EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« წმინდა თეოფანე დაყუდებული - ეშმაკის ხრიკებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2020-07-03 12:26:27
ამ წერილში წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული თავის სულიერ ასულს წერს ეშმაკის სხვადასხვაგვარ მანქანებაზე და მათთან ბრძოლის ხერხებზე. ეს წერილი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მისმა სულიერმა შვილმა, რომელიც მანამდე არ აძლევდა ეშმაკისეულ მზაკვრობებს სერიოზულ მნიშვნელობას, ბოლოს დაბოლოს აღიარა, რომ თურმე ცდებოდა.
„როგორც იქნა, თქვენ შესძელით და აღიარეთ, რომ არსებობს მტრის განსაცდელები, რომელთა გარეშეც იგი არავის ტოვებს, – თქვენი განსწავლულობისაც კი არ რცხვენია.
დიახ, დიახ; იგი ყველას მახლობლად მოქმედებს, ყველას ცდუნებას ცდილობს, მაგრამ ამის არ უნდა გვეშინოდეს: გულისხმისყოფა და უფლისადმი ლოცვა არღვევს ყველა მის მზაკვრულ მანქანებას.
წაიკითხეთ ევსუქისთან და ისწავლეთ, როგორ იმოქმედოთ ასეთ შემთხვევებში. მტერი თავიდანვე ცუდს არ შეგაგონებთ. მისი პირველი ხრიკია, ისეთი აზრები დათესოს, რომელნიც კეთილად გვეჩვენება, და გაგვიტაცოს მოჩვენებითად კეთილი საქმეებით, ანდა –კეთილი საქმით, მაგრამ ბოროტი მიზნით, რაც თავის გამოჩენას გულისხმობს.
ის პირები, რომლებიც მაინდამაინც ვერ ერკვევიან ზრახვებსა და საქმეებში და არ იკვლევენ მათ, –მთავარია, აშკარად ცუდი და მიუღებელი არ იყოს მოვლენილი აზრი, – ამ ანკესზე ადვილად ეგებიან: მტერი მათ მიერეკება ზრახვიდან ზრახვისკენ და საქმიდან საქმისკენ, – თითქოსდა, ყველაფერი კეთილია, მაგრამ ან უადგილოა, ან უდროო, ან არასათანადო, ან კიდევ საკუთარი ძალებისათვის შეუსაბამო.
აქ მტრის მიზანი ის არის, რომ სულიერი გემოვნება გაუცუდოს ადამიანს, რათა მან უკვე ვეღარ შესძლოს კეთილის გამორჩევა მოჩვენებითად კეთილისაგან; შეაჩვიოს თავისი შთაგონებების მიღებას და შეუქმნას საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა: „რამდენი შემძლებია!“
როცა, ამ დროს, ყველა ნამოქმედარი არის ამაო და უქმი. ცოდვითი საქმეები ჯერ არ ჩანს, მაგრამ ცოდვითი სიტყვები არცთუ იშვიათად წამოგვცდება, უჯერო აზრები კი მატულობს. ეს არის მტრის პირველი ხიბლი!
როცა ვინმეს დაბნევაში წარმატებას მიაღწევს და ამგვარი სახის საქმიანობებში ჩაითრევს, მტერი მას უკვე ისეთ წვრილმან ცოდვებს შეაპარებს, რომელნიც ერთი შეხედვით ცოდვებს არ ჰგვანან.
ვისაც შეაცდენს და ამაზე დაითანხმებს, ის უკვე ისეთ ცოდვებამდე მიჰყავს, რომელნიც, მართალია, უცოდველად არ ჩანან, მაგრამ რომელთა გამართლებაც შეიძლებას ხვადასხვა გარემოებით და ამიტომ, თითქოსდა, დასაშვებად მიიჩნევა.
ვინც აქამდე მიდის, მას შეაგონებს, რომ შესცოდოს რაიმე აშკარა ცოდვით, რომელსაც სინდისი თუმც ეწინააღმდეგება, მაგრამ თავს იმით ამართლებინებს, რომ მხოლოდ ერთხელ ჩაიდენს ამ ცოდვას და მეტს – აღარ.
ვინც ამაზე თანხმდება, ის უკვე მთლიანად მტრის კლანჭებშია მოქცეული… და მისი მონა ხდება ცოდვისადმი დამონების გზით, რადგან ამ ერთხელ შეცოდების მეშვეობით, მტერი უკვე აღარ ეშვება და სულ უფრო შორს მიერეკება მას იგივე მიმართულებით.
არა იმდენად ამ ისტორიის ცოდნაა თქვენთვის საჭიროა, რამდენადაც იმისა, რომელსაც იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, როცა ადამიანი არ უსმენს მტერს.
