უსუსურია ადამიანი!.. იდგე ასეთ წმინდა ადგილზე და... ჩაწოლილ ჩაიზე ფიქრობდეო...
გადავწყვიტეთ ქუთაისში დავრჩენილიყავით, კიდევ ავსულიყავით მამა გიორგისთან და მისი საუბარი ფარულად ჩაგვეწერა. გავიყოლეთ სტუდენტი ნათესავი ნინო, რომელსაც ჩანთაში ხმის ჩამწერი ჩავუდეთ. მამა გიორგის გაუხარდა ჩვენი ნახვა. ოთახში შეგვიყვანა. გვეხუმრა, გვაცინა. თავი შინაურულად რომ ვიგრძენით, შეხედა ნინოს და:
- შენ, შენ გეუბნები! - ისე ხმამაღლა უთხრა, რომ გოგონა შიშით ფეხზე წამოხტა.
- გისმენთ, მამაო.
- უშიშროებიდან ხარ?!
- არა, მამაო, სტუდენტი ვარ.
- მე კი არ მეშინია, ბაბუა, მაგ შენი ჩანთის, მარა შენთვის არ ვარგა, მღვდელთან ასე რომ შემოდიხარ, - მერე სიცილით განაგრძო, - შენ კი არა, ბაბუა, მე შტირლიციც ვერ მომატყუებდა. ამ სიბერეში ღმერთმა ისეთი ძალა მომცა, ტრასიდან მონასტრისაკენ რომ გადმოუხვევენ, ვიცი, ვინ მოდის და რა უდევს გულში. კაცს რომ შევხედავ, ვიცი, ნამდვილია იგი თუ არა. დაიჯგიმებიან, თითქოს თავს გაწონებენ; რა უნდა მომაწონოს, როცა მისი წარსულიც მეხსნება და ხვალინდელი დღეც. ამას წინათ ქალი მოვიდა - ბატონო, იქნებ უშველოთ ჩემს შვილს, ცუდად არისო, დიდი თანამდებობის პირია და დაიღალაო, რამე შეულოცეთო... მატყუებდა, კაცო... ან მღვდელს როგორ ატყუებ, ან შენი მოტყუებული მღვდელი რისი შემძლებელია. ვუთხარი, - თანამდებობა არ ვიცი, მაგრამ თქვენი ვაჟი მეწამლეა-მეთქი (ასე ეძახის ნარკომანებს). ცოდვას ცოდვაზე იმატებენ! ვხედავ, კაცო (გაცეცხლდა), როგორც კი შვილი ახსენა, ღმერთმა იმ ბიჭის სახე დამანახა. ბიძია, ღმერთს იმნაირი ძალის მოცემა შეუძლია, აი, ახლა თქვენ რომ გესაუბრებით, ისე ჩავალ ქუთაისში და ამოვალ, ვერც მიხვდებით. სასწაულია ღმერთის ძალა! რას იტევს კაცის გონება, რომ იცოდეთ?! ახლა 50 კმ მანძილზე ადამიანების ლაპარაკი ისმის გონებაში. თუ ხარ ნამდვილი, შენც გაგაგებინებს ღმერთი. გახსოვთ, გვალვები რომ იყო? ვერ ილოცეს ბიჭებმა... რატომ, თუ იცით? უბრალოება და სიყვარული აკლიათ.
ტელეფონი თუ გაქვთო, გვკითხა. სამს გვქონდა.
- აბა, დამირეკეთ, ერთი...
ვცადეთ. სამივე გამორთული იყო. ერთმანეთს გაოცებულებმა შევხედეთ.
- ხედავ? - ჩაილაპარაკა მამა გიორგიმ, - ასეა, ბიძია, ასე. ქრისტე ღმერთი რომ ბრძანებს: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გაგაჩნდეთ, მთას გადადგამდითო... ეკლესია ცოცხალია!.. ჩვენ ცოცხალი ღმერთის მოდგმა ვართ და თუ ცოცხალი რწმენა არა გვაქვს, მაშინ ქრისტიანები როგორღა ვიქნებით. სიყვარულია მთავარი. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. მე ერთი უბრალო მღვდელი ვარ, მაგრამ ადამიანები სულ მიყვარდა. სასწაულს ღმერთი ახდენს, ეგ შენი შრომა არაა, შენი შრომა სიყვარულის მოხვეჭაა და სიყვარულიც სასწაულია... არ გეწყინოთ, ბავშვებო, თქვენ რაღაცის ჩაწერა გინდოდათ... არ ვარგა მაგი ჩემთვის, არ ვარ მაგის კაცი. საშიშია პატივი და ადამიანებისაგან ქება.
- მამაო, როგორ მიხვედით ეკლესიაში?
