EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მართა, მარიამი (ბიზანტიის დედოფალი) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-10-14 19:29:27

მართა, მარიამი (ბიზანტიის დედოფალი)

martha

მართა დაიბადა 1050 წელს საქართველოში. იგი იყო საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ ბორენა ალანელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მამის ხაზით მისი ბებია-ბაბუა საქართველოს მეფე გიორგი I და დედოფალი მართა იყვნენ, რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი. აღსანიშნავია, რომ ბაგრატ IV-ს ბორენაზე ქორწინებამდე, ცოლად ჰყავდა ბიზანტიელი დიდგვაროვანი ქალი, დედოფალი ელენე არგიროპაულანია, რომელიც ქორწინებიდან ერთ წელიწადში დაიღუპა. სწორედ ამიტომ გახდა ბაგრატი იძულებული ოსთა მეფის ასულ ბორენაზე ექორწინა, რომელთანაც შეეძინა შვილები.
 
მართას ერთი უფროსი ძმა ჰყავდა, რომელიც შემდგომში საქართველოს მეფე ხდება გიორგი II-ის სახელით. გარდა ამისა, მართას ჰყავდა ერთი უმცროსი დაც, რომლის შესახებაც ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იგი შემდგომში ბიზანტიელ მთავარსარდალს გაჰყვა ცოლად.
 
ისტორიულად ცნობილია, რომ დედამისი, დედოფალი ბორენა ძალიან ლამაზი და გონიერი ქალი იყო და მართაც, გარეგნულად ძალიან ჰგავდა დედას. სწორედ ამიტომ, ბიზანტიაში გათხოვების შემდეგ მას მეტსახელად „ალანელი“ მიანიჭეს, რადგანაც იგი დედოფალ ბორენას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. დედოფალი ბორენა, ალან-ოსთა მეფის, ურდურეს ასული იყო, რომელიც თავის ვაჟთან, დორღოლელთან ერთად ბაგრატ IV-ს დიდად ეხმარებოდა თურქებისა და განძის მთავრის წინააღმდეგ ბრძოლებში. ალან-ოსთა სამეფო VIII საუკუნეში, ჩრდილო კავკასიაში წარმოიშვა, თანამედროვე ჩერქეზეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიებზე. შემდგომში ეს ისტორიული სამეფო 1238-39 წლებში მონღოლებმა გაანადგურეს.
 
მართას დაბადებისას, საქართველოში მეტად მძიმე სიტუაცია იყო. კახეთ-ჰერეთის განდგომასა და თურქების შემოსევებს ემატებოდა კლდეკარის ერისთავ ლიპარტ ბაღვაშის ურჩობაც, რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა ბიზანტიის იმპერია. ბიზანტია საქართველოში მეტოქესა და მტერს ხედავდა, რის გამოც ყველანაირად ცდილობდა მისი გაერთიანებისათვის ხელის შეშლას.
 
ბიზანტიური ტყვეობის წლები
 
1052 წელს ბაგრატ IV თავის ორი წლის ასულ მართასთან, დედა-დედოფალ მარიამ არწრუნთან (ბაგრატის დედა) და დიდ ამალასთან ერთად გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, სადაც მან იმპერატორს ლიპარტთან შერიგება სთხოვა. იმპერატორ კონსტანტინე მონომახისა და ბაღვაშთა საგვარეულო ინტრიგებს, ბაგრატის, დედოფალ მარიამ არწრუნისა და მცირეწლოვანი მართას სამწლიანი ტყვეობა მოჰყვა ბიზანტიის სამეფო კარზე. ამ ტყვეობის დროს, 1055 წლის იანვარში გარდაიცვალა კონსტანტინე მონომახი, რომელსაც შვილი არ დარჩა. ამის გამო, ბიზანტიის ტახტზე კონსტანტინეს ცოლის და, განსვენებულ იმპერატორ კონსტანტინე VIII-ის ასული, შინაბერა და ხანდაზმული დედოფალი თეოდორა ავიდა. თეოდორა დიდად მოხიბლული დარჩა ბაგრატის მცირეწლოვანი ქალიშვილით და საქართველოს მეფეს სთხოვა მარიამი მისთვის მიეშვილებინათ. რეალურად, თეოდორა ახალ მძევალს უფრო იტოვებდა, ვიდრე შვილობილს. ბაგრატ IV-სა და დედოფალ მარიამს სხვა გზა არ დარჩათ, რის გამოც მათ პრინცესა მართა კონსტანტინეპოლში დატოვეს.
 
