EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მამა გაბრიელი: ეს რა მიქენი, ვისი სახელები მომახსენიებინე… »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2017-05-31 22:32:48

მამა გაბრიელი: ეს რა მიქენი, ვისი სახელები მომახსენიებინე…

მამა გაბრიელი: ეს რა მიქენი, ვისი სახელები მომახსენიებინე…

მიცვალებულთა მოხსენების სარგებლობაზე

კუნძულ კვიპროსზე მცხოვრები ერთი ახალგაზრდა დაატყვევეს, სპარსეთში წაიყვანეს და იქ ციხეში ჩასვეს. ყმაწვილის მშობლებმა არ იცოდნენ, თუ სად იყო მათი შვილი, ბოლოს კი ვინმე კაცისაგან შეიტყვეს, რომ იგი გარდაიცვალა და მწუხარებით აღვსილებმა დაიწყეს მისი სულის მოხსენიება შობას, აღდგომასა და სულიწმიდის მოფენის დღეს. გავიდა ოთხი წელი. ამასობაში ყმაწვილმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და კვლავ თავის მშობლიურ კუნძულს დაუბრუნდა. უზომოდ გახარებული და აღტაცებაში მოსული დედ-მამა გადაეხვივნენ შვილს. უზომო იყო სიხარულით გამოწვეული მათი ცრემლები. როდესაც მღელვარება მცირედ ჩაცხრა, მშობლებმა უთხრეს შვილს: – „ჩვენ შევიტყვეთ, საყვარელო შვილო, რომ ვითომ შენ მოკვდი და ღმერთს შენი სულის განსვენებაზე ვევედრებოდით“.

– რომელ თვეში და რომელ დღეს მიხსენიებდით? – იკითხა ყმაწვილმა, და როდესაც დედ-მამისაგან მისი სულის მოხსენიების დრო შეიტყო, გაკვირვებით წამოიძახა: „ჰოი, საყვარელნო მშობელნო! ამის გამო რამდენი სიკეთე მომაგეთ მე… ყოველ ამ დღეებში მოდიოდა ჩემთან კაცი, შემხსნიდა ბორკილებს და გამომიშვებდა ხოლმე საპყრობილედან, ეს კი ისე ხდებოდა, რომ მას ჩემს მეტი ვერავინ ხედავდა, ხოლო მეორე დღეს კი მე ისევ საპყრობილესა და ბორკილებში აღმოვჩნდებოდი“.

ქრისტიანენო! ევედრეთ ღმერთს გარდაცვალებულთა თქვენთა ნათესავთათვის, ევედრეთ ყოველ გარდაცვალებულთა ქრისტიანეთათვის, რადგანაც ამის გამო სული უდიდეს ნუგეშინისცემას მიიღებს.

 

დაგვიტოვეთ მღვდელი

ერთი მღვდელი ლიტურღიაზე განსაკუთრებული გულმოდგინებით მოიხსენიებდა გარდაცვლილებს. თუკი ვინმე ერთხელ მაინც მიაწვდიდა მოსახსენიებელს, მიცვალებულთა სახელებს ჩუმად ჩაიწერდა თავის აღაპში და ყოველ წირვაზე იხსენიებდა. ამიტომ ლიტურგია ყოველთვის დიდხანს გრძელდებოდა და მრევლი ხშირად ჩიოდა კიდეც ამის გამო. მაგრამ მღვდელს სხვანაირად არ შეეძლო…

და აი, ერთხელ ისეთ ცდომილებაში ჩავარდა, რომ განკვეთაც კი ემუქრებოდა. საქმე მიტროპოლიტ ფილარეტს გადაეცა. როდესაც უწმიდესს რეზოლუციაზე ხელი უნდა მოეწერა, თითებში საშინელი სიმძიმე იგრძნო, წერა ვეღარ შეძლო და საქმე მეორე დღისთვის გადადო.

ღამით კი საოცარი სიზმარი ნახა: სარკმლის წინ უამრავ სხვადასხვა ასაკისა თუ წოდების ადამიანს მოეყარა თავი. მიტროპოლიტს ევედრებოდნენ:

– ჩვენ, განსვენებულთა სულები, თხოვნით მოგევლინეთ: ნუ გაგვწირავთ ტანჯვისათვის, ნუ განკვეთთ მღვდელს, დაგვიტოვეთ ჩვენი სულების საოხად!..

