EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თეთრი ჩინელი - ნარკოტიკი »
კატეგორია: სხვაავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2023-03-06 11:06:46
ამას წინათ ექიმმა-ნარკოლოგმა თავის ფეისბუკგვერდზე საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა - კარფენტანილით, იმავე "თეთრი ჩინელით", ზედოზირებამ და სიკვდილმა მსოფლიოში ეპიდემიის სახე მიიღო და ეს თეთრი სიკვდილი საქართველოშიც გამოჩნდა. "ის, რომ კარფენტანილი საქართველოშიც შემოვიდა, ეჭვს არ ბადებს, ოღონდ რა რაოდენობით, ვინ მოიხმარს და რა სახით, არავინ იცის. ვერცერთი ექსპერტი და ვერც ხელისუფლება ვერ იტყვის, შავ ბაზარზე რა ხდება, რადგან ეს მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე არის დაფუძნებული და არანაირი კვლევა არ ტარდება. ის, რომ გაკონტროლება ძნელია, ესეც მართალია - ის ინტერნეტპლატფორმებზე იყიდება და მისი მოპოვება არც ისე რთულია. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ჩვენ გამონაკლისი არა ვართ. "თეთრი ჩინელი" - ასე უწოდებენ მას რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. თავიდან სტიმულატორივით მოქმედებს, მერე ადამიანი გადადის ღრმა ძილში და ვითარდება ოპიატებისთვის დამახასიათებელი ზედოზირების ნიშნები: სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, კომა და სიკვდილი", - გვეუბნება ექიმი-ნარკოლოგი, ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც საზოგადოებას აფრთხილებს და სასარგებლო რჩევებს აძლევს.
- რეივერების ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია "თეთრ ჩინელზე" და ამაზე გავაკეთე განმარტება. საზოგადოების გაფრთხილება მსურდა, ვინაიდან ეს ძალზე საშიში ნივთიერებაა. მისი გავრცელება, ძირითადად, ინტერნეტპლატფორმების მეშვეობით ხდება. "თეთრმა ჩინელმა", იგივე კარფენტანილინმა, რომელიც მსოფლიოში დღეს ერთ-ერთი ძალზე ტოქსიკური ნარკოტიკია, გამოიწვია ეპიდემია აშშ-ში, კანადასა და ევროპაში. 2017 წელს ამერიკამ კარფენტანილინის ეპიდემია იმიტომ გამოაცხადა, რომ ამ ნარკოტიკული საშუალებით ძალიან ბევრი დაიღუპა. მცირე დოზის მოხმარებასაც შეუძლია ლეტალური შედეგის გამოწვევა. "თეთრ ჩინელს" რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უწოდებენ, თორემ სლენგზე ბევრი სახელი აქვს. დასახელებაც მიანიშნებს მის წარმომავლობაზე - ამ სინთეზურ ნარკოტიკს ჩინეთში აწარმოებენ და იქიდანვე შემოდის.
- ანუ დიდი განსხვავება არ არის თერაპიულ და ლეტალურ დოზას შორის და ამის განსაზღვრა ძალიან რთულია...
- ვერავინ განსაზღვრავს, თერაპიული დოზაა თუ არა. ევროპაში არსებობს წინასწარი შეტყობინების სისტემა - როცა შემთხვევა ფიქსირდება, მაშინვე სისტემაში ატვირთავენ. მონიტორინგის ეს ერთ-ერთი საშუალება ჩვენს ქვეყანაში არ არის.
- საქართველოში დაფიქსირდა ამ ნივთიერებით ინტოქსიკაციის შემთხვევები?
- ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს პაციენტები უმეტესად ემერჯენსში ხვდებიან. პაციენტი, რომელიც ფენტანილინს მოიხმარს, ნარკოლოგიურ კლინიკებში არ მოდის. ამ ნარკოტიკს ურევენ სტიმულატორებში, ნაზავს აკეთებენ და ყიდიან. როგორც მოგახსენეთ, ფენტანილინის ნაერთების მოხმარებას ჯერ სტიმულაციური ეფექტი აქვს, ანუ ეიფორიას იწვევს და მერე ადამიანი ძილში გადადის. ორიოდე წლის წინ ამით 6 კაცი დაიღუპა. დასანანია, რომ საქართველოში შავ ბაზარს არ ვიკვლევთ. როცა ადამიანი მიჰყავთ ემერჯენსში, იქაც იშვიათია ზუსტი დიაგნოსტირება. სიკვდილის შემდეგ თუ ტარდება ექსპერტიზა, დასკვნა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის არის ცნობილი, სპეციალისტებმაც არ იციან, რითი დაიღუპა პაციენტი.
