EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში (გვ.4) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-02-10 19:19:04

კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში
4. სიკვდილი — მრჩეველი
 
ოთხშაბათი, 1961 წლის 25 იანვარი.
 
— ოდესმე მასწავლი პეიოტის შესახებ? — ვკითხე მე.
 
მან არ მიპასუხა, არამედ, როგორც ადრე აკეთებდა ხოლმე, უბრალოდ შემომხედა, თითქოს გიჟი ვყოფილიყავი. უკვე წამოვწევდი ხოლმე ამ თემას შემთხვევით საუბრებში, და ყოველ ჯერზე გრიმასას იღებდა და თავს აქნევდა. ეს არ იყო დასტურის ან უარყოფის ჟესტი, არამედ ეს უფრო იყო სასოწარკვეთილების და უნდობლობის ჟესტი.
 
იგი მკვეთრად წამოდგა. ჩვენ მიწაზე ვიჯექით, მისი სახლის წინ. თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობის ჟესტით მანიშნა, რომ გავყოლოდი.
 
ჩვენ უდაბნოს ჩაპარალში წავედით, სამხრეთის მიმართულებით. სანამ მივდიოდით, არაერთხელ გამიმეორა, რომ უნდა გამეცნობიერებინა ჩემი მნიშვნელოვნების გრძნობისა და პირადი ისტორიის უსარგებლობა.
 
— შენი მეგობრები, — თქვა მან და მკვეთრად შემობრუნდა ჩემსკენ, — ისინი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში გიცნობდნენ, უნდა მიატოვო, თანაც მალე.
 
ვიფიქრე, რომ გიჟი იყო, და მისი დაჟინებულობა იდიოტიზმია, მაგრამ არაფერი მითქვამს. გამჭოლად მიყურებდა, შემდეგ კი გაეცინა.
 
ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ, როგორც იქნა გავჩერდით. უკვე დაჯდომას და დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ მითხრა, რომ კიდევ 50 მეტრი გამევლო და მცენარეების მდელოსთან ხმამაღალი და მკაფიო ხმით მესაუბრა. საკუთარ თავში უხერხულობას და წინააღმდეგობას ვგრძნობდი. მისი უცნაური მოთხოვნები იმაზე მეტი იყო, ვიდრე ატანა შემეძლო, და კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ არ შემიძლია მცენარეებთან ლაპარაკი, რადგანაც სასაცილოდ ვგრძნობ თავს. მისი ერთადერთი შენიშვნა იყო, რომ ჩემი მნიშვნელოვნების გრძნობა უსაზღვრო იყო. როგორც ჩანს უეცრად რაღაც გადაწყვიტა და თქვა, რომ არ უნდა დაველაპარაკო მცენარეებს მანამ, სანამ არ ვიგრძნობ, რომ ჩემთვის ეს იოლი და ბუნებრივია.
 
— შენ მათი შესწავლა გინდა, მაგრამ ამასთან ერთად არანაირი შრომა არ გინდა, — დამადანაშაულა მან. — რის გაკეთებას ცდილობ?
 
ჩემი ახსნა იყო, რომ სარწმუნო ინფორმაცია მჭირდებოდა მცენარეების გამოყენებაზე, ამიტომ ვთხოვდი, ჩემი ინფორმატორი ყოფილიყო. ანაზღაურებაც კი შევთავაზე მის დროსა და შრომაში.
 
— ჯობდა ფული აგეღო, — ვუთხარი მე. — ამით ორივე უკეთესად ვიგრძნობდით თავს. შევძლებდი, რომ ყველაფერზე მეკითხა, რაც მინდოდა, იმიტომ, რომ ჩემზე იმუშავებდი, და ამისთვის გადაგიხდიდი. რას ფიქრობ ამაზე?
 
მან უარყოფის გამომხატველი სახით შემომხედა და საზიზღარი ხმა გამოსცა პირით, აიძულა რა ქვედა ტუჩი და ენა უზარმაზარი ძალით მოეხდინათ ვიბრირება.
 
— აი, რას ვფიქრობ ამაზე, — თქვა მან და ისტერიულად გაიცინა ჩემი უკიდურესი გაოცების დანახვაზე, რომელიც, როგორც ჩანს, კარგად აისახა ჩემს სახეზე.
 
ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს ის ადამიანი არაა, ვისაც იოლად გავუმკლავდებოდი. ასაკის მიუხედავად ენერგიული და საოცრად ძლიერი იყო. მანამდე მქონდა იდეა, რომ რადგან ასეთი მოხუცი იყო, შეეძლო იდეალური «ინფორმატორი» გამხდარიყო ჩემთვის. მოხუცები, როგორც ყოველთვის ვთვლიდი, საუკეთესო ინფორმატორები იყვნენ, რადგანაც ძალიან სუსტები არიან, რომ ლაპარაკის გარდა სხვა რამე აკეთონ. მაგრამ დონ ხუანი ნამდვილად არ იყო საწყალი სუბიექტი. ვგრძნობდი, რომ იგი უმართავი და საშიში იყო. მეგობარი, რომელმაც ერთმანეთს შეგვახვედრა, მართალი აღმოჩნდა. იგი ექსცენტრული ბებერი ინდიელი იყო, და თუმცა ვერ ვიტყოდი, დროის უმეტესი ნაწილი ჭკუაზე არააო, როგორც ჩემი მეგობარი მიმტკიცებდა, მაგრამ იგი კიდევ უარესი იყო, გიჟი იყო. კვლავაც საშინელი სინანული და განგაში ვიგრძენი, რომელიც ადრეც განმიცდია. ვფიქრობდი, რომ გადავლახე ეს, და სინამდვილეში, არ მქონია არანაირი სირთულე, დამერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ კვლავაც მომენახულებინა იგი. თუმცა თავში შემომეპარა აზრი, რომ თავადაც ცოტათი გიჟი ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ მომწონდა მასთან ყოფნა. მისმა იდეამ იმის შესახებ, რომ ჩემი მნიშვნელოვანობის გრძნობა დაბრკოლებას წარმოადგენდა, მართლაც ძლიერ იმოქმედა ჩემზე. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ინტელექტუალური ვარჯიში იყო ჩემი მხრიდან. იმავე წამს, როგორც კი მის უცნაურ ქცევას შევეჩეხე, განგაში ვიგრძენი და წასვლა მომინდა.
 
ვუთხარი, რომ იმდენად განვსხვავდებით, რომ ჩვენი ურთიერთობის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს.
 
— ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა შეიცვალოს, — თქვა მან, მიწას მიშტერებულმა. — და შენ იცი, ვინც.
 
მან მექსიკური ხალხური სიმღერის კნავილი დაიწყო, შემდეგ კი თავი ასწია და შემომხედა. თვალები მრისხანე და ელვარე ჰქონდა. მინდოდა გვერდზე გამეხედა, ან თვალები დამეხუჭა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ვერ შევძელი მისი მზერის გაწყვეტა.
 
მთხოვა მომეყოლა მისთვის, თუ რა დავინახე მის თვალებში. ვუთხარი, რომ არაფერი არ დამინახავს, მაგრამ დაჟინებით ითხოვდა, რომ სიტყვებით გადმომეცა ის, რაც მისმა თვალებმა მაგრძნობინა და გამახსენა. ვეცადე ამეხსნა, რომ ერთადერთი, რასაც მისი თვალები მახსენებდნენ, ჩემი დაბნეულობა იყო, რომ მისი მზერა უხერხულად მაგრძნობინებს თავს.
 
იგი უკან არ იხევდა. კვლავაც დაჟინებით მიმზერდა. ეს არ იყო პირდაპირი მუქარის შემცველი და აგრესიული მზერა. ეს უფრო იყო მისტიური, უსიამოვნო, გამჭოლი მზერა. მან მკითხა, ფრინველს ხომ არ მაგონებდა.
 
— ფრინველს? — წამოვიძახე მე.
 
ბავშვივით გაეცინა, და თვალები მომაშორა.
 
— ჰო, — მითხრა რბილად. — ფრინველს, ძალიან უჩვეულო ფრინველს!
 
მან კვლავ დამიჭირა მზერით და ბრძანება მომცა, რომ გამეხსენებინა. უჩვეულო დარწმუნებით მითხრა, რომ «იცოდა», რომ მე უკვე ადრეც მინახავს მსგავსი მზერა.
 
