EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« წმიდა გრიგოლ პალამა - ზიარების საიდუმლოსათვის »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2018-03-16 14:19:00
სიტყვა სულების მაცხოვნებელ თესლს შეიძლება შევადაროთ. მიწის მუშაკნი ჯერ ნიადაგს აფხვიერებენ, შემდეგ თესლს აგდებენ ხნულში და ჩვენც, თავდაპირველად სული უნდა განვიწმინდოთ სიბილწეთაგან, აღვამღლდეთ და განვემზადოთ ზეციური თესლის მისაღებად, ანუ ღვთის სიტყვის მოსასმენად. მიწა უსულო და უგრძნობი რამაა, თავისით ვერც გაფხვიერდება და ვერც თესლს აღმოაცენებს, თუ ადამიანებმა არ იშრომეს და არ შეამზადეს საამისოდ. ადამიანი კი თავად წარმოადგენს განსულიერებულ და გონიერ ნიადაგს, რომელიც მონანიების გზით უნდა გაფხვიერდეს და ციური თესლი მერმე ჩაეთესოს ხნულში. შევეცდები დავაზუსტო რისი თქმაც მსურს. სულის განწმენდის საწინდარი სინანულია; იოანე ნათლისმცემელის მიერი ნათლისღება სხვა არაფერია თუ არა ცოდვათა აღიარება, ვითარცა სახარებაში სწერია: “ნათელს-იღებდეს იორდანნესა შინა მისგან, და აღუარებდეს ცოდუათა მათთა” (მათ. 3,5).
მაშასადამე, ცოდვათა აღიარება დასაბამია სულის შემკობა-განმშვენიერებისა, რაც გულისხმობს, რომ მონანიების შედეგად ადამიანმა სული შეამზადა მაცხოვნებელი თესლის – საღვთო სიტყვის მისაღებად, რომელიც ადამიანთა სულებს მხსნეად გვევლინება. როგორც მიწის მუშაკნი მარგლავენ და მიწის წიაღიდან გლეჯენ სარეველა ბალახებს, რათა თესლი გაღვივდეს და ნერგი აღმოცენდეს, ასევე სულიერი გამარგვლა ხდება მონანიების ჟამს. აღსარება ძირფესვიანად თხრის და გლეჯს გულიდან დაფარულ და ბილწ გულისთქმებს, სულს ამზადებს წმინდათაწმინდა თესლის მისაღებად, რათა განაყოფიერდეს და სათნოებები აღმოაცენოს. როგორც ადამის შეცოდების შემდგომ დედამიწა ნარ-ეკლითა და შხამიანი ბალახებით დაიფარა, ასევე, ადამიანის გული აღივსო სამარცხვინო და ბილწი გულისთქმებით თუ ვნებებით, რაც გახდა დასაბამი ადამიანთა უთავბოლო შეცოდებებისა.
ამიტომ ძმანნო, აუცილებელია თითოეულმა თქვენთაგანმა სულიერი მოძღვარი აირჩიოს, რწმენითა და ნდობით აღიჭურვოს, დაემორჩილოს, გაუმხილოს მავნე ჩვევები და ვნებები, გულითადად მიიღოს მისი სულიერი მკურნალობა, რაც თანდათანობით აღმოფხვრის სხეულში ფესვგადგმულ სიბილწესა და უზნეობას, ნასაზრდოებს ვნებათაღელვითა და თავაშვებული ცხოვრებით. ყურნი მიაპყარით სულიერ სწავლებას, შეისისხლხორცეთ თქვენი სულებისათვის სასარგებლო ქადაგება და ჩვენის ლოცვა-კურთხევითა და შენდობით თანაზიარექმენით იესო ქრისტეს, მას, ვინც უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამოისობით ციდან დაეშვა, ხორცნი შეისხნა და განკაცდა, რათა ადამიანებს, მის მსმენელებს გულში ცხოვრების სიტყვა, მაცხოვნებელი თესლი ჩაუნერგოს. შეინანეთ, ძმანო, რამეთუ ვინც თუნდ მცირედ სინანულს არ აჩვენებს, არც იესო ქრისტე შეიწყნარებს და მეოხექმნება.
უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა ქრისტიანმა გულმოდგინედ უნდა შეინახოს ორმოცდღიანი მარხვა, ღმერთშემოსილი მამების მიერ დადგენილი ხორცისა და სულის განსაწმენდად, რასაც ყოველწლიურად მოსდევს უფლის შობის დღესასწაული. ამ დღეს ყოველი ქრისტიანი ჩვეულებისამებრ ეზიარება ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლს და ღვთაებრივი სახით ერთ-სულ და ერთ-ხორც ექმნება უფალს. სახარება არაერთგზის შეგვახსენებს, რომ აღსარებისა და ღრმა სინანულის გარეშე ადამიანი ვერ ღირს-იქმნება მიღებად საღმრთო სიტყვისა, ვერ ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს ის, ვინც ცოდვებისაგან არ განიწმინდა აღსარებითა და სინანულით. სწორედ ამაზე მიუთითებს ღვთაებრივი პავლე მოციქული, როდესაც ამბობს: “გამოიღაცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგანი ჰსჭამენ და სასუმელისა მისგან ჰსუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჰსჭამდეს და ჰსუმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა ჰსჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი” (I კორ. II, 27,26,28). ე.ი. ვერ შეიცნო ხორცი და სისხლი უფლისა, ცოდვებითაა დამძიმებული და ზიარებაც ვერაფერს არგებს სულსა და სხეულს, ვინც უწმინდურია გულით, ბინძურ ხელებს აღაპყრობს უფლის მიმართ და ილოცებს. სწორედ მათ ამხელს პავლე მოციქული, როდესაც ამბობს: “მნებავს უკუე, ლოცვაი მამათა ყოველსა ადგილსა, აღპყრობად წმინდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა” (I ტიმ. 2,8). ჩვენ “განცხადებულებაი” უნდა გვაქვნდეს ღვთის წინაშე, სინდისი უნდა გვქენჯნიდეს ჩვენი უღირსი საქციელის გამო და ვითარცა იტყვის ქრისტეს უსაყვარლესი ღვთისმეტყველი იოანე ქალწულ-მახარებელი: “უკეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ განცხადებულებაი გუაქუს ღმრთისა მიმართ” (I იოანე 3,21). მაშინ შემოვა სართულსა ქუეშე სულისა ჩუენისა უფალი იესო ქრისტე და ვექმნებით ერთ-ხორც და ერთ-სულ, როდესაც ჩამოვიცილებთ ცოდვებს, განვიწმინდებით სულში ჩაბუდებულ სიბილწეთაგან აღსარების, სიკეთის, სიწმინდის, მოთმინების, ლოცვის, გულის შემუსრვილების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში უფალი არ შეიწირავს ჩვენს შესაწირავს. რამეთუ ჩვენ არ ვართ უმწიკვლონი და არც ჩვენი შესაწირავი იქნება წმინდა. ძველი აღთქმის მიხედვით უფალმა არ შეიწირა კაენის შესაწირავი და უთხრა მას: “არცა მართლად შემოწირე, ხოლო მართლად არა განჰყავ” (შესაქ. 4,7). ძველი აღთქმისთანავე ცოდვად ითვლება აგრეთვე, ღვთის სახლში – ტაძარში ცოდვის ჩადენით შეძენილი შესაწირავის შეტანა (II სჯულ. 23,19), ხოლო მოგვიანებით, ახალი აღთქმაც ხომ ბრძანებს: “დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა, და მაშინ მოვედ და შეჰსწირე შესაწირავი შენი” (მათ. 5,24). ადამიანო, შენ ხომ უდიდესი შესაწირავი გაგაჩნია – სხეული, ნუთუ მას განუწმენდავს აღსარებისა და სინანულისაგან გაიღებ უფლისათვის? უფალს არ ნებავს, რომ ბილწი ბაგეებით შევღაღადებდეთ. დავით მეფე წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს: “ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: “რაისათვის მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა?” (ფს. 46,6). მაშასადამე, უფალს არ ნებავს მისი “აღთქუმა” და ხორცი მწიკვლევანმა ბაგეებმა მიიღონ.
