EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ავჭალის ისტორია - ჩემი ქალაქი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Demien
თარიღი: 2019-02-10 21:41:35
გადმოცემით, მდინარის ახლოს განლაგებული, გაუვალი ჭაობებით დაფარული ტერიტორია შიშს გვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ავი სულები ბინადრობდნენ. მგზავრები ცდილობდნენ გაცლოდნენ ამ ადგილს, რომელსაც ძველთაგან „ავი ჭალის“ სახელი ეწოდა.
ავჭალა თბილისს ოფიციალურად 1962 წელს შემოუერთდა. ამჟამად იგი ლენინის სახ. რაიონის სამრეწველო გარეუბანია. მანამდე კი იგი გარდაბნის რაიონის ერთ–ერთი სოფელი იყო, თბილისის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედის მთისწინეთის ტერიტორიაზე.
ავჭალის დასახლება უძველესი დროიდან არის ცნობილი. დიდი თურქობის დროს XI – ს.–ის 80–იან წლებში თურქები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. „ზამთრისა მოწევასა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ავჭალას (ჰავჭალას), დიღომს (დიღუამს)“ – მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, როდესაც იგი დიდი თურქობის დროის ამბებს აღწერს. IX–XI საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა. XII–XIII საუკუნეებში კი კახეთის საერისთავოს ეკუთვნოდა.
ავჭალასთან მდინარეზე ხელსაყრელი ფონი იყო, რითაც მტრები და მათ შორის ლეკი მოთარეშეები სარგებლობდნენ. მათგან თავდასაცავად მე–18 საუკუნის 30–იან წლებში აქ მტკვრის გაყოლებით ციხე–კოშკები აშენდა. სოფელი ავჭალა ამ დროისათვის თავად გურამიშვილების მამულში შედიოდა. გასული საუკუნის, შუა ხანამდე მოაღწია მტკვრის პირას მდგომმა თავად გურამიშვილის სასახლემ, რომელიც გალავნით იყო გარშემორტყმული.
ავჭალისკენ მიმავალ გზას აჩვენებს ვახუშტი ბატონიშვილი მის მიერ შედგენილ თბილისის პირველ გეგმაზე (1735 წ.). თბილისის ტერიტორიაზე იგი გარეთ ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის გადიოდა. იგივე გზა აღნიშნულია მე–19 საუკუნის დასაწყისში ტიხონოვის მიერ შედგენილ თბილისის სიტუაციურ გეგმარზეც, სოფელ კუკიასთან, კვირაცხოვლის ხევის გადაღმა, სადაც ორად იყოფოდა. მტკვართან უფრო ახლო გამავალ გზას გეგმაზე ეწოდება „ქვედა გზა სოფელ დიდი ავჭალისკენ“, ხოლო მეორეს – „ზედა გზა“. ამ უკანასკნელს უფრო ვრცელი განმარტებაც აქვს: «Верхняя дорога в сел. Большие Овчалы и от онаго выходит в местечко Цхет на болшую в Россию идущую дорогу» ქვედა ავჭალის დასახლების დიდი ნაწილი ნაჩვენებია შემდგომშიც. მე–19 საუკუნის შუა ხანებში შედგენილ თბილისის სიტუაციურ გეგმაზე.
ჩვენ დროში ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც აქ 1927 წელს დამთავრდა საბჭოთა კავშირში ერთ–ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ელსადგურის არქიტექტურული ნაწილის ავტორია ა. კალგინი, მ. მაჭავარიანისა და კ. ლეონტიევის მონაწილეობით. ავტორებმა მოხერხებულად გამოიყენეს რელიეფი და ორგანულად ჩაწერეს ნაგებობები გარემოცვაში. გარე არქიტექტურაში ტაქტითაა გამოყენებული ეროვნული მოტივები. კომპლექსში ჩართულია ვ.ი. ლენინის 16–მეტრიანი მონუმენტური ძეგლი, რომელიც მთავარი სადგურიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული (მოქანდაკე ი. შადრი, არქიტექტორი ს. ჩერნიშოვი).
თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური პროექტით გათვალისწინებულია ავჭალის შემდგომი განაშენიანება. ავჭალის საცხოვრებელი რაიონის ფართობი დაგეგმილია 450 ჰექტარზე. იგი უშუალოდ ესაზღვრება თბილისის ზღვას. დასავლეთიდან ტერიტორიას საზღვრავს ავჭალის გზატკეცილი, ჩრდილოეთიდან – ხევი, „ხევძმარა“, ჩრდილო–აღმოსავლეთიდან ე.წ. „მშრალი ხევი“, ხოლო სამხრეთიდან – თბილისის ზღვის მწვანე ზონა. ავჭალა სამ ზონად იყოფა. ავჭალა პირველი – 210 ჰექტარი, მეორე – 180 და გეგმარებითი რაიონის ცენტრი – 150. ეს საამშენებლო ბაქნები გამოიყოფა რელიეფის თავისებურებებით და გარშემოსავალი გზით. ავჭალა პირველის დიდი ნაწილი (სამი მიკრორაიონი ოთხიდან) განაშენიანებულია სხვადასხვა დროს შემუშავებული პროექტების საფუძველზე.
პროექტით, ავჭალა პირველის კომპოზიციურ ღერძს წარმოადგენს საპარკო ზონა, რომელსაც საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქცია დაეკისრება. მწვანე ზოლის ორთავ მხარეს საცხოვრებელი მიკრორაიონებია განლაგებული. პირველი მიკრორაიონი განაშენიანებულია 5–სართულიანი სახლებით, მეორე და მესამე მიკრორაიონი 8–სართულიანი მსხვილბლოკური სახლებით, ხოლო მეოთხე მიკრორაიონი მთლიანად განაშენიანდება ცხრასართულიანი მსხვილპანელოვანი და მსხვილბლოკური სახლებით. სივრცითი კომპოზიციის ორგანიზაციისთვის გამოყენებულია 16–სართულიანი კარკასულ–პანელური სახლები.
ავჭალა მეორის ტერიტორია დაყოფილია ოთხ მიკრორაიონად (არქიტექტორები თ. ბოჭორიშვილი და გ. გელდიაშვილი). ყოველი მიკრორაიონის ცენტრალური ნაწილი დათმობილია ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მწვანე ზონისათვის. ხეივნების ორივე მხარეზე დაპროექტებულია საცხოვრებელი სახლების ორ–ორი ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებული არიან შიდა ეზოების სივრცეებით. საბავშვო დაწესებულებები გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლების ჯგუფების შუალედში. ყოველი მიკრორაიონის შუა ნაწილში, შენობების პირველ სართულებში, განთავსდება მოსახლეობის პირველადი მომსახურების დაწესებულებები. მიკრორაიონებში დაპროექტებულია აგრეთვე რაიონული დანიშნულების ობიექტები – კლუბები, კინოთეატრები.
დაგეგმარებული რაიონის ცენტრს 150 ჰექტარი უკავია. მის მთავარ ღერძს კულტურულ–საყოფაცხოვრებო და ადმინისტრაციული შენობით განაშენიანებული ხეივანი ქმნის. ცენტრი, საზოგადოებრივი ბირთვი გახსნილია ხევძმარას ხევისაკენ. პროექტი ამ ადგილზე საპარკო ზონის და წყალსატევის შექმნას გულისხმობს. ცენტრის განაშენიანება გათვალისწინებულია ინდივიდუალური პროექტის საფუძველზე.
ავჭალის საცხოვრებელ რაიონში 60 ათასამდე თბილისელი დასახლდება.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.