EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში (გვ.2) »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2019-02-09 12:39:23
2. პირადი ისტორიის წაშლა
ხუთშაბათი, 1960 წლის 22 დეკემბერი.
დონ ხუანი იატაკზე იჯდა, თავისი სახლის კართან, ზურგით კედლისკენ. ხის ბიდონი გადააბრუნა და მთხოვა, რომ დავმჯდარიყავი და ისე მეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში. სიგარეტის კოლოფი შევთავაზე, რომელიც თან წავიღე. მითხრა, რომ არ ეწეოდა, მაგრამ საჩუქარი მიიღო. ჩვენ ვსაუბრობდით ღამის სიცივეზე უდაბნოში და სხვა ჩვეულებრივ თემებზე.
მე ვკითხე, ხელს ხომ არ ვუშლიდი მის ჩვეულ განრიგს. მან რაღაც გრიმასით შემომხედა და მითხრა, რომ არანაირი განრიგი არ აქვს და შემიძლია საღამომდე დავრჩე თუ მინდა.
რამდენიმე კითხვარი მოვამზადე გენიალოგიისა და გვაროვნული ურთიერთობების შესახებ, და მინდოდა მისი მეშვეობით შემევსო. ასევე შევადგინე კულტურული ნიშნების გრძელი სია ეთნოგრაფიულ ლიტერატურაზე, რომლებიც, როგორც ვთვლიდი, ამ რაიონის ინდიელებისთვის იყო დამახასიათებელი. მინდოდა მასთან ერთად გამევლო სიები და ამეღნიშნა ყველა საკითხი, რომელიც მისთვის იყო ნაცნობი. დავიწყე გვაროვნული ურთიერთობის კითხვარით:
— რას ეძახდი შენს მამას? — ვკითხე მე.
— მე მას მამას ვეძახდი, — მითხრა ძალიან სერიოზული სახით.
მცირე გაღიზიანება ვიგრძენი, მაგრამ განვაგრძე, რადგან ვიფიქრე, რომ კითხვა ვერ გაიგო.
კითხვარი ვაჩვენე და ავუხსენი, რომ ერთი გრაფა იქ მამის შესახებაა, მეორე კი — დედის შესახებ. მოვიყვანე სხვადასხვა სიტყვების მაგალითები, რომლებიც ინგლისურ და ესპანურ ენებში გამოიყენება იმისთვის, რომ დედას და მამას მივმართოთ. ვიფიქრე, რომ დედით უნდა დამეწყო.
— რას ეძახდი შენს დედას? — ვკითხე მე.
— მე მას დედას ვეძახდი, — მითხრა ძალიან მიამიტი ტონით.
— მე ვგულისხმობ, სხვა რა სიტყვებს იყენებ იმისთვის, რომ შენს დედას და მამას მიმართო? რას ეძახდი მათ? — ვუთხარი, და ვცდილობდი მომთმენი და ზრდილობიანი ვყოფილიყავი. მან თავი მოიქექა და სულელური გამომეტყველებით შემომხედა.
— აჰა, — თქვა მან. — აი, აქ დამიჭირე. მოიცა, მოვიფიქრო.
წუთიერი გაურკვევლობის შემდეგ თითქოს გაიხსენა რაღაც, და ჩასაწერად მოვემზადე.
— ნუ, — თქვა მან, თითქოს სერიოზულად ფიქრობდა. — კიდევ როგორ ვეძახდი? მე მათ ვეძახდი: ეი-ეი, მამა! ეი-ეი, დედა!
მე ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ გამეცინა. მისი გამომეტყველება მართლაც კომიკური იყო, და იმ მომენტში არ ვიცოდი, ძალიან ცბიერი მოხუცი იყო, რომელიც მასულელებდა, თუ მართლა უბრალო და მიამიტი იყო. მთელი მოთმინება მოვიკრიბე და ავუხსენი, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ჩემი სამუშაოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ამ ბლანკის შევსება. ვცდილობდი, რომ გაეგო გენეალოგიისა და პირადი ისტორიის იდეა.
— რას ეძახდენ შენს დედას და მამას? — ვკითხე მე. მან ნათელი და კეთილი თვალებით შემომხედა.
