EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რა არის ოფლი? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: evpatori

თარიღი: 2013-02-02 12:30:22

რა არის ოფლი?

 

რა არის ოფლი და რაზეა დამოკიდებული მისი შემადგენლობა?
 
 
ოფლი - ეს არის გამჭვირვალე სითხე, რომელიც კანში არსებული სპეციალური საოფლე ჯირკვლებიდან გამოიყოფა. შედგება ძირითადად წყლისგან, ცოტაოდენი შარდოვანასგან, მარილებისგან, ცხიმებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისგან. მასთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები.
 
ოფლი კანის ზედაპირიდან ორთქლდება და ორგანიზმს აგრილებს. ზრდასრული ადამიანი დღე-ღამეში საშუალოდ 700-900 გრამ ოფლს გამოყოფს, გაძლიერებული ოფლის გამოყოფის შემთხვევაში (მაგალითად, ოფლმდენი საშუალების მიღებისას) კი 1500-2000 გრამს. საოფლე ჯირკვლების არაპროპორციული განლაგების გამო ადამიანის კანის სხვადასხვა უბანი სხვადასხვანაირად ოფლიანდება. ყველაზე ხშირად - ხელისგულები, ტერფები, იღლიის ქვეშა მიდამო, შუბლი, ლოყები, მკერდი. ადამიანების უმრავლესობას სხეულის მარჯვენა ნახევარი უფრო ძლიერად ეოფლება, ვიდრე მარცხენა.
 
 
როგორია ოფლის შემადგენლობა?
ოფლის შემადგენლობა დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საკვებ რაციონზე. ჩვეულებრივ, ოფლი მჟავე ბუნებისაა. მისი პH 4-დან 6-მდეა. შეიცავს წყალს (99%), მინერალურ მარილებს (ნატრიუმის ქლორიდი), ვიტამინს, ანტისხეულებს, შარდოვანას, შარდმჟავას, ამიაკს, რძემჟავას (რომელიც იზიდავს კოღოებს).
ოფლის გამოყოფაზე უშუალო გავლენას ახდენს ფიზიკური აქტივობა - იგი ძლიერდება, რათა დატვირთვის შედეგად ორგანიზმი არ გადახურდეს. ჰიპერჰიდროზის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით, სპორტსმენები უფრო მეტ ოფლს გამოყოფენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები, რადგან მათი სხეული ვარჯიშებზე მუდმივი ოფლიანობის გამო უფრო დაბალ ტემპერატურასთან არის ადაპტირებული.
მამაკაცები ქალებზე 4-ჯერ მეტ ოფლს გამოყოფენ, თუმცა ორივე სქესს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის საოფლე ჯირკვლები აქვს. საქმე ის არის, რომ მამაკაცები ქალებზე დიდი ტანისანი არიან და, შესაბამისად სხეულის ზედაპირიც, რომელიც გაგრილებას საჭიროებს, უფრო დიდი აქვთ. ოფლის გამოყოფას აძლიერებს მამაკაცური ჰორმონებიც.
ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ოფლი ოფლია. სინამდვილეში, საქმე მთლად ასე არ არის. ეგზოკრინული საოფლე ჯირკვლები პასუხს აგებს "წყლიანი ოფლის" გამოყოფაზე, რომელიც ძირითადად წყლისა და მარილებისგან შედგება. ეს ჯირკვლები მთელ სხეულზეა მიმოფანტული, მაგრამ უმთავრესად ხელ-ფეხსა და სახეზეა თავმოყრილი და ორგანიზმის გასაგრილებლად მუშაობს ფიზიკური დატვირთვისა თუ მაღალი ტემპერატურის დროს. აპოკრინული საოფლე ჯირკვლები გაცილებით ნაკლებ ოფლს გამოყოფს და იმ უბნებზე მდებარეობს, სადაც განლაგებულია თმის ფოლიკულები. სწორედ ეს ჯირკვლები აძლევს ოფლს არასასიამოვნო სუნს, თუმცა მათი მუშაობა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.
ოფლი ზოგჯერ სტრესის სიგნალია. ადამიანი თავის მდგომარეობას მიმიკით, ჟესტიკულაციითა და ხმით გადმოსცემს, თუმცა დაძაბულობას ზოგჯერ ოფლიანობაც ამხელს.
 
 
ძლიერ იოფლებით?
მოსახლეობის დაახლოებით 1-3%-ს აღენიშნება ჰიპერჰიდროზი - ოფლის ჭარბი გამოყოფა. მისი უშუალო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით, რომ სიმპტომები, ჩვეულებრივ, მოზარდ ასაკში იჩენს თავს. ჰიპერჰიდროზის მქონე ადამიანებს  ოფლი ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე ასხამთ. განსაკუთრებით - იღლიის ქვეშ, ხელებზე, ფეხებსა და სახეზე. ჰიპერჰიდროზს სხვადასხვანაირად მკურნალობენ - ბოტოქსი, რომელსაც ფართოდ იყენებენ ნაოჭების გადასასწორებლად, ეფექტიანია იღლიისქვეშა მიდამოში ჭარბი ოფლდენის დროსაც. ინექციის შემდეგ ოფლის გამოყოფა 3-6 თვით წყდება. გარდა ამისა, ჰიპერჰიდროზის ბლოკირება შესაძლებელია ანტიპერსპირანტებით, ლიპოსაქციით და ელექტრომაგნიტური მეთოდებით. თუ გგონიათ, რომ ზომაზე მეტად ოფლიანდებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ანტიპერსპირანტის გამოსაყენებლად საუკეთესო დრო ღამეა. მათი აქტიური ინგრედიენტია ალუმინი ან ცირკონიუმი, რომლებიც წყალთან კონტაქტისას ახშობს საოფლე ჯირკვლებს და აჩერებს ოფლის გამოყოფას. თუ ანტიპერსპირანტს სველ კანზე წაისვამთ, ქიმიური რეაქცია მაშინვე დაიწყება კანის ზედაპირზე და არა ფორებში, ამიტომ ეფექტი ნულოვანი იქნება. ამიტომაც არის რეკომენდებული ანტიპერსპირანტის წასმა ღამით, როდესაც ოფლის გამოყოფა ყველაზე მცირეა. მისი ეფექტი მეორე დილით, შხაპის დროსაც კი გაგრძელდება. შხაპის შემდეგ კი შეგიძლიათ თქვენი საყვარელი დეზოდორანტი წაისვათ.