ამ დროს კონსტანტინეპოლში ათონის მთიდან ქართველი ბერი, გიორგი ათონელი ჩავიდა. ქართველთა ლავრას სახურავი ჰქონდა შესაკეთებელი და დედოფალს დახმარებას სთხოვდა. გიორგი ათონელმა საიმპერატორო კარზე აუდიენციისას, ქართველთა ამბავიც შეიტყო, სადაც იგი მეფე ბაგრატს შეხვდა. მეფემ და დედამისმა ძალიან გაიხარეს ასეთი წმიდა ადამიანის ხილვით. რა თქმა უნდა, ქართველ მეფეს ეხმარებოდა საქართველოს ეკლესიის დიდი მნათობი. მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიაში. დაემოწაფა დედოფალი მარიამ არწრუნი გიორგი ათონელს და მის მიერ მონაზვნად აღიკვეცა. მეფე ბაგრატმა სთხოვა გიორგი მთაწმინდელს ჩაებარებინა ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრა, სადაც თავისი საძვალე ეგულებოდა, მაგრამ წმინდა მამამ უარი უთხრა.
 
პრინცესა მართა ბიზანტიის კარზე მალევე გახდა ცნობილი თავისი სილამაზითა და გონიერებით. იგი ძალიან უყვარდა დედოფალ თეოდორასაც, რომელიც უშვილო ქალი იყო და მართას საკუთარი ქალიშვილივით აღზრდა სურდა. თუმცა, თეოდორას მბრძანებლობაც და სიცოცხლეც ძალიან მალე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მოხდა საინტერესო რამ: როცა პატარა მართა ბაგრატიონი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, იმ დღეს გარდაიცვალა დედოფალი თეოდორა. იმ მომენტში ბაგრატის დედა, დედოფალი მარიამ არწრუნი (წარმოშობით ვასპურაკანის სომხური სამეფოს პრინცესა) სასახლეში იყო. გიორგი მთაწმინდელიც იქ ყოფილა. სწორედ იმ წუთებში, როცა დედოფალი თეოდორას სხეული გაასვენეს, 6 წლის მართა ბაგრატის ასული სასახლეში მიუყვანიათ კონსტანტინოპოლის პორტიდან. აღსანიშნავია, რომ დედოფალ თეოდორას დაკრძალვას ქართველებიც ესწრებოდნენ, მათ შორის გიორგი მთაწმინდელი. მისი მშვენიერებით აღტაცებულმა გიორგი მთაწმინდელმა წამოიძახა:
 
„უწყოდეთ, ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა“
ეს მოვლენა XI საუკუნის ქართველ მწერალს, გიორგი მცირეს აქვს აღწერილი თავის ნაშრომში „ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისაჲ“: იგი ამას შემდეგნაირად აღწერს:
 
 
„ხოლო რამეთუ წინაჲსწარმეტყველებისაჲცა მადლი აქვნდა წმიდასა ამას, რომელი – ესე დღესამომდე ვითარცა ნათელი მზისაჲ ბრწყინავს და ღმრთივმშვენიერად აღსრულებულად იხილვების. რამეთუ ჟამსა მას, ოდეს – იგი თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობაჲ, ითხოვა ბაგრატ აფხაზთა მეფისაგან, რათა მოსცეს ასული მისი მართა და შვილად თვისად აღზარდოს.
ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი მართა კაცთა თანა საკუთართა თვისთა. ხოლო მათ დღეთა შინა განგებითა საღმრთოჲთა თეოდორა დედოფალი აღესრულა. და მასრე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედაჲ ბაგრატ მეფისაჲ, მუნ იყო და წმიდაჲცა ესე მამაჲ ჩვენი მუნვე იყო მიზეზითა რომელთამე საქმეთაჲთა.“
თეოდორას დაკრძალვის შემდეგ, ქართული დელეგაცია მართასთან ერთად ცოტახანს გააჩერეს კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნეს. მალევე ბაგრატ მეფეს იმპერიაში მიანიჭეს კურაპალატზე მაღალი ნობელისიმუსის, შემდეგ კი სევასტოსის წოდება. ამ წოდებებს იმპერატორის ოჯახის წევრები ატარებდნენ.
 
