EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რომელი სახელმწიფოები აკონტროლებენ ინტერნეტს ყველაზე ეფექტიანად და როგორ? »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2018-03-14 14:09:43
მარტის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომპარტიამ სი ძინპინისთვის სამუდამო მმართველის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა, ჩინურმა სოციალურმა ქსელმა Weibo-მ თავის „შავ სიაში“ კიდევ რამდენიმე ათეული აკრძალული სიტყვა შეიტანა. 2000-იანი წლებიდან ჩინეთში მოქმედებს ეგრეთ წოდებული დიდი “ფაიარვოლი” (Firewall), რომლის საშუალებითაც დროებით ან სამუდამოდ შეიძლება დაიბლოკოს როგორც მთლიანი ვებგვერდი, ისე ცალკეული სიტყვათა შეთანხმება, სიტყვები და სიმბოლოებიც კი. ინტერნეტის კონტროლის მხრივ ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.
„ფიარვოლი“ რა არის?
ერთგვარი ქსელური სახელმწიფო საზღვარი - სისტემა, რომელიც ჩინეთში მცხოვრებ ადამიანებს გარკვეულ უცხოურ რესურსებთან წვდომას უზღუდავს და მომხმარებლების ქცევას თვალს ადევნებს. ის 2000-იანი წლებიდან ამოქმედდა და მის შექმნაზე ჩინეთის ხელისუფლებამ ბევრი წელი დახარჯა.
ეს არის რთული პროგრამულ-აპარატურული კომპლექსი. მისი ჩამოყალიბებისთვის ტექნიკის გარდა (რომელიც სხვათა შორის ძალიან ძვირი ღირს) საჭიროა სამუშაო სისტემის აწყობაც. ასეთი მოწყობილობა უნდა “მიუერთდეს” გლობალური ქსელის ყველა არხს, რომელიც მონაცემებს გადასცემს. რაც უფრო მეტი ასეთი არხია ქვეყანაში, რომლებიც კერძო კომანიების საკუთრებაშია, მით უფრო რთულია მათი კონტროლი. ჩინეთში ასეთი არხების რაოდენობა მცირეა, რაც სისტემის მუშაობას აიოლებს.
„ფაიარვოლი” როგორ მუშაობს?
ჩინეთში შეუძლიათ ცალკეული ვებგვერდების მთლიანად დაბლოკვა. „შავ სიაშია“ Google, Facebook, Twitter, YouTube და სხვა რესურსები. გარდა ამისა, “ფაიარვოლი” ავტომატურად ცხრილავს ვებგვერდებს და შეტყობინებებს საკვანძო სიტყვების და სიტყვათა შეთანხმებების მიხედვით. მაგალითად, თუ რესურსის url-მისამართი შეიცავს ტიბეტის გათავისუფლების ლოზუნგს, ჩინეთში მომხმარებლები ამ გვერდს ვერ გახსნიან.
imedinews.ge
2013 წლის კვლევების მონაცემებით, ცენზურა ვრცელდება ჩატებში მიმოწერებსა და ბლოგებზეც. არასასურველი კონტენტის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებლები არიან კერძო კომპანიები, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან აწარმოონ „სიები“, რომლებშიც აკრძალული სიტყვები და სიტყვათა შეთანხმებებია. მაგალითად, იფილტრება დისიდენტების სახელები და ტიბეტის გათავისუფლებისკენ მოწოდებები.
ჩინეთში აკრძალულია ბევრი უცხოური სოცქსელი და მესენჯერი. მათ ნაცვლად მომხმარებლებს სთავაზობენ ადგილობრივ ანალოგებს, როგორიცაა Weibo. ის ჩინეთის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელიც ტვიტერის და ფეისბუკის ფუნქციებს ითავსებს. მაგალითად, Weibo-ს „შავ სიაშია“ ნებისმიერი ფორმით დაწერილი ისეთი ფრაზები როგორებიცაა „89 წელი“ და „4 ივნისი“, რადგან მიჩნეულია, რომ ეს არის ტიანანმენის მოედნის მოვლენებზე მინიშნება. კვლევების თანახმად, კომპანიები ცენზურულ სიებს დღის წესრიგის მიხედვით ცვლიან.
ანონიმაიზერები არ მუშაობს?
ისეთ ცნობილ ანონიმაიზერებს, როგორიცაა მაგალითად Hola, ჩინეთში ბლოკავენ. იქ აკრძალულია ასევე Tor-ი. ჩნდება ხოლმე ახალი პროქსი-სერვერები, მაგრამ როგორც კი ისინი მეტ-ნაკლებად პოპულარული ხდება, მათაც ბლოკავენ. ბლოკირების მიუხედავად, Tor-ის ქსელში ჩართვა შეიძლება, მაგრამ ეს ტექნიკურად რთულია, ამიტომ ასეთ მეთოდებზე ხელი ადამიანთა ძალიან ვიწრო წრეს მიუწვდება.