- მორწმუნეთა ოჯახში დავიბადე. 12 წლისა შინიდან გავიპარე და სვეტიცხოველში მარტოკა მივედი. მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე გახლდათ. გაოცდა, ასე პატარა როგორ ჩამოხვედი მცხეთაშიო. დარჩენა მინდა-მეთქი, რომ ვუთხარი, მომეფერა და მითხრა:
- ჯერ პატარა ხარ, რომ გაიზრდები, მერე მოდიო.
მახსოვს, ვუთხარი, - მერე ჩემთვის ადგილი რომ აღარ იქნეს-მეთქი? გაეცინა: - შენ გაიზარდე და ადგილს მე შეგინახავო. მაშინ სად იყო ასე ტრანსპორტი, "პოლუტონკით" გამომამგზავრა. მძღოლს სთხოვა, - მშობლებს მიჰგვარეო.
ისიც მახსენდება, მაშინ სამხედროში ვიყავი. ერთხელ, წვერის პარსვისას, სარკეში რომ ვიხედებოდი, ჩემი პირისახის ნაცვლად თეთრწვერა, ჭაღარა მოხუცი მიყურებდა. ჩვენება რამდენიმე წამს გაგრძელდა. იმ დღიდან წვერს ვეღარ ვიპარსავდი. სულ სისხლი მდიოდა, ვერ ვაჩერებდი. მერე ნაწილის უფროსებმა ნება დამრთეს, წვერი დროგამოშვებით გამეპარსა. მოხუცის სახე სულ თვალწინ მედგა. ერთხელ, უკვე ამ სიბერეში, სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, ის მოხუცი თეთრწვერა მე ვარ.
საერო ცხოვრებაში ხუთჭიდელი ვიყავი... მერე სასულიერო სასწავლებელი დავამთავრე. რექტორად დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო. მაშინდელ პატრიარქს, დავითს (დევდარიანი) ძალიან ვუყვარდი - "მოვლენას" მეძახდა. მერე ცელებატის სასულიერო ხარისხი მივიღე. აგერ უკვე 33 წელია, მოწამეთაში ვარ.
- რთული იყო თქვენი ცხოვრების გზა?
- ყაზბეგის "ხევისბერი გოჩას" სიტყვებით გიპასუხებთ. კაცი სალაღობოდ არ გაჩენილა ქვეყნად, ტანჯვისათვის არის გაჩენილი. მით უმეტეს, სულიერი ცხოვრების გზა, ჭეშმარიტი ღმრთისმსახურება ეკლიანი, ვიწრო, დევნისა და მწუხარების გზაა. ამაზე თავად ქრისტე ღმერთი გვაფრთხილებს - მე მდევნეს და თქვენც დევნილი იქნებითო. ღვთის ნუგეშის და შემწეობის გარეშე ვერაკაცი ამ გზას ვერ გაივლიდა. სათნოება ყოველთვის გარშემორტყმულია ტკივილითა და მწუხარებით, სიკეთე კი ბოროტებით. ყველა საქმის დასაწყისი ძნელია, მით უმეტეს სულიერის. სათნოებათა დასაწყისი მძიმეა, მაგრამ გაგრძელება - სასიამოვნო, გვასწავლის იოანე ოქროპირი. საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია, ღვთისმსახურმა სათნოების გზაზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. სხვას რომ მოუწოდო, თავად უნდა იყო ღირსეული. სიტყვით ქადაგება და მართალი ცხოვრებისკენ მოწოდება ადვილია, მაგრამ ძალზე ძნელია მოიპოვო ღვთისაგან ჭეშმარიტი მქადაგებლის უფლება, რადგან ეს უფლება მხოლოდ სიმართლეში, სიწმინდეში, ტანჯვასა და ბრძოლაში გატარებული ცხოვრებითა და სულიერი გამოცდილებით მოიპოვება. მომწონს პითაგორას სიტყვები: "ქანდაკებას გარეგნული იერი ამშვენებს, ხოლო ადამიანს - მისი საქმენი".
ადამიანს ვერ მოატყუებ. შეიძლება ვერ გრძნობს ან თვალს ხუჭავს თავის ცოდვებზე, მაგრამ შენი ცოდვები მას არ გამოეპარება. თუ ნამდვილი არ ხარ, ღვთისმსახურის შესაფერისად არ ცხოვრობ, არ მოგისმენს და, შესაბამისად, ვერც გამოასწორებ, ვერც შეცვლი მას. არადა ჩვენი მოვალეობა და სამსახური სწორედ კაცთა გამოსწორება და გადარჩენაა.