ამიტომ განვიწმინდოთ, ძმანნო, სხეული, ბაგეები, გულისთქმანი, სიყვარულითა და სიწმინდით აღვივსოთ. ოქრომჭედელი, რომელიც სპილენძის ან ძვირფასი ლითონების – ოქროსა და ვერცხლის ჭედურობაზე მუშაობს, იმისათვის, რომ სპილენძის გამოსახულებას მეტი ელფერი შესძინოს, თავდაპირველად სპილენძს ამუშავებს და ფხეკს მინარევებს, შემდეგ ძვირფასი ლითონებით ამუშავებს ზედაპირს და ბზინვარებას სძენს ნამუშევარს. ასევე, გაბრწყინვებისა და განსპეტაკების მსურველნი წინასწარ უნდა ვეცადოთ სულიერი მანკიერებისა და ხორციელ ვნებათაგან განწმენდას, რათა განვიწმინდოთ არა მარტო გარეგნული იერი, როგორც ეს მოოქროვილ სპილენძზე ითქმის, არამედ შინაგანი ბუნებაც – სულის სიღრმეში ჩაბუდებული არაწმინდებანი დავთრგუნოთ მთელი ძალისხმევით, რათა აღსარების გზით ცოდვები მოგვეტევოს, თანაზიარვექმნეთ მეუფისა და მაცხოვრის წმინდათაწმინდა ხორცსა და სისხლს, რათა ვსცხონდეთ. პირველ ყოვლისა, უნდა შევსთხოვოთ უფალს აღგვადგინოს, სინანული და საუკუნო ტანჯვის შიში მოგვმადლოს ჩვენ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებისა და მოთმინების მრავალგზის უარმყოფელთ. “უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა”, ამბობს პავლე მოციქული (ებრ. 10,29). დაისჯება მეფურ პორფირის შემრყვნელი და შემაგინებელი, ვითარცა შებილწავს კეთილსურნელოვან საკმეველს, ის, ვინც ბინძურ ყუთში მოათავსებს ამ სიწმინდეს. ღვთაებრივი მადლის შეურაცხყოფა არავის ეპატიება, რამეთუ იგი მოუწყვლელია, იდუმალ მოგვეახლება და მყისვე დაგვტოვებს სამუდამოდ ვერსაცნაურმყოფთ და უღირსთ.
მაშასადამე, მონანიებით წმინდა საიდუმლოს თანამონაწილენი უმძლავრეს-ვიქმნებით და უღირსნი ღირსეულნი გავხდებით. სასოებითა და რწმენით შევიგრძნობთ ხილულსაც და უხილავსაც. ხორცი ქრისტესი – პური, ამ შემთხვევაში კრეტსაბმელია, რომელიც ფარავს ღვთის სიღრმეში არსებულ საიდუმლოს. ღვთაებრივმა მოციქულმა პავლემ ეს იცოდა, როდესაც ამბობდა: “განგჳახლა ჩუენ გზაჲ ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით, ესე იგი არს ჴორცითა მისთაჲთა (ებრ. 10,20), რისი წყალობითაც ცამდე ვმაღლდებით, რამეთუ ეს პური ზეციური პურია და ჩვენც ჭეშმარიტად წმინდათაწმინდაში შევაღწევთ იესო ქრისტეს მსხვერპლად გაღებულ უმანკოების მიხედვით: “მოუჴდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნოებისაჲთა” (ებრ. 10,22) – ბრძანებს წმინდა წერილი.