ამ მომენტში ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მოხუცი ყველა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიკეთებდა პროვოცირებას ყოველ ჯერზე, როცა პირს აღებდა. კვლავ შევხედე აშკარა წინააღმდეგობით. გაბრაზების ნაცვლად სიცილი დაიწყო. ბარძაყებზე ხელს ირტყამდა და ქანაობდა, თითქოს ველურ ცხენს ხედნისო. შემდეგ კვლავ სერიოზული გახდა და მითხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შემეწყვიტა მასთან ბრძოლა და გამეხსენებინა ის უჩვეულო ფრინველი, რომელზეც მეუბნებოდა.
 
 
 
— შემომხედე თვალებში.
 
მისი თვალები უჩვეულოდ მრისხანე იყო. ისეთ გრძნობას იწვევდა, რომელიც მართლაც მაგონებდა რაღაცას, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, სახელდობრ რას. წამით შევყოვნდი ამ შეგრძნებაზე და შემდეგ უეცრად მივხვდი. ეს არ იყო მისი თვალების ფორმა, ან მისი თავის ფორმა, არამედ რაღაც ცივი მრისხანება მის გამოხედვაში — აი, რამ მომაგონა შევარდნის თვალების მზერა. სწორედ იმ მომენტში, როცა ამას მივხვდი, მზერით მბურღავდა, და წამით სრული ქაოსი მქონდა აზრებში. ვიფიქრე, რომ დონ ხუანის სილუეტთან ერთად შევარდნის სილუეტსაც ვხედავდი. სურათი ძალზე მყისიერი იყო, და მეც ძლიერ აღელვებული ვიყავი, რომ მისთვის მეტი ყურადღება მიმექცია.
 
ძალიან აღელვებული ტონით მოვუყევი, რომ შემეძლო დამეფიცა — შევარდნის სილუეტი დავინახე მის სახეზე. მას სიცილის კიდევ ერთი შემოტევა დაემართა. ასეთი მზერა შევარდნების თვალებში მინახავს. ხშირად ვნადირობდი მათზე, როცა ბავშვი ვიყავი, და ბაბუას აზრით, კარგი მონადირე ვიყავი. მას ლეგკორნის ქათმების ფერმა ჰქონდა, და შევარდნები საფრთხეს წარმოადგენდნენ მისი საქმისთვის. მათზე ნადირობა არა მხოლოდ ნამდვილი, არამედ «სწორი» საქმეც იყო. ამ მომენტამდე არასოდეს გამხსენებია მათი თვალების მრისხანება და ის, რომ ეს მრისხანება მრავალი წლის განმავლობაში თან დამყვებოდა. მაგრამ ეს ისე შორეულ წარსულში იყო, რომ როგორც ვფიქრობდი, გაქრა ჩემი მეხსიერებიდან.
 
— მე ოდესღაც შევარდნებზე ვნადირობდი.
 
— ვიცი, — შენიშნა დონ ხუანმა, როგორც თავისთავადი ფაქტი. მის ხმაში ისეთი თავდაჯერებულობა იყო, რომ გამეცინა. ვიფიქრე, რომ ცოტა მოგიჟო სუბიექტია. ჩვევა ჰქონდა ისე ელაპარაკა, თითქოს მართლა იცოდა, რომ შევარდნებზე ვნადირობდი. უკიდურეს არაკეთილგანწყობას ვგრძნობდი მის მიმართ.
 
— რატომ გაბრაზდი ასე? — მკითხა გულწრფელი ინტერესის ტონით.
 
არ ვიცოდი, რატომ. მან ძალიან უცნაურად გამომცადა. მთხოვა კვლავ შემეხედა მისთვის და მომეყოლა იმ «ძალიან უჩვეულო ფრინველის» შესახებ, რომელსაც იგი მაგონებდა. ჯიუტობას ვაგრძელებდი და წინააღმდეგობის გულისთვის ვთქვი, რომ აქ არაფერია სალაპარაკო. შემდეგ ვალდებულად ვიგრძენი თავი, მეკითხა, თუ რატომ თქვა, რომ იცის ჩემი შევარდნებზე ნადირობის შესახებ. პასუხის ნაცვლად, მან კვლავ ჩემს ქცევას გაუკეთა კომენტარი. მითხრა, რომ ძალიან ბრაზიანი ვინმე ვარ და ქუდის ჩამოვარდნის შემთხვევაშც კი დუჟი მიჩნდებოდა პირზე. მე გავაპროტესტე, რომ ასე არაა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან მშვიდი და არაკონფლიქტური ვარ. ვუუთხარი, რომ ჩემი წყობილებიდან გამოყვანა მისი ბრალი იყო და მისი მოულოდნელი სიტყვებისა და ქცევების დამსახურება იყო.
 