— ნუ კარგავ დროს ამ სისულლეში, — მითხრა მან რბილად, მაგრამ მოულოდნელი ძალით. არ ვიცოდი რა მეთქვა. მეჩვენებოდა, რომ ვიღაც სხვამ წარმოთქვა ეს სიტყვები. მანამდე ერთი წამით ადრე იგი გაოგნებული სულელი ინდიელი იყო, რომელიც თავს იფხანდა, და მყისიერად შეიცვალა როლი. მე ვიყავი სულელი, ის კი აღუწერელი მზერით მიყურებდა, რომელშიც არ იყო არც გაღიზიანება, არც ზიზღი, არც სიძულვილი, არც მწუხარება. ეს თვალები კეთილი, ნათელი და განმსჭვალავი იყო.
— მე არ მაქვს არანაირი პირადი ისტორია, — თქვა მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. — ერთხელ აღმოვაჩინე, რომ აღარ მჭირდება პირადი ისტორია, და ისევე როგორც დალევა, გადავაგდე იგი.
კარგად ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა. უცებ უხერხულად, საფრთხის ქვეშ ვიგრძენი თავი. შევახსენე მისი პირობა, რომ შემეძლო კითხვები დამესვა. მან მიპასუხა, რომ სულაც არაა ამის წინააღმდეგი.
— მე აღარ მაქვს პირადი ისტორია, — თქვა მან და გამომცდელად შემომხედა. — ერთხელ გადავაგდე იგი, როცა მივხვდი, რომ აღარ მჭირდებოდა.
მივაშტერდი, და ვცდილობდი მისი სიტყვების ფარული აზრი გამეგო.
— კი, მაგრამ როგორ შეიძლება საკუთარი პირადი ისტორიის გადაგდება? — ვკითხე კამათის განწყობით.
— თავიდან ამის სურვილი უნდა გქონდეს, — თქვა მან, — შემდეგ კი ჰარმონიულად უნდა იმოქმედო, რომ ნელ-ნელა მოიჭრა იგი.
— მაგრამ რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს ამის სურვილი? — წამოვიძახე მე.
მე საშინლად ძლიერი მიჯაჭვულობა მქონდა ჩემს პირად ისტორიაზე. ჩემი საგვარეულო ფესვები ძალიან ღრმა იყო. გულწრფელად ვგრძნობდი, რომ მათ გარეშე ჩემს ცხოვრებას არც მიზანი ექნებოდა და არც ხანგრძლივობა.
— იქნებ მითხრა, რას გულისხმობ პირადი ისტორიის გადაგდებაში, — ვუთხარი მე.
— მასთან განშორებას, აი, რას ვგულისხმობ, — მოჭრით მომიგო მან.
მე მაინც დაჟინებით ვამტკიცებდი, რომ არ მესმოდა ეს ყველაფერი.
— აი, შენ, მაგალითად — იაკი ხარ და ვერ შეცვლი ამას.
— ნუთუ მე იაკი ვარ? — მკითხა მან ღიმილით. — საიდან იცი ეს?
— მართალია! ეს ვერ მეცოდინება ზუსტად. ასეა. მაგრამ შენ იცი ეს, და სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. სწორედ ეს ქმნის პირად ისტორიას. — ვგრძნობდი, რომ კუთხეში მოვიმწყვდიე.
— ის ფაქტი, რომ მე ვიცი, ვარ თუ არა იაკი, არ აქცევს ამას პირად ისტორიად, — შენიშნა მან. — მხოლოდ მაშინ, როცა ვიღაც სხვამაც იცის ეს, იგი ხდება პირადი ისტორია. და გარწმუნებ, რომ ვერასოდეს ვერავინ ვერ გაიგებს ამას დაზუსტებით.
მე როგორღაც ჩავიწერე, რაც თქვა. შემდეგ შევწყვიტე ჩაწერა და შევხედე. არ შემეძლო მასზე წარმოდგენის შექმნა. აზრობრივად გავირბინე ჩემს წარმოდგენებში მის შესახებ. მისი იდუმალი და უპრეცედენტო მზერა პირველივე შეხვედრაზე. აღტაცება, რომლითაც ამტკიცებდა, რომ ყველაფრისგან თანხმობას იღებდა, რაც მის გარშემო იყო. მისი გამაღიზიანებელი იუმორი და მისი ალერტულობა, მისი აშკარად სულელური გამომეტყველება, როცა დედისა და მამის შესახებ ვეკითხებოდი, შემდეგ კი მისი მტკიცებულებების ეს მოულოდნელი ძალა, რომლებმაც მაშინვე შორს მომისროლა.
— შენ არ იცი, ვინ ვარ, ასე არაა? — თქვა მან, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო. — შენ ვერასოდეს გაიგებ, ვინ ვარ, ან რას ვაკეთებ, რადგანაც მე არ გამაჩნია პირადი ისტორია.