- რით განსხვავდება "თეთრი ჩინელი" სხვა საშუალებისგან, რა ახასიათებს?
- მას სხვადასხვა ნარკოსაშუალებაში, სტიმულატორებში ურევენ, ამიტომ გარჩევა, რა ახასიათებს და რა გამოდის წინა პლანზე, ძალზე ძნელია. ერთადერთი, რაც ახასიათებს, მოხმარების შემდეგ ძლიერი მოდუნებაა. თუ ნარკოტიკისგან სტიმულაციურ ეფექტს იღებენ, ამას, პირიქით, ძლიერი მოდუნება, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება, უკმარისობა ახასიათებს, ზედოზირების ის ნიშნები, რაც ოპიატებს. მას ზედოზირებისა და ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. პირმა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკს ყიდულობს, მასში რა დოზით იყო ფენტანილინი წარმოდგენილი და, შესაბამისად, რა მოიხმარა, არ იცის. უმეტესად ესენი არიან არადამოკიდებული პირები, რომელთაც ძალიან დაბალი ტოლერანტობა აქვთ, მათ არ მიუღიათ ასეთი ტიპის ნარკოტიკი. შესაბამისად, როდესაც ტოლერანტობა ძალიან დაბალია, სულ მცირე დოზამაც კი შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.
ნარკოდამოკიდებული უფრო განსაზღვრავს რაღაცებს, თუმცა არც ის არის დაცული - შესაძლოა დამოკიდებული იყოს სხვა ოპიატზე, მოიხმაროს მცირე დოზით კარფენტანილინი და ამანაც გამოიწვიოს მძიმე ზედოზირება.
კარფენტანილინი, იგივე "თეთრი ჩინელი", რომელიც ფენტანილინისგან არის წარმოებული, შეიძლება ათიათასჯერ ძლიერი იყოს, ვიდრე მორფინი და ჰეროინი. ეს არის სამედიცინო პრეპარატი, რომელიც კარგა ხანია გამოიყენება მედიცინაში როგორც ტკივილგამაყუჩებელი.
- ამბობენ, რომ ის უცხოეთში აფთიაქებში თავისუფლად იყიდება.
- არა, ფენტანილინს იყენებენ როგორც ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას და ის რეცეპტით, ექიმის დანიშნულებით იყიდება. თუმცა ფენტანილინს არასამედიცინო მიზნითაც მოიხმარენ. კარფენტანილი, რემფენტანილი და მისი ანალოგები სინთეტური ოპიატებია. ის 10000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი, და 1000-ჯერ ძლიერი, ვიდრე სამედიცინო ჰეროინი და სხვა ფენტანილინისგან ნაწარმოები სინთეტური ოპიატები.
- თუ ჩატარდა კვლევა, რამდენი ნარკომომხმარებელია დღეს ქვეყანაში?
- ახალი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, შესაბამისად, უცნობია, რამდენი ნარკომომხმარებელი გვყავს. ბოლო კვლევის მიხედვით, 60 ათასამდე იყო. პრობლემა ის არის, ეს ნარკოტიკული საშუალებები ახალგაზრდებშია პოპულარული. კლუბურ ნარკოტიკებს რეკრეაციული მიზნით იყენებენ, შესაბამისად, მას როგორც ფენტანილინს კი არ ყიდულობენ, არამედ როგორც "ექსტაზის", და სხვებს, რომელშიც შეიძლება ის გარეული იყოს.
- გასაგებია, რომ ბაზრის გაკონტროლება ძნელია, მაგრამ რატომ ვერ ან არ ხერხდება კლუბების გაკონტროლება?
- ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და ვერ გეტყვით, თუმცა არსებობს გამოცდილება და მექანიზმები - არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც იციან, როგორ შეიძლება ასეთი ტიპის ნარკოტიკების აღმოჩენა, სპეციალური ტესტერები... როცა ასეთი ტიპის ნარკოტიკები კლუბებში ხვდება, აფრთხილებენ ადამიანებს, თუ როგორ შეიძლება ზედოზირების შემთხვევაში დახმარება.
