EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ფუნიკულიორი - კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-16 17:50:45

ფუნიკულიორი - კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე

funicular

თბილისის ფუნიკულიორი — სამთო-საბაგირო რკინიგზა ქვედა და ზედა სადგურებით, კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე. გზის სიგრძე - 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე - 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი - 0,98 მ. ვაგონში 60 კაცი ეტევა. ფოლადის ბაგირის დიამეტრი 33 მმ. გზის შუა ადგილზე მოწყობილია 70 მ სიგრძის სპეციალური ბაქანი, სადაც ვაგონები გვერდს უვლიან ერთმანეთს. აქედან უკავშირდებიან მგზავრები მთაწმინდის პანთეონს. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მ.

ენციკლოპედიაში "ფუნიკულიორს" ასეთი განმარტება აქვს: ფუნიკულიორი - (ლათინურად - უნიცულუს - თოკი, ბაგირი) ბაგირისწევიანი რელსიანი გზაა, რომლის დანიშნულებაა მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ციცაბო ფერდობზე. 
თბილისის ფუნიკულიორიც სამთო-საბაგირო რკინიგზაა, ქვედა და ზედა სადგურებით. 
ამ სიტყვამ ჩვენში სხვა დატვირთვაც შეიძინა, იგი თბილისის ტოპონიმად იქცა, ისევე როგორც კალა, ორთაჭალა, სოლოლაკი, ვერა... როცა ფუნიკულიორს ვახსენებთ, წარმოგვიდგება მთაწმინდა, მამადავითის ეკლესია და პანთეონი. ასე გადაიქცა ფუნიკულიორი ისტორიულ ძეგლად და ადგილად, საიდანაც თბილისი სულ სხვაგვარი ხიბლითა და მშვენიერებით აღიქმება. 
ცოტა რამ ისტორიიდან: 
თბილისის ფუნიკულიორი მთაწმინდის პლატოს ასათვისებლად გაიყვანეს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ძველი თბილისის საზღვრები გაფართოვდა და გოლოვინის (ახლანდელი - შოთა რუსთაველის) პროსპექტზე "ევროპული თბილისის" მშენებლობა დაიწყო, გადაწყდა მთაწმინდის პლატოს ათვისება. იმ დროის მთაწმინდა "ვერანსა და უდაბურ" ადგილს წარმოადგენდა, "სადაც რამდენიმე ვერსზე თვალს ვერ მოჰკრავდით არა თუ მოზრდილ ხეს, უბრალო ბუჩქსაც კი". იქ ასასვლელად, ჯერ გზის გაყვანა იყო საჭირო. მთაწმინდის რელიეფის შესაფერისი გზა კი სამთო-საბაგირო რკინიგზა ანუ ფუნიკულიორი გახლდათ. იმ დროისათვის, ასეთი გზები გაჰყავდათ ბევრ ქვეყანაში და ისინი დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. 
ფუნიკულიორის გაყვანასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი გაიყო. ქალაქის საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთმა "ხმოსანმა" განაცხადა: "ეს ნაგებობა განცხრომის საგანია, თბილისში ფუნიკულიორის გაკეთება შეიძლება მაშინ, როდესაც იგი მიაღწევს კეთილმოწყობას. ეს კი, ალბათ, 1000 წლის შემდეგ იქნება." წინააღმდეგობის მიუხედავად, ფუნიკულიორის მშენებლობა მაინც გადაწყდა და საარაკო დროში დამთავრდა. 
ფუნიკულიორის მშენებლობა ქალაქ თბილისის "კონკის" მმართველმა, ბელგიელმა ინჟინერმა ალფონს რობიმ ითავა. ალფონს რობი ბელგიის ანონიმური საზოგადოების წარმომადგენელი იყო, რომელმაც ფუნიკულიორის მშენებლობის იდეა 1896 წელს წამოაყენა. თავისი გადაწყვეტილება მან ქალაქის თვითმმართველობას გააცნო და ფუნიკულიორის გაყვანის ნებართვა ითხოვა. 
1900 წლის ივლისში ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას - თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის თაობაზე და ბელგიელი ინჟინრის, ალფონს რობის პროექტი დაამტკიცა. მშენებლობა მთის ძირიდან უნდა დაწყებულიყო, სადაც ქალაქის წყალსადენის რეზერვუარი იდგა და მთის ეგრეთ წოდებული "განდეგილის" თავთან დამთავრებულიყო. 
