EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბანკების მიერ დაწესებული საკომისიო აფერა, რომლის მოგებაც 5-ჯერ აღემატება ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულ შემოსავლებს »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: Demien
თარიღი: 2018-12-10 21:31:47
ბანკში 50 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხის აღებისას, მსესხებელს ავტომატურად ეჭრება სესხის დამტკიცების საკომისიო - საშუალოდ 2% და გაცემის საკომისიო ასევე 2% (ჯამში 4 %), რის შესახებაც, ფაქტობრივად, ინფორმაციას არ ფლობს და ფაქტის წინაში მხოლოდ მას შემდეგ დგება, რაც სასურველი თანხის ნაცვლად მნიშვნელოვნად ნაკლებს, ამ შემთხვევაში დაახლოებით 48 000 ლარს იღებს. სამაგიეროდ, ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რომ გადასახდელი პროცენტის დაანგარიშება სწორედ დამტკიცებული თანხის შესაბამისად ხდება.
გადასახდელი საკომისიოები ვრცელდება სხვა ტიპის (ავტოსესხი,იპოთეკური) სესხებზეც, მათი პროცენტული ოდენობა კი განსხვავებულია ინდივიდუალური ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებადამცველი ნანა ჯაფარაშვილი მსგავსი საკომისიოების არსებობას გაუმართლებლად მიიჩნევს.
„შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს აფერაა, რადგან მსესხებელს იმ თანხის პროცენტს ახდევინებენ, რომელიც მას რეალურად არ მიუღია. უკვე იმდენად არის საზოგადოება ამ ყველაფერს შეჩვეული, რომ ეს დოგმა ჰგონია და არც დავობენ. სხვა ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში 1,5-2%-იანი წლიური სესხებია და რომელ საკომისიოზეა აქ საუბარი. მსგავსი საკომისიოები არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებს აქვთ. ისიც საგულისხმოა, რომ ის ბანკები, რომლებიც საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნებშიც არიან, ჩვენთან განსხვავებულ პირობებს აწესებენ.“- აცხადებს „კომერსანტთან“ საუბარში ნანა ჯაფარაშვილი.
საკომისიო ბანკების მიერ დაწესებული არასაოპერაციო შემოსავლის წყაროა. მომხმარებლები იხდიან ანგარიშის გახსნის, ანგარიშის მომსახურების ყოველთვიურ, ინტერნეტ ბანკის, SMS ბანკის, ავტომატური გადახდების, თანხის განაღდების, სესხის გაცემის და ა.შ. საკომისიოებს.
კონკრეტულად რა მოგება რჩებათ ბანკებს სესხის აღების და გაცემის საკომისიოდან ამ თანხას ეროვნული ბანკი ცალკე არ ანგარიშობს, თუმცა ოფიციალურად დადასტურებულია, რომ კომერციული ბანკების მიერ საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
მაგალითად, მიმდინარე წლის 8 თვეში (იანვარი-სექტემბერი)კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 289, 569 ათასი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 5-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულ შემოსავლებს, ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავლებს კი 1,3-ჯერ.
ამ რიცხვებიდანაც ნათლად ჩანს, რომ საკომისიო გადასახადები ბანკების შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. სამაგიეროდ, საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროცენტები ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს, კიდევ უფრო ურთულებს პრობლემებს და თან ისე, რომ მისი უფლებების დაცვის მექანიზმიც არ არსებობს - პასუხი მარტივია, არ გაწყობთ ბანკების მიერ დადგენილი წესები, ნუ აიღებ ვალს.
პაატა ბაირახტარი, „აფბას“ ვიცეპრეზიდენტი, საბანკო სფეროში არსებულ პრობლემებს კონკურებციის ნაკლებობას უკავშირებს და ბანკებთან ურთიერთობის უსამართლო პირობებზე საუბრობს.
„ზოგადად საბანკო და კომერციულ სტრუქტურებთან ურთიერთობა, რომ არასამართლიანია და მომხმარებელი იჩაგრება ეს ჩანს კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე .ნებისმიერ საბანკო კონტრაქტში წერია, რომ ბანკი უფლებამოსილია შესრულების პირობები ცალმხრივად შეცვალოს ნებისმიერ დროს .აქ სამართლიანობაზე საუბარიც ზედმეტია. სამართლიანობას კონკურენცია განაპირობებს. საქართველოში მომხმარებელს ორ ძირითად ბანკს შორის აქვს არჩევანი და შესაბამისად სახეზეა მრავალი პრობლემა, მათ შორის საკომისიოებთან მიმართებითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთებია ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. საპროცენტო განაკვეთებს ბანკი რისკებიდან გამომდინარე ადგენს. მთავარი რისკი გაფუჭებულ პორთფელებს უკავშირდება, ქართული ბანკების გაფუჭებული პორთფელების რაოდენობა პრაქტიკულად ემთხვევა ევროპული ბანკებისას, შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში უფრო მაღალი რისკები არაა, აქედან გმაომდინარე, ისევ და ისევ კონკურენცის პრობლემამდე მივდივართ ,“ - აცხადებს პაატა ბაირახტარი.
მარიამ ტიტვინიძე
commersant.ge