EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩინური ვარდი (Habiscus)მარადმწვანე, ბუჩქოვანი მცენარე »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2017-02-18 13:10:51
თუ ოცნებობთ, რომ ფანჯრის რაფაზე ვარდი გაახაროთ, მაშინ ჩინური ვარდი შეიძინეთ.
ამ ყვავილს ბევრი სინათლე და ხშირი მორწყვა უყვარს. თუ ამ უბრალო წესებს დაიცავთ, ვარდი ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგახარებთ თავისი ულამაზესი ყვავილობით.
ჩინური ვარდი მარადმწვანე, ბუჩქოვანი მცენარეა, რომელსაც თუ კარგად მოუვლით, შეუძლია ულამაზესი, ხავერდოვანი ყვავილებით თქვენი ოთახი, ეზო თუ აივანი მთელი წლის განმავლობაში დაამშვენოს.
ჩინური ვარდი მარადმწვანე, ყვავილოვანი მცენარეა, რომელიც გავრცელებულია წყნარი ოკეანის კუნძულებზე და აღმოსავლეთ აზიაში. საოთახო მცენარის კვალობაზე საკმაოდ ტანმაღალი ბუჩქია და 3 მ-საც შეიძლება გადააჭარბოს, თუმცა არსებობს მისი დაბალმოზარდი, შედარებით კომპაქტური ჰიბრიდული სახეობებიც, რომლებსაც ფოთლების შეფერილობაც განსხვავებული აქვთ: ჩინური ვარდის ფოთლების ბუნებრივი შეფერილობა მუქი მწვანეა, ჰიბრიდების მწვანე ფოთლები კი თეთრი, კრემისფერი ან წითელი ლაქებითაა დაფარული. თუმცა, ჩინური ვარდის მთელი ხიბლი მის ულამაზეს, ბუთხუზა, ნახევრად ხავერდოვან ან ხავერდოვან ყვავილებშია, რომელთა შეფერილობა მრავალგვარია და შეიძლება იყოს: თეთრი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი და ა.შ.
საყვავილე კოკრები მცენარეს ახალი ყლორტების კენწეროებზე უვითარდება.
რაც შეეხება ყვავილობის პერიოდს - თუ მცენარეს კარგად მოუვლით, შესაძლოა მთელი წელიც იყვავილოს.
განათება და ტემპერატურა
ჩინურ ვარდს ნათელი და შუადღის მზისგან დაცული ადგილი მოსწონს.
მართალია, სითბოსა და ტენიანობის მოყვარული მცენარეა, მაგრამ რეგულარული მორწყვის პირობებში, ოთახის მშრალ ჰაერსაც მეტ-ნაკლებად ეგუება.
ზამთარში ეცადეთ, გაუთბობელ ოთახში არ გამოაზამთროთ, მაგრამ გამათბობელ საშუალებებსა და გაზქურას უნდა მოარიდოთ.
ზაფხულში შეგიძლიათ, უმზეო აივანზე ან ეზოში, ჩრდილში გაიტანოთ, მხოლოდ ისე, რომ ორპირი ქარი არ ხვდებოდეს.
მორწყვა
ჩინური ვარდის ფართო და თხელი ფოთლები წყალს აქტიურად მოიხმარს, ამიტომ უხვი და ხშირი მორწყვა სჭირდება, ისე რომ მიწა მიდმივად ტენიანი იყოს.
თუმცა წყლის ნაკლებობას მცენარე თავადაც გამცნობთ - როგორც კი მორწყვას დაუგვიანებთ, მოიწყენს და ფოთლებს დაბლა დახრის.
ეცადეთ ისე მორწყათ, რომ ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს, რადგან ეს მცენარეს მალე დაალპობს.
მორწყვის შემდეგ სადგამზე გამოსული წყალიც მალე გადაუღვარეთ, რადგან შესაძლო,ა შიგ მავნე მწერები გაჩნდნენ, რომელთა მოშორებაც ძალიან გაგიჭირდებათ.
ცხელ ზაფხულში კარგი იქნება, თუ დროდადრო გრილ შხაპსაც მოუწყობთ, თუმცა ეცადეთ, ყვავილები არ დაასველოთ, თორემ დაუზიანდება და ადვილად დასცვივდება.
გამოხშირვა
ბუნებრივად გაზრდის შემთხვევაში ჩინური ვარდი დეკორატიულობას დაკარგავს და მეჩხერი ბუჩქის ფორმით გაიზრდება. ეს იმიტომ, რომ გაუსხლავი მცენარე მხოლოდ იმ ორიოდე ტოტის გაზრდაზე მუშაობს, რომელიც ყვავის. ამიტომ კარგი იქნება, თუ ყვავილობის დასრულებისთანავე ტოტებს 1/3-ით დაუმოკლებთ, ასე ბუჩქი უფრო კომპაქტურ ფორმასაც მიიღებს, გახშირდება კიდეც და მეტ საყვავილე ყლორტსაც განივითარებს. გასხვლა ყვავილობის დროსაც დასაშვებია, ამით მცენარე არ დაზიანდება, მხოლოდ ყვავილობა გადავადდება ახალი ყლორტების წამოზრდამდე.
ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა ჩინურ ვარდს გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება, მოზრდილს კი - 2-3 წელიწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ ბუჩქის სიდიდის გამო გადარგვა ჭირს, მცენარეს მიწის ზედა ფენა მაინც უნდა გამოუცვალოთ: დაახლოებით, 5-10 სმ-ის სიღმეზე ძველი მიწა მოაცალოთ და მის ნაცვლად ახალი ნაზავი დაყაროთ. რაც შეეხება ქოთანს, იგი მცენარეს ზომიერად ფართე ურჩევნია, რადგან პატარა ქოთანში ყვავილობას ვერ ახერხებს.
მძიმე და წყალგაუმტარ ნიადაგს ვერ ეგუება, ამიტომ ნოყიერებისთვის მიწის ნაზავში 1/3 გადამწვარი ნაკელი გადაურიეთ, წყალგამტარობისთვის კი შეგიძლიათ, ქვიშა ან დაფხვნილი აგური დაამატოთ. ნაკელის ნაცვლად ოთახის მცენარეებისთვის გათვალისწინებული რომელიმე მინერალური სასუქის გამოყენებაც შეგიძლიათ, რომლითაც მცენარე 2 კვირაში ერთხელ უნდა გამოკვებოთ.
გამრავლება
ჩინური ვარდის გამრავლებისთვის საუკეთესო პერიოდია ადრე გაზაფხული ან ზაფხული (აგვისტო-სექტემბერი). ყველაზე ადვილად შეგიძლიათ მცენარე კალმის დაფესვიანებით გაამარავლოთ.
ამისთვის: მცენარეს მოაჭერით ნახევრად გამერქნებული ტოტი (ძალიან ნედლ, მწვანე ყლორტს დაფესვიანება უჭირს), ტოტს ქვედა ფოთლები მოაცალეთ, ჩადეთ წყალში (უკეთესი იქნება, გარეცხილ ქვიშაში ან მორწყულ პერლიტში თუ მოათავსებთ) და თბილ ადგილას დადეთ.
უკეთესია თუ ზემოდან შუშის ან პლასტმასის ქილას დააფარებთ.
დაახლოებით, 1 თვეში ტოტი დაფესვიანდება, თუმცა მიწაში მხოლოდ მაშინ გადარგეთ, როცა ფესვები 5 სმ-ზე მეტად დაგრძელდება.