EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვეფხისტყაოსანი: წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2020-03-07 21:45:02
“წიგნი დავწერე: «მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად!
მე ხატაელთა მიმუხთლეს, - თუცა მათ ეცა ზიანად, -
ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად».
“რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,
წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,
მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.
“ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.
ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!
ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.
“ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,
საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.
“მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,
დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით;
მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით,
დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!»
“რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე.
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,
ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!
“მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,
ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
«შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?»
“მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა».
რამაზს უბრძანებს: «იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა,
მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!»
“ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია.
მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,
შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.
“ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერმან შემანანა.
თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!»
წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.
“მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;
ებრძანა: «შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია,
მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,
არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია».
“შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,
შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,
მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;
გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!
“იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
«ომით მოსრული ტარეილ საჭვრეტლად სასურველია,
მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.
«აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,
ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული,
გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული».
“მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა;
იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.
აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.
“ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;
ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი,
ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ კატაბანი.
“რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა,
იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა.
მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა,
შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.
“მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი,
ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;
სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,
მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
“ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,
ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,
მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შე-ღა-გება».
“ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა.
პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.
მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა;
თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და ლალისა.
არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
“მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა.
არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!
“დააგდეს მღერა მუტრიბთა, «სულეთო!», თავი ხარიან;
მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?!
ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.
«აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან,
არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან;
აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,
თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან».
“მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,
რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!
“კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;
კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.
დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა,
ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
“ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.