ბიზანტიის დედოფალი
ქორწინება მიხეილ VII-ზე
 
იმპერატორი მიხეილ VII და დედოფალი მარიამ ალანელი
1059 წელს კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა კონსტანტინე X დუკა. 1065 წელს იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ, თავისი შვილისა და მემკვიდრის, მიხეილისთვის მართა ბატონიშვილის ხელი ითხოვა. ამ დროს ბაგრატ მეფე ძალიან საჭირო გახდა ბიზანტიისთვის, რადგან აღმოსავლეთში დიდი მარცხი განიცადეს ბერძნებმა თურქ-სელჩუკებისგან. ამ რეგიონში კი უძლიერესი ქრისტიანი ხელმწიფე ბაგრატ მეოთხე გახლდათ. ბაგრატი ამ შემოთავაზებას სიხარულით დასთანხმდა, რის შემდეგაც მართა დიდი ძღვენითა და შესაფერისი ამალით კონსტანტინეპოლში გააგზავნეს, რათა მომავალ იმპერატორზე დაქორწინებულიყო.
 
1065 წელს მარიამი კვლავ ჩავიდა კონსტანტინეპოლში. მას ბიზანტიელები დიდი პატივით დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ მართამ ქორწინებამდე საქორწინო კონტრაქტი შეადგენინა, რომელშიც მან საკმაოდ მკაფიოდ ჩააწერინა, რომ ყოველი ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულების წინ იმპერატორ მიხეილ დუკასს უნდა ებანავა და ასე დაამკვიდრა ბიზანტიაში ბანაობა. 1065 წელს იგი ცოლად გაჰყვა კონსტანტინე X-ის ვაჟ მიხეილ დუკასს (1050-1090). ქორწინების შემდეგ, ბიზანტიელებმა მართას სახელი შეუცვალეს და მარიამ ალანელი დაარქვეს.
 
კონსტანტინეპოლში გადასვლიდან პირველ წლებში, მარიამი თავისი დედამთილის, დედოფალ ევდოკია მაკრემბოლიტისას ჩრდილში იყო. აღსანიშნავია, რომ დედოფალ ევდოკიას შურდა თავისი ახალგაზრდა რძლის, რომელმაც მიუხედავად უცხოური წარმომავლობისა, მალე შეაყვარა თავი ბიზანტიელებს.
 
ეს ქორწინება ერთობ განსაკუთრებული იყო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ტრადიციულად ბიზანტიის იმპერატორებს მხოლოდ ბერძენი ცოლები მოჰყავდათ. უკანასკნელი სამასი წლის მანძილზე, მარიამის გარდა გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ 732 წელს იმპერატორისა და ხაზართა ხაკანის ასულ ირენეს ქორწინებისას, რასაც ბიზანტიელები დიდად აპროტესტებდნენ, თუმცა მისგან განსხვავებით მიხეილის ქორწინებას უცხოელ ქალზე ხალხი დადებითად შეხვდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მიხეილისა და მარიამის ქორწინება მიმართული იყო საქართველო-ბიზანტიის გაერთიანებისაკენ მუსულმანი თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ.
 
პირველი სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოსვლა
 
1070 წელს გამოცემული ბიზანტიური ბრინჯაოს მონეტა, რომლის ავერსზეც დედოფალი მარიამ ალანელია გამოსახული, რევერსზე კი ღვთისმშობელი მარიამი ჩვილ იესოსთან ერთად
იმპერატორი კონსტანტინე X 1067 წელს გარდაიცვალა, თუმცა ტახტზე მისი ვაჟი მიხეილი ვერ ავიდა. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ კაპადოკიელმა დიდგვაროვანმა რომანოზ დიოგენემ აჯანყება მოაწყო ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცხდა და შეიპყრეს კიდეც. საპყრობილედან იგი ქვრივ დედოფალ ევდოკიას წყალობით გაათავისუფლეს, რომელზეც მან მალევე იქორწინა და ბიზანტიის იპერატორიც გახდა რომანოზ IV-ის სახელით. რომანოზ IV მეფობის პირველ წლებში წარმატებით ებრძოდა თურქ-სელჩუკებს, თუმც 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა ბიზანტიელები სასტიკად დაამარცხა და თვით იმპერატორიც ტყვედ ჩაიგდო. ზავის გარანტიითა და 1 000 000 ბიზანტიური დრაჰმის ოდენობის გამომსასყიდის გადახდის აღთქმის შემდეგ, ალფ-არსლანმა რომანოზი ტყვეობიდან გაათავისუფლა. მისი დატყვევებით მართამ და მისმა მოკავშირეებმა ისარგებლეს, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და ტახტზე მიხეილ VII დასვეს. შემდგომში, მართამ და მიხეილმა რომანოზი ბიზანტიაში დაბრუნებისა და ღალატისათვის შეიპყრეს და თვალები დასთხარეს, რის შემდეგაც იგი სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შესაძლოა ითქვას, რომ მართამ შური იძია დედამთილზეც. მან დაარწმუნა მიხეილ VII, რომელმაც ევდოკიას დედოფლის წოდება ჩამოართვა და იძულებით გამოკეტა მონასტერში.
 