— მაგრამ რატომ ბრაზი? — მკითხა მან.
 
მე გავაანალიზე ჩემი გრძნობები და რეაქციები. მართლაც, მე არ მქონდა მასზე გაბრაზების მიზეზი. კვლავაც ჩამაჯინდა, რომ თვალებში მეცქირა მისთვის და მომეყოლა «უჩვეულო შევარდნის» შესახებ. მან სიტყვები გადააკეთა. მანამდე ამბობდა «ძალიან უჩვეულო ფრინველს», ახლა კი —«უჩვეულო შევარდენს». სიტყვების ცვლილებამ ჩემს განწყობაშიც გამოიწვია ცვლილება. უეცრად სევდა ვიგრძენი.
 
მან თვალები მოწკურა და ზედრამატული ხმით განაცხადა, რომ ის «ხედავს» ძალიან უცნაურ შევარდენს. ეს განცხადება სამჯერ გაიმეორა, თითქოს მართლა თავის წინ ხედავდა.
 
— ნუთუ არ გახსოვს იგი? — მკითხა მან.
 
მსგავსს ვერაფერს ვიხსენებდი.
 
— რა აქვს ამ შევარდენს უჩვეულო? — ვკითხე მე.
 
— ეს შენ უნდა მითხრა, რა აქვს, — შენიშნა მან.
 
ვამტკიცებდი, რომ ვერანაირად ვერ ვხვდებოდი, რაზე საუბრობდა, ამიტომ ვერაფერს მოვუყვებოდი.
 
— ნუ მებრძვი, — თქვა მან. — შენს სიზარმაცეს ებრძოლე და გაიხსენე.
 
სერიოზულად ვცდილობდი წამით მაინც გამეგო მისთვის. აზრად არ მომდიოდა, რომ ზუსტად ასევე შემეძლო გახსენება მეცადა.
 
— იყო დრო, როცა მრავალი ფრინველი ნახე, — ამბობდა და თითქოს განწყობას მიქმნიდა.
 
ვუთხარი, რომ როცა ბავშვი ვიყავი და ფერმაში ვცხოვრობდი, ვნადირობდი და ასობით ფრინველი მომიკლავს. მან მითხრა, რომ თუ ეს ასეა, მაშინ არანაირად არ უნდა გამიჭირდეს ყველა უჩვეულო ფრინველის გახსენება, რომლებზეც მინადირია.
 
შემომხედა. თვალებში კითხვა ჰქონდა, თითქოს ამ წამს უკანასკნელი გასაღები მომცა.
 
— კი, მაგრამ მე ძალიან ბევრ ფრინველზე ვნადირობდი, — ვთქვი მე. — ამიტომ ვერაფერს ვიხსენებ მათზე.
 
— ეს ფრინველი განსაკუთრებულია, — თქვა მან ჩურჩულით. — ეს ფრინველი — შევარდენია.
 
მე კვლავ დავიწყე ფიქრი, თუ საითკენ უმიზნებდა. განგებ მაწვალებს? თუ სერიოზულად ამბობს? ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კვლავ მთხოვა, რომ გამეხსენებინა. ვიგრძენი, რომ ამაო იყო მისი თამაშის შეწყვეტის მცდელობა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო, მასში მონაწილეობა იყო.
 
— შენ მეუბნები შევარდენზე, რომელზეც მე ვნადირობდი? — ვკითხე მე.
 
— კი, — ჩაიჩურჩულა დახუჭული თვალებით.
 
— ეს ჩემს ბავშვობაში მოხდა?
 
— კი.
 
— კი, მაგრამ შენ ამბობდი, რომ პირდაპირ ახლა, შენ წინ ხედავ შევრდენს.
 
— ვხედავ.
 
— რის გაკეთებას მაიძულებ?
 
— გაიძულებ, რომ გაიხსენო.
 
— ღვთის გულისათვის! რა უნდა გავიხსენო?
 
