EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-10-14 17:37:47

რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
ჩოხა

ჩოხა (აზერ. Çuxa; ინგშ. чокхи; ლეზ. чухва; ხუნძ. чухъа; ლეზ. чухва; ყარაჩ.-ბალყ. чепкен; ოს. цухъхъа (диг. цохъа); ჩეჩ. чокхиб; აფხ. акәымжәы; ადიღ. фащэ; სომხ. չուխա; რუს. Черкеска; ყაბ. цей) — მამაკაცის ძირითადი სამოსი ქართულ წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდან. სიტყვა ჩოხის ფონეტიკურად სხვადასხვა ფორმა დასტურდება კავკასიის, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ენებში. ჩოხას უწოდებენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის სხვადასხვა მოსაცმელ სამოსელს, ხშირად — საჩოხე შალის ქსოვილსაც. მეგრულად ჩოხას ერქვა ღართი, ამავე სახელით ქსოვილსაც იხსენიებდნენ.

 
ჩოხა კაბების სახის სამოსელს განეკუთვნება. მათი საერთო ნიშანია მკვეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭიანი კალთა. არსებობს ე. წ. სამამაკაცო და სადიაცო ჩოხები.
 
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგისათვის დამოწმებულია ჩოხის სამი ძირითადი ტიპი:
 
1. ხევსურული ჩოხა — მოკლე უღილკილო სამოსი, შედგენილი ტრაპეციული დეტალებისაგან, აზღოტებისაგან. წინა მხარე, ფარაგი, მდიდრულად იყო მორთული აპლიკაციებით. გვერდებზე ჰქონდა კალთის შენაჭერი, ჩაქი, ანუ სამხედრო, რომელიც წელამდე ამოდიოდა. ჩოხაზე გამოსახული იყო სხვადასხვა ორნამენტული სიმბოლო, მ. შ. ჯვრები (ხატნი).
 
2. ქართლ-კახური ჩოხა — გრძელი, მუხლებს ჩამოცილებული სამოსი, მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო. მას მეტწილად უსარტყლოდ ატარებდნენ, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად ზეაკეცილს ატარებდნენ. საჩოხედ იხმარებოდა ქართული, დაღესტნური და ოსური შალი, უპირატესად შავი, წაბლისფერი და ლურჯი.
 
3. ზოგადკავკასიური ჩოხა (რუს. Черкеска) — ძირითადად ისევე იკერებოდა, ოღონდ ზედატანი მკვიდრად იყო ამოსხმული და წელზე მჭიდროდ იყო მორგებული. მკერდის ორსავე მხარეს ჰქონდა სამასრეები, მასრების თავზე ზოგჯერ ვერცხლის ძეწკვებს აბამდნენ, რომელთაც თავშეყრით ბეჭზე იმაგრებდნენ. ამ ტიპის ჩოხაზე ერტყათ ტყავის, აბზინდიანი ქამარი, რომლის ვერცხლის დეტალები მდიდრულად იყო შემკული. იკერებოდა როგორც შინაური ქსოვილის ისე ფაბრიკული მაუდისაგან (შავი, რუხი, თეთრი, ლურჯი, წითელი, ყავისფერი, ან უფრო იშვიათად სხვა ფერისა).
 
ka.wikipedia.org
 
ქართული სამოსის ისტორიიდან: "ჩოხა-ახალუხი" - პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი
სამოსი კაცობრიობის მიერ შექმნილი ნივთიერი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ადამიანთა ყოველდღიურ საზრუნავს, საკვების შემდეგ, ტანსაცმელი წარმოადგენდა და წარმოადგენს.[1]საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ხსეულის ხელოვნურ საბურავს, გარდა უტილიტარული დანიშნულებისა (სხეულის გარეგანი მოქმედებისაგან დაცვა), რიტუალური და სიგნიფიკატური ფუნქციაც გააჩნია. სამოსით ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისამდე შეიძლებოდა ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები ერთმანეთისაგან ეთნიკურად, გენდერულად და სოციალურად განგვესხვავებინა.[2] განხვავებული იყო საზეიმო და სამგლოვიარო ტანსაცმელი (ორიგინალური სამოსი გააჩნდათ და გაჩნიათ სასულიერო პირებს). საერთოდ, სამოსის სახეს (თარგი), შესამოსელის სახეობას (მასალა) ბევრად განაპირობებდა ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, კლიმატი, ხალხთა სამეურნეო საქმიანობა.
 
ნაირგვარი, მდიდარი და ორიგინალური იყო ქართული ხალხის სამოსელი. როგორც ცნობილია, ივანეჯავახიშვილი საქართველოს სახვნელი იარაღების ცოცხალ მუზეუმს უწოდებდა. გიორგი ჩიტაია კი იგივეს ქართული ხალხის სამოსის შესახებ ამბობდა. წინამდებარე სტატიაში მამაკაცის ჩვენში ცნობილ სამოსს - ჩოხა/ჩახა-ახალუხს შევეხებით.
 
