EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სამსახეობა ქართული ანბანისა, ანუ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-11-30 23:58:28

სამსახეობა ქართული ანბანისა, ანუ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა

ქართული ანბანი

30 ნოემბერს „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. მიხეილ ჯავახიშვილი წერდა:
 
„ქვეყანაზედ არავის არა აქვს ქართულისთანა სრულყოფილი ალფაბეტი. ჩვენისთანა ფონეტიკური ტრანსკრიფცია მიუღწეველია სხვა ენებისათვის. ქართულად ისე იწერება, როგორც გამოითქმის და გამოითქმის ისე, როგორც იწერება — ეს არის უმთავრესი თვისება და მშვენება ქართული ალფაბეტისა“.
 
2016 წელს, ქართული ანბანის სამივე სახეობა (მრგლოვანი, კუთხოვანი და მხედრული), როგორც ცოცხალი კულტურა, იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა.
ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური გაიარა: 
მრგლოვანი, ანუ ასომთავრული; 
კუთხოვანი, ანუ ნუსხური (ზოგჯერ ნუსხა-ხუცურითაც ცნობილი), 
და მხედრული, რომლითაც დღეს ვწერთ და ვკითხულობთ. 
ასომთავრული უძველესი და პირველი ეტაპია ქართული ანბანისა. ეს სიტყვა XVI საუკუნიდან ჩნდება, უფრო ადრეულ ძეგლებში მას „მრგლოვანს“ უწოდებდნენ და ეს სახელწოდება ასოთა მომრგვალებულ მოხაზულობაზე მიუთითებს. ასომთავრულითაა შესრულებული ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები V საუკუნიდან მოყოლებული.
IX საუკუნის შემდეგ თანდათან კუთხოვანმა, ანუ ნუსხურმა მოიკიდა ფეხი და გაბატონდა. მრგლოვანის როლი შემცირდა, თუმცა მან მაინც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა, კერძოდ, X-XVIII საუკუნეების ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, ძირითადად, კვლავ ასომთავრულითაა შესრულებული, რაც იმაში გამოიხატება, რომ საზედაო ასოები და სათაურები მრგლოვანით იწერება და ფორმდება.
 
 
მთლიანად ასომთავრული ანბანით გადაწერილი ზოგიერთი ხელნაწერი XI საუკუნემდეც მოაღწევს. ნუსხური დამწერლობა ქართული ანბანის განვითარების მეორე საფეხურია, რომელიც უშუალოდ ასომთავრულის გრაფიკული გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა. სიტყვა „ნუსხას“ სულხან-საბა ორბელიანი ჩქარად ნაწერად განმარტავს. ნუსხა ერქვა დედანსაც. მხედრული დამწერლობით უკვე 10 საუკუნეა ვწერთ და ვკითხულობთ. მხედრულითვე იწერება ჩვენი წერილიც და ეს სახეობა ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო საფეხურია.
როგორც პალეოგრაფები ამტკიცებენ, მხედრული ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული და X საუკუნიდან გვხვდება. მხედრული დამწერლობის პირველ ნიმუშად ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერა ითვლება, რომელსაც 982–986 წლებით ათარიღებენ. ტერმინი „მხედრული“ გვიანდელია. იგი XIV საუკუნიდან შემოვიდა ხმარებაში. სიტყვა „მხედრული“ ამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენება „ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო ხასიათისა და დანიშნულების დამწერლობა.
 
გავიდა დრო და ნელ-ნელა მხედრულმა იმდენად მოიკიდა ფეხი, რომ სრულად ჩაანაცვლა ნუსხური. სხვათა შორის, ზოგჯერ სასულიერო წიგნებიც იწერებოდა მხედრული ანბანით იმ მიზეზით, რომ საერო პირები ვეღარ კითხულობდნენ ნუსხურს.
გალაკტიონმა უძღვნა „ჰიმნი ქართულ ანბანს“ და მასში აამეტყველა ის დიდი საიდუმლო, რომელსაც თან დაატარებს უკვე იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჩვენი ანბანი:
„შენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ,
არა გუშინ გაჩნდი თვალის ჩინად,
არამედ მზით ამოენთე ბრწყინვად
ოცდაექვსი საუკუნის წინათ“.
ანბანით მოთხრობილი საქართველოს ისტორია