EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გუგლბოტი და რობოტი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-02-23 22:18:41
ინტერნეტის მოყვარულები ამბობენ, რომ ,,მოგზაურობა ათასი საიტის სამყაროში მაუსის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით იწყება’’. მართლაც ინტერნეტი ბევრისთვის ყველაზე საინტერესო და რეალური სამყაროა. რაც უფრო ღრმად შედიხარ ამ რთულსა და საოცრად მოწესრიგებულ, ლოგიკურ სისტემაში, მით უფრო გიზიდავს და გაოცებს თავისი სირთულით. თანდათან ხვდები, რომ ის, რაც ერთხელ წარმოუდგენლად გეჩვენებოდა, თურმე სავსებით შესაძლებელი ყოფილა. თანდათან შენ წინ ზღაპრული სამყარო იშლება და გინდა, იქიდან აღარასოდეს გამოხვიდე.
განა როდესმე წარმოდიგენდით, რომ ადამიანის გარდა სხვა არსებაც იძრომიალებდა ვებ გვერდებზე და დაინტერესდებოდა ახალი ინფორმაციით. ალბათ ვერც იმას იფიქრებდით, რომ ობობები ინტერნეტშიც არსებობენ და ახლა შეიძლება, ჩვენთან ერთდ ერთი-ორი პაწაწინა ობობაც კითხულობს ამ ბლოგს.
ხუმრობა იქით იყოს და, დაფიქრებულხართ, თუ როგორ ახერხებს გუგლი თქვენთვის საჭირო ინფორმაციის წამებში მოძიებას? საკმარისია, სასურველი სიტყვა ჩაწეროთ გუგლის საძიებელში, რომ მაშინვე ათასობით
შედეგი ჩნდება მონიტორებზე.
სწორედ ამისთვის არსებობს გუგლბოტი (Googlebot), იაჰუ სლერპი (Yahoo Slurp), MSNბოტი (MSNbot) და მსგავსი ობობები, ბოტები, რობოტები და კროლერები (crawlers), რომლებიც გამუდმებით მოიპოვებენ ინფორმაციას საძიებო სისტემებისთვის.
ობობები თუ არ გიყვართ, ნუ შეგეშინდებათ: ინტერნეტ სამყაროში ობობა სხვა არაფერია, თუ არა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ქსელში განსაზღვრულ ბმულებს, ლინკებს მიჰყვება და ინფორმაციას აგროვებს. მაგალითად, გუგლბოტი HREF და SRC ტაგებს ამოწმებს, რომ შესაბამის საიტებთან დაკავშირებული გვერდები და გამოსახულებები აღმოაჩინოს. ასე დაცოცავენ ეს ობობები ინტერნეტის ქსელში და, ვინაიდან ისინი მხოლოდ კომპიუტერული პროგრამები არიან და, შესაბამისად, ცოცხალ მწერებსაც ჩამორჩებიან მოსაზრებულობაში, ზოგჯერ ვებ გვერდთა დაუსრულებელ ხლართებშიც კი იჭედებიან.
ძიების შედეგების მოსაპოვებლად სამი პროცედურა ხორციელდება:
დათვალიერება (crawling): იცის გუგლმა თქვენი საიტის არსებობა? შეგვიძლია მისი პოვნა?
ინდექსაცია (indexing): შეუძლია გუგლს საიტის ინდექსაცია?
მომსახურება (serving): შეესაბამება თუ არა კონტენტის ხარისხი და შინაარსი მომხმარებლის ძიების მიზანს?
დათვალიერება წარმოადგენს პროცესს, რომლის შედეგადაც გუგლბოტი ახალ თუ განახლებულ გვერდებს პოულობს და გუგლის საძიებელში ამატებს. გუგლბოტი (რომელსაც ზოგჯერ რობოტს, ბოტს ან ობობასაც უწოდებენ), ალგორითმულ პროცესს იყენებს: კომპუტერული პროგრამა თავად განსაზღვრავს, თუ რომელ გვერდებს ესტუმროს და რა სიხშირით და რამდენი გვერდი აიღოს თითოეული საიტიდან.