ჩოხა ქართველთა ეროვნული სამოსია, რომელსაც ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით გარკვეული სახესხვაეობებიც გააჩნდა.
 
ისიც ყოველთაოდაა ცნობილი, რომ მამაკაცის ქართულ სამოსს - ჩოხა-ახალუხის, ქართველთა გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებიც მოიხმარდნენ. ასე რომ, ჩოხა საერთო კავკასიური სამოსიცაა. უნდა ითქვას, რომ ეს საერთო კავკასიური სამოსი სამეცნიერო ლიტერაში „ჩერქეზკის” სახელითაა ცნობილი, რაც იმის ასოციაციის იწვევს, რომ ის თითქოს ადიღეეკებმა შექმნეს და მათი მატერალური კულტურის ეს ელემენტი კავკასიის სხვა ხალხებში, და, მათ შორის, საქართველოშიც ადიღეელთაგან გავრცელდა.
 
ისმის კიტხვა: რომელი ეთნოსის მიერაა ის შექმნილი და საიდან გავრცელდა? დაჟინებით აღვნიშნავთ: მამაკაცის სამოსი - ჩოხა-ახალიხი საქართველოში გაჩნდა და აქედან შეითვისეს ის კავკასიის სხვა ხალხებმა.
 
სანამ სათანადო სამეცნიერო ლიტერატურას მოვიხმობთ ჩვენი მოსაზრების დასასტურებლად, მოკლედ უნდა დახასიათდეს ეს სამოსი, გაირკვეს თუ როგორი იყო ის ეთნოგრაფიულად ხემისაწვდომი დროისათვის (XIX საუკუნესა და XX საუკინის დასაწყისში).
 
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად ჩოხა-ახალუხის „სოციალური მაქკერის” ფუნქცია გააჩბდა; ის ქართველი თავადაზნაურობის სამოსი იყო (იგივე შეიძლება ითქვას ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის შესახებაც, სადაც მას ასევე მოსახლეობის სოციალურად დაწინაურებული ნაწილი იცვამდა). ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ჩოხა-ახალუხი გლეხობაშის პოპულარული იყო. გლეხთა წრეში ამ სამოსით სადღესასწაულოდ იმოსებოდნენ. მაგალითად, სოფელ დიღომში XX საუკუნის დასაწყისში ორი ჩოხა-ახალუხიჰქონდათ, რომელსაც ქორწილების დროს გაანათხოვრებდნენ და მას მეფეს აცვამდნენ. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში, მაგალითად, ზემო იმერეთში (საჩხერის რაიონი), თავადაზნაურობასთან ერთად, ჩოხა-ახალუხით იმოსებოდა შეძლებული გლეხობაც. ქორწილის დროს, თუ მეფე-დედოფალს ეროვნული სამოსი არ ჰქონდა, მას აუცილებლად შუძლებულები დროებით დაუთმობდნენ, განსაკუთრებუთ ეს ჩოხა-ახალუხის შესახებ ითქმის.
 
ქართული სამოსის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „შემოსილნი არიან ქართველნი და კახნი ერთრიგად; თავს სკალტისაგან ანუ შალისაგან ქუდი გრძელ-წვრილი, ბეწვეული, აფროსანი; ტანს კაბა ლარისა, სკალტისა ანუ ჩოხისა მუჴლთ ქუემომდე, მასზედ სარტყელი, შიგნით საგულე ბამბიანი კაბის უმოკლე, პერანგი აბრეშუმისა, ბამბისა ანუ ტილოსაგან, უგრძე კაბისა, და კისერი სრულიად მჩენი; ნიფხავი აბრეშუმისა, ანუ ბამბისაგან, ანუ ტილოსა. არამედ ცხენსა ზედა მოსიათ საწარმართული და მოგუნი, თჳნიერ მისსა - არა; ფერჴთა პაიჭი და წუღა რტავისა ანუ სკლატისა ხოლო მაშია სპარსული; უმცირესთა ჩუსტი და ქალამანი. კუალად ტყავ-ყაბა კაბისაგან უმოკლე და ტყავი ზამთარს დიდი [არამედ პირველ ერთმეფობისა შინა სცმიათ სხუაგუარ: თავს ქუდი გრძელი, რომლისა კუნჭული ზედა მცმელი და გრძელბეწოსანი, პერანდი/ბერული ტილოსი, საგულე და კაბა გრძელი კოჭამდე უღილოდ, მას ზედა სარტყელი ფოჩჩა შუებული, ტყავი დიდი საჴელ-ვიწრო და ფერჴთა ზედა მოგჳ, ვითარცა იცნობიან ნახატებთა ზედა]. ქალთაცა მსგავსად, გარნა სარტყელთა წუერნი ჩაშუებულნი და მას ზეით კაბა-აცალუხი ამოჭრილი, და თჳნიერ პერანგისაგან კიდე არარაჲ ჰფერავს, და პერანგი მჭჳრვალი, ხორცის მჩენელი, უპაიჭოთ ნიფხავი და ფერჴზედ წუღა-მაშია... ხოლო იმერთა მცირედ რაჲმე განიყოფების”.
 