1072 წელს, მარიამს სამშობლოდან სამწუხარო ცნობები მიუვიდა, იმის თაობაზე, რომ მამამისი, ბაგრატ IV გარდაიცვალა, საქართველოს ახალი მეფე კი მისი უფროსი ძმა — გიორგი II გახდა.
 
1074 წელს დედოფალმა მარიამმა თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი გააჩინა, რომელსაც ბაბუამისის, იმპერატორ კონსტანტინე X-ის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. დაბადებისთანავე, პატარა კონსტანტინე მიხეილმა თანამმართველად დაინიშნა. ეს ძველი ბიზანტიური ტრადიცია იყო, რომ იმპერატორი თავის ტახტის მემკვიდრეს თანამმართველად ინიშნავდა, რათა ღრმა ბავშვობიდანვე შეეთვისებინათ ქვეყნის მართვა. სამწუხაროდ, უფლისწული კონსტანტინეს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. მისი აღზრდა დედოფალმა გამოჩენილ მწერალსა და ღვისმეტყველს, წმინდა თეოფილე ბულგარელს მიანდო. ცნობილია, რომ მარიამმა ლიტერატურულ-დიდაქტიკური ტრაქტატიც კი დაწერა, სახელად „სამეფო დარიგებანი“.
 
მეორე სახელმწიფო გადატრიალება
მიხეილის შვიდწლიანი მმართველობა სრული კრახი იყო. მანასკერტში გამარჯვებული, შეგულიანებული თურქები აქტიურად შედიოდნენ და სახლდებოდნენ ბიზანტიის კუთვნილ ანატოლიაში, ახლო აღმოსავლური პროვინციები კი თითქმის მთლიანად თურქებს დაუთმეს. ამას დაემატა ბალკანელი ხალხების აჯანყებები და გადასახადების გაზრდა, რაც ხალხში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ყოველივე ამან, ბიზანტიელებს მიხეილის დამხობის სურვილი გაუჩინა. ამ დროს ადგილობრივ დიდგვაროვან ნიკოფორეს ტახტზე პრეტენზიები გაუჩნდა და მიხეილის დასამხობად ჯარების შეგროვება დაიწყო. დედოფალმა მარიამმა ამ დროს საოცარი გონიერება და წინდახედულობა გამოიჩინა.
 
მალევე მარიამმა მოლაპარაკებები წამოიწყო ნორმანდიელ დიდგვაროვან რობერ გიზკარდთან, რომელიც ნორმანდიის გარდა აკონტროლებდა სიცილიას და ახლო აღმოსავლეთშიც დიდი გავლენები ჰქონდა. საბოლოოდ მათი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მარიამმა თავისი ვაჟი კონსტანტინე რობერის ასულ ოლიმპიაზე დანიშნა, რითაც მთელს ევროპაში სახელგანთქმული მებრძოლი თავის მოკავშირედ აქცია. მალევე ოლიმპია კონსტანტინეპოლში ჩავიდა, სადაც იგი მარიამის მფარველობის ქვეშ იღებდა განათლებას და ემზადებოდა ქორწინებისთვის, თუმცა საბოლოოდ ნიშნობა გაუქმდა და ოლიმპია უკან დააბრუნეს.
 
1077 წელს დედოფალმა მარიამმა პატიმრობაში მყოფი ბიზანტიელი მხედართმთავარი რუსელ დე ბაიოლი გაანთავისუფლა და აჯანყებულ ნიკიფორესთან საბრძოლველად გააგზავნა. თავდაპირველად დაამარცხა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით თვითონაც ნიკიფორეს შეუერთდა. იმპერატორმა დასახმარებლად ისევ თურქ-სელჩუკებს მიმართა, რომლებმაც დაამარცხეს რუსელი და დაატყვევეს. იგი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს, სადაც სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ყველაფრისა, მარიამისა და მიხეილის ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა. 1078 წელს ნიკიფორე ბოტანიატემ წარმატებით გაილაშქრა ნიკეაზე, სადაც მან თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამავდროულად, მიხეილს დასავლეთში მეორე დიდგვაროვანი — ნიკიფორე ბრიენი, რომელიც გავლენიანი კაპადოკიელი დიდგვაროვნის, ალექსი კომნენოსის სიძე და ანა კომნენოსის მეუღლე იყო. ნიკიფორე ბოტანიატემ ალექსი კომნენოსის დახმარებით დაამარცხა ბრიენი და მისი მომხრეები. ამავდროულად, სრულიად ბიზანტიურმა არისტოკრატიამ და სამღვდელოებამ ბოტანიატეს დაუჭირეს მხარი. საბოლოოდ, 1078 წლის გაზაფხულზე, დაამხეს მიხეილ VII-ის მმართველობა და ტახტზე ნიკიფორე III ბოტანიატე ადის.
 