მკითხა, მყავდა თუ არა მამა. მე ვუთხარი რომ მყავდა. მან მითხრა, რომ მამაჩემი იმის მაგალითი იყო, რის შესახებაც იგი საუბრობდა. მთხოვა, გამეხსენებინა, რას ფიქრობდა ჩემზე მამაჩემი.
— მამაშენმა ყველაფერი იცოდა შენზე, — თქვა მან, — ამიტომ მან ბოლომდე დაგგეგმა. იცოდა, ვინ ხარ, და რას აკეთებ. და არ არსებობს ძალა ამქვეყნად, რომელიც მას შენზე შეხედულების შეცვლას აიძულებს.
დონ ხუანმა თქვა, რომ ყველას, ვინც მიცნობდა, საკუთარი იდეა ჰქონდა ჩემ შესახებ, და მე ამ იდეას ყველაფრით ვკვებავდი, რაც არ უნდა მეკეთებინა.
— ნუთუ ვერ ხედავ? — მკითხა დრამატულად. — შენ იძულებული ხარ, განაახლო შენი პირადი ისტორია, უნდა უთხრა შენს მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს ყველაფერი, რასაც აკეთებ. მეორე მხრივ, თუ პირადი ისტორია არ გაქვს, არანაირი ახსნა არაა საჭირო, არავინ არ ბრაზდება, არავინ არ რჩება გაწბილებული შენი მოქმედებებით. და უფრო მეტიც, არავინ მიგალურსმნავს თავისი აზრებით.
უეცრად იდეა ნათელი გახდა ჩემს გონებაში. ეს თვითონაც თითქმის ვიცოდი, მაგრამ არასოდეს განმიხილავს ეს აზრები. არ გქონდეს პირადი ისტორია — მართლაც მაცდური კონცეფცია იყო, ყოველ შემთხვევაში ინტელექტუალურ დონეზე. თუმცაღა ამან მარტოობის შეგრძნება მომიტანა, რომელიც საშიშად და საზიზღრად მომეჩვენა. მინდოდა მელაპარაკა მასთან ამ ჩემს გრძნობებზე, მაგრამ ყურადღებით ვიყავი. რაღაც შეუსაბამო იყო ამ სიტუაციაში. უხერხულობას ვგრძნობდი იმაში, რომ ფილოსოფიურ კამათში შევდიოდი ბებერ ინდიელთან, რომელსაც ცხადია, არ გააჩნია უნივერსიტეტის სტუდენტის «ინტელექტუალობა». რაღაცნაირად მან შეძლო, რომ შორს წავეყვანე ჩემი პირველადი განზრახვისგან — გამომეკითხა მისი გენეალოგია.
— არ ვიცი, რატომ ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე მაშინ, როცა მხოლოდ რამდენიმე სახელის გაგება მინდოდა ჩემი ბლანკებისთვის, — ვთქვი მე და ამით ვეცადე ჩემთვის სასურველი თემისკენ შემომებრუნებინა საუბარი.
— ეს ძალიან მარტივია, — თქვა მან. — მეთოდი, რომლითაც ამ საუბრამდე მივედით, მდგომარეობს იმაში, რომ მე ვთქვი, რომ ადამიანის წარსულის შესახებ კითხვების დასმა — სრული უაზრობაა.
მტკიცე ტონი ჰქონდა. ვგრძნობდი, რომ არ არსებობდა მისი დაყოლიების საშუალება, ამიტომ ტაქტიკა შევცვალე.
—რა იდეაა ეს, არ გქონდეს პირადი ისტორია, ეს ისაა, რასაც იაკები აკეთებენ? — ვკითხე მე.
— ეს ისაა, რასაც მე ვაკეთებ.
— სად ისწავლე ეს?
— ესმთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვისწავლე.
— ეს მამამ გასწავლა?
— არა, ჩემით ვისწავლე, ახლა კი მინდა ეს საიდუმლო შენ გადმოგცე, რომ დღეს ხელცარიელი არ წახვიდე.
მან ხმას დრამატულად დაუწია. მე გამეცინა მის ტრიუკებზე. იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ სულაც არ იყო სულელი. თავში მომივიდა აზრი, რომ თანდაყოლილი ნიჭის მქონე მსახიობის გვერდით ვიმყოფებოდი.
— ჩაიწერე, — თქვა მან მფარველური ტონით. — რატომაც არა. როგორც ჩანს უფრო მოხერხებულად გრძნობ თავს, როცა იწერ.
