EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლოცვა ჯადოქრობისაგან თავის დასაცავად და ეშმაკეულთა განსაკურნებლად »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2023-06-12 00:10:06
წმინდისა მღვდელმოწამისა კვიპრიანესა და წმინდისა მოწამისა იუსტინა ქალწულისა მიმართ
კონდაკი: ხელოვნებისა მისგან მოგვობისა მოისწრაფე შენ, ღვთივგონიერო, საღმრთოსა მეცნიერებისა მიმართ, და აჩვენე სოფელსა სიბრძნეი შენი, ყოვლად ბრძენო, და პატივისმცემელთა შენთა კურნებასა მიანიჭებ. კვიპარიანე იუსტინას თანა, მეოხ გვეყვენით წინაშე კაცთმოყვარისა მეუფისა, რათა ვედრებითა თქვენითა შეიწყალნეს სულნი ჩვენნი.
სავედრებელი ლოცვა მღუდელმოწამისა კვიპრიანე კართაგენელისა მიმართ, ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ
ჰოი წმიდაო, სათნო-მყოფელო ღუთისაო, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო და მლოცველო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთათვის, მიითვალე ჩუენ უღირსთაგან სადიდებელი ესე, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა მოგვმადლოს ჩუენ, უძლურებათა შინა განმტკიცებაჲ, მწუხარებათა შინა ნუგეშისცემაჲ, და მოგვანიჭოს ჩუენ ყოველი სარგებელი ცხოურებისა ჩუენისათვის აღავლინე უფლისა მიმართ მრავალ-ძალი ლოცვაჲ შენი, რათა დაგვიცვას ჩუენ ყოველთაგან შეცოდებათა, გვასწაოს ჩუენ ჭეშმარიტი სინანული, გვიხსნას ჩუენ ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩუენთაგან. გვეყავნ ჩუენ მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მოგვანიჭე ჩუენ განსაცდელსა შინა მოთმინებაჲ და ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა შეწევნაჲ მოგვივლინე მაწამებელთა ჩუენთაგან, რომელნი შეგვემთხვივნეს ჰაერთა შინა საზვერეთასა, რათა შენს მიერ ძღვანებულნი, მივიწივნეთ ზეციურსა იერუსალემსა, და ცათა სასუფეველსა შინა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლად-წმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმ. კვიპრიანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III-IV საუკუნეებში, ქ. ანტიოქიაში. თავდაპირველად, იგი ეშმაკის მსახური იყო და ჯადოქრობის ძალით მოქმედებდა, თუმცა როდესაც კვიპრიანემ სცნო ეშმაკთა უძლურება, ქრისტეს გზას შეუდგა და მოწამეობრივად დაასრულა ცხოვრება.
წმიდა კვიპრიანე დაიბადა ანტიოქიაში. წარმართმა მშობლებმა იგი ადრეული სიყმაწვილიდანვე ცრუღმერთებს შესწირეს მსახურად. შვიდიდან ოცდაათ წლამდე ნეტარი წარმართობის უდიდეს ცენტრებში: ოლიმპოს მთაზე, არგოსში, ტავროპოლში, მემფისში და ბაბილონში ეუფლებოდა მოგვობის ხელოვნებას, ბოლოს კი, წარმართულ ფილოსოფიასა და ჯადოქრობაში ღრმად განსწავლული, ოლიმპოზე ქურუმად აკურთხეს. კვიპრიანემ ისეთი კადნიერება მოიპოვა ბოროტი სულების წინაშე, რომ ისინი ცხადად ემსახურებოდნენ მას.
ანტიოქიაში დაბრუნებული მოგვი წარმართებმა მთავარ ქურუმად დაადგინეს. იგი ყველას აოცებდა სტიქიათა დამორჩილების, სენთა და წყლულებათა გავრცელებისა და სხვადასხვა ჯადოსნური წამლების გაკეთების უნარით. დიდმა ქურუმმა მრავალი ადამიანის სული დაღუპა ჯადოქრობასა და ეშმაკთა მსახურებაში განსწავლით.
