EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მას შემდეგ, რაც სილამაზის სალონში თმა შეიჭრა, თავის არეში გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი გაუჩნდა – შიდსი და ც ჰეპატიტი - 2 ლარად - რას ურჩევს მადონა კოიძე მომხმარებელს?! »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-15 23:48:55
რამდენიმე დღის წინ რედაქციაში ხანდაზმული მამაკაცი, მიხეილ მინდიაშვილი დაგვიკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სილამაზის სალონში თმა შეიჭრა, თავის არეში გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი გაუჩნდა, რის გამოც იძულებული გახდა, კანის ექიმთან მკურნალობის სრული კურსი გაევლო... დედაქალაქის თითოეულ უბანში ათობით სილამაზის სალონია გახსნილი, როგორც ჩანს, ეს სარფიანი ბიზნესია, მფარველებიც მრავლად ჰყავთ, მაგრამ აკმაყოფილებენ თუ არა ეს სალონები ოფიციალურ ჰიგიენურ სტანდატებს, რამდენად უსაფრთხოა მათი მომსახურება ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ვართ თუ არა დაზღვეულნი თუნდაც მძიმე დაავდებებებისგან? რას უნდა მიაქციოს ყურადღება კლიენტმა, როდესაც ასეთ სალონს ესტუმრება? ვესაუბრებით საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს, მადონა კოიძეს:
- სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ სილამაზის სალონებში და ტატუ სალონებში ძალზე მაღალია არა მხოლოდ სისხლისმიერი და კანის დაავადებებით, არამედ სხვა ინფექციებით დასნებოვნების რისკებიც. ტატუ სალონებს აქ ვახსენებ იმიტომ, რომ მრავალ ასეთ დაწესებულებაში არა მხოლოდ სხეულის მოხატვას, არამედ მანიკურს, პედიკურს, წარბების კორექციას, ყურების გახვრეტას და სხვა მანიპულაციებსაც აწარმოებენ და პირიქითაც - მრავალ სილამაზის სალონში მინახავს გამოყოფილი ადგილი, სადაც კლიენტს ტატუირებას სთავაზობენ. ნებისმიერ სალონში, სადაც ასეთი მომსახურებაა, აუცილებლად უნდა იყოს ავტოკლავი, რომელშიც მოხდება სამუშაო ხელსაწყოების სათანადოდ გასტერილება. თუ ასეთი აპარატი სალონს არ გააჩნია, ასეთ სალონში შესვლა დაუშვებელია! ადმინისტრაციას უნდა გააჩნდეს სპეციალური წიგნი, სადაც დაწვრილებით უნდა იყოს დაფიქსირებული, რომელი ხელსაწყო რამდენი ხნის განმავლობაში იდო ავტოკლავში, რადგან ყოველ ხელსაწყოს მისი გასტერილებისთვის საკმარისი ვადა აქვს მკაცრად განსაზღვრული. გასტერილებამდე ხელსაწყოები სადეზინფექციო ხსნარებით უნდა მუშავდებოდეს, ხოლო გასტერილების შემდეგ ისინი ინახებოდეს ერთჯერად სპეციალურ სასტერილიზაციო ვაკუუმ-პაკეტში, რომელიც აუცილებლად უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ გაიხსნას!
- არასრულფასოვანი მომსახურების შედეგად კლიენტს რა დაავადება შეიძლება დაემართოს?
- ჩვენს ქვეყანაში ბრძოლა გამოეცხადა ც ჰეპატიტს და შიდსს, არსებობს ამ დაავადებებთან ბრძოლის კონკრეტული სახელმწიფო პროგრამები და სახელმწიფო დიდძალ თანხებს ხარჯავს მათი მკურნალობის მიზნით მოქალაქეთა დასაზღვევად, მაგრამ სწორედ ამ ფონზე ჩემს დიდ პროტესტს იწვევს გარემოება, რომ იგივე სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ უთმობს იგივე ც ჰეპატიტის და შიდსის რისკების აღკვეთას და პრევენციას. ისე გამოდის, რომ ასეთი უყურადღებობით ჯერ ყოველმხრივ ხელს ვუწყობთ ადამიანის დასნეულებას და შემდეგ დიდ თანხებს ვხარჯავთ უკვე დასნეულებულის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რადგან გამოჯანმრთელება ხშირად, პრაქტიკულად შეუძლებელიც კი გახლავთ. სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ გვქონია სალონების მაკონტროლებელი ორგანო, სადაც სისხლისმიერი და სხვა ინფექციების გავრცელების მაღალი რისკია. წლების მანძილზე, ანუ მას შემდეგ რაც გაუქმდა სანიტარული ზედამხედველობის სისტემა, საქართველოში არ არსებობდნენ ზედამხედველი და პასუხისმგებელი პირები, რომელთა ფუნქცია იქნებოდა ასეთი დაწესებულებების გაკონტროლება. ამჟამად, მერიაში არსებობს სამსახური, რომელიც ზედამხედველობას აწარმოებს სალონების საქმიანობაზე. 2017 წელს ამ სამსახურს 250 სალონი შეუმოწმებია, რაც ძალზე ცოტაა, რადგან ამ რაოდენობის სალონი დედაქალაქის მხოლოდ ერთ დასახლებულ უბანში შეიძლება შეგვხვდეს. ქალაქში ათასობით სილამაზის სალონია, თითოეულის საფუძვლიანად დათვალიერება და რეკომენდაციების გაცემა - საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე იმ რისკებს ეხება, რომლებმაც ჩვენი ჯანმრთელობა და, შესაძლოა, სიცოცხლეც შეიწიროს. ამ ეტაპზე მერიის სამსახური დარღვევის აღმოჩენის სემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება, გარდა ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენისა, რამაც შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დააზიანოს. თუ ასეთს აღმოაჩენს, სალონის პატრონი ბიზნესოპერატორს 50 ლარით დაჯარიმება ემუქრება, ანუ სახელმწიფო თავის მოქალაქეების სიცოცხლეს 50 ლარად აფასებს!