— შევარდენი, სწრაფი, როგორც სინათლე, — მითხრა, და თან თვალებში მიყურებდა.
 
ვიგრძენი, რომ გული გამიჩერდა.
 
— ახლა შემომხედე, — თქვა მან.
 
მაგრამ მე არ შევხედე. მისი ხმა მესმოდა, როგორც სუსტი ბგერა, რაღაც საოცარმა მოგონებამ ბოლომდე შემიპყრო.
 
თეთრი შევარდენი!
 
ყველაფერი დაიწყო ბაბუაჩემის რისხვით, როცა ის თავის ლეკგორნის ქათმებს ითვლიდა. ისინი უცნაურად ქრებოდნენ. მან პირადად გააკეთა საგუშაგოების ორგანიზება და რამდენიმე დღიანი გამუდმებული დაკვირვების შემდეგ, როგორც იქნა დავინახეთ დიდი თეთრი ფრინველი, რომელიც ბრჭყალებში ახალგაზრდა ლეკგორნის ქათამთან ერთად მიფრინავდა. ფრინველი ძალიან სწრაფი იყო და აშკარად იცოდა თავის გზა. საიდანღაც, ხეებიდან გამოფრინდა, ქათამი აიტაცა და სადღაც ორ ტოტს შორის გაუჩინარდა. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ბაბუაჩემმა ძლივს მოასწრო შემჩნევა. მაგრამ მე შევამჩნიე, და მე ვიცოდი, რომ ეს მართლა შევარდენი იყო. ბაბუაჩემმა თქვა, რომ იგი ალბათ ალბინოსი უნდა ყოფილიყო.
 
ჩვენ დავიწყეთ კომპანია ალბინოსი-შევარდენის წინაღმდეგ და ორჯერ მომეჩვენა, რომ გავარტყი მას. თავისი მსხვერპლიც კი გააგდო ბრჭალებიდან, მაგრამ გაფრინდა. იგი მეტისმეტად სწრაფი იყო ჩემთვის. იგი ასევე მეტისმეტად ჭკვიანიც იყო. მეტჯერ აღარასოდეს დაბრუნებულა ბაბუაჩემის ფერმაში სანადიროდ. დავივიწყებდი, ბაბუას რომ არ წავექეზებინე, რომ მენადირა მასზე. ორი თვის განმავლობაში ვეძებდი ალბინოს შევარდენს მთელს ველზე, სადაც ვცხოვრობდი. შევისწავლე მისი ქცევები და ინტუიტიურად ვპოულობდი მისი ფრენის მარშრუტებს. თუმცაღა მისი სისწრაფე და მოულოდნელობა ყოველთვის ჩიხში მაქცევდა. შემეძლო მეტრაბახა, რომ ხელს ვუშლიდი ნადავლის გატაცებაში, და ეს ხდებოდა ყოველ ჯერზე, როცა ვნახულობდი, მაგრამ მოკვლა ვერანაირად ვერ შევძელი.
 
მთელი ორი თვის განმავლობაში, სანამ ამ უცნაურ ომში ვიყავი ალბინოსი შევარდნის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთხელ ვიყავი მასთან ახლოს. მთელი დღის განმავლობაში ვეძებდი და დავიღალე. მაღალი ევკალიპტის ხის ქვეშ დასასვენებლად ჩამოვჯექი და ჩამომეძინა. შევარდნის მოულოდნელმა კივილმა გამომაღვიძა. მე თვალები გავახილე, სხვა არანაირი მოძრაობა არ გამიკეთებია, და დავინახე თეთრი ფრინველი, რომელიც ევკალიპტის ყველაზე მაღალ ტოტებზე ჩამომჯდარიყო. ეს სწორედ ის ალბინოსი შევარდენი იყო. ნადირობა დასრულდა. ეს რთული გასროლა უნდა ყოფილიყო. ზურგზე ვიწექი, ფრინველი კი ჩემსკენ ზურგით იჯდა. ქარის უეცარი დაქროლვა გამოვიყენე იმისთვის, რომ ჩემი 22–კალიბრიანი გრძელი იარაღის და დამიზნების ხმა ჩამეხშო. მინდოდა დავლოდებოდი, სანამ ფრინველი შემობრუნდებოდა, ან აფრენას დაიწყებდა, რათა არ ამეცილებინა. მაგრამ ალბინოსი გაუნძრევლად იჯდა. მიზანში უკეთ ამოსაღებად სხვა ადგილისკენ უნდა გადავნაცვლებულიყავი, შევარდენი კი ძალიან სწრაფი იყო, რომ ამის საშუალება მოეცა. ვფიქრობდი, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ დაველოდებოდი, რასაც ვაკეთებდი კიდეც უსასრულოდ დიდხანს. შესაძლოა ამ ხანგრძლივმა ლოდინმა იმოქმედა ჩემზე, ან შესაძლოა ეს იმ ადგილის მარტოობის გამო იყო, სადაც მე და ფრინველი ვიმყოფებოდით. უეცრად ზურგზე შემაჟრჟოლა, და როგორც სრულიად უპრეცედენტო საქციელი, ავდექი და წამოვედი. არც კი გამიხედავს უკან — აფრინდა თუ არა ფრინველი.
 