- რას ურჩევთ მას, ვინც ამ ტიპის ნარკოტიკს მოიხმარს?
- ადამიანი, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, არ უნდა იყოს მარტო. თუ იგრძნობს, რომ არ არის კარგად და ძილიანობისკენ მიდის, უნდა დარეკოს 112-ში და გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ან სთხოვოს ახლობელს, არ მიატოვოს.
არსებობს უნივერსალური წამალი "ნალოქსონი" ("ნარკანი") - ოპიოიდური რეცეპტორების ბლოკატორი, რომელსაც ამ ჯგუფის ნარკოტიკების დოზის გადამეტების სამკურნალოდ იყენებენ. როცა ინტერნეტით იწერენ წამალს, არავინ დაწერს მის შემადგენლობას. გაუფრთხილდით თავს, ნარკოტიკთან თამაში არ მთავრდება კარგად, მით უმეტეს, თუ უცნობი ნარკოტიკია. გახსოვდეთ, ცხოვრების ჯანსაღ წესს ალტერნატივა არა აქვს! ყველა ნარკოტიკი მომაკვდინებელია, ყველამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულება. რა თქმა უნდა, არსებობს ნარკოტიკები, რომლებიც უმძიმესი ზიანის მომტანია და ერთ-ერთი მათგანი, გაგიკვირდებათ და, ალკოჰოლია, ვინაიდან მოხმარების კულტურა დაიკარგა ქვეყანაში.
თვეში დაახლოებით ასი ახალი ნარკოტიკი ჩნდება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგი, როგორც სიკვდილი, ასევე ფსიქოზები, ფსიქიკური აშლილობები და ა.შ.
დღეს ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიაში გვხვდება:
კოკაინი, ვინონგა, აბაზანის მარილები, "კროკოდილი", "ანგელოზის მტვერი", ფლაკა, კრისტალი, მეტამფეტამინი, კრეკი, ჰეროინი, სკოპოლამინი, ოპიუმი, მორფინი, იასამნისფერი დალია, ამფეტამინები, კეტამინი, პოპერი.ორიოდე წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკული ნივთიერებების კომისიამ კენჭი უყარა მარიხუანას საშიში ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალიდან ამოღების საკითხს. გადაწყვეტილების თანახმად, მარიხუანა ამოღებულ იქნა 1961 წლის ერთიანი კონვენციიდან, რომელიც საშიში ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს აკონკრეტებს. აქამდე ამ კონვენციაში მარიხუანა ჰეროინის, მეტადონის, ოპიუმის, მორფინისა თუ კოკაინის გვერდით მოიხსენიებოდა.
ექიმ-ნარკოლოგი გირჩევთ:
1. არ მივიღოთ უცნობი ნარკოტიკი, რომელსაც ასაღებენ როგორც უვნებელ და გასართობ საშუალებას. ყველაზე დიდ საფრთხეშია ის, ვინც რეკრეაციული მიზნით მოიხმარს ნარკოტიკს, რადგან ნარკოტიკის მიმართ ტოლერანტობა ნულის ტოლი აქვს;
2. ვეცადოთ გამოვიყენოთ ტესტები, რომლებიც გვიჩვენებს, რა სახის ნარკოტიკია. დღეს ეს შესაძლებელია საქართველოში და შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზაცია "მანდალას", რომელიც ანონიმურად გაგიწევთ კონსულტაციას, რა ზიანი მოაქვს ამა თუ იმ ნარკოტიკს და როგორ უნდა მოიქცეთ რთულ სიტუაციაში;
3. თუ შენიშნეთ, რომ ცუდად ხდებით და ძილისკენ მიდიხართ, ან ძლიერი სისუსტე გაქვთ, ეცადეთ, არ დარჩეთ მარტო და სთხოვეთ ახლობლებს მარტო არ დაგტოვონ. ნუ აჰყვებით პანიკას, არ ჩაიკეტოთ ოთახში, სთხოვეთ ვინმეს, რომ დროდადრო დაგირეკონ და მოგიკითხონ;
4. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ეცადეთ ოპერატორს სწორად უთხრათ, სად ხართ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ, სთხოვეთ ახლობელს, მეგობარს, ვინც იცის, სად ხართ;
5. გამოიყენეთ "ნალოქსონი" ("ნარკანი"), თუ გაქვთ.
ავტორი: ნანა ფიცხელაური
წყარო: kvirispalitra