EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რა ხდება ქართველებთან მიმართებაში გერმანიაში »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-23 13:36:15

რა ხდება ქართველებთან მიმართებაში გერმანიაში

germany-georgia

გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. მიზეზად უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევა სახელდება.
 
დეპორტირებულებს შორის არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე წავიდნენ. მათ ნაწილს ჰყავს გერმანიის მოქალაქე ოჯახის წევრები, ბავშვები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრების დროს შეეძინათ.
 
სოციალურ ქსელში , ერთ-ერთი დეპორტირებული ქართველი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ოჯახთან ერთად წლებია გერმანიაში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, გუშინ დილის ხუთ საათზე მის ოჯახში სამართალდამცველები შევიდნენ, რომლებმაც განმარტებების გარეშე, დეპორტაციის მიზნით, პირდაპირ აეროპორტში გადაიყვანეს.
 
გერმანიაში მცხოვრები ორი შვილის დედა, ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ბოლო ოთხი წელია გერმანიაში ცხოვრობს და ჰყავს შვილები, რომლებიც გერმანიაში გააჩინა. მისი თქმით, დილის ექვს საათზე მის სახლში შევიდნენ სამართალდამცველები და შვილებთან ერთად აეროპორტში სამარშრუტო ტაქსით წაიყვანეს. თუმცა მოგვიანებით, იმის გამო, რომ ქალბატონი ფეხმძიმედ იყო და ექიმმა მგზავრობის რეკომენდაცია არ მისცა უკანვე დააბრუნეს.
 
გერმანიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, შესაძლოა, ამ დღეებში დაახლოებით 500-600 ადამიანის დეპორტაცია მოხდეს, რადგან გერმანიის სასამართლოში მათ საქმეებს დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს.
 
ქართველების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია. ,,რუსთავი2“-ი კომენტარის მისაღებად შს სამინისტროში გადაამისამართეს.
 
შს სამინისტროში კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. მათი განცხადებით, გერმანიაში ჩატარდა რეიდები და სწორედ ამ რეიდებში მოყოლილი 65 ქართველი გამოადეპორტეს.
 
გერმანია საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG);  Government Assisted Repatriation Programme (GARP)", რომელიც სამშობლოში  ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს.
 
საგარეო უწყების ცნობით, პროგრამის (REAG/GARP) ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება, ასევე არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.
 
„პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც ა) უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები; ბ) პირებს რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა და ასევე გ) საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.
 
პროგრამის მიხედვით, ფინანსური დახმარებასთან ერთად ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს პროგრამა აძლევს საშუალებას თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და  ოფიციალური უწყების წარმომდგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება.
 
გერმანული მხარის თანახმად 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ  დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად მაგალითად ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა. შ.
 
პროგრამა მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.
 
პროგრამების შესახებ ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია გერმანიის მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში. საინფორმაციო ცენტრების განთავსების ადგილებისთვის ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://www.returningfromgermany.de/de/centres.
 
ასევე დაინტერესებულ პირებს  აღნიშნული მხარდაჭერის თაობაზე  დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე www.returningfromgermany.de, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ავღანურ, არაბულ და ირანულ ენებზე.
 
პროგრამით 2016 წელს საერთო ჯამში 54 000 მა ადამიანმა ისარგებლა.
 
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტრომ აღნიშნული პროგრამების შესახებ  ინფორმაციის შემდეგი გავრცელების თხოვნით  გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიმართა“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.