მე არასოდეს მიმინიჭებია განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ საქციელისთვის, და მაინც, საოცრად უცნაური იყო, რომ არ მოვკალი. ათეულობით შევარდენი მომიკლავს მანამდე. იმ ფერმაში, სადაც გავიზარდე, ფრინველზე ან ნებისმიერ სხვა ცხოველზე ნადირობა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
 
დონ ხუანი ყურადღებით მისმენდა, სანამ ალბინოსი შევარდნის ისტორიას ვუყვებოდი.
 
— საიდან გაიგე შევარდნის შესახებ? — ვკითხე ბოლოს.
 
— მე დავინახე იგი, — მიპასუხა მან.
 
— სად?
 
— ზუსტად აქ, შენ წინ.
 
კამათის განწყობა აღარ მქონდა.
 
— რას ნიშნავს ეს ყველაფერი? — ვკითხე მე.
 
მან მითხრა, რომ თეთრი ფრინველი ნიშანი იყო, და არსროლა ერთადერთი სწორი საქციელი – ჩემი მხრიდან.
 
— შენმა სიკვდილმა პატარა გაფრთხილება მოგცა, — თქვა მან იდუმალი ტონით. — იგი ყოველთვის ჟრჟოლის სახით მოდის.
 
— რაზე ამბობ? — ვკითხე ნერვიულად.
 
მან მართლაც არია ჩემი ნერვები თავისი ჯადოქრული საუბრით.
 
— შენ ბევრი რამ იცი ფრინველების შესახებ, — თქვა მან. ბევრი მათგანი მოკალი. იცი, როგორ ელოდო. საათობით ელოდი მოთმინებით. მე ვიცი ეს. მე ვხედავ ამას.
 
მისმა სიტყვებმა დიდი მღელვარება გამოიწვია ჩემში. ვიფიქრე, რომ ყველაზე მეტად მისი თავდაჯერებულობა მაღიზიანებდა. არ შემეძლო მისი დოგმატური დარწმუნებულობის ატანა ჩემი საკუთარი ცხოვრების იმ მომენტებთან მიმართებაში, რომლებშიც თავადაც არ ვიყავი დარწმუნებული. ჩემი გრძნობებით განზე გავდექი, და ვერ დავინახე, როგორ დამადგა თავზე, სანამ პირდაპირ ყურში არ ჩამჩურჩულა რაღაც. თავიდან ვერ გავიგე, ამიტომ გამიმეორა.
 
მან თქვა, რომ ფრთხილად შევბრუნებულიყავი და შემეხედა ლოდისთვის ჩემს მარცხნივ. მითხრა, რომ იქ ჩემი სიკვდილი იმყოფებოდა, რომელიც მიყურებდა, და თუ იმ მომენტში შევბრუნდებოდი, როცა სიგნალს მომცემდა, მაშინ დავინახავდი მას.
 
ნიშანი თვალებით მომცა. მე შევბრუნდი, და ვფიქრობ, რომ დავინახე, როგორ გაიელვა რაღაც მოძრაობამ ლოდის თავზე. მთელ სხეულში შემაჟრჟოლა. მუცლის კუნთები თავისდაუნებურად შეიკუმშა, და რყევები, სპაზმები ვიგრძენი. რამდენიმე წამში წონასწორობა აღვიდგინე და საკუთარ თავს ავუხსენი გამკრთალი აჩრდილის ჩვენება, როგორც ოპტიკური ილუზია, გამოწვეული თავის მკვეთრი შეტრიალებით.
 