ხელშეკრულების თანახმად, ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს 45 წლის განმავლობაში გაუწევდა ექსპლუატაციას, შემდეგ კი, უსასყიდლოდ გადასცემდა ქალაქს. ამავე დოკუმენტით ნავარაუდევი იყო მთაწმინდასა და კოჯორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანაც. 1908 წელს ალფონს რობიმ ნებართვა მიიღო ფუნიკულიორის ზედა სადგურიდან კოჯრამდე რკინიგზის გაყვანაზე, ხელშეკრულება დაიდო, თანხაც გამოიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს პროექტი ვერ განხორციელდა... 
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო. მშენებლობაში მრავალი უცხოელი სპეციალისტი მონაწილეობდა: პროექტი ფრანგმა ინჟინერმა ა.ბლანშმა შეადგინა, არქიტექტურულად კი, თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა.შიმკევიჩმა დაამუშავა (ალექსანდრე შიმკევიჩი ეროვნებით პოლონელი გახლდათ, ცნობილი არქიტექტორი. მისი პროექტებით აშენებულა: რუსთაველის თეატრი, თბილისის კონსერვატორია, უზენაესი სასამართლოს შენობა და მრავალი საცხოვრებელი ბინა). გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ბელგიელი ინჟინერი ი.რაგოლერი, რომელსაც იტალიელი ინჟინერი ა.ფონტანა-როსი ეხმარებოდა, იგი ბელგიის ანონიმურმა საზოგადოებამ მოიწვია. ანტონიო ფონტანა-როსი ფუნიკულიორის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, 1905 წელსვე გარდაიცვალა და კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი მეუღლე ქმრის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1969 წლის ივნისში მამის საფლავი მოინახულა უმცროსმა ქალიშვილმა დელფინამ, რომელიც თბილისში ყოფილა დაბადებული (მ. ჩორგოლაშვილი, "მთაწმინდა", 1979 წ. გვ.32. ამავე წიგნში ფუნიკულიორის შესახებ მრავალ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ბატონი მ.ჩორგოლაშვილი). 
ქალაქის გამგეობის ნებართვით, ფუნიკულიორის საზოგადოებამ ქალაქის ცენტრისა და ფუნიკულიორის დასაკავშირებლად, ფუნიკულიორის ქვედა სადგურიდან ერევნის (ახლანდელი თავისუფლების) მოედნამდე ელექტროტრამვაი გაიყვანა მგზავრთა ტრანსპორტირებისათვის. 
აღსანიშნავია, რომ ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. სწორედ მისი ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით შესრულდა რკინა-ბეტონის სამუშაოები ფუნიკულიორის ესტაკადისათვის (ხიდისებრი ნაგებობა, რომელზეც რკინიგზა გადის). 
ფუნიკულიორის მშენებლობა ძირითადად 1904 წლის ბოლოს დამთავრდა (ეს თარიღი ფუნიკულიორის ლიანდაგზეც არის აღნიშნული). 
1905 წლის 25 თებერვალს "ივერია" იუწყებოდა: ?გუშინ გუბერნიის სატეხნიკო კომისიამ ქალაქის ინჟინრების თანდასწრებით დაათვალიერა მთაწმინდის ფუნიკულერი. კომისიამ იქ ასაყვანი გზა და მისი მოწყობილობა მოიწონა და ნება დართო მუშაობისა. როგორც კომისია ამბობს, ვაგონის ასვლა-ჩამოსვლას ექვსი წუთი დასჭირდება, გზაში ვაგონის შესაჩერებელი მანქანა-ტორმუზიც მოსწონებია კომისიას. დაქანებული ვაგონი საჟენნახევარზე შეუჩერებია უცბად. 
ვაგონში მოთავსდება 50 კაცი, ფასი ასვლა-ჩამოსვლა 20 კაპიკი დაუწესებიათ." 
სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა სამთო-საბაგირო რკინიგზის - ფუნიკულიორის ტექნიკური მხარე, მუშაობის რეჟიმი და მისი ექსპლუატაციის ნებართვა გასცა.
 