ამ დროს მიხეილი იძულებით გამოკეტეს მონასტერში. თავად მარიამი თავის ვაჟ კონსტანტინესთან ერთად თავისივე აგებულ პეტრიწონის მონასტერში გაიქცა, თუმცა იგი მონაზვნად არ აღკვეცილა. იგი პეტრიწონში საიმპერატორო კარზე დაბრუნებისა და ვაჟისათვის ტახტის დაბრუნების გეგმებს აწყობდა.
 
მეორე ქორწინება ნიკიფორე III-ზე
 
იმპერატორი ნიკიფორე III და დედოფალი მარიამ ალანელი
უკვე ორჯერ დაქვრივებულ და ასაკოვან იმპერატორ ნიკიფორე III-ს კარგად ესმოდა, რომ ხალხის გულის მოსაგებად მათ ფავორიტზე, დედოფალ მარიამზე ქორწინება იყო აუცილებელი, რისი სურვილიც მას ისედაც ჰქონდა, რადგანაც წლების მანძილზე იგი დედოფალს შორიდან ეტრფოდა. ხალხის აჯანყების თავიდან ასაცილებლად, ნიკიფორე ბოტანიატემ მარიამს ცოლობა სთხოვა. მარიამს სხვა გზა აღარ დარჩენოდა და დასთანხმდა, თუმცა დედოფალმა ჯერ კონსტანტინეპოლის პატრიარქისაგან მიიღო მიხეილთან განქორწინების ნებართვა, შემდეგ კი ნიკიფორეს ჩამოართვა პირობა, რომ იგი ქორწინების შემდეგ თავის მემკვიდრედ მის ვაჟს — კონსტანტინეს გამოაცხადებდა. იმპერატორი ცხადია დასთანხმდა მის ამ მოთხოვნას და 1078 წელს ნიკიფორე და მარიამი დაქორწინდნენ. ამის შესახებ ნიკოფორე ბრიენი გვამცნობს:
 
 
„სამეფო კვერთხი რომ დაიპყრო ბოტანიატემ, თუმცა ... უკვე ბებერი და ადრე ორჯერ დაქორწინებული იყო, მაინც კიდევ დაქორწინდა დედოფალ მარიამზე...“
ცხადია, მაშინდელ ბიზანტიაში დედოფლის მეორედ გათხოვებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქორწინებიდან მალევე ნიკიფორემ სიტყვა გატეხა და მან თავის მემკვიდრედ საკუთარი ნათესავი გამოაცხადა ნიკიფორე სინადენოსის სახით.
 
თუ ამ ღალატს არ ჩავთვლით, უკვე მეორედ გადედოფლებულ მარიამს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნიკიფორესთან. იმპერატორის ბრძანებით მოიჭრა დედოფლის გამოსახულებიანი ვერცხლის მონეტები. ნიკიფორე ყველანაირად ცდილობდა მარიამისათვის თავი მოეწონებინა, ამიტომაც მას დიდი ადგილ-მამულები უბოძა თრაკიაში და მისი სურვილისამებრ აქ ახალი ეკლესია-მონასტრების ასაშენებლად დიდი სახსრებიც გამოუყო. ასევე მარიამის ზეგავლენით, იმპერატორმა მის ძმას, საქართველოს მეფე გიორგი II-ს კეისრის წოდება მიანიჭა, რითაც გამყარდა ბაგრატიონთა კავშირი საიმპერატორო ოჯახთან. ნიკიფორეს სიყვარულმა, მარიამი ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად აქცია. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც მთლიანად დედოფალი განაგებდა, ყოველწლიურად 90 ტონა ოქროს მონეტა შედიოდა. ამით მარიამი აფინანსებდა ახალი ქალაქების, უზარმაზარი ხიდების, პორტებისა და საბაჟო დაწესებულებების მშენებლობებს.
 