შევხედე, და როგორც ჩანს ჩემმა თვალებმა გასცა ჩემი დაბნეულობა. ბარძაყებზე ხელები დაირტყა და კმაყოფილებით გადაიხარხარა.
— ყველაზე კარგია, როცა პირად ისტორიას მთლიანად შლი, — თქვა მან და თითქოს დრო მომცა ჩაწერისთვის, — რადგანაც ეს თავისუფალს გვხდის სხვა ადამიანების შემომგარსველი აზრებისგან.
ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა თქვა ეს. ძალიან რთული მომენტი მქონდა. როგორც ჩანს ჩემს სახეზე ამოიკითხა შინაგანი გაურკვევლობა და დაუყოვნებლივ გამოიყენა ეს.
— აი, მაგალითად, შენ — განაგრძო მან. — სწორედ ახლა შენ არ იცი, მოდიხარ თუ მიდიხარ, და ეს იმიტომ, რომ მე წავშალე ჩემი პირადი ისტორია. ნელ-ნელა ბურუსი შევქმენი ჩემ გარშემო და ჩემი ცხოვრების გარშემო. და ახლა არავინ არ იცის დაზუსტებით, ვინ ვარ და რას ვაკეთებ.
— მაგრამ შენ თვითონ იცი ვინ ხარ, ასე არაა? — ჩავერთე მე.
— მე, გულწრფელად გეუბნები... არ ვიცი! — წამოიძახა და ჩემი გაოცებული სახის შემხედვარე ხარხარით იატაკზე გაგორდა.
საკმაოდ დიდხანს იყო ჩუმად, რათა იძულებული ვყოფილიყავი დამეჯერებინა, რომ ახლა იტყოდა: «ვიცი», როგორც ამას ველოდი. მისმა მოულოდნელმა საწინააღმდეგო პასუხმა შემაშინა.
—ესაა პატარა საიდუმლო, რომლის მოცემასაც დღეს ვაპირებდი, — თქვა მან დაბალი ხმით, — არავინ არ იცის ჩემი პირადი ისტორია. არავინ არ იცის, ვინ ვარ და რას ვაკეთებ. მეც კი არ ვიცი.
მან თვალები დაიელმა. მე არ მიყურებდა, არამედ სადღაც ჩემი მარჯვენა მხრის ზემოთ იყურებოდა. ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა, ზურგი გამართული ჰქონდა, და მაინც მოდუნებული ჩანდა. ამ მომენტში თავად რისხვის განსახიერება იყო. მე წარმოვიდგინე იგი ინდიელ ბელადად, «წითელკანიან მეომრად» ჩემი ბავშვობის რომანტიულ ლეგენდებში. ჩემმა რომანტიზმმა სადღაც შორს წამიღო და უკიდურესად მკაფიო გაორების შეგრძნებამ შემიპყრო. შემეძლო გულწრფელად მეთქვა, რომ ძალიან მომწონდა, და ამავე დროს შემეძლო მეთქვა, რომ სასიკვდილოდ მეშინოდა მისი.
ეს უცნაური მზერა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა.
— როგორ შემიძლია ვიცოდე ვინ ვარ, როცა ეს ყველაფერი ვარ, — თქვა, და გარემოცვაზე მოძრაობის ჟესტით მიმითითა. შემდეგ შემომხედა და გაეღიმა.
— ნელ-ნელა ბურუსი უნდა შექმნა შენს გარშემო. უნდა წაშალო გარშემო ყველაფერი მანამ, სანამ არაფერი დარჩება თავისთავად ცხადი, სანამ არაფერი აღარ დარჩება ზუსტი და რეალური. შენი პრობლემა ახლა იმაშია, რომ მეტისმეტად რეალური ხარ. შენი ძალისხმევები მეტისმეტად რეალურია. შენი განწყობები მეტისმეტად რეალურია. ნუ მიიღებ მოვლენებს ამდენად თავისთავადად. საკუთარი თავის წაშლა უნდა დაიწყო.
— რისთვის? — ვკითხე გაოგნებულმა.
ჩემთვის ცხადი გახდა, რომ იგი ქცევას განმისაზღვრავდა. მთელი ჩემი ცხოვრება ვუახლოვდებოდი გარდამტეხ მომენტს, როცა ვიღაც ცდილობდა ეთქვა ჩემთვის, თუ რა მეკეთებინა. უბრალოდ აზრი იმის შესახებ, რომ მასწავლიდნენ, რა მეკეთებინა, ჩემში მყისიერად იწვევდა აქტიურ პროტესტს.
