EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამყაროს ყველაზე ცივი წერტილი განთავსდება »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: Nisa
თარიღი: 2017-03-11 23:00:21
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამყაროს ყველაზე ცივი წერტილი განთავსდება. ამ აგვისტოს ნასა გეგმავს, ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ატომები თითქმის აბსოლუტურ ნულზე გაიყინება - ეს ღრმა კოსმოსის შორეული რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტემპერატურაზე 100 მილიონჯერ ცივია.
ცივი ატომის ლაბორატორია შედგება ლაზერებისგან, ვაკუუმის კამერისა და ელექტრომაგნიტური "დანისგან". ეს ინსტრუმენტები იქამდე შეანელებენ აირის ნაწილაკებს, სანამ თითქმის უძრაობას არ გამოიწვევენ (გაიხსენეთ, რომ ტემპერატურა მხოლოდ იმის საზომია, თუ რა სიჩქარით მოძრაობენ ატომები და მოლეკულები)
პროექტის ავტორების თქმით, CAL (Cold Atom Laboratory) სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმარება.
"ამ ჰიპერცივი ატომების კვლევამ შესაძლოა ხელახლა ჩამოაყალიბოს მატერიისა და გრავიტაციის ფუნდამენტური ბუნების გაგება. ცივი ატომის ლაბორატორიით შესრულებული ექსპერიმენტებით უფრო ღრმად შევიხედავთ გრავიტაციისა და ბნელი ენერგიის სამყაროში", - ამბობს განცხადებაში რობერტ ტომპსონი, CAL-ის პროექტის მეცნიერი ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან (JPL), პასადენა, კალიფორნია.
ბოზე-აინშტაინის კონდენსატების შექმნის მცდელობები ამ დრომდე ნაწილობრივ წარმატებული იყო. დედამიწაზე გრავიტაციის გამო ატომები და მოლეკულები მიწისკენ მოძრაობს და ეფექტის დანახვა წამის მეათასედებშია შესაძლებელი. საერთაშორისო კოსმოსური სადგური კი მუდმივ თავისუფალ ვარდნაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ CAL-მა ეს სტრუქტურები 5-დან 10 წამამდე უნდა შეინარჩუნოს. CAL-ის სამომავლო ვერსიებმა კი შესაძლოა ეს შედეგი ასობით წამამდე გაზარდოს, გააჩნია, რა სისწრაფით განვითარდება ტექნოლოგია.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ CAL-ის ექსპერიმენტები გააუმჯობესებს რამდენიმე ტექნოლოგიას: კვანტურ კომპიუტერებს, ატომურ საათებს კოსმოსური ზონდის ნავიგაციისთვის და სხვადასხვა ტიპის სენსორებს, მათ შორის იმათ, რომელთაც ბნელი ენერგიის დაფიქსირება შეეძლებათ. სამყაროს დღევანდელი მოდელის მიხედვით, ჩვენთვის ხილული სამყარო არსებულის 5 პროცენტია. დანარჩენი არის ბნელი მატერია (27%) და ბნელი ენერგია (68%).
"ეს იმას ნიშნავს, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაც კი ჩვენ სამყაროს 95%-ს ვერ ვხედავთ. გალილეოს პირველ ტელესკოპში დამატებული ახალი ლინზის მსგავსად, ულტრამგრძნობიარე ცივ ატომებსაც შეუძლიათ, სულ სხვა რეალობა დაგვანახონ", - ამბობს ქამალ ოდრირი, CAL-ის ერთ-ერთი მკვლევარი.
CAL, რომელიც ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში შეიქმნა, ამ წლის აგვისტოს გაეშვება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის რობოტული Dragon-ის სატვირთო კაფსულით.
scientificamerican.com
on.ge