წმინდა ზიარება იმიტომ ითვლება ერთ-ერთ “საიდუმლოდ”, რომ ხორციელი თვალისათვის მიუწვდომელი და უხილავია. ამაზე იტყვის უფალი იოანე მახარებლის პირით: “სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან” (იოანე 6,63). რასაც ხორციელი თვალით უმზერ თუ მხოლოდ იმას ხედავ, ვერავითარი სარგებელი ვერ მიგიღია, რადგან სისხლი და ხორცი იესო ქრისტესი შენთვის პურია და არა საზრდო სულიერი, რომელიც განგაცხოველებს. რამეთუ იტყვის იოანე ღვთისმეტყველი: “იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ” (იოანე 6,27), ხოლო “პური ღმერთისა არს, რომელი გარადამოჰხდა ზეცით და მოჰსცა ცხოვრება სოფელსა” (იოანე 6,33), ვინც არ მიიღებს ამ პურს, ვერ ცხონდება. ის კი, ვინც საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს, არა მარტო აღდგება მკვდრეთით, ტანჯვათაგან განთავისუფლდება და სასუფეველშიც შეაღწევს. იესო ქრისტემ თავის მოწაფეები საიდუმლო ზიარებაზე აზიარა ამ პურს, ზიარებამდე კი ტაძარში ეს საიდუმლო შემდეგნაირად განუმარტა: “და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა” (იოანე 6,51) და კვალად: “უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ” (იოანე 6, 53-54). ჰოი, საკვირველებავ! უფალმა ჩვენზედ მოიღო სიყვარული ენით უთქმელი, დაგვამწყალობა სულიწმიდით და ერთსულ გვქმნა ვითარცა პავლე მოციქული ბრძანებს: “რომელი შეეყოს უფალსა ერთ-სულ არს უფლისა თანა”.
ამრიგად, ჩვენ არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც უნდა თანაზიარვექმნეთ უფალს, გავხდეთ ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი იმ პურის წყალობით, რომელიც უფალმა გვიბოძა. სიყვარული იმარჯვებს, ოდეს შეყვარებული არსებანი შეერთდებიან. ხოლო უძველესი ანდაზა ამბობს: “სადაც მსგავსებაა, იქ სიყვარულია”... მეუღლეობრივი სიყვარული ყველა სხვა სახის სიყვარულისაგან განსხვავდება. სახარებაც ბრძანებს: “ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც” (მათე 19,5). “საიდუმლო ესე დიდ არს” – იტყვის პავლე მოციქული, - “ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა” (ეფეს. 5,32). აქ ნათქვამია: “შეეყოს” და “იყუნენ ერთ-ხორც” და არა ერთ-სულო. ღვთაებრივი პურის ზიარებისთანავე კი ჩვენ თანაზიარვექმნებით იესო ქრისტეს ხორციელად და სულიერად. ხედავთ ვითარი გარდამეტებულებაა საღვთო სიყვარულში, რაზეც დავით მეფე წინასწარმეტყველმა ფსალმუნი აღავლინა: “შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ხორცნი დამამტკიცენ მე” (ფს. 39,6).