— შენ მითხარი, რომ მცენარეების შესწავლა გინდა, — თქვა მან მშვიდად. — გინდა მუქთად მიიღო რაიმე? რას ფიქრობ ამაზე? ჩვენ შევთანხმდით, რომ კითხვებს დამისვამდი, და მეც გეტყოდი იმას, რაც ვიცი. თუ ეს არ მოგწონს, მაშინ აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო.
ეს საშინელი პირდაპირობა პროტესტის გრძნობას იწვევდა ჩემში, მაგრამ გულის სიღრმეში ვაცნობიერებდი, რომ მართალი იყო.
— მოდი, მაშინ ასე ვქნათ, — განაგრძო მან. — თუ მცენარეების შესწავლა გინდა და რადგანაც მათზე მართლა არაფერია მოსაყოლი, მაშინ სხვა რაღაცეებთან ერთად შენი პირადი ისტორია უნდა წაშალო.
— როგორ? — ვკითხე მე.
— მარტივით დაიწყე. მაგალითად, არ მოუყვე არავის, რას აკეთებ სინამდვილეში. შემდეგ უნდა მიატოვო ყველა, ვინც კარგად გიცნობს. ამგვარად ბურუსს შექმნი შენ გარშემო.
— ეს ხომ აბსურდია! — გავაპროტესტე მე. — რატომ არ უნდა მიცნობდნენ ადამიანები? რა არის ამაში ცუდი?
— ცუდი აქ ისაა, რომ თუ ერთხელ გაგიცნეს, მაშინ შენ უკვე რაღაც ისეთი ხდები, რაც თავისთავადია, და ამ მომენტიდან დაწყებული, შენ უკვე ვეღარ გაწყვეტ კავშირს მათ აზრებთან. პირადად მე სრული თავისუფლება მიყვარს — უცნობად ყოფნა. არავინ მიცნობს გაყინული თავდაჯერებით, ისე, როგორც მაგალითად შენ გიცნობენ.
— მაგრამ ეს ხომ ტყუილი იქნებოდა.
— მე საქმე არ მაქვს ტყუილთან ან მართალთან, — თქვა მან მკაცრად. — ტყუილი მაშინაა ტყუილი, როცა პირადი ისტორია გაქვს.
მე შევეპასუხე, რომ არ მომწონდა ადამიანების განზრახ მისტიფიკაცია და მათი შეცდომაში შეყვანა. მისი პასუხი იყო, რომ მე ისედაც ყველა შეცდომაში შემყავდა.
მოხუცი ჩემი ცხოვრების მტკივნეულ ადგილს შეეხო. არ მიკითხავს, რას გულისხმობდა ამაში, ან საიდან გაიგო, რომ გამუდმებით შეცდომაში შემყავდა ხალხი. უბრალოდ რეაგირება მოვახდინე იმით, რომ თავი ახსნა-განმარტებით დავიცავი. ტკივილით ვაღიარე, რომ ჩემი ოჯახი და მეგობრები არასაიმედოდ მთვლიან იმ დროს, როცა სინამდვილეში ცხოვრებაში არასოდეს მითქვამს ტყუილი.
— შენ ყოველთვის იცოდი, როგორ გეთქვა ტყუილი, — თქვა მან. — და ერთადერთი რამ, რაც არ გქონდა, ეს ის იყო, რომ არ იცოდი, რისთვის უნდა გაგეკეთებინა ეს. ახლა უკვე იცი.
მე გავაპროტესტე.
— ნუთუ ვერ ხედავ, რომ მართლა ძალიან დავიღალე იმისგან, რომ ადამიანები არასაიმედოდ მთვლიან, — ვთქვი მე.
— და შენ ხომ მართლა არასაიმედო ხარ, — შენიშნა მან დარწმუნებით.
— ეშმაკმა დალახვროს, ეს ასე არაა! — წამოვიძახე მე.
ჩემმა განწყობამ, ნაცვლად იმისა, რომ სერიოზულობამდე მიეყვანა, ისტერიული სიცილი აიძულა მას. მართლა ვეღარ ვიტანდი ამ მოხუცს ყველა მისი გამოხტომის გამო. საუბედუროდ, მართალი იყო ჩემთან დაკავშირებით. რაღაც დროის შემდეგ დავმშვიდდი, და მან საუბარი განაგრძო.
