EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვის და რატომ სურს სამეგრელოს რესპუბლიკის შექმნა - კონსტიტუციის პროექტი უკვე არსებობს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-02-22 00:42:14

ვის და რატომ სურს სამეგრელოს რესპუბლიკის შექმნა - კონსტიტუციის პროექტი უკვე არსებობს

სამეგრელოს რესპუბლიკის შექმნა - კონსტიტუციის პროექტი

სამეგრელო სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის შემდგენლობაში შედის, - ასე იწყება სამეგრელოს კონსტიტუციის სამუშაო პროექტი, რომლის ინიციატორი და ავტორიც რაჟდენ თოდუაა. ის ზუგდიდის სოფელ ნარაზენიდანაა და ამჟამად სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს. კონსტიტუციის პროექტი 61 მუხლისგან შედგება, რომლის თანახმად, სამეგრელოს აქვს კანონით დადგენილი საკუთარი სიმბოლოები – დროშა, გერბი და ჰიმნი. რესპუბლიკის დედაქალაქია ზუგდიდი. მისი საზღვრები და ტერიტორია კი ხელშეუხებელია - არ ექვემდებარება შეცვლას, ან დაყოფას.

კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ავტორმა თავად მოგვაწოდა, სამეგრელოს რესპუბლიკას ჰყავს პრეზიდენტი. ის ინაუგურაციაზე ფიცს ხალხის წინაშე მშობლიურ, მეგრულ ენაზე დებს. სწორედ ამ ენაზე უნდა განხორციელდეს საქმისწარმოებაც პროექტის ამოქმედების შემთხვევაში. ერთი სიტყვით, მეგრული სცდება მის დღევანდელ, ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო უბრალო სამეტყველო ფუნქციას და ხდება ენა, რომელზეც წარიმართება სამუშაო თუ სასწავლო პროცესი. თუმცა, ამავდროულად სახელმწიფო ენად მეგრულთან ერთად რესპუბლიკაში რჩება ქართული.

საქართველოს რესპუბლიკას და სამეგრელოს რესპუბლიკას შორის ურთიერთობები საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, მოლაპარკებების და შეთანხმებების საფუძველზე უნდა დარეგულირდეს. ერთ-ერთი მთავარი პირობა კონსტიტუციის პროექტის კი ის არის, რომ სამეგრელოს რესპუბლიკა უფლებას იტოვებს, გამოვიდეს საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობიდან, სამეგრელოს ხალხის საყოველთაო რეფერენდუმის გადაწყვეტილების თანახმად.



რაჟდენ თოდუამ სამეგრელოს კონსტიტუცია დაახლოებით 17 წლის წინ დაწერა. ამბობს, რომ მაშინ იმედი ჰქონდა საქართველო მზად იყო ცვლილებებისთვის, და ახალი სახელმწიფოს მშენებლობის პირობებში, დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ყველას ექნებოდა საკუთარი იდენტობის, მშობლიურ ენაზე საუბრის და მუშაობის უფლება. თავს ყოველთვის მეგრელად მიიჩნევდა და დღესაც თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ამ საკითხის დარეგულირების კონსტიტუციურის გარდა, სხვა გზას ვერ ხედავს. პეტერბურგში სწავლის პერიოდმა კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ კოლხები არიან და ჯერაც შესაძლებელია ძველი სახელმწიფოებრიობის აღდგენა, სადაც კავკასიაში მცხოვრებ კოლხ ტომებს ექნებათ გარემო საკუთარი თავის გადასარჩენად.

„ჩემი აზრით, საქართველოს სახელმწიფო მოწყობის ცვლილებების დრო უკვე მოვიდა, დაგვიანებული თუ არ არის. ასეთმა ცალმხრივმა მიდგომამ, ქართველების თავმომწონეობამ მიიყვანა საქართველო დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობამდე. ეკონომიკურ ჩამორჩენამდე, ტერიტორიების დაკარგვამდე. გასაგებია, ამ აზრის მოწინააღმდეგეები იქნებიან. უკეთესია იმ სიმართლის თქმა, რომელიც მაგრა გატკენს და შემდეგ გადაგარჩენს, ვიდრე ტყუილი, რომელიც ტკივილს მოგიდუნებს და მერე მოგკლავს. მეგრელებმა საკუთარი თავის თვითშეფასება უნდა გავზარდოთ, როგორც დიდმა ერმა“, - უთხრა რაჟდენ თოდუამ „ლაივპრესს“. მასთან ინტერვიუ მეგრულ ენაზე წარიმართა, რადგან როგორც თავად ამბობს, ქართულ ენას არ ფლობს.

კონსტიტუციის პროექტის კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით, სამეგრელოს აქვს საკუთარი მოქალაქეობა. სამეგრელოს რესპუბლიკის მოქალაქე კი ამავდროულად არის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეც. თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ყველა უფლებით და ძირითადი თავისუფლებებით სამეგრელოს ტერიტორიაზე, თუმცა აკისრიათ თანაბარი მოვალეობები ორივე რესპუბლიკის კონსტიტუციების და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების თანახმად.

