EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გამოვლენილია დაავადება, რომელმაც მე-16 საუკუნეში აცტეკთა თითქმის მთლიანი ცივილიზაცია მოსპო »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-28 14:21:55
როდესაც ევროპელი კონკისტადორები ახალ მსოფლიოს მიადგნენ, დაპყრობაში მათ უხილავად ეხმარებოდა ერთი გამანადგურებელი, უჩინარი მოკავშირე — დაავადება.
ახლახან, მეცნიერებმა გამოავლინეს ისტორიის შავბნელ ქვეთავში აღწერილი მომაკვდინებელი ეპიდემიის უკან მდგომი სავარაუდო დამნაშავე, რომელმაც მექსიკის ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 80%, დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი გაჟლიტა.
რეცენზირებამდელი შედეგები აქამდეც ხელმისაწვდომი იყო სერვერ bioRxiv-ზე, თუმცა, კვლევა ამჯერად უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში; შედეგები აბსოლუტურად მომაჯადოებელია.
1545-1550 წლებში მძვინვარე ეპიდემიის მსხვერპლთა კბილებიდან აღებული უძველესი დნმ აჩვენებს სალმონელას პირველ დადასტურებულ შემთხვევას ამერიკის კონტინენტზე, რაც მიუთითებს მომაკვდინებელ Salmonella enterica-ის არსებობაზე; ეს გახლავთ მუცლის ტიფის გამომწვევი ბაქტერია.
არქეოლოგებმა მექსიკაში სამყაროს უძველესი მოდელი აღმოაჩინეს
მსგავსი: არქეოლოგებმა მექსიკაში სამყაროს უძველესი მოდელი აღმოაჩინეს
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ახლა ასე ვუწოდებთ. იმ დროს, როცა ეს გამანადგურებელი დაავადება თანამედროვე მექსიკისა და გვატემალის ტერიტორიაზე გავრცელდა, ადგილობრივთა ენა ნაჰუატლზე მას სხვა სახელი — კოკოლიცტლი (შავი ჭირი) ერქვა.
ესპანელებს ამ დაავადებისათვის სხვა სახელი ჰქონდათ: პუხამიენტო დე სანგრე (უხვი სისხლდენა).
რა ენაზეც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც სიკვდილს აღნიშნავდა.
„ციებ-ცხელება გადამდები იყო, ფეთქებადი და უწყვეტი, უმეტეს შემთხვევაში ლეტალური. ენა შრებოდა და შავდებოდა. გაუსაძლისი წყურვილის შეგრძნება“, — ასე აღწერდა დაავადებას 1576 წელს ფრანცისკანელი ბერი ხუან დე ტორკემადა; სწორედ ამ დროს იფეთქა ეპიდემიამ მეორედ.
„შარდი ხან ზღვის მწვანე ფერის იყო, ხან მცენარისნაირი მწვანე, ზოგჯერ კი მომწვანო ფერმკრთალი. გულისცემა ხშირი, სწრაფი, მაგრამ სუსტი, ხანდახან სრულიადაც ჩერდებოდა“.
ინფიცირებულ ადამიანს ახასიათებდა ბოდვები, დიზენტერია, გულის წასვლა, გაუსაძლისი სისხლდენა და ღებინება.
აღნიშნულ ბოლო კვლევამდე, იყო ვარაუდი, რომ ეს საშინელი სიმპტომები გამოწვეული იყო სხვა ბიოლოგიური მიზეზებით — მაგალითად წითელათი, ყვავილით, ტიფით ან ვირუსული ჰემორაგიული ცხელებით.
თუმცა ამჯერად, გერმანიის მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო დნმ-ის პირველი მტკიცებულება, რომელიც სულ სხვა ახსნას გვთავაზობს.
მექსიკაში, ოახაკის შტატში, მისტეკების ტომის ქალაქ ტეპოსკოლულაში, გათხრებისას აღმოაჩინეს კოკოლიცტლის ეპიდემიის მსხვერპლთა 30 ჩონჩხი, რომლებიც ასობით წლის წინ არიან დამარხული.
დნმ-ის სკრინინგის ახალი მეთოდის (MALT) გამოყენებით, მკვლევრებმა ნაშთებში აღმოაჩინეს S. Enterica-ს შტამი, რომელსაც Paratyphi C-ს უწოდებენ.
მკვლევართა თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომაკვდინებელ ეპიდემიაში სხვა პათოგენებიც არ ყოფილა ჩართული, მაგრამ ამჟამად, აღმოჩენილია მხოლოდ S. enterica Paratyphi C — რომელიდ დიდი ალბათობით, ახალ მსოფლიოში ესპანელებმა შეიტანეს.
კოკოლიცტლი იდუმალებით მოცული ისტორიული ეპიდემიაა და წლების განმავლობაში, მის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაცია წარმოიშვა“, — უთხრა ერთ-ერთმა მკვლევარმა კირსტენ ბოსმა CNN-ს.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა უძველეს დნმ-ში წარმატებით მოხდა კანდიდატი პათოგენის იდენტიფიცირება“.
მართალია, აღმოჩენა შთამბეჭდავია, მაგრამ არანაკლებ გასაოცარია ის ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც ის შესაძლებელი გახდა.
MALT-ში გამოყენებულია ალგორითმი, რომელმაც პირველად ისტორიაში, მკვლევრებს საშუალება მისცა აღმოჩენილი დნმ შეედარებინათ პოტენციურ თავსებადობათა ფართო მრავალფეროვნებასთან. შედეგად, ამის შემდეგ, მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ გამოავლინონ უძველეს დაავადებათა ბიოლოგიური მიზეზები ისე, როგორც არასდროს.
„ეს არის კრიტიკული მიღწევა უძველესი დაავადებების მკვლევართა ხელთ არსებულ მეთოდებს შორის“, — განმარტავს ბოსი პრესრელიზში.
„ახლა უკვე შეგვიძლია არქეოლოგიურ ნიმუშებში ვეძებოთ მრავალი ინფექციური აგენტის მოლეკულური კვალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაავადების მიზეზი უცნობია“.
კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია shh.mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით
ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge