EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-10-14 20:14:00

ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონი
ალექსანდრე_ბაგრატიონი

ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი 1770 წელსაა დაბადებული. ის თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე იყო. აღიზარდა კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით. 17-18 წლისა უკვე მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში, ხელმძღვანელობდა აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის დროს დანგრეული თბილისის აღდგენას.

 
ალექსანდრე ბატონიშვილს საუფლისწულო ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა გიორგი XII-ს, სურდა იულონ ბატონიშვილის გამეფება. როდესაც ქართლ–კახეთი რუსეთს შეუერთდა, ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღსადგენად. 1802–1803 წლებში მან დახმარება სთხოვა ამიერკავკასიის (ერევნის, ნახიჭევანის, განჯის) სახანოებს, შემდეგ კი სპარსეთში წავიდა.
 
1803 წლიდან მოყოლებული, ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილეობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაშო სპარსეთის შაჰის მიერ მოწყობილ თითქმის ყველა სამხედრო ოპერაციაში, რომელტა მიზანი იყო ირანის გავლენის აღდგენა ამ მხარეში. ალექსანდრე ბატონიშვილი ცდილობდა სამშობლოშიც და კავკასიის ხალხებსიც სახალხო აჯანყებები გამოეწვია, რისთვისაც მისი წარგზავნილები დაუღალავად მუსაობდნენ – დადიოდნენ სოფელ–სოფელ და ხალხში წერილობით თუ ზეპირ მოწოდებებს ავრცელებდნენ.
 
“ერეკლეს ძეს” ყველგან იცნობდნენ, მათ შორის კავკასიის მთიელებშიც და მისი ბრძოლის ლეგიტიმურობასაც ყველა აღიარებდა, მაგრამ ყოველთვის როდი ეხმაურებოდნენ მის მოწოდებებს. ამის მიზეზი იყო ქართველი ხალხის  გადაულახავი და სრულიად სამართლიანი სიძულვილი თავისი ისტორიული მტრებისადმი ყველას კარგად ახსოვდა უახლოესი წარსულიდან, რას უქადდნენ საქართველოს სპარსელები, თურქები თუ ლეკები.
 
რუსეთის მთავრობა მთელი კავკასიის დაპყრობას გეგმავდა. ამისთვის მას საქართველოში გადმოსროლილი საკუთარი საჯარისო ნაწილები არ ჰყოფნიდა და მოხერხებულად იყენებდა ქართველების განწყობას აგრესიული მეზობლებისადმი. ამიტომ იყო, რომ რუსეთის ომებში ირან-ოსმალეთთან ქართველები თავს არ ზოგავდნენ. მაგ. ჭარის ბრძოლაში რუსებთან  ერთად თავდადებით იბრძოდა 4500  ქართველი.
 
რუსეთ–ირანის1804–1813 წლების ომის დროს ალექსანდრე ბაგრატიონი თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა რომ, თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა.
 
1812 წელს კახეთში აჯანყებამ იფეთქა. იგი სტიქიურად დაიწყო ახმეტაში და ელვის სისწრაფით მოედო მთელ კახეთს. კავკასიის მეფისნაცვალმა ფილიპე პაულიჩმა ჯერ დაყვავებით სცადა მათი დამორჩილება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მთავრობას ხალხში ნდობა სრულიად ჰქონდა დაკარგული. ამის შემდეგ აჯანყებულებზე რეგულარული ჯარი  მიუშვეს  და სასტიკად დაარბიეს. ამას რასაკვირველია,  შემდეგ სასტიკი რეპრესიები მოჰყვა.
 
1812 წლის შემოდგომაზე, აჯანყებულების მოწვევით, ალექსანდრე ბატონიშვილი 100 კაციანი რაზმით ჩამოვიდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა ქართველი ხალხის სრულიად კანონიერ ბრძოლას სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. თიანეთში მდგარ ბატონიშვილს უამრავი ხალხი მიუვიდა ქართლიდან, კახეთიდან, მთის კუთხეებიდან. ალექსანდრე ბაგრატიონმა თავიდანვე ყველასათვის მკაფიო და გასაგები საბრძოლო ამოცანა დასახა: სამხედრო გზის ჩაკეტვა, კახეთის შემომტკიცება და ქართლის აჯანყება. ამას უნდა მოჰყოლოდა ირანიდან დამხმარე ჯარის შემოსვლა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მთავრობა დათანხმდებოდა სამეფოს აღდგენას, მაშინ საქმე მშვიდობიანად მოგვარდებოდა.
 