ამრიგად, ქართველები, მამაკაცებიც და ქალებიც, კაბით (რა თმა უნდა, განსხბვევებულით) იმოსებოდნენ, რომლის სიგრძე მამაკაცებში მუხლების ქვემოთ ყოფილა. თავდაპირველად მამაკაცის კაბას/ჩოხას (სამეგრელოში მას „ღართი” ეწოდებოდა) ღილი არ გააჩნდა, ხოლო შემდეგ კი წინიდან გაიხსნა და ღილებით იკვრებოდა. კაბას შიგნით უფრო მოკლე საგულე/ახალუხი სცმიათ. ის მოკლედ ასე შეიძლებოდა დახასიათდეს: ჩოხა კაბების სახის სამოსელია, რომლის საერთო ნიშანია მკეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭებიანი კალთა. მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად ზეაწეულს ატარებდნენ.
 
სულხან-საბა ორბელიანი ჩოხას „მატყლის სამოსელს„ უწოდებდს. საგულე რომ იგივე ახალუხია ესეც საბას ლეკსიკონიდან კარგად ჩანს: „საგულე კაბის შიგნით საცვამო„. ლეკსიკოგრაფს კაბა ერთუ სიტყვით აქვს განმარტებული და მას ის სამოსელს უწოდებს.
 
დროთა განმავლობაში, შარვლის შემოსვლის შემდეგ, ტერმინი „კაბა” მხოლოს ქალის სამოსელს ეწოდა, ხოლო კაცის სამოსელზე ტერმინი „ჩოხა” გავრცელდა, რომელიც თავდაპირველად (და ვახუშტი ბაგრატიონის დროსაც) ის როგორც შალის ქსოვილის, ასე სამოსელის აღმნიშვნელი იყო. შუა საუკუნეებში ხშირად ბერის სამოსელსაც ჩოხა ეწოდებოდა (სასულიერო პირებს განსხვავებული ჰქონდათ სამგზავრო სამოსელი. ბერის ასეთ „საგზაო ტანსაცმელს” რამდენჯერმე ახსენებს იოანე ბაგრატიონი „კალმასობაში”). ხევსურულ დიალეკტში ჩოჴა კაცის ზედა ტანსაცმელსაც ეწოდებოდა ქალის/დიაცის სამოსსაც: „შენ გინდა ქალის ჩოჴაი, კარგი მანდილი თავზედა”.
 
აქვე ვახუშტის მიერ ნახსენებ რამდენიმე ტერმინსაც შევეხებით: დღეს თუ ნიფხავი პერანგის ამხანაგის (მას „პერანგის ტოლსა” და „ალერსსაც“ უწოდებდნენ) აღმნიშვნელია, XVIII საუკუნეში ის „კაცთა ფერხთა ჩასაცმელი”, „წვივსაცმელი” იყო. წვივივსაცმელის რამდენიმე სახეობა არსებობდა. გარდა ნიფხვისა, საბაჩამოთვლის აგრეთვე როპანგს, პერიკმებს და საწმართულოს (ვახუშტი: „საწარმართული”). საბას მიხედვით საწმართულო არის „გარეგან საცვამი, რომელსა შარვასლ იჴმობენ”. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გვაუწყებს, შარვლის ანალოგიურის, რომელსაც საწარმართული ერქვა მხოლოს ცხენზე ჯდომისას იცვამდნენ: „ცხენსა ზედა მოსიათ საწარმარტული” . ამრიგად, ირი ერთმანეთზე მიკერებული ნიფხავი შარვალი ანუ საწარმართულიიყო. აშკარაა რომ XVII-XVIII. საუკუნიეებში საქართველოში თანამედროვე შარვალის ანალოგიური უკვე გავრცელებული იყო [შარვალი თავდაპირველად მხოლოდ ნომადური კულტურის ელემენტი იყო. მომთაბარეებისათვის (როგორც კაცების, ასევე ქალებისათვის) ფართო შარვალი ცხენით სვლის დროს მოსახერხებელი იყო. მის გარეშე ცხენზე ჯდომა წარმოუდგენელი იყო, რადგან შარვალი, ჩვენს შემთხვევაში კი საწარმართული, პაიჭები / პაჭიჭები მხედარს იცავდა ცხენის ოფლისაგან. ძველი ბერძნები და რომაელები შარვალს ბარბაროსთა სამოსად მიიჩნევდნენ; ის იყო უცხო წარმომავლების მეომრებისა და ამაზონების ტანსაცმლის ტიპიური ელემენტი. უცხო იყო შარვალი მახლობელი აღმოსავლეთის ცივილიზებული სამყაროსათვისაც. ძველი ბერძენი ავტორი ჰიპოკრატესი (ძვ. წ. V-IV სს.) სკვითი მამაკაცების უძლურობას შარვალს მიაწერდა: ... ისინი ყველა ხალხებზე უფრო ემსგავსებიან საჭურისებს. ამას გარდა იმიტომაც, რომ მათ მუდამ აცვიათ შარვალი და დროს მეტ წილს ცხენზე ატარებენ.
 