პროექტის მიხედვით, ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს მოქალაქეობის და ეროვნული წარმომავლობის მითითების უფლებით და არავის აქვს უფლება აიძულოს ადამიანს ან ერთი, ან მეორე.

„ეს ჩვენს ერთიანობას ხელს არ უშლის. მე არსად მითქვამს საქართველოს დაშლა. ახალი პოლიტიკური სისტემის, ისტორიულად რომ აქ სახელმწიფო იყო, მისი აღორძინება მინდა, სახელის დაბრუნება - კოლხიდას ფედერაციული რესპუბლიკა. კარგი იქნება, თუ დღეს სახელმწიფო ორგანოები ამ საკითხზე თვითონ დაიწყებენ მუშაობას. მაშინ სეპარატიზმზე აღარ ილაპარაკებენ. თორემ ისე ყოველთვის ვიღაცას ან რომელიმე გარე ძალას დააბრალებენ თავის გასამართლებლად“, - ამბობს რაჟდენ თოდუა.



კონსტიტუციის პროექტის თანახმად, სამეგრელო საერო სახელმწიფოა საკუთარი პრეზიდენტით და პარლამენტით, სასამართლო სისტემით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოებით. პრეზიდენტს ფარული კენჭისყრით სამეგრელოს მოქალაქეები 5 წლის ვადით ირჩევენ. ზედიზედ ერთი და იგივე პირის არჩევა მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი. ამ თანამდებობაზე კენჭისყრის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს 35 წელს მიღწეულ პირს, რომელიც ცხოვრობდა ან ცხოვრობს სამეგრელოს ტერიტორიაზე არანაკლებ ათი წელი და ფლობს მეგრულ ენას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად სამეგრელოს რესპუბლიკას, პროექტის მიხედვით, უნდა ჰყავდეს 35 დეპუტატით დაკომპლექტებული პარლამენტი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული პრემიერი. ერთი სიტყვით, სამეგრელო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს საკუთარ საზღვრებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხებს და განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების სისტემას, საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკასთან შეთანხმებით.

„რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულო არ არის. ქორწინება ეფუძნება ქალისა და მამაკაცის თავისუფალ ნებას. სამეგრელოში გარანტირებულია საყოველთაო და უფასო ძირითადი სკოლამდელი, საერთო, საშუალო პროფესიული განათლება სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში, რომლებშიც სწავლება სამეგრელოს სახელმწიფო ენებზე მიმდინარეობს“, - ეს არის ამონარიდები კონსტიტუციის პროექტიდან, რომელსაც ავტორის თქმით, ჯერ დასრულებული სახე არ აქვს.

რაჟდენ თოდუა - „განსხვავებული აზრის გამომხატველი"
რაჟდენ თოდუა



რაჟდენ თოდუა ამბობს, რომ მუშაობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე დოკუმენტს სამეგრელოს მოსახლეობას არ გააცნობენ, რათა მათი მოსაზრებები მოისმინონ და შენიშვნებთან ერთად ცვლილებები უკვე მზა კანონპროექტში აისახოს.

პროექტი რუსულ ენაზე დაიწერა. მიზეზი, რუსულად რომ მოუწია წერამ, შემდეგი გარემოებაა - მეგრული ენა კვდება, აღარ ფუნქციონირებს, არ არის მოქმედი. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მიმაჩნია ამ ენას ჰქონდეს სტატუსი და ხდებოდეს მისი აქტიური გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რაჟდენ თოდუას თქმით, კონსტიტუციის პროექტის შედგენის ერთ-ერთი საფუძველიც მეგრულის, როგორც საკუთარი იდენტობის განმსაზღვრელი აუცილებელი საშუალების შენარჩუნება გახდა. უკვე არად აგდებს ხმებს მისი მისამართით სეპარატიზმობასა და სეპარატიზმის წახალისების ბრალდებებზე. ამბობს, რომ თუ ქართული სახელმწიფო თავად აიღებს პასუხისმგებლობას მეგრელი ხალხის თვითმყოფადობის გადარჩენაზე, მსგავსი კითხვის ნიშნები აღარ იარსებებს.

„ვიცი, რომ არის ასეთი აზრი, პრორუსი ხარო, რადგან აქ ვცხოვრობ, მაგრამ ასეთ არაარგუმენტირებულ საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევ. ასე იფიქრებს დაბალი ინტელექტის ადამიანი, ვისაც არ უნდა მეგრელს გაუგოს, ან ფიზიკურად არ შეუძლია ამის გაგება. სად ვცხოვრობ, ამას სიმართლესთან და ჩემს მეგრელობასთან კავშირი არ აქვს. სადაც არ უნდა ვიცხოვრო, ჩემი აზრი არ შეიცვლება“, - გვითხრა რაჟდენ თოდუამ და შენიშნა, რომ დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკა დემოკრატიულ პრინციპებზე დგას და განსხვავებული აზრის გამომხატველ ადამიანებს დევნას არ დაუწყებს.

 

ავტორი: ნინო თოლორაია

livepress.ge