EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მორფოლოგია - ქართული ენა (ნაწილი - 1) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2018-11-18 15:32:49
კვეცა არის ფუძის ბოლოკიდური ხმოვნის ჩამოშორება ბრუნვის ნიშნის გავლენით.
ამდენად, კვეცა ახასიათებს ხმოვანფუძიან სახელებს.
ფუძე, რომელიც იკვეცება, კვეცადია.
კვეცა ხდება ორ ბრუნვაში: ნათესაობითსა და მოქმედებითში. იკვეცება ორი ხმოვანი _ ა და ე.
ძმა → ძმØ-ის, ძმØ-ით;
რძე → რძØ-ის, რძØ-ით.
შენიშვნა: ერთადერთი კვეცადი ო-ხმოვნიანი ფუძეა ღვინო: ღვინØ-ის.
თავისებურია კვეცის მოვლენა -ებიან მრავლობითში: ამ შემთხვევაში ა ხმოვანი იკვეცება, ე ხმოვანი კი უკვეცელად რჩება; შდრ.:
ძმა → ძმØ-ებ-ი, მაგრამ:
დღე → დღე-ებ-ი...
კვეცად-კუმშვადი ფუძეები
ხმოვნით დაბოლოებულ ფუძეთა მცირე რაოდენობა (ათიოდე სახელი) ერთდროულად განიცდის ორივე მითითებულ პროცესს _ იკვეცება და იკუმშება.
კვეცა და კუმშვა ხდება სამ ბრუნვაში: ნათესაობითსა, მოქმედებითსა და ვითარებითში, ანუ კვეცა ამ შემთხვევაში განსხვავებულია ოდენ კვეცისაგან.
კვეცადი სახელებია: ქარხანა, პეპელა, მოყვარე, მხარე...
ქარხანა → ქარხØნØ-ის...
მოყვარე → მოყვØრØ-ად...
ბრუნება. ბრუნვათა რაოდენობა და რიგი
სახელთა ფორმაცვალებას, ანუ მიმოხრას ბრუნვათა მიხედვით ბრუნება (დეკლინაცია) ეწოდება.
ბრუნვათა რაოდენობა დღევანდელ სალიტერატურო ქართულში, მიღებული შეხედულების თანახმად, შვიდია. თითოეულ ბრუნვას თავისი სახელი ჰქვია და აქვს საკუთარი ნიშანი.
ამდენად, ერთი და იგივე სახელი მნიშვნელობის შეუცვლელად შეიძლება შვიდი სხვადასხვა ფორმით შეგვხვდეს.
მნიშვნელობის შეუცვლელად სახელის ცვლას დაბოლოებათა მიხედვით ბრუნება ჰქვია, ხოლო თითოეულ ფორმას ბრუნვა ეწოდება.
ქართულში შვიდი ბრუნვაა. ეს ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი.
თითოეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს. ბრუნვათა ძირითადი ნიშნებია:
სახელობითი -ი
მოთხრობითი -მა
მიცემითი -ს
ნათესაობითი -ის
მოქმედებითი -ით
ვითარებითი -ად
წოდებითი -ო
ბრუნვის ნიშანთა გავრცობა
მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებთსა და ვითარებითში ბრუნვის ნიშანი შეიძლება გაივრცოს ა ხმოვნით. მაგ.: არწივს და არწივსა, არწივის და არწივისა, არწივით და არწივითა, არწივად და არწივადა.
სახელობითი არწივ-ი ამხანაგ-ი
მოთხრობითი არწივ-მა ამხანაგ-მა
მიცემითი არწივ-ს(ა) ამხანაგ-ს(ა)
ნათესაობითი არწივ-ის(ა) ამხანაგ-ის(ა)
მოქმედებითი არწივ-ით(ა) ამხანაგ-ით(ა)
ვითარებითი არწივ-ად(ა) ამხანაგ-ად(ა)
წოდებითი არწივ-ო ამხანაგ-ო
ბრუნვის ნიშანთა გავრცობა უფრო ხშირია პოეზიაში.
სახელის ბრუნების ძირითადი ტიპები
სახელის ბრუნების საერთო სისტემა შეიძლება გავანაწილოთ ხუთ ქვეტიპად, თუმცა, გვაქვს გარკვეული სისტემური გამონაკლისებიც.