თუ ადამიანი არ გიყვარს, მას ცოდვებს ვერ აპატიებ. მით უმეტეს, მის ცოდვებს ვერ აიღებ და მის გადასარჩენად არ დაიტანჯები. ლოცვაზე დიდი შრომა არ არსებობს. ლოცვაზე და არა ლოცვების კითხვაზე! ეს უმძიმესი რამაა! ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა კეთილსა და ბოროტს შორის. როცა კაცი მოსახსენიებელს გიტოვებს და შენ მის გადარჩენაზე ლოცულობ, ბოროტი სულების რისხვა გატყდება თავს როგორც ხილულად, ისე უხილავად. და თუ არა ხარ გამოცდილი, საღმრთო სულით განათლებული, ვერ გაუძლებ, დანებდები და წახდები. ეს ბრძოლა სიწმინდეს, ასკეტიზმს, დიდ სიბრძნეს, სულიერ ხედვას, ნებისყოფას, სიმამაცეს და ადამიანის სიყვარულს მოითხოვს.
ძნელი და მძიმე იყო ჩემი ცხოვრების გზა, ისევე როგორც სხვა ჩემნაირებისა. ბევრი მაწვალეს... ბევრი ტკივილი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მწუხარება ვიწვნიე. სახლ-კარის უსაფუძვლოდ წართმევა (დღემდე არა მაქვს), დევნა როგორც მთავრობისგან, ასე სასულიერო პირთაგანაც (ღმერთმა შეუნდოთ), კა-გე-ბესგან თვალთვალი, მუქარა, ავარიების მოწყობა, ფიზიკური განადგურების სხვა მცდელობები, მაგრამ საღმრთო მოშურნეობა, სამშობლოსა და სიმართლის სიყვარული და სულის მხნეობა ღმრთისაგან სულ მუდამ მქონდა.
მოწამეთა
ქართულმა ეკლესიამ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მძიმე ჟამი გამოიარა. პატიოსან მღვდელმსახურთა წინაშე დიდი იყო განსაცდელი. რეჟიმი, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა, სასულიერო პირთა ურჩობას არაფრით შეურიგდებოდა და არც ეგუებოდა. მოკლედ, მათ "საბჭოთა ეკლესია" სჭირდებოდათ... მართალია, ძნელი დრო იყო, განკითხვით არ ვამბობ, რადგან მაინც ადამიანები ვართ, ბევრმა ვერ გაუძლო, ზოგი - დიდკაცობის ჟინის, ზოგი - შიშის გამო, ზოგიც შეგნებულად ყიდდა სულს...
იმ დროს ქუჩაში ანაფორით სიარულიც აღმსარებლობა იყო. ისეთ დღეშიც ვყოფილვარ, აღსარებას არც არავისგან ვიღებდი და არც არავის ვაბარებდი, რადგან ჩეკისტები ნიადაგ აღსარების გათქმას ითხოვდნენ. არა მარტო ჩეკისტები, არამედ სულგაყიდული სასულიერო პირებიც. მღვდელი რომ აღსარებას გათქვამს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, სიგლახეა. მერე მღვდლად აღარ უნდა იყოს. ადამიანს შიში თან სდევს. მეც მქონია, მაგრამ შიშს უნდა სძლიო. რომ დასძლიო, მართალი უნდა იყო. სიმართლე არ უნდა დათმო. როცა სიმართლეს იცავ, მაშინ თვით ღმერთი გიცავს. როცა მართალი ხარ, სიკვდილისაც არ გეშინია. რაც უფრო უახლოვდები სიკვდილს, მით მეტად გაძლიერებს ღმერთი, მეტად გრძნობ მის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას. ქრისტეს მსახური არ შეიძლება ლაჩარი იყოს. თუ ვერ უძლებ, უნდა წახვიდე. გაიხსენეთ დავით გურამიშვილი:
"ხუცესი უნდა მამაცი,
ართუ ჯაბანი, მხრდალია.
ხუცესს არ ეთქმის: "ჭირშიგან
ვერ შევალ, სარიდალია".
იმ ძნელბედობის ჟამსაც ჰყავდა ქართულ ეკლესიას მამაცი, ქრისტეს ერთგული, სიმართლისა და სამშობლოსათვის თავდადებული მსახურები (თუმცა ცოტა), რომლებიც ვერ გატეხეს, ვერ დაიმორჩილეს. მათ ორი ბატონის მსახურებას თავგანწირვა და ტანჯვის გზა არჩიეს, ნაწილი მხოლოდ ღვთის სასწაულით დარჩა ცოცხალი. სწორედ ასეთების ტანჯვა და ლოცვა ექაჩებოდა ერს ღმრთისაკენ, როდესაც უღმერთობაში იძირებოდა ქვეყანა. სამართლიანი ღმერთი თავის ნებისაებრ გამოაბრწყინებს და გაუმჟღავნებს ხალხს მათ ვინაობას და საქმეებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნოGგაბრიელ ბერის ღვაწლი. ეს დიდი წმინდანი გმირულად ებრძოდა ბოროტებას. ის დიდი სულიერი მასწავლებელი გახლდათ, ამიტომაც ვერ იტანდნენ, მაგრამ ნახეთ, უბრალო ხალხს როგორ უყვარს და ეფერება!