EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩვენი წინაპრები გამორჩეულ პატივს მიაგებდნენ მზის ღვთაებას, ქალღმერთ ბარბალეს »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2021-12-25 13:39:10
ძველი აღთქმის ხანაში ჩვენი წინაპრები გამორჩეულ პატივს მიაგებდნენ მზის ღვთაებას, ქალღმერთ "ბარბალეს", იგივე "ბარბოლს", რომელიც ითვლებოდა ასევე ქალების, დედობრივი ძალებისა და ნაყოფიერების მფარველ ღვთაებად. სხვათა შორის, სიტყვა "ბორბალი" პირდაპირ უკავშირდება მზის ღვთაების – "ბარბოლის" სახელს.
კვირის დღეთაგან მზის დღედ ითვლებოდა კვირა – დღე, რომელსაც ძველქართულად ერქვა "მზისა", ანუ "საუფლო". ზამთრის მზის ბუნიობის დღეს – თანამედროვე კალენდრით 21 დეკემბერს, იმართებოდა ქალღმერთ ბარბალესადმი მიძღვნილი დიდი დღესასწაული "ბარბალობა" – რიტუალური ლოცვებით, გალობით, ჰიმნებითა და ფერხულით. ბარბალესადმი მიძღვნილი იმჟამინდელი სიმღერა ახლაც არის შემონახული ქართულ ხალხურ ეპოსში: "მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო". ბარბალეს უძღვნიდნენ რიტუალურ შესაწირავს: რძის ფაფას, ხაჭაპურს და რა თქმა უნდა, ისეთ უძველეს ქართულ კერძს, როგორიცაა მისი უდიდებულესობა ხინკალი! ბარბალობის დღესასწაულით იწყებოდა ძველად საქართველოში ახალი წელი...
დავაკვირდეთ ხინკალს და ყველაფერი ნათელი შეიქნება: ხინკლის კუჭი შეესატყვისება მზეს, ნაოჭები კი – მზის სხივებს. ხინკალი ყოფილა წარმართული ხანის სარიტუალო კერძი. მას უპირატესად ამზადებდნენ კვირადღეს, ანუ "მზის დღეს".
თავდაპირველად გავერკვეთ სიტყვის ეტიმოლოგიაში. დიდი ქართველი ლექსიკოლოგი სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს: "ხინკალი არის დუმის შაშხი". გამოდის, რომ "ხინკალი" სახელს უნდა უმადლოდეს თავისი ძველი რეცეპტურის უმთავრეს ინგრედიენტს – დაშაშხულ, გამოყვანილ ცხვრის დუმას, რომელიც ძველად ბარაქისა და სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ჩვენი აზრით, კერძის სახელწოდება მომდინარეობს რთულფუძიანი სიტყვიდან "ცხიმ-გალი", რაც უნდა ნიშნავდეს დასაშაშხად გაკიდული ცხიმიანი ხორცის აცმას, აკიდოს ანუ გალას.
ახლა მოვიცალოთ "მარადიული" კითხვისთვისაც: რამდენი ნაოჭი უნდა ჰქონდეს ნაღდ ქართულ ხინკალს – 15, 17, 19 თუ მეტი?
ქართულ ხალხურ ეპოსში შემორჩენილია ძველთაძველი მთიულური ლექსი: "ტიალო ხაჭოს ხინკალო, ოცდარვა ნაოჭიანო". გამოდის, ჩვენი წინაპრები ხინკალს უკეთებდნენ 28 ნაოჭს. რატომ მაინცდამაინც 28-ს?
28 საკრალური რიცხვია. 28 არის 7-ის ანუ ძველთაგან წმიდათაწმიდად მიჩნეული ციფრის, ასევე კვირის დღეთა რაოდენობის ჯერადი რიცხვი და რაც მთავარია, 28 არის მზის წელთა რიცხვი ანუ მზე ცის სფეროს დიდ წრეზე გარშემოვლას უნდება, არც მეტი და არც ნაკლები, ზუსტად 28 წელიწადს.