- პირადად თქვენ, რა დარღვევებს აწყდებით, როცა სილამაზის სალონებს ამოწმებთ?
- თბილისში ამ მხრივ წარმოუდგენლად საშიში მდგომარეობაა, პერიფერიებზე ალბათ, უარესი! დედაქალაქში ისეთი სალონებიც მინახავს, რომელთაც არ გააჩნიათ კანალიზაციის სისტემა, არ აქვთ წყალი და მომსახურე პერსონალი იმის საშუალებასაც მოკლებულია, ერთი კლიენტის მომსახურების შემდეგ ხელი საპნით დაიბანოს, ვიდრე მეორე კლიენტთან მივა! ასეთ სალონებს მე მრავლად წავაწყდი ვაგზლის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე. როცა სალონებს ვამოწმებ, პირველ რიგში თვალში მხვდება იქ არსებული სიბინძურე. მომხმარებელი, რომელიც სალონში არსებულ სიბინძურეზე თვალს ხუჭავს, არა მხოლოდ დაზარალების კანდიდატია, არამედ დამნაშევც გახლავთ! თუ ელემენტარული სისუფთავე არ არის, კლიენტმა იმ სალონში შესვლას თავი უნდა აარიდოს! მამაკაცისთვის განკუთვნილი თმის საკრეჭი მანქანა, ასევე სავარცხელი და მაკრატელი - ყოველი კლიენტის მომსახურების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით უნდა მუშავდებოდეს. ბაზარზე სადეზინფექციო ხსნარების დიდი არჩევანია. ახია, თუ დასნეულდება კლიენტი, რომელსაც არ გააჩნია პროტესტი, როცა თმებით სავსე სავარცხლით ვარცხნიან! ყველამ უთქმელადაც უნდა იცოდეს, რომ იმ სალონში რომლის შესასვლელთან გასაშრობად პირსახოცებია გამოფენილი - შესვლა არ შეიძლება! კლიენტმა აუცილებლად უნდა მოიკითხოს პირსახოცების მარაგი, რომელიც ესთეტურად უნდა ინახებოდეს და ყოვლად დაუშვებელია, ერთი კლიენტისთვის თავის გამშრალების შემდეგ დასველებულ პირსახოცს მხოლოდ გაშრობა აკმარონ და სხვა კლიენტს სხვისი განაწმენდით მოემსახურონ!
- ამჟამად თუ არსებობს სტანდარტები, რომლებიც სილამაზი სალონების საქმიანობას არეგულირებს?
- დიახ, არსებობს ასეთი სტანდარტები, სადაც დეტალურად არის გაწერილი როგორც სტერილიზაციის შესახებ, ასევე სავარცხლების და სხვა ნივთების დამუშავების, სალონის ინტერიერის დასუფთავების და დეზინფექციის, პირსახოცების, ნიჟარების, თასების დამუშავების შესახებ. ამ სტანდარტების შესახებ ინფორმცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ბიზნესოპარატორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ამ წესების სალონებში გამოფენა, თუმცა შესრულება ყველა შემთხვევაში სავალდებულოა. პრობლემა იმაშია, მოქალაქეებს არ აქვთ სათანადო ცოდნა, რათა სტანდარტების სათანადო მომსახურება მოითხოვონ და მათი დარღვევის შემთხვევაში ჯეროვნად გააპროტესტონ. მნიშვნელოვანი დილემაა სალონების მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია. სტილისტს და მანიკურ-პედიკურის სპეციალისტს სპეციალური განათლება არ მოეთხოვება, საკმარისია, მათ ჰქონდეთ გავლილი შესაბამისი კურსები და გააჩნდეთ სერტიფიკატი, მაგრამ კოსმეტოლოგს აუცილებლად უნდა გააჩნდეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- წვერის უხიფათოდ გაპარსვა თუ არის შესაძლებელი სალონში?
- კანონმდებლობით, სალონში წვერის გაპარსვა აკრძალულია, მაგრამ ცალკეულ დაწესებულებებში ამ აკრძალვას ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, სადგურის ტერიტორიაზე, სადაც არც კანალიზაციაა და არც წყალი, მე აღმოვაჩინე 8 სალონი, რომლებზე გამოკრული აბრა იუწყება, რომ წვერის გაპარსვა 2 ლარი ღირს. საკუთარი თვალით ვნახე, რომ პარსავენ მამა-პაპური მრავალჯერადი მოხმარების სამართებლით და არა თუნდაც ერთჯერადი საპარსებით! ჩემი ნება რომ იყოს, მე აბრაზე წარწერას ასე გადავაკეთებდი: შიდსი და ც ჰეპატიტი - 2 ლარად! მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ბიზნესის წამოსაწყებად თავის მოქალაქეებს ხელს უწყობს, მაგრამ სამწუხაროდ, ნაკლებად აკონტროლებს, რომ წამოწყებული ბიზნესი საზოგადოებისთვის უსაფრთხო იყოს!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"