ეს ხუთი ძირითადი ტიპია:
ფუძეთანხმოვნიანი სახელები
უკუმშველი კუმშვადი
სახ. სახელ-ი კედელ-ი
მოთხ. სახელ-მა კედელ-მა
მიც. სახელ-ს კედელ-ს
ნათ. სახელ-ის კედლ-ის
მოქმ. სახელ-ით კედლ-ით
ვით. სახელ-ად კედლ-ად
წოდ. სახელ-ო კედელ-ო
ფუძეხმოვნიანი სახელები
უკვეცელი კვეცადი კუმშვად–კვეცადი
სახ. წყარო მთვარე ფანჯარა
მოთხ. წყარო-მ მთვარე-მ ფანჯარა–მ
მიც. წყარო-ს მთვარე-ს ფანჯარა–ს
ნათ. წყარო-ს(ი) მთვარ-ის ფანჯრ–ის
მოქმ. წყარო-თ(ი) მთვარ-ით ფანჯრ–ით
ვით. წყარო-დ მთვარე-დ ფანჯრ–ად
წოდ. წყარო–ვ მთვარე-ვ ფანჯარა–ვ
შენიშვნა: კუმშვად-კვეცად ფუძეებში კუმშვა და კვეცა ხდება ვითარებით ბრუნვაშიც.
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი გამოხატავს საგნის ნიშან-თვისებას და ახლავს არსებით სახელს.
მაგ., ქვა შეიძლება იყოს: დიდი, პატარა, ბრტყელი, მრგვალი, ხავსიანი... ვამბობთ: დიდი ქვა, პატარა ქვა, ბრტყელი ქვა, მრგვალი ქვა, ხავსიანი ქვა... ეს სიტყვები არსებით სახელს დაერთვიან და საგნის ნიშანს გამოხატავენ.
ზედსართავი სახელის კითხვებია: როგორი? რომელი? სადაური? როდინდელი? მაგ.:
როგორი? (ან რანაირი?) _ მთვარიანი (ღამე), ძლიერი (ქარი).
რომელი? _ უფროსი (შვილი), უმცროსი (ძმა), დიდი (ბავშვი).
სადაური? _ სოფლელი (ბავშვი), აქაური (ხილი).
როდინდელი? _ გუშინდელი (ამბავი), წუხანდელი (სიზმარი).
ვითარებითი და მიმართებითი ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი ორგვარია: ვითარებითი და მიმართებითი.
ვითარებითია პირველადი (ძირეული) ზედსართავი სახელი: დიდი, თეთრი, შავი, მწვანე, გრძელი, მოკლე...
მიმართებითია ზედსართავი, თუ საგნის ნიშანი, რომელსაც ის გამოხატავს, სხვა საგანთან მიმართებით არის ნაგულისხმევი.. იგი მიღებულია თვით ზედსართავისგან ან სხვა მეტყველების ნაწილისაგან. მაგ., ქუდი არსებითი სახელია, ქუდიანი (კაცი) კი მისგან წარმოქმნილი ზედსართავია, რომელიც საგანს (ამ შემთხვევაში კაცს) ახასიათებს ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანთან (ქუდთან) მიმართებით.
მიმართებითი ზედსართავი სახელი წარმოქმნილია თვით ზედსართავისაგან ან სხვა მეტყველების ნაწილებისაგან.
მაგ., უდიდესი ნაწარმოებია ზედსართავისაგან დიდი, ხავსიანი _ არსებითისაგან ხავსი,
ერთიანი _ რიცხვითისახელისაგან ერთი, თქვენებური _ ნაცვალსახელისაგან თქვენ,
შარშანდელი _ ზმნიზედისაგან შარშან.
მიმართებითი ზედსართავი იწარმოება სუფიქსებით (ხავს-იან-ი, კახ-ურ-ი) ან
პრეფიქს-სუფიქსებით (უ-დიდ-ეს-ი,სა-ერ-ო, უ-ენ-ო).
შინაარსის მიხედვით წარმოქმნილი ზედსართავი სახელები შეიძლება აღნიშნავდეს: ყოლა-ქონას, უყოლობა-უქონლობას, სადაურობას, დანიშნულებას, ხარისხს...
ხარისხის ფორმები
ვითარებით ზედსართავ სახელს ჩვეულებრივ ეწარმოება ხარისხის ფორმები, რომლებიც ძირეულთან მიმართებით მეტი ან ნაკლები ოდენობით გამოხატავენ საგნის თვისებას: დიდი _ უდიდისი, მოდიდო; თეთრი _ უთეთრესი, მოთეთრო. ეს ფორმები ერთმანეთის მიმართ ხარისხის ფორმებია. ძირეულ ფორმას (დიდი, თეთრი) დადებითი ჰქვია, მისგან წარმოქმნილებს _ უფროობითი (აღმატებითი) და ოდნაობითი (შედარებითი).