დავუბრუნდეთ ქართველი მამაკაცის ეროვნული კოსტიუმის ძირითდ ტიპს - ჩოხა-ახალუხს, რომელთან ერთად კომპლექსში აგრეთვე შედიოდა: პერანგი, ქვედა საცვალი, ქუდი, სარტყელი და ქამარ-ხანჯალი.ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით ჩოხა-ახალუხს გარკვეული განსხვავებები ახასიათებდა. განსაკუთრებით თავისებური იყო ხევსურული კოსტიუმი („ტალაფარი”) და გურული, აჭარული და ლაზური „ჩაქურა”. პირველი მათგანის შესახებ შენიშნულია: „XIX საუკუნის მეორე ნახევრისათვის ეროვნული ჩაცმულობის პარალელურად (ქართული ჩოხა, ქართული კაბა) განაგრძობდა არსებობას ძველი ქართული ტანსაცმელიც. მათ შორის წარმოდგენილი იყო უნიკალური, ზოგჯერ სულ მცირე მიკრორაიონში გავრცელებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლის ისეთი სახეები, რომლებიც გენეტიკურად უკავშირდებიან ძველი ქართული ჩაცმულობის საწყის ფორმებს. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ხევსურული „ტალაფრის” ისეთი ელემენტი, როგორიცაა პერანგი, რომელიც თავისი ორიგინალური თრგით, მდიდარი ნაქარგობითა და ჯვრების გამოსახულებით გამოირჩევა არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის ყველა დანარჩენი ხალხის ჩაცმულობისაგან”.
 
ჩაქურა ქართული სამოსის განვითარებული ვარიანტს წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩოხა-ახალუხის განვითარებულ ვარიანტთან და შარვალის გამოკვეთილად დამკვიდრებასთან. ჩაქურას ზედატანი ფაქთობრივად წელში გადაჭრილი ჩოხაა და ამდენად ის წელს ზემოთ ჩასაცმელია. სამხრეთ-დასავლეთ საქარველოდან სამხრეთ შავიზღვისპირეთში მუჰაჯირად წასული ქართველები ჩაქურას ზედატანს დღესაც ჩოხას უწოდებენ, ხოლო კოსტუმის ქვედა ნაწილსა, „შარვალს” – „ლაზურიას”. ისევე როგორც აჭარელები, ძველი, ძველი კლარჯელებიც ჩოხის შიგნით ჩასაცმელს ზუბუნას სახელით მოიხსენიებენ. ფანელის შიგნით კი ხელისაგან მოქსოვილი პერანგი ემოსათ. ხალხური ლექსიცაა (შეყვარებული ქალი თავის სატრფო მამაკაცს უმღეროდა): „ჩოხა გაიხადე, ჩოხა // ზუბუნათაი გიხდებაო, // შენი ერთი დანახვა ჯენეთი (სამოთხე) გამიხდებაო. როგორც მიუთითებენ, სამოსის ამ სახეობის სახელწოდება დაკავშირებულია ჩაქვთან (დაბა აჭარაში), სადაც, როგორც მიიჩნევა, პირველად მოხდა ჩოხის წელის არეში გადაჭრა და ორიგინალურ შარვალთან შეხამება [ვფიქრობთ, მაინც გასარკვევია ტერმინი ჩაქურა ტოპონიმ ჩაქვს უკავშირდება, თუ ჩაქს. ეთნოლოგიურ ლექსიკონებში ჩაქის შემდეგი განმარტებები გვხდება: ჩაქი- ჩოხის დეტალი, უმეტესად მამაკაცის ჩოხა-ახალუხზე გვხდება. ესაა პატარა ცრუ კალთები, კეთდებოდა სილამაზისათვის, ამიტომ ამკობდნენ ნაქარგობით. ჩვეყლებრივ ჩოხის 2-3 ჩაქი ჰქონდა, ყარაჩოღული ექვსჩაქიანუ იყო. ჩაქი (სპარს. ჩაქ - ხვრელი, ტანისამოსის გახეული ადგილი). 1. ამოუკერავად დატოვებული ადგილი ზედა სამოსის გვერდით კალთებზე; 2. გამოშვერილი ნაწილი ჩოხის ან ახალუხის უკანა კალთების გადანაკერებში (წელთან). საბას განმარტებით, „ჩაქი კალთის შენახევი”-ა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან მუჰაჯირად წასული ქართველების მეტყველებაში ჩაქურას ქვედა ნაწილის - „შარვალის” - ტერმინით „ლაზურაი” მოხსენებია, ვფიქრობთ, იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საერთოქართული სამოსის - ჩოხის - წელის არეში გადაჭრა და შარვლის მსგავსი სამოსის („ლაზურიას”) ჩაცმა პირველად ჭანეთში/ლაზეთში მოხდა და შემდეგ სწრაფად გავრცელდა მთელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და გურია-სამეგრელოში. ვარაუდი და არა კატეგორიულობა კი იმითაა განპირობებული, რომ ეროვნული კოსრიუმის - ჩაქურას ქვედა ნაწილის უფრო გავრცელებული სახელწოდება ძიგვა/ძიქბა იყო].
 
