EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჰელოუინის დღესასწაული - რა არის სინამდვილეში ჰელოუინი »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Orion

თარიღი: 2017-11-01 00:44:53

ჰელოუინის დღესასწაული - რა არის სინამდვილეში ჰელოუინი

halloween

ჰელოუინი საკმაოდ პოპულარული დღესასწაულია შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მას წელიწადში ერთხელ, 31 ოქტომბერს აღნიშნავენ. თუმცა ჰელოუინთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდებით. ზოგან ეს დღესასწაულები სხვადასხვა სახელითაა ცნობილი, მაგრამ მათ შორის მსგავსება ბევრია. ერთ-ერთი მსგავსება ის არის, რომ ასეთი დღესასწაულების დროს ხდება სულთა სამყაროსთან კავშირი, მათ შორის მკვდართა სულებთან, გრძნეულებთან, ჯადოქრებთან, ეშმაკთან და დემონებთან.
 
პირადად თქვენ, შესაძლოა, არ გწამთ დემონების და სულების არსებობის. შესაძლოა ჰელოუინსა და მსგავს დღესასწაულებს გასართობად ან იმ მიზნით აღნიშნავთ, რომ ბავშვებს წარმოსახვითი უნარის გაფართოებაში დაეხმაროთ. მაგრამ ბევრი თვლის, რომ ასეთი დღესასწაულები ზიანის მომტანია ქვემოთ მოხსენიებული რამდენიმე მიზეზის გამო.
 
ერთი ენციკლოპედიის თანახმად, „ჰელოუინი არის დღესასწაული, რომლის დროსაც ხდება სულებთან კავშირი. სულების უმრავლესობა ადამიანს აშინებს ან ემუქრება“ . ჰელოუინის მსგავსად მრავალ დღესასწაულს წარმართული დასაბამი აქვს და გარდაცვლილი წინაპრების თაყვანისცემას უკავშირდება. ამ დღესასწაულის დროს ადამიანები ცდილობენ გარდაცვლილთა სულებთან კავშირის დამყარებას (Encyclopedia of American Folklore).
 
მართალია, ჰელოუინი ძირითადად ამერიკელების დღესასწაულად ითვლება, მაგრამ მას ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ბევრმა, ვისთვისაც ეს, ასე ვთქვათ, ახალი ხილია, არც კი იცის, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ სიმბოლოებს, დეკორაციებსა თუ წეს-ჩვეულებებს წარმართული დასაბამი აქვს. ისინი ძირითადად სულებსა და ოკულტიზმს უკავშირდება.
 
შავი მაგიის ათასობით მიმდევარი, რომლებიც ძველ კელტურ რიტუალებს მიჰყვებიან, ჰელოუინს დღემდე ძველი სახელით, „სამჰეინით“, მოიხსენიებენ და მას წელიწადის ყველაზე წმინდა ღამედ მიიჩნევენ. გაზეთ „იუ-ეს-ეი ტუდეიში“ მოყვანილი იყო ერთი ჯადოქრის სიტყვები: „ქრისტიანები ვერც კი ხვდებიან, რა დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულს და ისე ზეიმობენ მას ჩვენთან ერთად . . . ჩვენ კი ეს ძალიან მოგვწონს“.
 
ჰელოუინის მსგავსი დღესასწაულები არ შეესაბამება ბიბლიურ სწავლებებს. ბიბლია გვაფრთხილებს: „არ იყოს შენში - მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი“.
 
halloween
 
ოჯახებს შეუძლიათ სასიამოვნო დრო გაატარონ წარმართული დღესასწაულების აღნიშვნის გარეშეც
 
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გონივრული იქნება, კარგად გამოიკვლიოთ ჰელოუინისა და მსგავსი დღესასწაულების ბნელით მოცული ისტორია. ამის შემდეგ შეიძლება თქვენც შეუერთდეთ იმ მრავალ ადამიანს, რომლებიც არ აღნიშნავენ ასეთ დღესასწაულებს.
 