უფროობითი ხარისხის ფორმას აწარმოებს უ - ეს თავსართ-ბოლოსართი და აღნიშნავს თვისებას მეტი ოდენობით, ვიდრე ძირეული ზედსართავი სახელი: დიდ-ი _ უ-დიდ-ეს-ი, მა-ღალ-ი _ უ-მაღლ-ეს-ი.
ოდნაობითი ხარისხის მაწარმოებელია მო-ო თავსართ-ბოლოსართი და გამოხატავს თვისებას ნაკლები ოდენობით: დიდ-ი _ მო-დიდ-ო, თეთრ-ი _ მო-თეთრ-ო...
ზოგიერთ ვითარებით ზედსართავს არ ეწარმოება ხარისხის ფორმები (მაგ., კოჭლი), ზოგს მხოლოდ ოდნაობითი ეწარმოება (თბილი _ მო-თბ-ო), ზოგსაც უფროობითი (წმინდა _ უ-წმინდ-ეს-ი).
უფროობითი ხარისხის ფორმა ეწარმოება ზოგიერთ წარმოქმნილ და რთულ ზედსართავსაც: ჭკვ-იან-ი, უ-ჭკვი-ან-ეს-ი; ძლ-იერ-ი, უ-ძლიერ-ეს-ი. ხარისხის ფორმათა წარმოებისას ზოგიერთ ელ და ილ სუფიქსიან სახელს ე. წ. მოკლე ფორმები ეწარმოება: გრძ-ელ-ი, უ-გრძ-ეს-ი, მო-გრძ-ო; ოდნაობითი არა აქვს.
ზედსართავი სახელი, ჩვეულებისამებრ, არსებით სახელს ახლავს და მისი განსაზღვრებაა: ავი ძაღლი, კარგი კაცი. ზოგჯერ არსებითი სახელი გამოტოვებულია, ზედსართავი სახელი მისგან დამოუკიდებლად არის ნახმარი და არსებითი სახელის მნიშვნელობა აქვს: ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო? (დ. გურ.).
რ ი ც ხ ვ ი თ ი ს ა ხ ე ლ ი
რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას ან რიგს, ან გამოხატავს საგნის ნაწილს მთელთან მიმართებით. იგი სამი სახისაა: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი. სამი რაოდენობითია, მესამე _ რიგობითი, მესამედი კი _ წილობითი. ტერმინები შექმნილია რიცხვით სახელთა ფუნქციის მიხედვით.
ზედსართავ და რიცხვით სახელთა ბრუნება
დამოუკიდებლად ნახმარი ზედსართავი და რიცხვითი სახელები ისევე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის არსებითი სახელი
როცა ზედსართავი ან რიცხვითი სახელი არსებითს ახლავს, ანუ მსაზღვრელია, იგი იბრუნვის არსებით სახელთან ერთად. წინამავალი მსაზღვრელი ნაწილობრივ შეეთანხმება მას. თუ ფუძეთანხმოვნიანია, უცვლელად რჩება, თუ ფუძეხმოვნიანია, მომდევნო მსაზღვრელი სრულად შეეთანხმება საზღვრულს. მაგ.:
ფუძეთანხმოვნიანი
სახ. დიდი-ი მინდორ-ი მინდორ–ი დიდ–ი
მოთხ. დიდ-მა მინდორ-მა მინდორ–მა დიდ–მა
მიც. დიდ მინდორ-ს მინდორ–ს დიდ–ს
ნათ. დიდ–ი მინდვრ–ის მინდვრ–ის დიდ–ის
მოქმ. დიდ-ი მინდვრ-ით მინდვრ–ით დიდ–ით
ვით. დიდ მინდვრ–ად მინდვრ–ად დიდ–ად
წოდ. დოდ-ო მინდორ-ო მინდორ–ო დიდ–ო
ფუძეხმოვნიანი
სახ. პატარა ბურთ-ი ბურთ–ი პატარა
მოთხ. პატარა ბურთ-მა ბურთ–მა პატარა–მ
მიც. პატარა ბურთ-ს ბურთ–ს პატარა–ს
ნათ. პატარა ბურთ-ის ბურთ–ის პატარა–სი
მოქმ. პატარა ბურთ-ით ბურთ–ით პატარა–თი
ვით. პატარა ბურთ-ად ბურთ–ად პატარა–დ
წოდ. პატარა ბურთ-ო ბურთ–ო პატარა–ვ