როცა პირადი ისტორია არ გაქვს, — მიხსნიდა იგი, — მაშინ რაც არ უნდა თქვა, ტყუილად ვერ აღიქმება. შენი გასაჭირი იმაშია, რომ იძულებული ხარ იმპულსურად აუხსნა ყველაფერი ნებისმიერს, და ამავე დროს გინდა შეინარჩუნო სისაღე და სიახლე იმისა, რასაც აკეთებ. და რადგანაც არ შეგიძლია იყო აღტაცებული მას შემდეგ, რაც ყველაფერი აუხსენი რასაც აკეთებდი, შენ იტყუები იმისთვის, რომ გააგრძელო ეს გრძნობები.
მე მართლაც გაოგნებული ვიყავი ჩვენი საუბრის მასშტაბით. ყველა დეტალი ჩავიწერე როგორც შემეძლო. კონცენტრაციას ვახდენდი მის სიტყვებზე, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ მიკერძოებულობაზე ან მის მნიშვნელობაზე მეფიქრა.
— ამ მომენტიდან, — თქვა მან, — უბრალოდ უნდა აჩვენო ადამიანებს ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლი, მაგრამ ამასთან არასოდეს უნდა უთხრა ზუსტად, თუ როგორ გააკეთე ეს.
— არ შემიძლია საიდუმლოებების შენახვა! — წამოვიძახე მე. — რასაც მეუბნები, უსარგებლოა ჩემთვის.
— მაშინ შეიცვალე! — თქვა მან მოწყვეტით, მრისხანე ელვარებით თვალებში.
იგი გამოიყურებოდა, როგორც უცნაური ველური ცხოველი, და ამავდროულად მისი აზრები და სიტყვები ძალზე დალაგებული იყო. ჩემმა გაღიზიანებამ ადგილი დაუთმო უსიამოვნო დაბნეულობის შეგრძნებას.
— ხედავ, — განაგრძო მან, — ჩვენ მხოლოდ ორი არჩევანი გვაქვს. ან ვღებულობთ ყველაფერს, როგორც რეალურს, დანამდვილებითს, ან არ ვაკეთებთ ამას. თუ პირველს მივყვებით, იმით ვამთავრებთ, რომ სიკვდილამდე ვიღლებით საკუთარი თავისგან და სამყაროსგან. თუ მეორეს მივყვებით და წავშლით პირად ისტორიას, ჩვენ გარშემო ბურუსს შევქმნით, ძალიან საოცარ და მისტიურ მდგომარეობას, რომელშიც არავინ იცის, საიდან გამოხტება კურდღელი, ჩვენ თვითონაც კი არ ვიცით.
მე ვთქვი, რომ პირადი ისტორიის წაშლა მხოლოდ გაზრდის ჩვენი დაუცველობის შეგრძნებას.
— როცა დანამდვილებითი არაფერია, ჩვენ ვრჩებით ალერტულები, ყოველთვის ფეხის წვერებზე, — თქვა მან. — როცა არ იცი, რომელი ბუჩქის უკანაა კურდღელი, უფრო მშვენიერია, ვიდრე ისე მოქცევა, თითქოს ყველაფერი ვიცოდეთ.
დიდი ხნის განმავლობაში ხმა აღარ ამოუღია. შეიძლება საათიც კი გავიდა სრულ მდუმარებაში. არ ვიცოდი რა მეკითხა. როგორც იქნა წამოდგა, და მთხოვა, რომ ყველაზე ახლოს მყოფ ქალაქამდე წამეყვანა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენმა საუბარმა დამაცარიელა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სადაცაა ჩამეძინებოდა. გზაში გაჩერება მთხოვა და მითხრა, რომ თუ მოდუნება მომინდებოდა, გზასთან ახლოს, მცირე გორაკის თავზე უნდა ავსულიყავი და თავით აღმოსავლეთისკენ მუცელზე დავწოლილიყავი. ხმაზე ეტყობოდა, რომ ჩქარობდა. არ მინდოდა შეკამათება, ან შესაძლოა უბრალოდ იმდენად დავიღალე, რომ ლაპარაკიც არ შემეძლო. გორაკზე ავედი და ისე გავაკეთე, როგორც მითხრა.
მხოლოდ ორი ან სამი წუთი მეძინა, მაგრამ ეს საკმარისი იყო, რომ ჩემი ენერგია აღდგენილიყო. ქალაქის ცენტრამდე მივედით, სადაც მთხოვა, რომ ჩამომესვა.
— დაბრუნდი, — მითხრა მანმანქანიდან გადასვლისას. — აუცილებლად დაბრუნდი.