EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პლატონი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2018-11-05 18:54:48
პლატონი (ბერძნ. Πλάτων Plátōn) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ. წ. 427 – 347) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი.
პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ, ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე).
პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს, დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს.
ბიოგრაფია
პლატონი სავარაუდოდ ათენში ან ეგინაში დაიბადა მაისში ან დეკემბერში ძვ.წ. 428 ან 427 წელს საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში. მამამისს არისტონი ერქვა, დედას კი - პერიქციონა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. ჰელენისტი ისტორიკოსის დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა - არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო. მეორე ვერსიით პლატონს სახელი მისი ფართო შუბლის, ან მისი ვრცელი შეხედულებების გამო ეწოდა (პლატოს ბერძნულად ფართოს, ვრცელს ნიშნავს).
პლატონი სოკრატეს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებელზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთი საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა. სოკრატეს სიკვდილიდან მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში პლატონი მოგზაურობს იტალიაში, სიცილიასა და ეგვიპტეში ცოდნის გასაღრმავებლად.
40 წლის ასაკში, ათენში დაბრუნების შემდეგ, პლატონი აკადემოსის ჭალაში, ათენთან, აფუძნებს ერთ-ერთ უძველეს დღემდე ცნობილ ორგანიზებულ სკოლას დასავლურ სამყაროში. აკადემია მიწის შემოსაზღვრული ვრცელი ნაკვეთი იყო, რომელიც ერთ დროს ათენის მოქალაქეს, სახელად აკადემოსს, ეკუთვნოდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ადგილს სახელი უძველესი გმირის პატივსაცემად დაერქვა. ამ აკადემიამ იმოქმედა 529 წლამდე, როდესაც ის იუსტინიანე I ბიზანტიელმა დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ამ აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის არისტოტელეც.
პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა პლატონის ფორმათა თეორიაში; ანაქსაგორას მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ სოკრატეს ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; პარმენიდეს მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა.
შრომები
სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა არისტოკრატიას, დემოკრატიას, მონარქიას, ოლიგარქიას და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე „ბუნება აღზრდის პირისპირ“ დებატების დაწყებამდე, ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვეე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე.
პლატონი უმეტესწილად დიალოგების ფორმით წერდა. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელის მიტანა მკითხველამდე მოახდინა სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ.
დიალოგთა წარმართვის სტილი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა პლატონის ცხოვრების განმავლობაში. დამკვიდრებულია აზრი, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები სოკრატეს იდეებზეა დამყარებული, მაშინ როდესაც მისი გვიანდელი შრომები სულ უფრო მეტად ემიჯნება პლატონის ყოფილი მასწავლებლის შეხედულებებს. შუალედურ დიალოგებში სოკრატე ხდება პლატონის საკუთარი ფილოსოფიის მქადაგებელი, ხოლო კითხვა-პასუხის სტილი კი შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს: მთავარი ფიგურა განასახიერებს პლატონს, ხოლო მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მხოლოდ „ჰო“–ს, „რა თქმა უნდა“–ს ან „ნამდვილად“–ის თქმის ფუნქციას იძენენ. გვიანდელი დიალოგები ტრაქტატის ხასიათისაა, სადაც სოკრატე ხშირად აღარ ფიგურერებს ან ხშირ შემთხვევაში სდუმს. ასევე საყოველთაოდ მიიჩნეულია, რომ ადრეული დიალოგები ეყრდნობა სოკრატეს ნამდვილ დისკუსიებს, ხოლო გვიანდელი დიალოგები მთლიანად პლატონს ეკუთვნის. გაურკვევლობა იმაში, თუ რომელი დიალოგები ეკუთვნის სინამდვილეში სოკრატეს, ცნობილია როგორც „სოკრატეს პრობლემა“.
დიალოგის ფარული მიზანსცენა პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი „რესპუბლიკა“-ში.
მეტაფიზიკა
მეტაფიზიკა (ის, რაც ფიზიკის მიღმაა) წარმოადგენს ფილოსოფიის ნაწილს, რომელიც სწავლობს ყოფიერების, სამყაროსა და სინამდვილის, როგორც ასეთთა, პირვანდელ არსს. ამ ტერმინს გამოიყენებენ იმის აღსანიშნავად, რაც გრძნობადი აღქმის ფარგლებს სცილდება. ზოგადად „მეტაფიზიკურით“ აღნიშნავენ საგნის იდეალურ ბუნებას, მის არსს, საზრისს.