სამხედრო საქმეში გაწაფულმა ბატონიშვილმა საბრძოლო რაზმები სამ ნაწილად დაჰყო და თითოეულს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის ჩაკეტვა დაავალა, რათა რუსულ ნაწილებს ჩრდილოეთიდან შევსების მიღებისა და გადაადგილების საშუალება არ ჰქონოდათ. კავკასიის იმდროინდელმა მთავარსარდალმა რტიშჩევმა საქართველოში მყოფი მთელი ძალების მობილიზაცია გამოაცხადა, კავკასიის ლინიიდან ბატალიონები დაიბარა და ყოვლად უპერსპექტივო და სამარცხვინო განცხადება გამოაქვეყნა - ალექსანდრე ბატონიშვილის მკვლელობაზე 2 ათასი ჩერვონეცი დააწესა.
 
„1812 წელს კახეთი აჯანყდა. ერევნიდან გადმოსული ალექასნდრე ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე) მათ შეუერთდა. მათვე ჩამოეშველნენ ფშავ- ხევსურებიც, მაგრამ დამარცხდნენ. ალექსანდრემ თიანეთის გავლით შატილს შეაფარა თავი და მთელი ზამთარი აქ გაატარა. ვინც მას ეხმარებოდა და ემსახურებოდა, რუსეთი წყალობის სიგელებსაც აძლევდა. ასეთი სიგელები სათანადო დაწესებულებებში ინახება. კავკასიის მთავარმართებელმა რტიშჩევა სიმონოვიჩის მეთაურობით რუსების ლაშქარი გაუშვა შატილისკენ. 1813 წლის 13 მაისს რუსის ჯარი სიმონოვიჩის, სტალისა და ორბელიანის მათაურობით ხევსურეთისკენ დაიძრა. 30 მაისს ეს ჯარი პირიქითის პირველ სოფელში ლებასიკარში მივიდა. სიმონოვიჩმა აქედან მისწერა ალექსანდრე ბატონიშვილს დამმორჩილდიო, მაგრამ ელჩი ხევსურებმა მოკლეს. ალექსანდრემ პასუხიც ვერ გასცა წერილზე. სოფელ გუროსთან დიდი შეტაკება მოხდა რუსებსა და ხევსურებს შორის. ხევსურებს ქისტებიც მიეშველნენ. რუსების სიმრავლემ და მაღალი დონის შეიარაღებამ (მათ ზარბაზნებიც კი ჰქონდათ) სძლია მთილების მამაც და გულუბრყვილო რაზმებს: რუსები გაუოცებია ამ უცნაური „ველურების“ ქცევას. ისინი ფეხზე მდგომები ესროდნენ თითქმის გაუმცდრად, დაჭრილ ჩვენ ჯარისკაცებს მეორედ აღარ ურტყამდნენ და წამოდგომაში ეხმარებოდნენო – წერდნენ მათივე წარმომადგენლები. ალექსანდრე ბატონიშვილი დიდ, გოგოთურათ ქვითკირში ცხოვრობდა. „...და ბოლოს უკვე ძალიან გვიან მივაწიეთ შატილს და ღამის სათევად გავჩერდით იმ ქვითკირში, რომელშიც ჩვენს მიერ კახეთის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ საქართველოს ტახტის დაბრუნებისთვის ბრძოლაში დამარცხებულმა და გამოქცეულმა საქართველოს მეფისწულმა, ალექსანდრე ირაკლის ძემ გაატარა 1812 წლის მთელი ზამთარი“ - წერს ა. ზისერმანი. გუროსთან შეტაკების შემდეგ რუსებმა გურო და შემდეგ შატილი გადაწვეს და ააოხრეს. შატილის ქვითკირებს ახლაც კარგად ემჩნევა მოწითალო-მოყავისფროდ მაშინდელი ნახანძრალი."
 
კახეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ ალექსანდრე ერეკლეს ძე დაღესტანში გაიქცა და 1818 წლამდე იქ დაჰყო საერთაშორისო მოვლენების ირანის სასიკეთოდ შემოტრიალების მოლოდინში. ამ ხნის მანძილზე აბას-მირზამ მრავალჯერ მოსთხოვა რუსეთს დაუბრკოლებლად გაეტარებინათ ალექსანდრე ბაგრატიონი ირანის საზღვარზე. მაგრამ რუსეთის მთავრობა ბატონიშვილის ირანში წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო  და მისი გადაბირებაც არაერთხელ სცადა.
 