ასეთ შემთხვევაში მას უკვე სხვა ხერხი აქვს მომზადებული. აღვნიშნავ მათ შორის უმთავრესებს. როცა ვინმე იმდენ სიბრძნესგამოიჩენს, რომ კეთილმოჩვენებით ზრახვებს თავის თავში გასაქანს არ მისცემს, და ან საკუთარი განბჭობით ან გამოცდილ მოღვაწეთა რჩევით მოიკვეთს მათ, – როგორი მშვენიერებიც ისინი არ უნდა ჩანდნენ და ამ მიმართულებით ისეთი შემართებითა და თავდადებით იმოქმედებს, რომ მტერს მისი შეცდენის არანაირ შანსს არ დაუტოვებს, – მაშინ ეს მზაკვარი სხვა სატყუარას იყენებს:
მის წინააღმდეგ გარედან იწყებს მოქმედებას სხვა ადამიანების, თავისი (ეშმაკის) მორჩილების მეშვეობით. მოქმედებაში მოდის შექება, ლიქნი, ცილისწამება, განკითხვა, შევიწროება და ათასნაირი უსიამოვნება.
აი, ეს უნდა იცოდეთ დაელოდოთ, და უაღრესად ყურადღებით იყოთ! ამის აღკვეთა თქვენ არ გეხელწიფებათ, მაგრამ გეხელწიფებათ მოხერხებით აჯობოთ ეშმაკს [გველის სიბრძნით].
მთავარია, ყველაფერს დახვდე სიყვარულითა და სიმშვიდით. შემწედ უფალი გყავთ! მას უნდა ევედროთ, რომ დაგიწყნაროთ გული და, თუ ინებებს, გარეთა საქმეებიც დაგილაგოთ.
ჩვენის მხრიდან გვმართებს მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, თუ საიდან და ვისგან მოდის ქარიშხალი, – და სიძულვილი ადამიანებზე კი არა, იმაზე მივმართოთ, ვინც მათ უკან დგას, ვინც აღაგზნებს მათ და მართავს საქმის მთელ მსვლელობას.
თუკი არც ეს ხერხი არ მისცემს სასურველ შედეგს, მაშინ მტერი იწყებს მოქმედებას საკუთარი პერსონით, ასევე, გარედან: მოაწყობს უცნაურობებს – ხან საშინელს, ხან მაცდუნებელს. როდესაც ეს სატყუარაც ამაო აღმოჩნდება, მაშინ, საბოლოოდ, ეშმაკი განგეშორება და მოახლოებას ვეღარ გაბედავს; შორიშორ დაიწყებს სიარულს და თვალთვალს: ხომ არ დაუშვებ რამე შეცდომას და ხომ არ მიეცემა მას ამით შემოტევის საშუალება რომელიმე გამონაცადი ხერხით.
სრულიად ის არავის ტოვებს, სიკვდილამდე. თვით სიკვდილის შემდგომაც კი ცდილობს, რამეს მიაღწიოს საზვერეებში.
ამის წაკთხვის შემდეგ არ იფიქროთ: ჰოი, რა საშინელებაა, რა მეშველება! სინამდვილეში აქ საშიში არაფერია, რადგან მტერს არანაირი ძალა არ გააჩნია იმისათვის, რომ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ რამე ბოროტება ჩაგვადენინოს.
ის მხოლოდ სხვადასხვა ხრიკს, ცუღლუტობას, მზაკვრობას იყენებს, რათა თავისი მოჩვენებითი წარმოდგენებითა და შთაგონებებით მოგვატყუოს, ცუდი კეთილად მოგვაჩვენოს და გაგვაკეთებინოს ბოროტება ისე, რომ გვეგონოს თითქოს კეთილს ვიქმთ.
გულისხმისყოფა (შინაგანი ყურადღება) და ლოცვა, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა მის მცდელობას უქმს ჰყოფს.
უფალი არასდროს ტოვებს თავისებს, და მფარველი ანგელოზიც ახლოა, რომელიც, როგორც კი დაინახავს, რომ საცდუნებელი ცდუნებას არ მიჰყვება და ეწინააღმდეგება, მაშინვე უმოწყალოდ დევნის მტერს მისგან“.
მიძნაძორის მონასტრიდან ხანძთაში მეუდაბნოე ბერი მიქაელი ჩამოვიდა. იგი გრიგოლ ხანცთელის მეგობარი იყო და განმარტოებულ ადგილს ეძებდა, რათა სულიერი სიმშვიდე იქ ეპოვა.
მიქაელი ბერთა გამოქვაბულში დაბინავდა და სამონაზვნო წესის აღსრულებას შეუდგა. მაგრამ ბოროტი ძალა არ ასვენებდა წმინდა მამას და მის დაბრკოლებას ცდილობდა.
მოთმინებით იტანდა მამა მიქაელი ამ განსაცდელს. ერთხელ იგი სენაკიდან მოშორებით, მაღალ მთაზე იდგა. უეცრად კლდიდან უზარმაზარი ლოდი გადმოვარდა, მაგრამ ღვთის შეწევნით მიქაელი გადარჩა. შეწუხდა ბერი და საშველად გრიგოლს მიმართა.
გრიგოლმა თავისი ხელით გააკეთა ორი ხის ჯვარი, სენაკის მოშორებით აქეთ-იქით აღმართა, საზღვრად დაუწესა ბერს და თანაც დაარიგა, რომ ამ ჯვრების იქით არ გადასულიყო, რადგან ბოროტი უფრო გამძვინვარდებოდა.
წმინდანებმა ერთად ილოცეს. მაშინ კი სძლია გრიგოლის თანადგომით წმინდა მიქაელმა სატანას. ამის შემდეგ იგი პარეხში მრავალი წელი მშვიდად მოღვაწეობდა.