EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ხორვატია (ხორ. Hrvatska), ოფიციალურად ხორვატიის რესპუბლიკა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2021-03-05 11:26:10
ხორვატია (ხორ. Hrvatska), ოფიციალურად ხორვატიის რესპუბლიკა (ხორ. Republika Hrvatska) — უნიტარული, დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკა ცენტრალური ევროპის, სამხრეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის გზაჯვარედინზე. ხორვატიის დედაქალაქია ზაგრები, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის 21 ერთეულიდან ერთ-ერთ ჟუპანიას. ხორვატიის ტერიტორია 56 594 კმ²-ს მოიცავს და დამახასიათებელია მრავალფეროვანი, უმეტესად კონტინენტური და ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ხორვატიის ადრიატიკის ზღვის სანაპირო მოიცავს ათას კუნძულზე მეტს. ქვეყნის მოსახლეობა 4,28 მლნ ადამიანს შეადგენს, რომელთა უმრავლესობა ხორვატია. ყველაზე გავრცელებულ რელიგიას წარმოადგენს კათოლიციზმი. მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით — სლოვენია, ჩრდილოეთით — უნგრეთი, აღმოსავლეთით — სერბეთი, სამხრეთით — ჩერნოგორია, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბოსნია და ჰერცეგოვინა, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ეკვრის ადრიატიკის ზღვა.
თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე ხორვატები ახალი წელთაღრიცხვის VII საუკუნის ადრეულ პერიოდში მოვიდნენ. IX საუკუნეში მათ სახელმწიფო ორი საჰერცოგოს სახით ჩამოაყალიბეს. 925 წელს, პირველი მეფე გახდა ტომისლავ I, ხორვატია კი სამეფო გახდა. ხორვატიის სამეფო სუვერენიტეტს თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებდა, სიძლიერის მწვერვალს კი მეფე პეტარ კრეშიმირ IV-ისა და დმიტარ ზვონიმირის დროს მიაღწია. 1102 წელს ხორვატიამ პირადი უნია გააფორმა უნგრეთთან. 1527 წელს ოსმალური დაპყრობების პირისპირ აღმოჩენილმა ხორვატიის პარლამენტმა ხორვატიის ტახტის მფლობელად აირჩია ფერდინანდ I ჰაბსბურგების დინასტიიდან. I მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წელს ხორვატია შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების არაღიარებული სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც ავსტრია-უნგრეთს გამოეყო და იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. II მსოფლიო ომის პერიოდში არსებობდა ხორვატიის ფაშისტური, მარიონეტული სახელმწიფო. ომის შემდეგ, ხორვატია გახდა კონსტიტუციური სოციალისტური სახელმწიფოს — მეორე იუგოსლავიის დამფუძნებელი წევრი და ფედერალური შემადგენელი. 1991 წლის ივნისში, ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც ძალაში ამავე წლის 8 ოქტომბერს შევიდა. ამას მოჰყვა ხორვატიის ომი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც 4 წელს გაგრძელდა და საბოლოოდ, წარმატებით დასრულდა.
დღეისათვის, ხორვატიას ადამიანის განვითარების ინდექსის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, ხორვატიას მზარდი, განვითარებადი ეკონომიკა აქვს, მსოფლიო ბანკის შეფასებით კი მაღალი შემოსავლების ეკონომიკა. ხორვატია გაწევრიანებულია ევროკავშირში, გაეროში, ევროსაბჭოში, ნატო-ში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ასევე არის ხმელთაშუა ზღვის კავშირის დამფუძნებელი წევრი. როგორც გაეროს სამშვიდობო ძალების აქტიური წევრი, ხორვატიას წვლილი შეაქვს ნატო-ს საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალებში ავღანეთში; 2008-2009 წლებში იყო გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი.
ხორვატიის ეკონომიკაში დომინანტია მომსახურების სფერო, რასაც მოსდევს სამრეწველო სექტორი და სოფლის მეურნეობა. ზაფხულის პერიოდში, შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი; ხორვატია მსოფლიოში მე-18 ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. არსებითი სახელისუფლებო დანახარჯებით, სახელმწიფო კონტროლებს ეკონომიკის გარკვეულ ნაწილს. ხორვატიის უმთავრესი სავაჭრო პარტნორია ევროკავშირი. 2000 წლიდან, ხორვატიის ხელისუფლებამ ინვესტიციები განახორციელა ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით პანევროპული სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ გზების მშენებლობაში. ხორვატიის ენერგეტიკის მნიშვნელოვანი წილის წარმოება შიდა წყაროებით ხდება, გარკვეული ნაწილი კი იმპორტით შედის. ქვეყანაში მოქმედებს უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა და უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება. კულტურის მხარდასაჭერად ფუნქციონირებს მრავალი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ასევე კორპორატიული ინვესტირება მედიასა და გამომცემლობებში.
ხორვატი ქალები ტრადიციული ტატუებით.
ასეთ წარმართულ ფიგურებს იძულებით გამაჰმადიანებისაგან თავის დასაცავად იკეთებდნენ.
მუსულმანებს არ მიჰყავდათ ქალები, რომლებსაც ტანზე ასეთი ტატუები ჰქონდა.