EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პირველ ცოცხალ რობოტებს უკვე გამრავლება შეუძლიათ »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: Demi
თარიღი: 2021-12-25 18:13:20
ამერიკელმა მეცნიერებმა პირველი ცოცხალი რობოტები შექმნეს, ახლა კი აცხადებენ, რომ ამ ე.წ. ქსენობოტებს გამრავლება შეუძლიათ. პროცესი მკაფიოდ განსხვავდება გამრავლების ყველა იმ ფორმისაგან, რომელიც მცენარეებსა თუ ცხოველებს ახასიათებთ. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა ორშაბათს.
ქსენობოტები, როგორც მათ სახელშივე ჩანს, აფრიკული დეზებიანი ბაყაყისაგან (Xenopus laevis) ამოღებული ღეროვანი უჯრედებისაგან შექმნეს და სიგანეში დაახლოებით ერთი მილიმეტრი ზომისა არიან. პატარა ბურთულები ფართო საზოგადოებამ პირველად 2020 წელს იხილა, როდესაც ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ მათ მოძრაობა, ჯგუფურად მუშაობა და თვითგანკურნება შეეძლოთ.
ამჟამად მათი შემქმნელები, ვერმონტის, ტაფტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ ბიოლოგიური გამრავლების სრულებით ახალი ფორმა აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერებისათვის ნაცნობი ნებისმიერი მცენარისა თუ ცხოველის გამრავლებისაგან მკაფიოდ განსხვავდება.
"ბაყაყები, ჩვეულებრივ, თავიანთი განსაზღვრული წესით მრავლდებიან, თუმცა როდესაც უჯრედებს დანარჩენი ემბრიონისაგან გამოაცალკევებ და ახალ გარემოსთან ადაპტაციის საშუალებას მისცემ, ისინი არა მხოლოდ ახლებურად მოძრაობას, არამედ ახლებურად გამრავლებასაც სწავლობენ", — განაცხადა მაიკლ ლევინმა, ბიოლოგიის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა.
რობოტი თუ ორგანიზმი?
ღეროვანი უჯრედები მოუმწიფებელი ახალგაზრდა უჯრედებია და შეუძლია, სხვადასხვა ტიპის უჯრედებად ჩამოყალიბდეს. ქსენობოტების შესაქმნელად მეცნიერებმა ბაყაყის ემბრიონებიდან ცოცხალი ღეროვანი უჯრედები ამოიღეს, პროცესში კი არანაირი გენური მანიპულაცია არ მომხდარა.
"ბევრი ფიქრობს, რომ რობოტი მხოლოდ ისაა, რაც მეტალებისა და კერამიკისგან მზადდება, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითია ის, თუ რას აკეთებს იგი, ანუ უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად, ადამიანების სასარგებლოდ", — განაცხადა ჯოშუა ბონგარდმა, რობოტიკის ექსპერტმა, კომპიუტერული მეცნიერების პროფესორმა და კვლევის ხელმძღვანელმა.
"ამ მხრივ, იგი რობოტია, თუმცა თან ორგანიზმია, რომელიც ბაყაყის გენეტიკურად შეუცვლელი უჯრედისაგან ჩამოყალიბდა", — დასძინა მან.
როგორც ბონგარდმა განაცხადა, სფეროს ფორმის, დაახლოებით 3 ათასი უჯრედისაგან შემდგარ ქსენობოტებს გამრავლება შეეძლოთ, თუმცა ეს იშვიათად, მხოლოდ სპეციფიკურ გარემოებებში ხდებოდა. ქსენობოტებმა "კინეტიკური რეპლიკაცია" გამოიყენეს — პროცესი, რომელიც მოლეკულურ დონეზე ვითარდება, თუმცა, აქამდე უჯრედების ან ორგანიზმების დონეზე არასოდეს შეუმჩნევიათ.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მკვლევრებმა სხეულის მილიარდობით ფორმა გამოცადეს, რათა ამგვარი გამრავლებისათვის ქსენობოტები მეტად ეფექტური გაეხადათ. სუპერკომპიუტერი C-ის ფორმაზე შეჯერდა (რომელიც, სხვათა შორის, Pac-Man-საც წააგავდა 1980-იანი წლების ვიდეოთამაშიდან). აღმოაჩინეს, რომ ამგვარი ფორმის მქონე ქსენობოტს პეტრის ჯამზე პაწაწინა ღეროვანი უჯრედების მოძებნა და ასობით მათგანის პირში მოგროვება შეეძლო, რამდენიმე დღის შემდეგ კი უჯრედთა გროვისაგან ახალი ქსენობოტები წარმოიქმნებოდა.
"ხელოვნურ ინტელექტს ეს მექანიზმები ისე არ დაუპროგრამებია, როგორც ჩვეულებრივ კოდის წერას ვუდგებით ხოლმე. მან ფორმა მისცა და Pac-Man-ის ფორმაზე შეჯერდა", — განაცხადა ბონგარდმა — "ფორმა კი თავისი არსით პროგრამაა. იგი ახდენს გავლენას ქსენობოტთა ქცევაზე, რომელსაც ამ გასაოცარი პროცესის შესასრულებლად მიმართავენ".
ქსენობოტების ტექნოლოგია ჯერჯერობით ძალიან ადრეულ ეტაპზეა (1940-იანი წლების კომპიუტერი რომ წარმოიდგინოთ) და პრაქტიკულადაც ვერ გამოვიყენებთ. მიუხედავად ამისა, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მოლეკულური ბიოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის ამგვარი კომბინაცია შესაძლოა, სხეულსა და გარემოსთან დაკავშირებულ არაერთ საქმეს წაადგეს, მათ შორის ოკეანეებში მიკროპლასტიკების შეგროვებას, ფესვთა სისტემების დათვალიერებასა და რეგენერაციულ მედიცინასაც კი.
შესაძლოა, თვითგამრავლებადი ბიოტექნოლოგიის პერსპექტივამ ერთგვარი შეშფოთება წარმოშვას, თუმცა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მექანიზმები ლაბორატორიაში გახლდნენ შეკავებულები და მარტივად განადგურდნენ, ვინაიდან ბიოდეგრადირებადნი არიან და ამას ეთიკის ექსპერტებიც არეგულირებენ. კვლევა ნაწილობრივ თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ დააფინანსა, რომელიც სამხედრო გამოყენების ტექნოლოგიათა განვითარებას ზედამხედველობს.
"თუ ამგვარ პლასტიკურობასა და უჯრედთა მიერ პრობლემათა გადაჭრის უნარს ჩვენივე სასარგებლოდ გამოვიყენებთ, ბევრი რამ იქნება შესაძლებელი", — განაცხადა ბონგარდმა.
წყარო: on.ge