საოცრად მრავალსახა და ამოუცნობი კავშირებია საიდუმლო ზიარებაში. იესო ქრისტე ჩვენი ხორციელი ძამა შეიქმნა, “რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ხორცთა და სისხლთა” (ებრ. 2,14), ჩვენ დაგვითანასწორდა, მონებს მეუფება გვიბოძა და არა მარტო დაგვინათესავა, არამედ თავისივე სისხლით გამოგვისყიდა, გვეძმო და დაგვიმეგობრდა, საიდუმლო ზიარების ღირსად გვაქცია, თავის თავთან შეგვაერთა და სულიწმინდით დაგვწინდა, ვითარცა სიძემ სასძლო გვაზიარა სისხლს და ერთ-ხორც გვექმნა. ღვთაებრივი ნათლისღებისას მამად შეიქმნა, შემდგომ, ვითარცა მოსიყვარულე დედამ ჩვილს, ძუძუ გვაწოვა და, რაც ყველაზე მეტად გასაოცარი და ფასდაუდებელია, - ნაცვლად რძისა თავისი სისხლის გვასვა და ხორცი გვაჭამა, შთაგვბერა სული უკვდავი და უდიდესი სიყვარულის ღირსი გაგვხადა. ზიარებისას არა მარტო ვხედავთ უფალს, არამედ ვეხებით, განვისვენებთ და სამუდამოდ ვგიებთ მისთა თანა, სულსა და გულში ვიხუტებთ თითოეული ჩვენგანი. “მოდით, - ამბობს უფალი, - სჭამეთ ხორცი ჩემი და ჰსუით სისხლი ჩემი საუკუნო ცხოვრების მსურველნო, რათა ამ გზით არა მარტო განიღმრთოთ, არამედ გახდეთ თავად ღმერთნი, საუკუნო და ზეციური მეფენი, ღმერთშემოსილნი და მეუფენი, ეშმაკთა განმდევნელნი, ანგელოსთა განმაცვიფრებელნი, ზეციურ მამის უსაყვარლესი ძენი, ადამიანთა მოდგმის მარადუჭკნობი ყვავილები, ყოვლისმპყრობელი სამების მკვიდრნი”. ამა ხორცის წილ განმართლდა ადამი (შესაქმე 14,12), ამა სისხლისა წილ გადარჩა ისრაელიანთა მოდგმა ეგვიპტეში (გამოსვლ. 12,23), ამა სისხლისა წილ გაბრწყინდა ძველთაძველი საკურთხეველი უფლისა (გამოსვლ. 40,10), ამა სისხლით თავად წმიდათაწმიდა განიბანა, გაბრწყინდა, ღვთის სადიდებლად დაადგინა დედამიწაზე წმინდა ალაგნი, მღვდელნი, მღვდელმთავარნი და ღმრთივ მირონცხება დააწესა. ამა სისხლის გარეშე ვერც აარონი შეაღწევდა ცათა სასუფეველში. და ჩვენც, თუკი გულის შემუსრვილების შემდგომ არ ვეზიარებით იმ სისხლს, ვერ დავიმკვიდრებთ სასუფეველს, ვერც ზეციური მამის ძენი შევიქმნებით და საყუარელნი ქრისტესი. რამეთუ უფლის სისხლისა წილ განგვეხსნება მხოლოდ ბჭენი სასუფეველისანი. მეფე და წინასწარმეტყველი დავითიც ამბობს: “რაი მე სარგებელ არს სისხლით ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა?” (ფს. 29,10).