ხილულით შეძრწუნებულმა მიტროპოლიტმა სასწრაფოდ დაიბარა მღვდელი. როცა საუბრისას მიცვალებულთა მოხსენიების მისეული წესის შესახებ შეიტყო, სხვა ტაძარში გადაყვანა აკმარა, მანამდე კი უცნაურ შუამდგომლობაზე უამბო.

* * *

ერთმა მორწმუნემ ნაირ-ნაირი კერძი მიიტანა ტაძარში, მამა გაბრიელს (ურგებაძეს) პანაშვიდის გადახდა სთხოვა მიცვალებულისთვის და მოსახსენიებელი მიაწოდა, სადაც წმინდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. მამა გაბრიელმა გადაიხადა პანაშვიდი, მოიხსენია მიცვალებულნი, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს მამა გაბრიელმა უთხრა ამ მორწმუნეს: ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელ წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო.

* * *

მამა ექვთიმე ბერძენი (ათონელი, +1866) ამბობდა: თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და ილოცე გარდაცვლილისთვის, თუნდაც შენ თვითონ გჭირდებოდეს სხვების ლოცვა, თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და ილოცე შესვენებულთათვის.

* * *

წმინდა ათანასია იღუმენიამ (მისი ხსენება 12 აპრილსაა) გარდაცვალების წინ თავისი მონასტრის დედებს ანდერძად დაუბარა, როცა მოვკვდები, ორმოც დღემდე გლახაკებისთვის ტრაპეზი გააწყვეთ ხოლმეო. მოხდა ისე, რომ დედებმა მხოლოდ ათ დღეს შეასრულეს წინამძღვრის ანდერძი. ასეთმა ურჩობამ და უდებებამ აიძულა წმინდა დედა, მათთან მისულიყო – რამდენიმე მონაზონს გამოეცხადა ორ ანგელოზთან ერთად და მკაცრად ჰკითხა: – რატომ არ ასრულებთ ჩემს ანდერძს? იცოდეთ, თუ ვინმე მიცვალებულისთვის ორმოც დღეს მოწყალებას გასცემს და მშიერს დააპურებს, ამით დააპურებს, ამით მოწყალეს გახდის უფალს. თუ მიცვალებულნი ცოდვილნი იყვნენ, ამით ღმერთი მათ მიუტევებს ცოდვებს, ხოლო თუ ცოდვები არ ჰქონდათ, მათთვის გაღებული სიკეთე სიკეთის მქმნელს სულის ხსნაში შეეწევაო.

* * *

დიდი მადლია უფლის წინაშე ღატაკი და უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვა. ვინმე მაგისტრიანე მეფემ რაღაც საქმეზე გაგზავნა. გზად მიგდებული შიშველი მიცვალებული ნახა. შეეწყალა ძალიან, მონა წინ გაუშვა, მოიხსნა მოსასხამი და მიცვალებულს გადააფარა. საკმაო დრო გავიდა ამის შემდეგ. მეფემ ახლა სხვა დავალებით გაუშვა. გზად უბედურება შეემთხვა, ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. მოიწვია ექიმები. რადგან არაფერი ეშველებოდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, მეორე დღეს ფეხი მოეკვეთათ. მარტოდ დარჩენილი მაგისტრიანე მწარედ ატირდა. შუაღამე იყო, კანდელი ენთო. ამ დროს ოთახში უცნობი შემოვიდა და ჰკითხა, – რატომ ტირიო. ხვალ ფეხი უნდა მომკვეთონო, – უთხრა მაგისტრიანემ. უცნობმა სთხოვა, ფეხი მაჩვენეო. შემდეგ კი, მიუხედავად ავადმყოფის უარისა, ფეხზე წამოაყენა – დამეყრდენი და გაიარე, შენ უკვე ჯანმრთელი ხარო. მაგისტრიანემ თამამად გაიარა. განცვიფრებულმა ჰკითხა უცნობს: ჩემთან გამომგზავნელი ღმერთის გულისთვის, მითხარი ვინა ხარო. უცნობმა უთხრა: – შემომხედე, ჩემი მოსასხამი ხომ არ გეცნობაო. კი, ჩემიაო, – მიუგო მაგისტრიანემ. მაშინ უცნობმა ბრძანა: – მე ის ვარ, შენ რომ მიცვალებული ნახე, შეგეწყალა შიშველი და მოსასხამი გადააფარე. ამ კეთილი საქმისთვის ღმერთმა შენს განსაკურნებლად გამომგზავნა და ამისთვის მადლობდე უფალსო. უცნობი გაქრა და სრულიად განკურნებულმა მაგისტრიანემ ადიდა ღმერთი.

