EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გასაუბრების შეკითხვები და მათი პასუხები »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: Demien
თარიღი: 2019-09-19 16:56:22
გასაუბრება ყოველთვის სტრესთან არის დაკავშირებული. ყოველი გასაუბრება რთულია, თუნდაც მანამდე ათობით გასაუბრება გქონდეს გავლილი. გასაუბრებები განსხვავდება ერთმანეთისაგან კომპანიების, სფეროების, ინტერვიუერების შესაბამისად. სტერსის შემცირების საუკეთესო ხერხია წინასწარ მომზადება.
ადამიანები, რომელთაც მრავალჯერ მოუწიათ გასაუბრების გავლა, აღნიშნავენ, რომ გასაუბრების შეკითხვები სტანდარტულია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მოსალოდნელი შეკითხვების განსაზღვრა და მათი პასუხების მომზადება. თქვენი ამოცანაა, საუკეთესო პასუხი გასცეთ ყველა შეკითხვას და ,,აჯობოთ’’ სხვა კანდიდატებს. კარგი იქნება, თუ გასაუბრებისთვის შემდეგი საფეხურების მიხედვით მოემზადებით:
- გამოიკვლიეთ კომპანიის საქმიანობის სფერო
- განსაზღვრეთ მოსალოდნელი შეკითხვები
- ჩამოაყალიბეთ საუკეთესო პასუხები
- გაირეთ ე.წ. რეპეტიცია
1. გასაუბრების წინ არსებითი მნიშვნელობა აქვს კომპანიის საქმიანობის სფეროს გაცნობას. ხშირად ვაკანსიაში არ არის აღნიშნული კომპანიის დასახელება. როდესაც კომპანიის წარმოადგენელი დაგიკავშირდებათ და გასაუბრებაზე დაგიბარებთ, არ მოგერიდოთ, გაამეორებინეთ კომპანიის სახელწოდება, მისამართი, დასვით შეკითხვები, ამაზეა დამოკიდებული თქვენი დასაქმება. იაქტიურეთ პირველივე დღიდან, მაგრამ ეს თავხედობაში არ უნდა გადაიზარდოს. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი აპლიკანტი თავად დაგვიკავშირდა კომპანიაში, ყურადღებით გამოგვკითხა პოზიციასთან დაკავშირებული მოვალეობები, გადაამოწმა, მივიღეთ თუ არა მისი რეზიუმე და ისაუბრა იმდენად სასიამოვნოდ, რომ ხელმძღვანელმა მაშინვე გადაწყვიტა ამ კანდიდატის აყვანა. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ ისეთი დეტალები წყვეტს თქვენს მომავალს, რასაც ვერც წარმოიდგენთ.
მაშასადამე, გასაუბრებამე აუცილებელია კომპანიის კვლევა. ესტუმრეთ მის ვებ გვერდს, თუ ვებ გვერდის მისამართი არ იცით, მოძებნეთ გუგლის დახმარებით. დღეს ყველა ნორმალურ კომპანიას აქვს ვებ გვერდი და, ვინაიდან ვებ გვერდი კომპანიის სახეა ინტერნეტ სივრცეში, წარმოდგენა შეგექმნებათ, თუ სად მიდიხართ, როგორ კომპანიაში.
2. კომპანიის კვლევა დაგეხმარებათ მოსალოდნელი შეკითხვებისა და შესაძლო პასუხების ჩამოყალიბებაში. პასუხის გაცემისას გაითვალისწინეთ ძირითადი რჩევები:
იყავით ენთუზიაზმით სავსე და თავდაჯერებული. არ იჩქაროთ, მაგრამ არც გააჭიანუროთ პასუხის გაცემა.
მოერიდეთ უსარგებლო სიტყვებს. დაივიწყეთ უაზრო ბგერები: ააა, ეეე, ისააა და ა.შ.
კარგი იქნება, თუ ჩამოწერთ მოსალოდნელ შეკითხვებსა და თქვენს პასუხებს. შემდეგ გადაიკითხეთ თქვენი პასუხები და შეამოკლეთ, რათა სათქმელი მოკლედ და ლაკონურად გადმოსცეთ. ხმამაღლა ივარჯიშეთ, წარმოიდგინეთ, ვითომ, გასაუბრებაზე ხართ. თუ დამხმარე გყავთ, მოაწყეთ ,,გასაუბრების სიმულაცია’’ – ასე მოსამზადებელი პროცესი საინტერესოც გახდება, სტრესიც მოგეხსნებათ და გასაუბრებაზე უფრო თავდაჯერებული იქნებით.