ჩაქურას სამასრეებიც შენარჩუნებული ჰქონდა. ჩოხის ზედაწელის ანალოგიურად, ჩაქურაც ტანზე მჭიდროდ იყო მარგებული. იმასაც სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ჩოხის ასეთი თარგი „თვალსაჩინოს ხდიდა მამაკაცის ახოვანებას, ვიწრო წელსა და განიერ მხრებს”. ჩაქურას შარვალი უკან მკვეთრად დანაოჭებული, უბე ძალიან განიერი და ტოტები ვიწრო ჰქონდა. ჩაქურის ქვეშ ზუბუნი აცვიათ და მისი საყელო და საგულეს ნაწილი, ისევე როგორც ახალუხისა ჩოხაში მოჩანდა. ანალოგიური სამოსი ყოფილა გავრცელებული სამცხეშიც: (სოფელი უდე) – „ჩვენებური ტანისამოსი უწინ მოკლე ჩოხა იყო, მიგვასვეძახიდით. ახლაც ვიცვამთ ასეთ ჩოხას, როგორც ქვაბლიანის თათრები იცმენ მიგვას. აჭარლებივით და გურულებივით. მიგვა ჩოხასთან ვიცოდით ვიწრო და ხონჯრიანი შარვლები.” … „ხნიერი კაცების უფრო მუხლის თვლებამდე გრძელი ნაოჭიან ჩოხას იცვამდნენ ელაგებზე [ელეგი/ელეღი მამაკაცის უსახელო, „ჟილეტის” მსგავსი ჩასაცმელი იყო - რ. თ.], როგორც ჯავახეთში”. ... „თავზე წითელ ფესზე იხვევდნენ ლურჯს თავსახვევს ორი-სამი არშინის სიგრძეს, „საროღს” ვეძახდით. საროღს ჩვენი მეზობლები თათრებიც (იგულისხმება მაჰმადიანი ქართველები - რ.თ.) იხვევდნენ, მარა სხვადასხბა ფერისას, ჩვენ კი ლურჯს ვიხვევდით, რითაც ვირჩეოდით ქრისტიანები თათრებისაგან”
 
სამცხეში ანალოგიური სამოსი დადასტურებული აქვს სერგო მაკალათიას: „მამაკაცებს აცვიათ გურული„ჩაქურას” მსგავსი ტანსაცმელი, რომელიც შინმოქსოვილი შალიდან არის შეკერილი. ზემო აცვიათ მოკლე ზედატანი „ჩოხა”, რომელიც მოკლეა და გვერდებში ნაჭრილი. ჩოხას საგულე და საყელო აქვს გახსნილი და გადმოკეცილი. საგულეზე ორივე მხრივ აკერია ჯიბე და მასრების ბუდე”. „ქვეშ აცვიათ ნაოჭიანი, „ბუდიანი” შარვალი”. „წინათ კი მესხები ისეთივე ტანსაცმელს ატარებდნენ თურმე, როგორც დანარჩენი ქართველები. მამაკაცებს აცვიათ გრძელი და უკან ნაოჭიანი ყურთმაჯიანი ჩოხა... ზებუნზე იცვამდნენ ჩოხას, რომელიც იკერებოდა ლურჯი ფერის სქელი შალისაგან. ჩოხა იყო გრძელი და უკან ნაოჭიანი”.
 