1818 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა მოახერხა რუსი მესაზღვრეების შეუმჩნევლად ახალციხეში გადასვლა და აქედან გაემგზავრა ირანში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
 
1820 წლის მაისში ალექსანდრე ბაგრატიონი დაქორწინდა ერევნის მელიქის სააკ (ისაკ) აღამალიანის 14 წლის ასულ მარიამზე. ჯვრისწერა გაიმართა ეჩმიაძინის ტაძარში. სპარსეთის შაჰის მემკვიდრემ და აზერბაიჯანის ჯანიშინმა აბას-მირზამ ალექსანდრეს რამდნიმე სოფელი აჩუქა სალმატის მაზრაში, საიდანაც მან საცხოვრებლად აირჩია სოფელი ხოსროვი, სადაც სომხები და ასურელები ცხოვრობდნენ. იქვე შეეძინა ვაჟი ირაკლი.
 
ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილეობდა რუსეთ–სპარსეთის 1826–1828 წლების ომში. ამ ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ მან ოჯახთან ერთად თურქეთის ტერიტორიას შეაფარა თავი, მოგვიანებით კი ცოლ-შვილი ერევანში, სიმამრის ოჯახში გაგზავნა. 1827 წელს ერევანი რუსეთის ხელში აღმოჩნდა. საქართველოს  მთავარმართებელ გრიგოლ როზენის მეშვეობით რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, დაეყოლიებინა ალექსანდრეს მეუღლე შვილის პეტერბურგში გაგზავნაზე. მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, 1834 წელს ირაკლი ბატონიშვილი (1827-1882) გაგზავნეს პეტერბურგში, სადაც შეიყვანეს პაჟთა კორპუსში და დაუნიშნეს პენსია. სამხედრო სამსახურში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება, მაგრამ რუსეთში ყოფნა არ ისურვა. თბილისში დაბრუნების ნებართვა 1844 წელს მიიღო მიხეილ ვორონცოვისაგან. საქართველოში ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას: მისი ინიციატივით მთაწმინდასა და ავლაბარში ორი ქართული სკოლა გაიხსნა (1860-იანი წწ.), მას ეკუთვნოდა თბილისის გოგირდოვანი აბანოების ნაწილი, რომლის შემოსავალსაც ძირითადად საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. 1860-იანი წლების დასასრულს  სამკურნალოდ გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც  გაიცნო ალ. ჭავჭავაძის შვილიშვილი თამარ დავითის ას. ჭავჭავაძე (1852-1933) და იქვე დაქორწინდა მასზე.
 
სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა 1844 წელს, თავრიზში. დაკრძალულია იქვე, მაგრამ არა ეკლესიაში, არამედ სომხური ეკლესიის ეზოში, რადგან მართმადიდებელი იყო. ალექსანდრეს ასული ელისაბედი გარდაიცვალა თეირანში 1836 წელს, დაკრძალულია სომხურ ეკლესიაში, ტრაპეზის გასწვრივ სამხრეთის უკანა კედელში არის ჩასმული თეთრი მარმარილო რუსული წარწერით: "Здесь погребено тело усопшей рабы Елизаветы: дочь царевича грузинскаго Александра греко-католическаго исповедания, супруга сартипъ хана Самсон Яковлева сына Маканцова. Родился въ Эриване 1811 года Июля 13 дня, а умеръ въ Тегеране 1836 года 17 Сентября."
 
წყარო:
 
1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.– თბ., 1997.– გვ.100
 
2. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ბატონიშვილი
 
3. https://qim.ge/al%20batonishvili%20erekle%201.html 
 
4. www.georoyal.ge/?m=1000&id=596&fb_comment_id=fbc...67686854... 
 
5. ორჯონიკიძე, ეთერ. ალექსანდრე ბატონიშვილის ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. - თბილისი, 2013. წიგნში აგრეთვე: ალექსანდრე ბატონრიშვილის წერილები და თამარ პაპავას ალექსანდრე ბატონიშვილი და მისი ოჯახის ბედი.
 
6. სუხიტაშვილი, ვახტანგ. ალექსანდრე ბატონიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა. - თბ., 2006.
 
7. ბერძნიშვილი, მაქსიმე. ალექსანდრე ბატონიშვილი (1771-1844) // მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მაქსიმე ბერძნიშვილი.- თბ., 1980. - გვ.107-108.