„პირველი ფილოსოფია“ ანუ მეტაფიზიკა მოიცავს ონტოლოგიას და ეპისტემოლოგიას (გნოსეოლოგიას). მეტაფიზიკა ზოგჯერ იღებს მისტიკისა და ოკულტიზმის სახეს.
პლატონური სიყვარული
პლატონური სიყვარული (ლათ. amor platonicus) — არასექსუალური თბილი ურთიერთობები. პლატონური ურთიერთობის მარტივი მაგალითი არის ღრმა, არასექსუალური მეგობრობა, რომელიც არ ექვემდებარება გენდერულ დაწყვილებას.
პლატონური სყვარული გამოღვიძებული ემოციების გამოხატულებაა. ის გამორიცხავს, ხორციელი ლტოლვის დომინირებას ურთიერთობაში და გულისხმობს სულიერ მისწრაფებებზე დამყარებულ გრძნობას. იგი გაბატონებულია გრძნობათა ყველა სხვა გამოვლინებაზე.
ახალგაზრდა ოცნებობს სილამაზესა და ესთეტიკურ ტკბობაზე, ის ახლა სულ სხვაგვარად ხედავს, ესმის, გრძნობს, არა ისე, როგორც უწინ.
მისთვის აუცილებელია თავისი გრძნობების ხორცშესხმა ახალ, იდეალურ წარმოდგენებში.
მოზარდის პლატონური სიყვარულის ობიექტი ხშირად მიუწვდომელია.
ისინი, როგორც წესი, კინოსა და თეატრის მსახიობები, საერთოდ პოპულარული ადამიანები არიან, თუმცა ასეთ ობიექტად შეიძლება მისი წრის ადამიანიც იქცეს, რომელსაც იგი ყურადღებას აქცევს, უწევს მეგობრულ დახმარებას, ყოველგვარი კამათისას მის მხარეს იჭერს.
პლატონური სიყვარული ადამიანს ასწავლის გრძნობიერებას და ქმნის საძირკველს მისი მომავალი ემოციური ცხოვრებისთვის.
ეს დამოკიდებულება შესრულდება, როცა შემდგომ ეტაპზე მოზარდს ჩამოუყალიბდება საწინააღმდეგო სქესისადმი ახლებური დამოკიდებულება.
პლატონი დიალოგში “ნადიმი” მოგვითხრობს, რომ უძველეს დროში ადამიანები ცხოვრობდნენ როგორც უკვდავი ჰერმოფროდიტები, ანუ მათ სქესი არ ქონდათ. ზევსმა დასაჯა ისინი და ორ საწყისად გაყო. ამდენად, ეროსი მასთან გაგებულია, როგორც აუტანელი მოლოდინი იმ მთლიანობის აღდგენისა, რომელიც ადამიანებს ადრე ჰქონდათ; როგორც სასიკვდილოდ განწირული ადამიანების დაუოკებელი სწრაფვა შთამომავლობაში მოიპოვონ უკვდავება; როგორც დაბადება სილამაზეში.
სქესის წარმოშობა თავდაპირველი ერთიანი და ძლიერი ბუნების დარღვევაა ადამიანში. რას ემსახურება სქესობრივი ცხოვრების ცენტრალური ფენომენი, სქესობრივი ლტოლვა და რა მოიაზრება მასში? პლატონი გვთავაზობს შემდეგ მითოლოგემას: ერთ დროს ადამიანები იყოფოდნენ არა ორი სქესის, არამედ სამი სქესის მიხედვით – მამრობითი, მდედრობითი და ე.წ. მესამე სქესი, რომელიც ერთ არსებაში აერთიანებდა ორივე სქესისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. ეს უკანასკნელნი წარმოადგენდნენ ჭეშმარიტ ანდროგინებს (ბერძ. – ორსქესა არსება). ადამიანებმა ღმერთების დამხობა განიზრახეს. განრისხებულმა ღმერთებმა დასაჯეს ისინი – თითოეული ინდივიდი შუაზე გაყვეს, რის შედეგადაც ყოველი მათგანი სქესობრივად ნაკლული აღმოჩნდა. სწორედ ამით არის განპირობებული ადამიანის დაუოკებელი სწრაფვა იპოვოს თავისი ნახევარი და აღადგინოს ოდესღაც დაკარგული მთლიანობა. ეს სწრაფვა წარმოადგენს ეროსის, სქესობრივი სიყვარულის გამოხატულებას. ამ მითის საფუძველზე პლატონი გვიხსნის არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთმანეთისადმი სექსუალურ ლტოლვას, არამედ სქესობრივი ცხოვრების ჰომოსექსუალურ და ლესბოსურ გამოვლინებებსაც. ის ქალური და მამაკაცური ბუნების ინდივიდები, რომლებიც ანდროგინის გაყოფის შედეგად წარმოიშვნენ, ერთმანეთს ეძებენ და ერთმანეთისკენ მიილტვიან, რაც, თავის მხრივ, გამოხატულებას პოვებს მამაკაცისა და ქალის სიყვარულში. ის ინდივიდები, რომლებიც მდედრობითი სქესის არსებების გაყოფით წარმოიშვნენ, პირველსაწყისი მდგომარეობის აღსადგენად ერთმანეთისაკენ მიისწრფვიან და ლესბოსური სიყვარულის მიმდევრები ხდებიან. ხოლო მამკაცური სქესის არსებების გახლეჩილი ნაწილების ლტოლვა პირველქმნილი საწყისის აღსადგენად, ჰომოსექსუალურ სწრაფვას აძლევს სათავეს.