 
ალექსი კომნენოსი
ანა კომნენას გადმოცემით, იმპერატორის უარმა, კონსტანტინე მემკვიდრედ ეღიარებინა, ყოველვე ზემოთ ხსენებული გადაფარა. დედოფლის მთავარი მიზანი სწორედ თავისი ვაჟის ტახტზე აყვანა იყო, რისთვისაც იგი ყველაფერს აკეთებდა. სწორედ ამიტომ, მარიამი შეეკრა ნიკიფორეს მმართველობით უკმაყოფილო კაპადოკიელ დიდგვაროვან ძმებ ალექსი და ისააკ კომნენოსებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კავშირი ალექსი კომნენოსთან, რომელსაც ცოლად მარიამის პირველი ქმრის ბიძაშვილი ირენე დუკაინა ჰყავდა. ალექსი მარიამს მისი ვაჟის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ნიკიფორეს ჩამოგდებაში დაეხმარებოდა. ამ დროს გავარდა ჭორები, თითქოსდა მარიამი და ალექსი საყვარლები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მარიამი გადამწყვეტ როლს ასრულებდა ნიკიფორეს დამხობის საქმეში. მალევე დედოფალსა და კომნენოსებს მიემხროთ ბიზანტიის აღმოსავლური ჯარების დიდი დომესტიკოსი გრიგოლ ბაკურიანის ძე.
 
მესამე სახელმწიფო გადატრიალება
1081 წლის 1 აპრილს დაამხეს იმპერატორ ნიკიფორე III-ის მმართველობა და ტახტზე ალექსი I კომნენოსი ადის. იმხანად ბევრი ფიქრობდა, რომ ალექსი ცოლს გაშორდებოდა და მის ნაცვლად მარიამზე იქორწინებდა, თუმცა ასე არ მოხდა. მას შემდეგ, რაც ალექსიმ კონსტანტინეპოლი აიღო და საიმპერატორო ტახტზე ავიდა, მარიამმა მართალია დაკარგა დედოფლის წოდება, თუმცა პირველად ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში, წინამორბედი იმპერატორის ცოლს დედოფლის აბსოლუტურად ყველა უფლებამოსილება შეუნარჩუნდა. ამრიგად მან მხოლოდ ოფიციალურად დაკარგა გვირგვინი, რეალურად კი იგი კვლავ დედოფლის ძალაუფლებით სარგებლობდა. ასევე მისი მოთხოვნით, ახალმა იმპერატორმა დედოფალს წითელი მელნით დამოწმებული და ოქროს ბეჭედდასმული წერილობითი დასტური მისცა, იმის თაობაზე, რომ მისი ვაჟი კონსტანტინე იმპერატორის თანამმართველი ხდებოდა.
 
დედოფალმა მარიამმა დატოვა სამეფო კარი და მანგანას დიდებულ სასახლეში გადავიდა. მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ახალ დედოფალ ირენე დუკაინასა და დედამისთან, გადიდგულებულ მარია ბულგარელთან. მარიამს ხშირად სტუმრობდა იმპერატორ ალექსის უფროსი ასული ანა კომნენა, რომელთან ერთადაც იგი დიდ დროს უთმობდა ქარგვას. იგი ძირითადად დროს მარტოობაში ატარებდა, რა დროსაც ხშირად სწერდა წერილებს თავის ძმას საქართველოში და ასევე ძველ მეგობრებს კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე.
 
მიუხედავად ძველი ურთიერთობისა, ტახტზე ასული ირენე დუკაინა სულ ერთ კვირაში ეკურთხა დედოფლად და კატეგორიულად მოითხოვა მარიამის სამეფო კარიდან გაძევება, რაზეც იმპერატორმა უარი განაცხადა. დედოფალი მარიამი ხშირად სტუმრობდა სამეფო კარს, სადაც იგი იმპერატორ ალექსი I-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მათი შეთანხმებით, იმპერატორის უფროსი ასული, ანა კომნენა ცოლად უნდა გაჰყოლოდა მარიამის ვაჟ კონსტანტინეს. ვინაიდან ალექსის ამ დროისათვის ვაჟი არ ჰყავდა, სწორედ კონსტანტინე მოიაზრებოდა მის მემკვიდრედ და სწორედ მისი უფლებების გასამყარებლად იგეგმებოდა ეს პოლიტიკური ქორწინება. მალევე იმპერატორმა დედოფალ მარიამს სამეფო ოქროს ბეჭედი გადასცა, რომლითაც მისი ყოველი ნება-სურვილი, რომელიც ამ ბეჭდით იქნებოდა დადასტურებული, უსიტყვოდ უნდა ასრულებულიყო. ამით მარიამი სრულად დაკმაყოფილებული აღმოჩნდა, რადგან მისი ვაჟი ტახტის მემკვიდრე იყო, თავად კი როგორც დედოფალი ისე ცხოვრობდა, თუმცა როგორც ჩანს, იგი ხელისუფლებისათვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა. მალევე კვლავ გავარდა ჭორები იმის თაობაზე, რომ ალექსი კომნენოსი მარიამის საყვარელი იყო. ამის გასანეიტრალებლად, მან ალექსი თავის შვილობილად გამოაცხადა, რითაც თავად დედა-დედოფალი ხდება და კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას იძენს. სწორედ ამ დროს, დედა-დედოფალ მარიამ ალანელმა ოფიციალურად გამოაცხადა კონსტანტინე პორფიროგენეტისა და ანა კომნენას ნიშნობის ამბავი.
 