იმავე ქალაქში ცხოვრობდა ქრისტიანი ქალწული იუსტინა. მას ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ერთხელ წმიდანს ყმაწვილმა აღლადოსმა ცოლობა სთხოვა, რაზეც მან უარით უპასუხა. ჭაბუკმა უკან არ დაიხია - კვიპრიანეს მიმართა და ევედრა, გრძნეულებით აღეძრა ასულში საპასუხო გრძნობა. მოგვს ცდა არ დაუკლია, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან წმიდა მოწამე დემონის მანქანებას ლოცვითა და მარხვით ერეოდა. ქურუმი ქალწულთან ავხორცი გულისთქმების გასაღვივებლად ეშმაკებს გზავნიდა, მაგრამ იუსტინა ჯვრის ნიშით და მხურვალე ლოცვით უკუაქცევდა მომხდურებს. ჯადოსნობის ძალით სახეცვლილი კვიპრიანე თავადაც რამდენჯერმე მიეახლა ქრისტეს სასძლოს საცდუნებლად, მტკიცე სარწმუნოებით შემოზღუდული მარტვილი კი ურყევი რჩებოდა. განრისხებულმა კვიპრიანემ შავი ჭირი შეჰყარა წმიდა ქალწულის ოჯახსა და მთელ ქალაქს, მაგრამ აქაც იძლია ნეტარის ლოცვით. მაშინ კვიპრიანემ ცხადად შეიგრძნო თავისი დაცემის სიღრმე და მათი არარაობა, ვისაც მსახურებდა. "თუ ჯვრის აჩრდილისაც კი გეშინია და ქრისტეს სახელის ხსენებაზეც კი ძრწი, რასა იქმ მაშინ, როცა თავად ქრისტე გამოვა შენს წინააღმდეგ"? _ ჰკითხა მან სატანას. იმავ წამს დემონი ეკვეთა მის უარმყოფელს, გვემდა და ცდილობდა, დაეხრჩო. კვიპრიანემ კი პირჯვარი გადაისახა, მაცხოვარს მოუხმო შემწედ და საკუთარ თავზე პირველად გამოსცადა ჭეშმარიტი ღვთის ძლევამოსილება. ჯოჯოხეთის ბნელი ძალების ოცდაათწლიანი მსახურების შემდგომ სინანულით განწმენდილი კვიპრიანე ქრისტეს შეუდგა: ეპისკოპოს ანთიმოზის კურთხევით საჯარო აღსარება წარმოთქვა და შუაგულ ქალაქში დაწვა შორეული გამოქვაბულიდან ჩამოტანილი თავისი ჯადოქრული წიგნები. ნეტარის სინანული ისეთი გულწრფელი იყო, რომ ნათლისღებიდან მეშვიდე დღეს მედავითნედ დაადგინეს, მეოცე დღეს - იპოდიაკვნად, ოცდამეათე დღეს - დიაკვნად, ერთი წლის შემდეგ კი - მღვდლად. მალე კვიპრიანეს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი. მღვდელმოწამემ იმდენი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რომ მის ეპარქიაში კერპთაყვანისმცემელი არავინ დარჩა. როცა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა წამოიწყო, ეპისკოპოსი კვიპრიანე და იღუმენია იუსტინა შეიპყრეს, ნიკომიდიაში ჩაიყვანეს და სასტიკი წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. წმიდათა მარტვილობის მხილველმა მხედარმა თეოქტისტემ ირწმუნა მაცხოვარი, აშკარად აღიარა თავი ქრისტიანად და უფლის რჩეულებთან ერთად სიკვდილით დაისაჯა.
ლოცვებში წმინდანებს ჯადოქრობისგან თავდაცვასა და ეშმაკეულთა გაკურნებას ევედრებიან.