ტაო-ლლარჯეთში მოგზაურობის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: „ტანისამოსი მამაკაცისა ისეთია როგორც გურულებსა, აჭარლებსა და ლაზებისა, ესე იგი ჩაქურა”. სოლომონ ბავრელი-ასლანაშვილიცადასტურებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ჩქურას, რომელსაც ის „ძიკვა-ჩოხას” უწოდებს, ფართოდ გავრცელებას და ხაზს უსვამს ამ სამოსის ართვინელი და არტანუჯელი სომხების გამოყენების შესახებ: „ართვინელი და არტანუჯელი სომხები შეადგენენ სხვა გვარ სომხებს; ისინი არა გვანან არც აზრუმელ, არც ყარაბაღელ და არც ქალაქელ სომხებს. როგორც ტანით, ისე ტანისამოსით ისინი განირჩევიან იმათგან. აქაური სომხები არიან მდაბალი ტანისა, არიან ლამაზები, შავი თვალ-წარბები ამშვენებენ იმათ თეთრ-ყირმიზა სახეებსა. წითელი ფესი, ვიწრო თავიანთ მოქსოვილი შალის მეგრული შარვალი, მოკლე ძიკვა-ჩოხა,ქალამანი, ანუ უბრალო წაღები და თავიანთვე მოქსოვილი მანუსი სიელეგი შეადგენს კაცების ტანისამოსს”.
 
1893 წელს თურქი ავტორი ისმედზადე მეჰმედ არიფი სამსუნის მხარეში მუჰაჯირებად წასული ქართველების შესახებ წერდა: „მამაკაცების ტანსაცმელი გაგაოცებს. თავზე ბაშლიყად წოდებული უხეში შალის მოსახვევს იკრავენ და ძიგვად წოდებული ვიწრო შარვლები აცვიათ. საზოგადოდ მათი ტანსაცმელი უხეში ჩოხაა. უხეშ შალს თავად ქსოვენ. ტანსაცმელსაც თავად იკერავენ. გარდა იმისა, რომ ბაშლიყები საოცარი სანახავია, თავად ქართველებსაც სხეულის ნაწილები პროპორციული აქვთ და ძალზე მოხდენილები არიან. იმ არემარეში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილიც ქართულ ტანსაცმელს იცვამს. ახალგაზრდები მოსირმულ ბაშლიყებს აკეთებინებენ, წელზე ყამასა და რევოლვერს იკეთებენ, რის გამოც ადამიანს ღონიერი ახალგაზრდის ცქერა არ მოსწყინდება და არ მობეზრდება”.
 
ჩაქურა ნაწილობრივ სამეგრელოშიც ყოფილა გავრცელებული. აქ ამ სამოსს, ისევე როგორც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, „ძიქვა” ეწოდებოდა.
 
ასე რომ, ჩაქურა ქართველი მამაკაცის სამოსის შედარებით ახალი ვარიანტი იყო, რომელიც ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გაჩნდა და გავრცელდა; შარვალის მსგავსი სამოსის შემოსვლამ მამაკაცის კაბა (ჩოხა) წელში გადაჭრა, რადგან გრძელი კაბა და შარვლის ანალოგიური სამოსი ერთმანეთთან შეუსაბამობაში იყო. ის ძირითდად ქართველ მუსლიმებში იყო გავრცელებული (აჭარა, ლაზეთი, სამცხე, კლარჯეთი, შავშეთ-იმერხევი). თუმცა ის პოპულარული იყო გურიასა და ნაწილობრივ სამეგრელოშიც. ამდენად არაა გასაზიარებელი სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება, რომ ჩოხასა და ჩაქურას შორის ეთნოგრაფიული საზღვარი მთლიანად ემთხვეოდა ქრისტიანული და ისლამიზირებული მოსახლეობის კონფესურ საზღვარს და ადრეფეოდალური სამფლობელოების საზღვრებს.
 
ქართული ჩოხა/კაბა ჩვეულებრივ წელში გამოყვანილი იყო. ზედა ნაწილი თუ ტანზე მოწყობილია, ქვედა ნაწილი ერთობ განიერია. ჩოხის სახელო განიერი და გრძელი იყო, თითებს ფარავდა, ამიტომ უნდა გადაკეცილიყო. სარჩული არ უკეთდებოდა. ახალუხის სახელო კი ხელზე იყო მოყვანილი, მაჯა ყაითნით ჰქონდა გაწყობილი. ჩოხას ჯიბე არ უკეთდებოდა, ახალუხს კი იგი სამასრეების/საქილეების ადგილას უკეთდებოდა. ჩოხას სილამაზეს აძლევს მკერდზე მიკერებული სამასრეები. ჩოხაზე მიკერებული საქილეებიუკეთდებოდა როგორც დაქანებული, ისე -სწორი. სამასრეები, ბუნებრივია, ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლის შემდეგ მიეკერა (ტერმინ „მასრას” სულხან-საბა განმარტავს, როგორც „თოფის წამლის ჩასაყრელს”). ჩოხა წელს ზემოთ ღილკილოებით იკვრებოდა, ხოლო წელს ქვემოთ ჩახსნილი იყო. მიგვაჩნია, რომ მამაკაცის კაბის აღსანიშნავად ტერმინი „ჩოხა” საყოველთაოდ სწორედ სამასრეების მიკერების შემდეგ უნდა დამკვიდრებულიყო. ჩოხის საყელო არ გააჩნდა და გულმკერდის არეში ამოჭრილი იყო. ამ არეში ჩოხის ქვემოდან ჩაცმული ახალუხი/საგულე/ზე(უ)ბუნი მოჩანდა, რომელსაც დამდგარი საყელო ადგა. განსხვავებული იყო ზამთრისა და ზაფხულის კაბები/ჩოხები. საზამთრო კაბისტყავისაგან კერავდნენ და მას ტყავ-კაბა ეწოდებოდა.
 