უკანასკნელი წლები
ტახტისათვის ბრძოლა და კონსტანტინეს გარდაცვალება
კონსტანტინეს თანამმართველობამ სულ რამდენიმე წელს გასტანა. 1087 წლის 13 სექტემბერს იმპერატორ ალექსის ვაჟი შეეძინა, სახელად იოანე, რომელიც მან თავის თანამმართველად დაინიშნა, კონსტანტინე პორფიროგენეტს კი ჩამოართვეს ტახტის მემკვიდრის უფლებები, სასახლიდან დაითხოვეს და გააუქმეს მისი და ანა კომნენას ნიშნობაც, რომელიც მალევე მიათხოვეს ნიკიფორე ვრიენოსს. თავად დედოფალ მარიამსაც ჩამოართვეს მისი უფლებები და იძულებით გამოკეტეს მონასტერში. ცხადია იგი მონაზვნად არ აღკვეცილა და ეკლესიიდან განაგრძობდა ტახტისათვის ბრძოლას. მალევე, მარიამი ახალ შეთქმულებაში გაერია.
 
აქედან უკვე იწყება საიმპერატორო ტახტისათვის ბრძოლის ახალი ეპოქა, რომელმაც თითქმის ცამეტ წელს გასტანა. ეს ბრძოლა მარიამის პირველი ქმრის, იმპერატორ მიხეილ VII-ის დედის, ევდოკია მაკრემსბოლეტისასა და მისი მეორე ქმრის, რომანოზ IV-ის ვაჟმა, დიოგენემ დაიწყო. შეთქმულთა საიდუმლო საქმიანობა და მთელი ინტრიგების ქსელი მხოლოდ 1094 წელს გამჟღავნდა. დიოგენე ალექსი I-ის ბრძანებით მაშინვე შეიპყრეს და სხვა შეთქმულთა ვინაობების გასაგებად იგი სასტიკად აწამეს. დიოგენემ შეთქმულთა შორის დედოფალი მარიამი და მისი ვაჟი კონსტანტინეც დაასახელა. იმ ეპოქაში, შეთქმულების მოწყობა ან მასში მონაწილეობა უმძიმესი დანაშაული იყო და სიკვდილით ისჯებოდა, თუმცა როდესაც იმპერატორი საქმის ვითარებას გაეცნო, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დედოფლის შეთქმულებაში მონაწილეობისა, მარიამი ალექსის მოკვლის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამის გამო, ალექსი I-მა შეიწყალა მარიამი და მისი ვაჟი. მან ტახტზე უფლებააყრილი კონსტანტინე, 1094 წელს მარმარილოს ზღვაში მდებარე კუნძულ ბუიუკადაზე გადაასახლა. აქვე იგი ადგილობრივ ბერ-მონაზვნებს დაუახლოვდა და გადასახლებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1095 წლის დასაწყისში კონსტანტინე 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. კონსტანტინეპოლიდან გააძევეს თავად დედოფალი მარიამიც, რომელიც ნიკიფორე III-ის მიერ ნაჩუქარ თრაკიის მამულში დასახლდა. მარიამის სამფლობელოები მოიცავდა თანამედროვე თრაკიისა და სამხრეთ ბულგარეთის ტერიტორიებს, რომელსაც გასასვლელი ჰქონდა ეგეოსის ზღვაზეც.
 
ბევრი აღნიშნავს, რომ შვილის გარდაცვალებით გატეხილ მარიამს სამუდამოდ დაუტოვებია პოლიტიკური ცხოვრება და დარჩენილი წლები სასულიერო ცხოვრებას მიუძღვნა. ამავე დროს, სწორედ 1096 წელს დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და სრულიად ჯვაროსნული ომების ეპოქა, რის შემდეგაც მარიამი და მისი განსვენებული ვაჟი ბიზანტიაში აღარავის გახსენებია.
 