— სიკვდილი — ჩვენი მარადიული კომპანიონია, — თქვა დონ ხუანმა სერიოზული ტონით. — იგი ყოველთვის მარცხნივაა ჩვენგან, გაწვდილი ხელის მანძილზე. იგი თვალ-ყურს გადევნებდა მაშინ, როცა შენ თეთრ შევარდენს ადევნებდი თვალ-ყურს. მან ყურში ჩაგჩურჩულა, და შენ ჟრჟოლა იგრძენი ისევე, როგორც დღეს. იგი ყოველთვის გაკვირდებოდა, და ყოველთვის დაგაკვირდება იმ დღემდე, სანამ არ შემოგიტყაპუნებს.
 
იგი მარცხენა ხელით ოდნავ შეეხო ჩემს მხარს და ამავდროულად ენით ღრმა ტკაცუნა ბგერა გამოსცა. ეფექტი შემაძრწუნებელი იყო. კინაღამ ცუდად გავხდი.
 
— შენ ის ბავშვი ხარ, რომელიც მსხვერპლს უთვალთვალებდა და მოთმინებით ელოდა, როგორც სიკვდილი ელოდება. კარგად იცი, რომ სიკვდილი ჩვენ მარცხნივაა, ისევე როგორც შენ იყავი თეთრი შევარდნის მარცხნივ.
 
მისი სიტყვების უცნაურმა ძალამ დაუძლეველი შიშის შეგრძნება მომიტანა. ჩემი ერთადერთი დაცვა იყო მისწრაფება, რომ ყველაფერი ჩამეწერა, რასაც კი ამბობდა.
 
— როგორ შეიძლება, ვინმემ ასე მნიშვნელოვნად იგრძნოს თავი, როცა ვიცით, რომ სიკვდილი გვითვალთვალებს? — მკითხა მან.
 
მქონდა შეგრძნება, რომ ჩემგან პასუხი არ იყო საჭირო. ყოველ შემთხვევაში არაფრის თქმა არ შემეძლო. ახალი განწყობა დამეუფლა.
 
—როცა მშვიდად არ ხარ, მარცხნივ უნდა შებრუნდე და საკუთარ სიკვდილს ჰკითხო რჩევა. წვრილმანების აურაცხელი რაოდენობა მოგეხსნება, თუკი შენი სიკვდილი ნიშანს მოგცემს, ან მის ანარეკლს შეამჩნევ, ან უბრალოდ გრძნობა გაგიჩნდება, რომ შენი კომპანიონი აქაა და გელოდება.
 
იგი კვლავ წინ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა, რომ თუ მის ნიშანზე უეცრად შევბრუნდები მარცხნივ, ისევ შევძლებ ლოდზე ჩემი სიკვდილის დანახვას. მისმა თვალებმა თითქმის შეუმჩნეველი ნიშანი მომცა, მაგრამ მე ვერ გავბედე შეხედვა. ვუთხარი, რომ მჯეროდა მისი და აღარ იყო საჭირო ამ საკითხის მეტად გაღრმავება, რადგანაც მეშინოდა. მას კვლავაც ჰქონდა ერთ-ერთი შემოტევა მისთვის დამახასიათებელი ხარხარ-სიცილებიდან.
 
მან შენიშნა, რომ საკითხს ჩვენი სიკვდილის შესახებ არასოდეს განიხილავენ საკმაოდ ღრმად. მაგრამ მე შევეკამათე, რომ ჩემთვის უაზრობა იქნებოდა სიკვდილზე ფიქრი, რადგანაც ასეთი აზრები უხერხულობას და შიშს მოიტანდნენ.
 
— ყოველგვარი სისულელით ხარ სავსე! — წამოიძახა მან. — სიკვდილი, ეს ერთადერთი ბრძენი მრჩეველია, რომელიც ჩვენ გვყავს. როცა არ უნდა იგრძნო, როგორც ჩვეულებრივ გრძნობ ხოლმე, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, და აი, სადაცაა დაიკარგები, შებრუნდი მარცხნივ, შენი სიკვდილისკენ და ჰკითხე — მართლა ასეა? შენი სიკვდილი გეტყვის, რომ არ ხარ მართალი, რომ სინამდვილეში არაფერს, გარდა მისი შეხებისა, მნიშვნელობა არ აქვს. შენი სიკვდილი გეტყვის: «მე ჯერ არ შეგხებივარ».
 