1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თბილისის ფუნიკულიორი. საზეიმო ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა მამადავითის ეკლესიის მღვდელმა ნ.მაჭარაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მშენებლებს და ინიციატორებს ასეთი კარგი საქმის ბოლომდე მიყვანისათვის. ქალაქის თავმა ცისფერი ლენტი გაჭრა და გზა გახსნილად გამოაცხადა. 
ფუნიკულიორის პირველი მემანქანე ვასო ყვავილაშვილი იგონებს: "პირველად ხალხს ეშინოდა ბაგირის გაწყვეტისა და ვაგონში არ სხდებოდა. ფაეტონებით ხალხი მოჰყავდათ და ფულს აძლევდნენ - აიღეთ ფული, ნუ გეშინიათ, ჩასხედითო. მერე, ხალხი რომ შეეჩვია, იცოცხლე, ბილეთებზე რიგი იდგა." 
ფუნიკულიორის გახსნა ჩვენი დედაქალაქის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა. საზოგადოება დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას გამოხატავდა ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ნიკო ფიროსმანაშვილმა შესანიშნავი ფერწერული ტილო უძღვნა. ცნობილმა ფოტოხელოვანმა, დიმიტრი ერმაკოვმა, ფოტოზე აღბეჭდა და მომავალ თაობებს შემოუნახა ძველი ფუნიკულიორის ამსახველი კადრები (შიდა და გარე ხედები, სამანქანო მოწყობილობა, მთაწმინდის ულამაზესი პანორამა. ფოტოები ინახება საქართველოს კინოფოტოფონო დოკუმენტების სახელმწიფო არქივში). 
ფუნიკულიორის აგებაზე 400 ათასი მანეთი დაიხარჯა. გზის სიგრძე 501 მეტრია. ლიანდაგის დახრის კუთხე - 28-33 გრადუსი. დასაწყისში ვაგონი სამი კუპესგან შედგებოდა, თითოში რვა მგზავრი ეტეოდა. ვაგონს ჰქონდა ორი ბაქანი 24 მგზავრისათვის. შემდგომში ეს ორი ბაქანი კუპედ გადაკეთდა და გრძელი სკამები დაიდგა. თითოეული ვაგონის წონა 250 ფუთს (4000 კილოგრამს) აღწევდა. გზის შუა ადგილზე 70 მეტრი სიგრძის სპეციალური ბაქანია მოწყობილი, სადაც ვაგონები გვერდს უვლიან ერთმანეთს. აქედან მგზავრები მთაწმინდის პანთეონს უკავშირდებიან. 
ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მეტრია, ქვედა სადგურისა - 460 მეტრი. 
ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია 1936-1938 წლებში ჩატარდა. ძველი სადგურის ნაცვლად ახალი, სამსართულიანი შენობა აშენდა, სწორედ ის, რომელიც ჯერ კიდევ ლამაზი და დიდებული ახსოვს ჩვენს თაობას. 
მთაწმინდის პლატოზე მისასვლელად, 1937 წელს ფართო საავტომობილო გზა გაკეთდა, რომელიც კოჯრის გზიდან იღებდა განშტოებას და ოქროყანაზე გადიოდა.
ფუნიკულიორის მეორე რეკონსტრუქცია 1968-1969 წლებში მიმდინარეობდა. ამჯერად ძველი ქვესადგურის ნაცვლად ახალი შენობა აიგო, შეიცვალა ვაგონების ძარები. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ ფუნიკულიორის ახალი ვაგონების ორიგინალური კონსტრუქციის მაკეტი წარმოადგინა. გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი. 
დედაქალაქის მოსახლეობა და ტურისტთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. სამთო-საბაგირო (ფუნიკულიორი) უკვე ვეღარ წვდებოდა თანამედროვე მოთხოვნებს და გადაწყდა საჰაერო-საბაგირო გზის გაყვანაც. 
1958 წელს, თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენს დედაქალაქში პირველი საჰაერო-საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყო. ამავე წლის ოქტომბერში იგი უკვე ამოქმედდა და კარგა ხანსაც ახარებდა თბილისელებსა თუ თბილისის სტუმრებს. შემდეგ კი... შემდეგ რა მოხდა, თქვენ უკვე იცით... 
დღეს საბაგირო გზის "სხვანაირი" და ულამაზესი შენობა ისევე ელოდება აღმდგენელსა და ხელის შემვლებს, როგორც ფუნიკულიორის ასეთი ახლობელი და თბილისის სიმბოლოდ ქცეული შენობა და მთლიანად, მთაწმინდის ულამაზესი პარკი. 
1957 წლის პირველი იანვრიდან მთაწმინდაზე სატელევიზიო ანძა გამოჩნდა, აქვე ამოქმედდა ქართული ტელევიზიის პირველი სტუდია. თავიდან, თურმე, თბილისელებს ეხამუშებოდათ მამადავითზე აღმართული უცნაური რკინის ნაგებობა, ისევე ალბათ, როგორც თავის დროზე ფრანგებს - ეიფელის კოშკი. 
სხვათა შორის - "მაღლიდან ქალაქი საღამოს ჟამს მშვენიერი სანახავია, ასე მგონია, ეიფელის კოშკიდან გადავცქერი გაჩირაღდნებულ პარიზს," - წერდა თბილისის შესახებ ფრანგი ბოტანიკოსი ემილ ლევიე. 
რატომაც არა, იქნებ მომავალში ვინმემ ისევ დაწეროს ასე...
 
 
მზია ქუცნიაშვილი