უნდა აღუნიშნის, რომ საქართველოში ჩვეულებრივ გამოსასვლელ ჩოხებთან ერთადჰქონდათ საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხებიც: „საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხას 72 წ. ჯოტო სტეფანეს ძე ხულორდავას (ზუგდიდი, 1970 წ.) ცნობით, ჯიბეებს უკეთებდნენ. ასეთი ჩოხით, მისივე თქმით, თავმომწონე კაცი გარეთ არ გავიდოდა, სირცხვილი იყო”. „მარტო ახალუხით სტუმართან გამოჩენა არ შეიძლებოდა. მასთან მასპინძელი აყცილებლად ჩოხა-ახალუხით და ქამარ-ხანჯლით დამშვენებული წარსდგებოდა.
 
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ჩოხა-ახალუხი, რემელსაც აღმოსავლეთ საქართველოში იმერულ ჩოხა-ახალუხს უწოდებდნენ, მისი აღმოსავლური ანალოგისაგან სიგრძით განსხვავდებოდა - ის მუხლებამდე წვდებოდა, წვივებზე შალის პაიჭები ჰქონდათ ჩაცმული; მას ლეკვერთხებით იკრავდნენ. წინასწარ უნდა შევნიშნოთ, რომ ე.წ. იმერულ ჩოხას უფრო მეტი მსგავსება ჰქონდა საერთო კავკასიურ ჩოხასთან, რომელიც ლიტერატურაში „ჩერკეზკას”  სახელითაა ცნობილი. ამ შემთხვევაში ანაქრონიმთანაც გვაქვს საქმე, რადგან ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ჩერქეზეთში XIX. საუკუნეში თავდაპირველად გრძელი ჩოხა იყო დამკვიდრებული, რომელიც კანჭებამდე წვდებოდათ: «Длина черкески зависела от моды. Так, например, в начале XX в. носили очень длинные, до щиколоток, черкески» [„ჩერქეზკის” სიგრძე მოდის შესაბამისად იცვლებოდა. ასე, მაგალითად, XIX საუკუნეში კოჭებამდე „ჩერქეზკას” ატარებდნენ]. სამოსის სიგრძეს სამეცნიერო ლიტერატურაში ჩვეულებრივ ეკონომიკას უკავშირებენ. ქალის სამოსის შესახებ ჟაკ ლე გოფი აღნიშნავს, რომ ის გრძელდებოდა და მოკლდებოდა იქიდან გამომდინარე ეკონომიკა აღმავლობას გზაზე იყო თუ კრიზისს განიცდიდა. უნდა ვიფიქროთ, საქართველოშიც მამაკაცის კაბის/ჩოხა-ახალუხის სიგრძე - მუხლის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული.
 
ერთ ნიუანსსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: XIX საუკუნეში რაფიელ ერისთავის აღწერილობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იმერული ჩოხა-ახალუხის ქვეშ შარვალი არ ეცვათ. ფეხებს ჩვეულებრივ წვივისაცმელი პაიჭები უფარავდათ. ამით იმის თქმა გვინდა, რომ როგორც ევროპაში, საქართველოშიც შარვალი საკმაოდ გვიან გავრცელებული მოვლენაა და ამ მხრივ პიონერები აჭარელი (საერთოდ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მცხოვრები) ქართველები იყვნენ. შარვალზე ყურადღება იმიტომაც შევაჩერეთ, რომ შუა საუკუნეების ფრესკებზე ქართული კაბაში გამოწყობილ მამაკაცებს, ჩვეულებრივ წვივსაცმელები, ანდა ძალიან ვიწრო, ფეხზე შემოტმასნილი და ზემო ნაწილში შეერთებული საწმართული და არა შარვალი აცვიათ.
 