მან თავი დააქნია და, როგორც ჩანს, ჩემს პასუხს ელოდა. მაგრამ მე ის არ მქონდა. ჩემი ფიქრები გადარბენაზე იყვნენ. მან საშინელი დარტყმა მიაყენა ჩემს თავმოყვარეობას. დაწვრილმანება იმ დონემდე, რომ უკმაყოფილო ვყოფილიყავი მისით, საშინელი იყო ჩემი სიკვდილის ფონზე.
 
ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ბოლომდე გააცნობიერა ჩემი განწყობის ცვლილება. მან მიმართულება თავის სასარგებლოდ შეცვალა. გაიღიმა და მექსიკური მოტივის კნავილი დაიწყო.
 
— დიახ, — თქვა მან რბილად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. — ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა შეიცვალოს, თანაც სწრაფად. ერთ-ერთმა ჩვენგანმა უნდა გაიგოს, რომ სიკვდილი მონადირეა, და იგი ყოველთვის მისგან მარცხნივ იმყოფება. ერთ-ერთმა ჩვენგანმა რჩევა უნდა ჰკითხოს სიკვდილს და მოიშოროს დაწყევლილი მეწვრილმანეობა, დამახასიათებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ისე გადიან თავის ცხოვრებას, თითქოს სიკვდილი არასოდეს შეეხებათ.
 
საათზე მეტხანს ჩუმად ვიჯექით. შემდეგ კვლავ წავედით. საათობით ვხეტიალობდით უდაბნოს ჩაპარალში. არ მიკითხავს ამის მიზეზი. მნიშვნელობა არ ჰქონდა. რაღაცნაირად კვლავ მაიძულა, რომ ძველი გრძნობა დამეჭირა, რაღაც ისეთი, რაც სრულიად დავივიწყე. მშვიდი სიხარული იმისგან, რომ უბრალოდ მიდიხარ, და ამას არანაირ ინტელექტუალურ მიზანს არ აკავშირებ.
 
მინდოდა, რომ დამხმარებოდა იმის დანახვაში, რაც ლოდზე დავინახე.
 
— საშუალება მომეცი, რომ კვლავ დავინახო ის აჩრდილი, — ვუთხარი მე.
 
— შენს სიკვდილს გულისხმობ, ასე არაა? — მიპასუხა მან ირონიანარევი ხმით. რაღაც დროის განმავლობაში ვერანაირად ვერ ვამბობდი ამას.
 
— დიახ, — ვთქვი ბოლოსდაბოლოს. — კიდევ ერთხელ მაჩვენე ჩემი სიკვდილი.
 
— ახლა არა, — თქვა მან. — შენ ძალიან გამთლიანებული ხარ.
 
— მაპატიე, ვერ გავიგე.
 
მას გაეცინა, და რაღაც მიზეზის გამო მისი სიცილი აღარ იყო გამაღიზიანებელი, როგორც მანამდე. არ მგონია, რომ შეცვლილიყო ხმის სიმაღლის ან სხვა რაიმე თვალსაზრისით. ახალი ელემენტი ჩემი განწყობა იყო. მომლოდინე სიკვდილის ფონზე ჩემი შიშები და გაღიზიანება სისულელედ ჩანდა.
 
— მაშინ ნება მომეცი, რომ მცენარეებს დაველაპარაკო, — ვუთხარი მე.
 
— მეტისმეტად კარგი ხარ ახლა, — თქვა სიცილით. — ერთი უკიდურესობიდან მეორეს ეხეთქები. დამშვიდდი. არაა აუცილებელი მცენარეებთან ლაპარაკი, თუ მათი საიდუმლოებების გაგება არ გინდა. და ამისთვის ყველაზე ურყევი განზრახვები გჭირდება. ამიტომ, ნუ გაფლანგავ შენს კეთილ სურვილებს. არც შენი სიკვდილის დანახვაა საჭირო. საკმარისია, რომ მის გვერდით ყოფნას გრძნობ.
 
1  2  3  4  5  6  7  8  9