შეკითხვათა უმეტესობა შეეხება თქვენს პროფესიულ უნარებს ან თქვენი პიროვნების ტიპს. შევეცადეთ, ჩამოგვეყალიბებინა საქართველოში გასაუბრებებზე ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები, რჩევები მათი პასუხების მოსამზადებლად და პასუხთა მაგალითები:
1. ,,მიამბეთ თქვენ შესახებ რამდენიმე სიტყვით’’ (,,რას მეტყვით თქვენ შესახებ?“)
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ყურადღება გაამახვილეთ როგორც თქვენს პიროვნულ, ასევე პროფესიონალურ უნარებზე. იყავით გულწრფელი, მაგრამ ისაუბრეთ თქვენს საუკეთესო მხარეებზე, განსაკუთრებით მოცემულ პოზიციასთან დაკავშირებულ ღირსებებზე. ხაზი გაუსვით თქვენს გამოცდილებასა და დამსახურებას. მაგალითად:
ვარ პროფესიონალი თარჯიმანი წერილობითი და ზეპირი თარგმნის გამოცდილებით სხვადასხვა სფეროში. სინქრონულად ვთარგმნიდი კონფერენციებს, სემინარებსა და შეხვედრებს. ვთარგმნიდი საკონფერენციო და საპრეზენტაციო მასალებს. ვამზადებ სტატიებს სხვადასხვა ონლაინ თუ ბეჭდურ გამოცემაში როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე. საერთაშორისო სემინარებზე ვიყავი ტრენერის ასისტენტი და ფაცილიტატორი. მაქვს გუნდური თუ დამოუკიდებელი მუშაობის უნარები. ოფისის მენეჯერად მუშაობის შედეგად მივიღე კორესპონდენციის მომზადებისა და ორგანიზების გამოცდილება. ჩემი მიზანებია მაგისტრის ხარისხის აღება ბიზნესისა და მენეჯმენტის დარგში და ამ მხრივ გამოცდილების გაღრმავება.
თქვენი პასუხი კონკრეტულ პოზიციას უნდა მოარგოთ. დაკვირვებით წაიკითხეთ ვაკანსია, რათა ზუსტად იცოდეთ, რას ითხოვენ. ჩათვალეთ, რომ ეს არის რეკლამა – თქვენი თავის ,,გაყიდვის’’ ერთადერთი შანსი გასაუბრებაზე, რას იტყოდით?
2. ,,რა იყო თქვენი წინა სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი?’’
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა გასაუბრებაზე და ძალიან ბევრი გამოცდელი კანდიდატი სწორედ ამ კითხვით იჭრება. უპირველე ყოვლისა უნდა გვახსოვდეს ერთი მარტივი პრინციპი: არასოდეს თქვათ რაიმე უარყოფითი თქვენს წინა სამუშაოსა და უფროსზე. სხვა ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, ძალიან უსიამოვნო და ულამაზო მოსასმენია და თან, არაპროფესიონალიზმშიც ჩაგეთვლებათ. ისედაც ნათელია, რომ წინა სამსახური არ გაკმაყოფილებდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში არც დაიწყებდით ახალი სამსახურის ძებნას. ინტერვიუერი იფიქრებს, რომ თუ ამ პოზიციაზე აგიყვანენ და შემდეგ სამსახურიდან წახვალთ, ამ კომპანიასაც ასე ნეგატიურად დაახასიათებთ.
დაივიწყეთ საუბარი არასასიამოვნო სამუშაო პირობებზე, ცუდ გრაფიკზე, სტრესზე. თქვენი პასუხი უნდა იყოს პოზიტიური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ორიენტირებული სამომავლო გეგმებზე. მაგალითად:
ახალ გამოწვევებთან მსურს შეჭიდება და მინდა, ჩემი პროფესიული უნარები და გამოცდილება მოვსინჯო უფრო სხვა მიმართულებით, ვიდრე ამის შესაძლებლობა წინა პოზიციაზე მქონდა.