სასულიერო მოღვაწეობა
 
ათონის ივერთა მონასტერი
პირადი ტრაგედიის მიუხედავად, დედოფალმა მარიამმა მოიკრიბა ძალა და თავისი ცხოვრება სასულიერო მოღვაწეობას მიუძღვნა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ ბერებთან და პოლიტიკოსებთან. იგი შესაწირავს უგზავნიდა ათონის ივერთა მონასტერს, სადაც სააღაპე წიგნში მისი მოსახსენიებელი შეიტანეს. დედოფალი მეგობრობდა გრიგოლ ბაკურიანის ძესთან, აღმოსავლეთის დიდ დომესტიკოსთან. თეოფილაქტე ბულგარელმა მარიამ დედოფალს უძღვნა „იოანეს სახარების განმარტება“. მარიამის სახელი მოიხსენიება პალესტინის ქართულ სავანეებსა და იერუსალიმის დედათა მონასტერში. მან გადასახადებისაგან გაათავისუფლა ათონის იბერთა მონასტერი და შესწირა მას ადგილ-მამული, ხოლო იერუსალიმში, სიონის მთაზე, დედასთან, საქართველოს დედოფალ ბორენასთან ერთად ააშენა ცნობილი მონასტერი — კაპათა. ეს მონასტერი ქართული მწიგნობრობის თვალსაჩინო კერად იქცა. მარიამის შეკვეთით შესრულებულ ერთ–ერთ ხელნაწერში — "წიგნი სინაის მთის მარტვილობაზე" — გადამწერი მოწიწებით ახსენებს მარიამსა და ბორენას, როგორც კაპათას დამაარსებლებს.
 
განსაკუთრებით აღსანიშნავია მარიამის ღვაწლი პეტრიწონის ქართული ლავრის მშენებლობისას. იგი ასევე მფარველობდა იმპერატორ ბასილი II-ის აკლდამას, უამრავ ლიტერატურულ ნაწარმოებს და განძეულს. საბოლოოდ, დედოფალი მარიამი თრაკიაში მონაზვნად აღიკვეცა და წმინდა ცხოვრებას მიჰყო ხელი. ცნობილია, რომ 1090 წელს იგი თავისი პირველი ქმრის, მიხეილ VII-ის გარდაცვალებას დაესწრო. მან სპეციალურად დაიბარა თავისთან თავისი საყვარელი მეუღლე, სადაც მარიამმა მას მიტევება სთხოვა ნიკიფორეზე ქორწინების გამო.
 
მარიამი და საქართველო
 
დავით აღმაშენებელი
დედოფალი მარიამი ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატრიოტობით ხასიათდებოდა, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. მისი ბიზანტიური ქორწინების მიზანიც სწორედ საქართველოს ურთიერთობების დათბობა იყო მეზობელ სახელმწიფოსთან. იგი თავის ძმას, გიორგი II-ს არაერთხელ დაეხმარა ჯარით, მას შემდეგ, რაც 1089 წელს გიორგი გადადგა და ტახტზე მისი ვაჟი დავით IV ავიდა, კიდევ უფრო გაიზარდა მარიამის კონტაქტი სამშობლოსთან. დავითს ძალიან უყვარდა მამიდამისი და ყოველთვის დიდ პატივს სცემდა მას. ამიერიდან მარიამ დედოფალი გამოსახული იყო არამხოლოდ ბიზანტიურ ოქრო-ვერცხლის მონეტებზე, არამედ ქართულ ხატებზეც. დავით აღმაშენებელს ეხმარებოდა საეკლესიო და სახელმწიფო რეფორმების გატარებაში. იგი მფარველობდა და სწყალობდა ბიზანტიის სამეფოში არსებულ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს. სწორედ რომ დედოფალ მარიამის შთაგონებით დააარსა დავით აღმაშენებელმა იყალთოსა და გელათის აკადემიები. სპეციალურად გელათის აკადემიისთვის, მარიამმა დავითს ხახულიდან ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გაუგზავნა. მარიამის ხელშეწყობით, დავითი აკადემიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ბიზანტიაში აგზავნიდა უმაღლესი განათლების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის სწორედ ბიზანტია იყო მთელ მსოფლიოში საუკეთესო განათლების მისაღებად საუკეთესო ადგილი. უკვე განათლებამიღებულ ქართველებს, ასევე მარიამი აბრუნებდა მშობლიურ საქართველოში, სადაც დავითი მათ სახელმწიფო სამსახურებში აყენებდა.