ჰელოუინის მსგავსი დღესასწაულები მთელ მსოფლიოში
ჰელოუინი ძირითადად ამერიკელების დღესასწაულად ითვლება. თუმცა, დღეს ის უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახდა პოპულარული. გარდა ამისა, არსებობს სხვა დღესასწაულები, რომლებიც შინაარსით ჰელოუინს ჰგავს. ამ დღესასწაულების არსი სულთა სამყაროსთან კავშირია. აქვე ჩამოთვლილია ჰელოუინის მსგავსი რამდენიმე პოპულარული დღესასწაული:
ჩრდილოეთი ამერიკა — მიცვალებულთა დღე
სამხრეთი ამერიკა — გარდაცვლილთა სულების დაბრუნება თავიანთ ოჯახებში
ევროპა — მიცვალებულთა დღე და ჰელოუინის ვარიაციები
აფრიკა — თავშებურული ეიგუნგუნების ცეკვა
აზია — ბონის დღესასწაული
 
საიდან იღებს დასაბამს?
ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები და სიმბოლოები
 
ვამპირები, მგელკაცები, ჯადოქრები, ზომბები: ოდითგანვე ასოცირდებოდა ბოროტ სულთა სამყაროსთან.
კანფეტები: ძველი კელტები ცდილობდნენ, ბოროტ სულთა გულები ტკბილეულით მოეგოთ. მოგვიანებით, ეკლესია მოუწოდებდა დღესასწაულში მონაწილეებს, რომ ყველა წმინდის წინადღის დღესასწაულზე კარდაკარ ევლოთ და ეთხოვათ საჭმელი, რის სანაცვლოდაც, ისინი ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავებისთვის ლოცვები აღევლინებოდა. ეს ტრადიცია თანდათანობით ჰელოუინის განუყოფელი ნაწილი გახდა.
კოსტიუმები: კელტები იკეთებდნენ შემაძრწუნებელ ნიღბებს, რათა ბოროტი სულები შეცდომაში შეეყვანათ და თავი მოეჩვენებინათ, თითქოს ისინიც სულები იყვნენ და ამგვარად დაეღწიათ მათგან თავი. ეკლესიამ თანდათანობით წარმართული წეს-ჩვეულებები შეუთავსა ისეთ დღესასწაულებს, როგორიცაა მიცვალებულთა სულების დღე და ყველა წმინდის დღე. მოგვიანებით, წმინდანების, ანგელოზებისა და ეშმაკების ფორმებში გამოწყობილმა მოზეიმეებმა სახლიდან სახლში დაიწყეს სიარული.
გოგრები: სანთლებით მორთულ თალგამებს ბოროტი სულების დასაფრთხობად იყენებდნენ. ზოგის აზრით, თალგამში ანთებული სანთელი განსაწმენდელში გამომწყვდეულ სულს განასახიერებდა. მოგვიანებით, თალგამი დეკორატიულმა გოგრამ შეცვალა.
ჰელოუინის განვითარების ეტაპები
ძვ.წ. V საუკუნე.
კელტები სამჰეინის დღესასწაულს აღნიშნავდნენ ოქტომბრის ბოლოს. მათი აზრით, მოჩვენებები და დემონები ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს დახეტიალობდნენ დედამიწაზე.
ახ.წ. I საუკუნე.
 
რომაელებმა დაიპყრეს კელტები და გადმოიღეს სამჰეინისთვის დამახასიათებელი სპირიტული რიტუალები.
ახ.წ. VII საუკუნე.
როგორც ცნობილია, პაპმა ბონიფაციუს IV-მ წამებულთა პატივსაცემად დააფუძნა „ყველა წმინდის დღე“.
ახ.წ. XI საუკუნე.
2 ნოემბერი გამოცხადდა „ყველა სულის დღედ“ გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად.
ახ.წ. XVIII საუკუნე.
დღესასწაული Hallowe’en (წმინდა საღამო) „ჰელოუინის“ სახელწოდებით პირველად გამოჩნდა ბეჭდვით მასალაში.
ახ.წ. XIX საუკუნე.
 
ათასობით ადამიანი ირლანდიიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა და თან ჩაიტანა ჰელოუინისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები. დროთა განმავლობაში ჰელოუინის დღესასწაულს შეერწყა ბრიტანელი, გერმანელი, შოტლანდიელი, აფრიკელი და სხვა ქვეყნების ემიგრანტთა წეს-ჩვეულებები.
XX საუკუნე.
ჰელოუინი ეროვნული დღესასწაული გახდა შეერთებულ შტატებში.
XXI საუკუნე.
 
ჰელოუინისადმი კომერციული ინტერესი მთელ მსოფლიოში გაიზარდა, რადგან მას მილიარდობით დოლარის მოგება მოაქვს.
„ჰელოუ“ ძველი სიტყვაა და „წმინდას“ ნიშნავს. ყველა წმინდის დღეს პატივს მიაგებენ გარდაცვლილ წმინდანებს. ყველა წმინდის დღის წინა საღამოს უწინ Hallow Even ეწოდებოდა, მოგვიანებით ეს სახელწოდება შემოკლდა და ჰელოუინის სახელით გახდა ცნობილი.
 
 
wol.jw.org