ადამიანები იმად აღვურევთ ღვთის სისხლს ჩვენს სისხლში, რომ ხრწნადი ბუნება დავთრგუნოთ უფლის სისხლით, რომელიც უდიდესი და ენით უთქმელი მადლის შემცველია, გადაღრძუებული სხეული განვაახლოთ, წარმავალნი წარუვა დიდებას თანაზიარვექმნათ, მარადიული და მარადუჭკნობი შევიქმნეთ “ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა” (ფს. 1,3), საუკუნო ცხოვრების ნაყოფს სულიწმიდის გარეშე ვერ მოვიმკით. ეს ის წყალუხვი მდინარეა, რომელიც ედემით გამოვალს და რწყავს მიწას მისი ნაკადები (შესაქმე 2,10). ფსალმუნში იტყვის დავით მეფე: “განჰმზადე ტაბლა წინაშე მაჭირველებთა ჩემთა” (ფს. 29,5). აჰა ამოხეთქა წყარომ, თავისი ნაკადებით, წყურვილი მოუკლა მოწყურებულ სულებს და ზეცად ასტყორცნა “რომლისათვის გული-უთქუამს ანგელოსთა ხილუად” (I პეტრე 1,12). ღვთაებრივი სიბრძნის მრავალსახა ბუნება გამოსჭვივის ამ სიმშვენიერეში და ადამიანებს აღუძრავს სურვილს ხარბად დაეწაფნონ იმ მადლს, რომელიც ჩვენში შემოდის ქრისტეს სისხლის წყალობით. რამეთუ საიდუმლო ზიარების მიმღებელნი მეფურ პორფირად გარდავისახებით, თავად მეფეთ-მეფის სისხლი და ხორცი ვხდებით, ჰოი საკვირველებავ! თვით ძე ღვთისად ვიწოდებით, იმ ღვთაებრივ ნათელს თანაზიარვექმნებით, იდუმლად რომ შემოდის ჩვენს სულებში. ეს ბრწყინვალება ღვთაებრივ მირონცხებას გვანიჭებს სასწაულებრივად, ძალას გვმატებს თანახმად ქრისტეს აღთქმისა (შდრ. 13,14). იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ვითარცა მზე ისე გაბრწყინდება თითოეული ადამიანი და თუკი სიბილწეა მაზიარებლის სულში ეს ნათელი დაითრგუნება და სულში კვლავ სიბნელე დაისდგურებს. ამიტომ არა მარტო მწიკვლევანებათაგან განწმენდილნი უნდა მივიდეთ საიდუმლო ზიარებაზე, არამედ ამ ღვთაებრივი საბოძვარის დამაუნჯებელნი გამუდმებით უნდა ვზრუნავდეთ და იმის ფიქრში ვიყოთ თუ როგორ ავმაღლდეთ ვნებებზე, ვითარ ვქმნათ საქმენი კეთილი და სათნოებები განვამრავლოთ. დაე, ზიარების შემდგომ ჩვენს თავს ვკითხოთ ვის სისხლსა და ხორცს ვეზიარეთ, რისი ღირსი შევიქმენით, დახშული ხომ არ აღმოჩნდა ჩვენი გულის კარი უფლის უდიდესი გულმოწყალებისა და სიყვარულის მიმართ, მივიღეთ თუ არა “ნება ღმრთისა კეთილი, სათნოი და სრული” (რომ. 12,2), რადგან ეს არის სისხლი ახალი აღთქმისა, ქრისტეს სახარებისამებრ დადგენილი და დადასტურებული. ახალი აღთქმაც ხომ ბრძანებს: “რამეთუ ანდერძი დაწერილ მკუდართა შემდგომადღა მტკიცე არს” (ებრ. 9, 17). მაშასადამე, ვეზიაროთ ქრისტეს აღთქმისეულ სისხლს, გულისხმავყოთ რათა ეს მადლი არ დავკარგოთ და განვაქარვოთ საკუთარ უსჯულოების გამო, რის შედეგადაც დავისჯებით და შთავვარდებით საუკუნო სატანჯველში. აღთქმული სისხლი, რომელმაც ეგზომ განგვაბრწყინვა, არა-ღირსად არ უნდა შეირაცხოს (ებრ. 10,29). ეს უდიდესი ნაანდერძევი სწორედ მათ ეკუთვნით, რომლებმაც წმინდა ზიარებით მიღებული გაცისკროვნება შეინარჩუნეს და კიდეც დაიმკვიდრეს სასუფეველი ცათა, ხოლო უმძიმეს სატანჯველში შთაცვივიან ის ადამიანები, რომლებმაც წმინდა ზიარების შემდგომ ღვთის წყალობა შეურაცხყვეს, მოსეს სჯულს გარდახდნენ. ისინი თანახმად მოსეს სჯულისა უმოწყალო სიკვდილით დაისჯებიან. პავლე მოციქულიც ხომ ბრძანებს – “უძვირესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან წმინდა სისხლი იგი აღთქმისა არა ღირსად შერაცხოს და შეაგინოს ეს დიდი მადლი” (ებრ. 10, 28-29).