პლატონის აზრით, სქესობრივი მიმართების (ეროსის) საზრისი, არ ამოიწურება მხოლოდ ადამიანის ანდროგინული პირველსახის აღდგენით.
ეროსი, სქესობრივი სიყვარული, არ დაიყვანება მხოლოდ ერთიანობისაკენ ლტოლვაზე. ეროსს სხვა მისიაც აქვს მინიჭებული. ადამიანი, პლატონის აზრით, ორ საწყისს აერთიანებს: მარადიული, ზეგრძნობადი იდეების მჭვრეტელი გონება და გრძნობად-სხეულებრივი საწყისი. ეროსიც ამ ორი საწყისის ზეგავლენას განიცდის და ამდენად მასში მჟღავნდება ორმხრივი სწრაფვა ადამიანის უკვდავებისაკენ. როგორც სხეულებრივ, მოკვდავ არსებას, ადამიანს უკვდავებასთან ზიარება მხოლოდ სხეულებრივი გარდასახვის გზით შეუძლია. ამისათვის კი აუცილებელია შთამომავლობის შექმნის მიზნით დედაკაცური და მამაკაცური არსებების შეერთება. შთამომავლობაში ადამიანი სხეულებრივ უკვდავებას მოიპოვებს. ამ უკვდავებას გზას უკაფავს ეროსის ერთი, მდაბალი ასპექტი. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, პლატონისათვის ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, გონითი არსებაა და სწორედ გონის უკვდავებაა მისთვის მთავარი და გადამწყვეტი. გონითი საწყისის უკვდავსაყოფად კი ადამიანმა თავისი ეროსის ძალა გონისაკენ უნდა მოაბრუნოს, გონითი შემოქმედების საშუალებით თაყვანი სცეს თავის შეყვარებულს. ლამაზი სხეულისაკენ ეროტიული ლტოლვა მან თანდათან უნდა აამაღლოს და მიმართოს სილამაზის სულ უფრო გონითი ფორმებისაკენ. მან უნდა იაროს სილამაზის გზით მანამ, სანამ არ მიადგება სილამაზის უმაღლეს საფეხურს – თვითონ წმინდა სილამაზეს. თუ ვინმეს, დასძენს პლატონი, მოუხდება იხილოს ეს უმაღლესი სილამაზე ადამიანის სხეულისა, ყოველგვარი ადამიანური ფერებისაგან თავისუფალი, ანუ წმინდა, ყოველგვარი შენარევების გარეშე არსებული სილამაზე, ის შეძლებს შექმნას, გონით დაბადოს სილამაზის ისეთი სრულყოფილი შედევრები, რომლებიც ადამიანის გონის უკვდავების ჭეშმარიტი საწინდარია.
მაშასადამე, ეროსი, სქესობრივი სიყვარული, პლატონის მიხედვით, ადამიანში მოქმედი ისეთი ლტოლვაა, რომელიც აკავშირებს, აერთიანებს სხვადასხვა სქესის ადამიანებს და ამით ხელს უწყობს მთლიანი ადამიანის აღდგენის პროცესს. ეროსი, ამავე დროს, არის თაობათა დამაკავშირებელი ხიდი, როგორც სხეულებრივი, ასევე გონითი უკვდავების მოპოვების საშუალება და სამყაროში სილამაზის განხორციელების აუცილებელი პირობა.