VPN-იც ხომ არსებობს?
დიახ, ჩინეთში არის VPN (დაცული არხები, რომლიდანაც დაბლოკილ ვებგვერდებზე შესვლა შეიძლება). მაგრამ ასეთი სერვისები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური თანხმობით მუშაობენ. სხვა შემთხვევაში მათ დაბლოკავენ.
ჩინეთის ხელისუფლება https-ს როგორ ებრძვის?
Https - პროტოკოლია, რომელიც ტრაფიკს შიფრავს და ცენზორს არ აძლევს საშუალებას გაიგოს, თუ რომელ გვერდებს სტუმრობენ მომხმარებლები. „ფაიარვოლს“ არ შეუძლია https-იანი ვებგვერდების კონტენტის ანალიზი და შესაბამისად, მათი გაფილტვრა საკვანძო სიტყვებით. მაგრამ თუ არასასურველი შინაარსის ესა თუ ის ვებგვერდი ჩინეთში საკმარისად პოპულარული გახდება, ცენზორები მას დაბლოკავენ.
მაგალითად, 2015 წელს თავს დაესხნენ ვებგვერდ GitHub-ის ორ გვერდს. ამ მისამართისკენ მოთხოვნათა უზარმაზარი რიცხვი მიემართა. ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ DDoS-თავდასხმის ორგანიზატორები ჩინური „ფაიარვოლის“ ოპერატორები იყვნენ. ჩინეთში არის საძიებო სისტემა Baidu, რომელიც ვებგვერდების სტატისტიკას ითვლის, დაახლოებით ისე, როგორც Google Analytics-ი და ამას კლიენტების ვებგვერდებზე სპეციალური სკრიპტის დანერგვით აკეთებს. „ფაიარვოლის“ თანამშრომლებმა იმგვარად შეცვალეს კოდი, რომ ნებისმიერი მოთხოვნა Baidu-ს მიმართ მისამართდებოდა GitHub-ის არასასურველი გვერდებისკენ. ასეთი მოთხოვნები უამრავია და მათთან გამკლავება ძალიან რთულია. Baidu-ს არც ადმინისტრაციას და არც მომხმარებლებს ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ.
კიდევ რომელ ქვეყნებში ზღუდავენ ინტერნეტს?
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მძლავრი ინტერნეტ-ცენზურაა, ჩინეთის გარდა შედიან მიანმარი, ვიეტნამი, ტუნისი, სირია, ირანი, საუდის არაბეთი, ეთოპია, ერითრეა, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, თურქმენეთი, ბირმა. სხვადასხვა დოზით ინტერნეტზე წვდომას ზღუდავენ აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში.
ამასთან, ყველა ქვეყანას ცენზურის გამართლებისთვის თავისი არგუმენტები აქვს. ნაწილი ამას "პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის" აკეთებს, ნაწილი - "ტრადიციული ფასეულობების გადასარჩენად", სხვები კიდევ - "ნაციონალური უსაფრთხოებისთვის".
მაგალითად, თურქეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს დაევალათ 2 წლის განმავლობაში შეენახათ ჩანაწერები თავიანთ მომხმარებლებზე და არასასურველი შინაარსის ტექსტები 4 საათის განმავლობაში წაეშალათ.
ირანში, ერთი მხრივ, ინტერნეტზე წვდომა, ინტერნეტის და მობილური კავშირის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს ირანელების წვდომა სოციალურ ქსელთან და ინფორმაციასთან, რომელიც, მათი აზრით “ისლამურ მორალს” და პოლიტიკურ წყობას დააზიანებს. მაგრამ ბევრი ირანელი იყენებს VPN-ს. ინტერნეტის ირანული სეგმენტი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მეტიც, თავად ირანელ ჩინოსნებსაც კარგად ესმით, რომ ინტერნეტი მათ ხალხთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. ამიტომ, მათ ხშირად აქვთ გვერდები “აკრძალულ” სოცქსელებში და “დახურულ” მესენჯერებში.
რუსეთში, ისევე როგორც ჩინეთში, მიაჩნიათ რომ ინტერნეტის მართვის საერთაშორისო სისტემა არასაკმარისად გამჭვირვალე და სამართლიანია, რაც საფრთხეს უქმნის მისი ქვეყნის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. მოსკოვშიც და პეკინშიც ფიქრობენ, რომ სხვა სახელმწიფოებმა (როგორც ჩანს, ნატოს წევრმა ქვეყნებმა) შეიძლება გამოიყენონ საინფორმაციო ტექნოლოგიები ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც ზიანს მიაყენებს მათი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, მათ ზნეობრივ და კულტურულ გარემოს. 2015 წელს რუსეთმა და ჩინეთმა “საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის” თანამშრომლობის შეთანხმებაც გააფორმეს და აღნიშნეს, რომ გამოცდილებას და ტექნოლოგიებს გაცვლიან.
imedinews.ge