ამიტომ ძმანო, დაე, ჩვენც ღვთაებრივი ზიარებისას მიღებული მადლი შეუბღალავად დავიცვათ, მცნებათა აღსრულებით მორჩილ-ვექმნეთ და დავეგოთ უფალს, რომელმაც ჩვენი გულისათვის თავი გასწირა. თუკი მხოლოდშობილი ძე ჩვენს დასახსნელად მოავლინა უფალმა, ძე ღვთისა კი ადამიანთა მოდგმისათვის ივნო და დაიფლა, ნუთუ ვალდებულნი არა ვართ შევუდგეთ უფალს ისევ ჩვენივე სულების საცხოვნებლად და არა იესო ქრისტეს სასარგებლოდ. სიყვარული უფლისა და სიყვარული მოყვასისა ღრმად ჩავინერგოთ გულში, მორჩილ ვექმნნეთ ძე ღვთისას, რათა ღვთის ძლიერი ხელითა და შეწევნით განვმართლდეთ საკუთარი თავისა და ერთმანეთის წინაშე “ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყუენით” (რომ. 1,16) – ბრძანებს პავლე მოციქული და ჩვენც, შეძლებისდაგვარად მოვაკვდინოთ ხორცი, რათა “ქუეყანასა ზდა” მოისპოს “სიძვაი, არა-წმინდებაი, ვნებაი, გულის-თქუმაი ბოროტი და ანგარებაი” (კოლას. 3,5).
თავად უმწიკვლო სხეული იესო ქრისტესი, ჩვენთვის საზრდელად გაღებული, მიგვითითებს, რომ ცოდვები დავსთრგუნოთ, ვიცხოვროთ სათნოებებით, გვმოძღვრავს და გვასწავლის თუ როგორ გავხდეთ თანაზიარნი მისი ქველმოქმედებისა და ვნებებისა. დაე, მარადის ვცხოვრობდეთ იესო ქრისტეში, ვმეუფებდეთ მის თანა. წინასწარმეტყველი მეფის, დავითის პირით ხომ გვამცნო უფალმა: “მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი” (ფს. 49,23). რამეთუ იესო ქრისტეს საქციელი, მისი ვნებები და ცხოვრება დიდებისა და ქების ღირსია. ადამიანთათვის წინადაგებული ხორცი და სისხლი ქრისტესი, უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე აბელის სისხლი, რამეთუ ძმის სისხლი დაიღვარა კაენის ხელით, ქრისტეს სისხლი კი – ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდლად. უფალმა იესო ქრისტეს უმანკო სისხლი შეიწირა, იესო ქრისტემ ძმასავით შეიყვარა თითოეული ჩვენგანი და უზეშთაეს მამასთან შეგვაერთა. იესო ქრისტეს გზა სიყვარულის გზაა, რადგან მან ადამიანთა სიყვარულის გამო თავი გასწირა, სულიც კი არ დაიშურა, რაც უმაღლესია სიყვარულში, რითაც დაგვანახა გზა მორჩილებისა (ეს. 35 7-8), გზა მოთმინებისა, რამეთუ მამაღმერთს მორჩილებდა ჯვარცმამდე და აღსასრულამდე (ფილლიპ. 2,8). ეს გზა მიგვიძღვის მარადიული ცხოვნებისაკენ ვნებათა დათრგუნვის საფასურად; ჯვარცმული იესო ქრისტე ცხოვრების მომნიჭებელია უკუნითი უკუნისამდე, ქრისტეანთათვის და ქველმოქმედთათვის, განადიდებს და სრულყოფს მათ და იდიდება თანადაუსაბამოდ მამით და ცხოველსმყოფელით სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ძველი ბერძნულიდან თარგმნა
მაია ინდუაშვილმა
გრიგოლ პალამა “შვიდი ქადაგება”
ibrary.church.ge