3. ,,თქვენი ძლიერი მხარე’’
ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ხაზი გაუსვათ თქვენს ძლიერ მხარეებს. ნუ ისაუბრებთ მხოლოდ ერთ ძლიერ უნარზე, აიღეთ სამი ან ოთხი მათგანი, როგორებიცაა მაგალითად: ლიდერობა, გუნდის მართვისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, ორგანიზაციული უნარები. დაფიქრდით, რომელი სიძლიერის ხაზგასმაა მნიშვნელოვანი მოცემული პოზიციისთვის. მაგ.: თუ ვაკანსია მოითხოვს პრობლემათა მართვისა და გადაწყვეტის უნარს, შეგიძლიათ შემდეგი სახის პასუხი ჩამოაყალიბოთ: ,,მაქვს ძლიერი ორგანიზაციული უნარები, შემიძლია პრიორიტეტების სწორად დასახვა და დროის ეფექტურად მართვა. მაგრამ ჩემი უძლიერესი მხარეა პრობლემათა გადაწყვეტისა და დავალების დროულად შესრულების უნარი’’.
4. ,,თქვენი სუსტი მხარე’’
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას სიფრთხილე გმართებთ. გასაუბრების სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ამ შეკითხვას ,,სისუსტით შენიღბული დადებითი უნარით’’ ვუპასუხოთ, ანუ უარყოფითი მხარე, დადებითად ვაქციოთ. გახსოვდეთ, გასაუბრებაზე ორიენტირებული უნდა იყოთ მხოლოდ პოზიტიურზე.
კიდევ ერთი საფრთხე ჩნდება ამ დროს: ინტერვიუერს ათასჯერ აქვს მოსმენილი ერთი და იგივე პასუხები, მაგალითად: ,,ვარ იდეალისტი და სხვებისგანაც მაქსიმუმს მოვითხოვ”. იყავით ინდივიდუალური და ისაუბრეთ პირადი გამოცდილების მიხედვით. მაგალითად:
,,ჩემთვის რთული იყო დავალებების გადანაწილება თანამშრომლებისთვის, რადგან მეგონა, მე ყველაზე უკეთ შევასრულებდი მათ. ამან ის განაპირობა, რომ რამდენჯერმე დროულად და ხარისხიანად ვერ შევასრულე დავალება. საჭირო აღმოჩნდა მეტი ყურადღება დამეთმო დროის მენეჯმენტისა და დავალებათა სწორად გადანაწილებისთვის, შედეგმაც არ დააყოვნა და ეს სისუსტე გადავლახე. შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ სისუსტე, რომლზეც საუბრობთ, არ უნდა იყოს პოზიციისთვის არსებითი უნარი.
5. ,,როგორ უმკლავდებით სტრესულ სიტუაციას?’’
მოიყვანეთ სტრესული სიტუაციის მაგალითი, რომელთან გამკლავება წარსულში მოგიხდათ. ისაუბრეთ, თუ როგორ გამოიყენეთ დროის მენეჯმენტის, პორბლემათა გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები სტრესის შესამცირებლად. მაგალითად, თქვით, რომ ასეთ დროს ძალიან გეხმარებათ სამოქმედო გეგმის შედგენა და პრიორიტეტების დასახვა. ნუ შეგეშინდებათ, აღიაროთ, რომ დახმარებას ითხოვთ, თუ მარტო ვერ ახერხებთ პრობლემის გადაჭრას. ამ შეკითხვაზე ყოველთვის მახსენდება სიტყვები ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმიდან: ,,მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ თუ შეკითვაზე პასუხი არ მეცოდინება, პირდაპირ გეტყვით. მაგრამ დამერწმუნეთ, ვიცი, როგორ ვიპოვო პასუხი და ვიპოვი კიდეც’’.
6. ,,რატომ არის ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესო?’’
სწორედ აქ დაგეხმარებათ კომპანიის შესახებ წინასწარ მოძიებული ინფორმაცია. აღნიშნეთ, რომ ყოველთვის გსურდათ, გემუშავათ კომპანიაში, რომელიც… ასეთ გვთვაზობს ასეთ მნიშვნელოვან მომსახურებას, ინოვაციურ პროდუქტს და ა.შ. აღნიშნეთ, კომპანიისთვის დამახასიათებელი რაიმე განსაკუთრებული დეტალი და ჩართეთ პასუხში. ისაუბრეთ, როგორ შეესაბამება კვალიფიკაციები და მიზნები კომპანიის მისიას, ხედვასა და ღირსებებს (მოიყვანეთ მაგალითებიც). აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია თქვენ რა გინდათ: წინა ადგილზე წამოსწიეთ კომპანიის მისია და მოხერხებულად დააკავშირეთ მასთან თქვენი მიზნები, საერთო მიზნები კი ორმაგ შედეგს იძლევა.