XIX საუკუნის საქართველოში ჩოხა-ახალუხის რამდენიმე სახეობა იყო გავრცელებული, რომელთაც თავთავისი შესაბამისი სახელი გაჩნდა. 1935 წელს ჩაწერილ ზოგიერთ ეთნოგრაფიულ მასალას უნდა მივმართოთ: (ქიზიყური მასალა) „ახალოხის ზემოდან ჩოჴას იცმევენ. ძველებური ჩოხა რვაჩაქიანია. ყველა ჩაქი თანასწორი აქვს, თექსვმეტი კალთისაგან შედგება. ძველად მოკლე ჩოხები სცოდნიათ, მუხლისკვერს ცოტად ყოფილა ჩაცილებული, უფრო მუხლისკვერამდე.” „ჩოხას გახსნილს ატარებენ ხშირად, მოხუცები თითქმის ყოველთვის წელღია ყოფილან. ჯეილები ჩოხას მუცლიდან სამი-ოთხი ღინკილოთ იკრავდნენ და ზემოდან ვერცხლის ქამარ-ხანჯალს ირტყავენ და აგრეთვე გულზე სამასრეებში ვერცხლის ყაწიმებს იკეთებენ”. (შიგნი კახეთი) – „კაბა თავადის ჩასაცმელი იყო, მაგრამ ჩემ სიყმაწვილეში მახსოვს, რომ ზოგიერთი ოჯახიშვილ გლეხსაც ეცო კაბა”. „თავადები და შეძლებული ხალხი ქართულ ჩოხებს არ იცვამდნენ, იმათ ყოშიანი - ყურთმაჯიანი ჩოხები ეცვათ. ამას ნაოჭი ჰქონდა მიყრილი წელიდან და აქეთ-იქით კი თითო-თითო ან ორ-ორი ჩაქი მოსდიოდა”. „ჩერქეზულ ჩოხას, ვისაც უნდოდა, ის ჩაიცმევდა, ჩვენი გლეხის ჩასაცმელი კი ქართული ჩოხა იყო”. (ქართლის მასალა) – „ქართლური ჩოხა გრძელი უნდა ყოფილიყო, ქუსლებზედ უნდა ეცემა, რომ გაივლიდა, ფეხზე ერთს დაარტყავდა და ისე მეორეზე. ზოგს კიდეც, რომ მიდიოდა, ცალ კალთას მხარზე გადაიდებდა”. იმერეთის სოფელ ხანში დაფიქსირებულია ონური ჩოხა: „ჩვენ მამაკაცს უკერავდით აგრეთვე ონურ ჩოხას, მუხლ ქვემოდ ჩადიოდა ცოტატი, კალთა გაშლილი ჰქონდა, წელში კალთებს მოგანაოჭებდით”. აქვე გავრცელებული ყოფილა ჩოხები, რომლებიც აფხაზური და ჩაჩნური ჩოხების სახელწოდებით იყო ცნობილი: „აფხაზური ჩოხა. ვიწრო სახელოებს უკეთებდით, ტანში ძალიან გამოყვანილი და ვიწრო უნდა ყოფილიყო. მასრებს დავკიდებდით გვერდით (ალმაცერად)”. ჩაჩნური ჩოხა. ჩაჩნურ ჩოხას ჰქონდა სახელოები, ანუ მკლავები ფართე, პირდაპირ ანაფორას გავდა, წელში კი მოყვანილი იყო, წელზევით სრული ძალიან. მასრები დაბალი და თანასრორი იყო, სიგრძე მოკლე ჰქონდა”. „მესამე სახის ჩოხა იმერული ჩოხა იყო. იმერული ჩოხა იკერებოდა გრძელი, სახელო ზომიერი ჰქონდა და სისრულე ზომიერი”. „მეოთზე სახის ჩოხა იყო ქართული ჩოხა. ქართლურ ჩოხას უწოდებდნენ ყურტმაჯიან ჩოხას. სახელოები ღია ჰქონდა და აბრეშუმით იყო გამოწყობილი. გული გაწყობილი ჰქონდა, მასრები კი არ ქონდა”. „მეხუთე სახის ჩოხა კახური ჩოხა იყო. კახურ ჩოხას ნაოჭო არ ჰქონდა, მასრებს უკეთებდნენ, სიგრძით ზომიერი იყო, სახელოები ვიწრო და გაჭრილი იყო.” „აფხაზური ჩოხა. ძალიან ვიწრო იყო გამოჭრილი წელში, მწევარივით. გულთათები ჩერქეზული ჰქონდა, კალთები იმერულთან შედარებით, უფრო და თანაც გრძელი. მეგრული ჩოხაც იმდაგვარია, როგორც აფხაზური”.
 
ჩოხის იმ სახემ, რომელიც ეთნოგრაფიული ყოფითაა ცნობილი, როგორც ჩანს, განვითარების საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და მისი საბოლოო ფორმირება გვიან შუა საუკინეებში მოხდა. ჩოხა-ახალუხს კი საბოლოო სახე ცეცხლსაროლი იარაღის გავრცელებამ შესძინა; ჩოხაზე მიკერებულმა სამასრეებმა/საქილეებმა მისი სილამაზე და მოხდენილობა დახვეწა, ჩოხის ჩამცმელს კი მოხდენილობასთან ერთად, უფრო მეტი ვაჟკაცურობა შესძინა. მასრა-ქილებიანი ჩოხა კი ზოგადკავკასიური ტანსაცმლის ტიპია და იმასაც შენიშნავენ, რომ მისი აქტიური გამოყენება საქართველოში იწყება XVIII საუკუნიდან.
 
gurcu.org