* * *

დეკანოზი გრიგოლ უტრობინი ჰყვებოდა 1870 წელს: კეთილკრძალულმა დედაკაცმა პარასკევამ ერთი ამბავი მომითხროო: „მამაჩემი, საუბედუროდ, უეცრად გარდაიცვალა, აღსარება-ზიარების გარეშე. ვიცოდი, რომ ცოდვილი კაცი იყო, მრავალგზის სცოდავდა, განსაკუთრებით სიმთვრალის ჟამს, რასაც მისი ეს უეცარი სიკვდილი მოჰყვა. ორმოცი დღე განსაკუთრებით ვლოცულობდი მისი სულისთვის, მის სახელზე შეძლებისდაგვარად მოწყალებას გავცემდი და წირვაში, კვეთისას მოხსენიებას ვთხოვდი მოძღვრებს. მეორმოცე დღეს ვხედავ ბნელ ადგილას მდგომ მამაჩემს, ტანად ძალზე დაბალია. უეცრად მეუბნება: პარასკევა, მე ცოცხალი ვარო! კი მაგრამ, ასეთი პატარა ტანის რატომ ხარ-მეთქი, – ვკითხე. პატარა ვარ ჩემი ცოდვებისა გამო, – მიპასუხა, – ოღონდ შენ განაგრძე ჩემი სულისთვის ლოცვა, გამოკვება, განსაკუთრებით ნუ დაივიწყებ წირვაზე, კვეთისას ჩემს მოხსენიებას და გავიზრდებიო. საბოლოოდ კი ხმამაღლა მითხრა: – ილოცე ჩემთვის, შვილო, მე ხომ ცოცხალი ვარო, – და ამით ჩემი ხილვაც დასრულდა“.

* * *

დიდად პატივცემული ათონელი ბერი, მამა მ-ი ჰყვებოდა: ძალზე მიყვარს მიცვალებულთათვის ლოცვა. ერთხელ სამშობლოდან, შორეული რუსეთიდან, ჩემი ახლო მეგობრის ქოლერით გარდაცვალება შემატყობინეს. შემეწყალა, განსაკუთრებულად ვლოცულობდი მისთვის კელიაშიც და ტაძარშიც, კვეთისას მის სახელზე ნაწილს ვიღებდი სეფისკვერიდან. ცოტა ხანში სიზმარი ვნახე: აღმოვჩნდი მშვენიერ ბაღში, ლამაზი ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. იქვე კოხტა სახლებს მოვკარი თვალი. მივუახლოვდი. იქიდან ჩემი ქოლერით გარდაცვლილი მეგობარი გამოვიდა. ძმაო, შენ აქ როგორ აღმოჩნდი-მეთქი, – შევეკითხე. ეს ადგილი ღმერთმა გვიბოძა მე და ქოლერით მოწყვეტილ სხვა ქრისტიანებს და ახლა მეზობლად ვცხოვრობთო, – მიპასუხა. იცი, შენთვის ვლოცულობ და გიხსენიებ-მეთქი. გამიღიმა – ვიცი, ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც მიწაზე ხდება, გმადლობ შენ ყველაფრისთვის. ძალიან კარგია და გვახარებს, როცა ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემენ ანდა პროსკომიდიაზე (წირვაზე, კვეთისას) გვიხსენიებენ, როცა ჩვენთვის ფსალმუნს კითხულობენ. ფსალმუნთა კითხვა დიდად გვეხმარება, მასში ხომ ცა და ქვეყანაა გაერთიანებულიო. მითხარი, საყვარელო, – შევეკითხე გარდაცვლილს, – მოწყალების გაცემა, პროსკომიდიაზე მოხსენიება და ფსალმუნთა კითხვა – ამ სამიდან ყველაზე მეტად რომელი შეგეწევათ და გსიამოვნებთ-მეთქი? რა თქმა უნდა, ყველაზე აღმატებული, ძვირფასი და სასურველი ჩვენთვის პროსკომიდიაა, რომელსაც ჩვენ აქ „გოლგოთის მსხვერპლს“ ვეძახითო. მეგობრის ბოლო სიტყვებთან ერთად თითქოს ცეცხლი შემოვიდა ჩემს გულში და ცვილივით დამადნო.

 

qronika.ge