EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რას მოსთხოვენ რეზერვისტებს რეფორმის შემდეგ »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: lolipop
თარიღი: 2018-02-03 18:26:23
თავდაცვის სამინისტრომ ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: სამნაწილიანი აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი და გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა. სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი არის წელიწადში არაუმეტეს 45 დღე და ეს პერიოდი პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება, ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები. რეზერვში პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ უპასუხა.
ზოგადი კითხვით დავიწყებ - საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის რეზერვი რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია?
უაღრესად მნიშვნელოვანია სამხედრო-სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, აუცილებელია ახალი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო რეზერვში ჩარიცხული პირების გამოძახებას, ასევე მათ პროფესიულ დონეზე მომზადებას. ცხადია, რომ არსებული სისტემა, რომელიც დღეისთვის მოქმედებს, ვერ უზრუნველყოფს რეზერვის სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას. შეფერხებები არის ამ კუთხით, როგორც აღრიცხვის, მათი გაწვევის, გამოძახების, მომზადების და საჭირო ღონისძიებებში მათი აქტიურად ჩართვის კუთხით. სწორედ ამიტომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მუშაობს სწორედ ამ კანონპროექტზე. კანონპროექტს საფუძვლად დაედო რეზერვის შესახებ კონცეფცია, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ იყო მოწონებული და აღიარებული. ასევე კონცეფცია წინასწარ იყო განხილული თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და კომიტეტის თანხმობის შემდეგ დაიწყო უკვე კანონპროექტის შემუშავება.
დღეს პრემიერმაც ბრძანა, რომ იყო ხარვეზები და არსებულ სისტემას ცალსახად სჭირდებოდა შეცვლა. ანუ, თავდაცვის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ეს ახალი კონცეფცია სრულად აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რაც არსებულ სისტემაშია?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი სისტემა ძირეულად შეცვლის არსებულ სამხედრო-სარეზერვო სისტემას. მოგეხსენებათ, რომ რეზერვი, რომელიც კანონპროექტის და კონცეფციის მიხედვით არის შემოთავაზებული, იქნება ორი სახის: იქნება სამობილიზაციო რეზერვი, როგორც უკვე აღინიშნა და მნიშვნელოვანი სიახლე არის აქტიური რეზერვი. აქტიური რეზერვი იქნება სამი სახის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. განსხვავებებიც მოისმინეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აქტიური რეზერვი იქნება ნებაყოფლობითი და არ იქნება სავალდებულო; იქნება ანაზღაურებადი; იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მოხდება სწორედ ამ რეზერვისტების დაკომპლექტება.
იმ პერიოდში, როდესაც ისინი ნებაყოფლობით გაწვეულები იქნებიან, მათ უნარჩუნდებათ თუ არა სამუშაო ადგილი, ის ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებენ?
კანონპროექტში პირდაპირ აღნიშნულია, რომ მათ გაწვევის შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ კერძო თუ საჯარო სექტორში დაკავებული თანამდებობა და ანაზღაურება.
აქვე დავაზუსტოთ ასაკობრივი შეზღუდვის შესახებაც და თუ არის საჭირო რაიმე დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა ამ ადამიანთა გადასამზადებლად?
ასაკს რაც შეეხება, დღეს მოქმედი სამხედრო რეზერვის კანონის მიხედვით არის ძალიან მცირე ვადები დადგენილი იმ პირთა კონტიგენტთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ და ირიცხებოდნენ სამხედრო სარეზერვო სამსახურში. ეს არის ასაკი 27 წლიდან 40-წლამდე. ჩვენ ამ ასაკს ვზრდით. კერძოდ, შეიარაღებული ძალების რეზერვის შემთხვევაში იქნება 50 წელი, ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში იქნება 55 წელი, სპეციალისტების რეზერვის შემთხვევაში 65 წელი. ხოლო სამობილიზაციო რეზერვი, რომელიც ყველაზე უფრო ჰგავს დღეს მოქმედი რეზერვის მოდელს, აქ ასაკი იზრდება 60 წლამდე.
სამობილიზაციო რეზერვის დეტალებიც განვმარტოთ. ეს არის სავალდებულო, ხომ ასეა?
დიახ, ეს არის სავალდებულო და მნიშვნელოვანი სიახლე არის სწორედ ის ასაკი, რომელზეც ახლა მოგახსენეთ. შესაბამისად, უფრო მეტი ძალების მობილიზება იქნება შესაძლებელი, საქარველოს უფრო მეტ მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ქვეყნის და სამშობლოს დაცვის და თავდაცვის საქმეში მონაწილეობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რაც არის, რასაც გვთავაზობს კანონპროექტი და კონცეფცია მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ შეიქმნება რეზერვის მართვის ელექტრონული მართვის სისტემა, რაც გულისხმობს რეზერვისტების შესაბამისი კატეგორიების მიხედვით დაყოფას - სამხედრო სპეციალობების და პროფესიების მიხედვით, ასევე მათი ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე მათი ასაკის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა იქნება, იმ პირთა კონტიგენტს, თუ რომელი პირები და რა რაოდენობის ადამიანები, რეზერვისტები უნდა დაექვემდებარონ გაწვევას, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საჭიროებიდან და კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე გენერალური შტაბი მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება გაწვევას, გაწვევაზე გადაწყვეტილებას, მაგალითად საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში რეზერვისტების გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, ხოლო მომზადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მომზადება ახსენეთ და გამოგრჩათ ერთი საკითხი, რაზეც გკითხეთ - სასწავლო ცენტრების დამატება თუ არის საჭირო?
მომზადების საკითხი ეხება მთლიანად გვარდიას. ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტების მომზადებას. მინდა დავაზუსტო, რომ კანონპროექტი სამობილიზაციო რეზერვის ნაწილში ამოქმედდება 2020 წლის 1-ლი ივნისიდან. ეს ვადა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამართულად ამუშავდეს ეს სისტემა, დაინერგოს ელექტრონული მართვის სისტემა, მოხდეს კატეგორიზაცია ამ რეზერვში აღრიცხული პირების და ცალკეულ შემთხვევებში მიზნობრივად მოხდეს ამ რეზერვისტების გამოძახება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას მთლიანად უზრუნველყოფს ეროვნული გვარდია და ამისთვის შესაბამისი პირობები, ინფრასტრუქტურა, გადასამზადებელ პირთა რაოდენობაც ზუსტად იქნება განსაზღვრული იმ პერიოდის განმავლობაში.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიური რეზერვი, შესაძლოა, საპილოტე პროექტის სახით წელსვე ამოქმედდეს და ამისთვის უწყება არის მზად. როგორ შეიძლება დაიწყოს საწყისი ეტაპი და რა რაოდენობის ადამიანებზე შეიძლება იყოს გათვლილი, ეს ხომ ფინანსებთან, ბიუჯეტთან არის მიბმული?
აქტიური რეზერვის სისტემა ნამდვილად წელსვე დაიწყებს მუშაობას საპილოტე პროექტის სახით. წელს იგეგმება 260 აქტიური რეზერვისტის გაწვევა ამ სამივე სახეობის სარეზერვო სისტემაში. თანხაც გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად და წლიური დაფინანსება მიმდინარე წელს მხოლოდ ამ რეზერვისტებისთვის იქნება დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასი ლარი.