დათვალიერების პროცესი წინა დათვალიერების შედგად მოპოვებული ვებ გვერდების URL-ების სიით იწყება, რომელსაც ვებმასტერების მიერ დამატებული Sitemap-ის მონაცემები ერთვის. გუგლბოტი ამოწმებს თითოეულ ვებგვერდს, პოულობს ბმულებს ყველა გვერდზე და ამატებს დასათვალიერებელი გვერდების სიაში. ახალი საიტები, სიახლეები და ცვლილებები, გაუქმებული ლინკები - ყველაფერი საგულდაგულოდ აღირიცხება და ახლდება გუგლის საძიებელში.
ინდექსაცია. გუგლბოტი ამუშავებს თითოეულ გვერდს, ამოკითხული სიტყვებისაგან ადგენს საძიებელს და განსაზღვრავს მათ მდებარეობას შესაბამის გვერდებზე. ამასთან, ხდება იმ ინფორმაციის დამუშავებაც, რომელსაც შეიცავს საკვანძო კონტენტ ტაგები და ატრიბუტები, როგორებიცაა, მაგალითად, Title tag-ები და ALT ატრიბუტები. გუგლბოტს შეუძლია, დაამუშავოს კონტენტის ბევრი, მაგრამ არა ყველა ტიპი, მაგალითად, მედია ფაილები ან დინამიკური გვერდები.
მომსახურება. როდესაც მომხმარებელს საძიებელი სიტყვა შეჰყავს, სისტემა შესაბამის გვერდებს ეძებს და შედეგებს აბრუნებს. ძიების შედეგების შესაბამისობა 200-ზე მეტი ფაქტორის საფუძველზე განისაზღვრება, რომელთაგანაც ერთ-ერთს პეიჯრანკი - საიტის პოზიცია წარმოადგენს. პეიჯრანკი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გვერდი სხვა გვერდებიდან შემომავალი ბმულების საფუძველზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სხვა ვებ გვერდზე მითითებულ თქვენი საიტის ყოველ ბმულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ვებ გვერდის პეიჯრანკისთვის. თუმცა ყველა ბმული ერთნაირი მნიშვნელობის არ არის: ყველაზე ეფექტურია ის ბმულები, რომლებიც თქვენი ვებ გვერდის ხარიასხიანი კონტენტის საფუძველზე იდება.
თუმცა რეალურ ცხოვრებაში ობობები გულზე არ გვეხატება, SEO ექსპერტთა და ვებ სპეციალისტთათვის ეს პროგრამა სასურველი სტუმარია - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი საიტი ხშირად მოწმდება, სწრაფად ემატება გუგლის ინდექსში და შესაბამისად, შესაძლოა, უფრო სწრაფად გამოჩნდეს გუგლის საძიებლის შედეგებში (SERP-ში).
არის შემთხვევები, როცა არ გსურთ, რომ თქვენი საიტის გვერდებისა თუ გამოსახულებების ინდექსირება გაკეთოს გუგლბოტმა. ობობების უმეტესობა robots.txt file-ის ბრძანებას ემორჩილება. ეს ფაილი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც უჩვენებს ობობას, თუ რისი ინდექსირების უფლება აქვთ, და რისი - არა. შეგიძლიათ მოცემული მეტა ტაგით პირადპირ უბრძანოთ რობოტს, რომ არც ერთი ბმული არ შეამოწმოს თქვენს გვერდზე: META NAME="Googlebot" CONTENT="nofollow". (იხ. http://www.ahfx.net/weblog/39)
ამ რობოტების მუშაობისა და ტექსტური ბმულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სულ უფრო ხშირად მიმართვენ საკვანძო სიტყვებით გამდიდრებული ტექსტური ბმულების განთავსებას ბლოგებსა თუ კომენტარებში. ამ გავლენის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ გუგლის პროგრამას უბრძანოთ, არ შეამოწმოს რომელიმე კონკრეტული ბმული. ამისათვის ჩასვით rel="nofollow" წამყვან ტაგში. ამგვარად შეამცირებთ გამავალი ლინკების რაოდენობას და შეინარჩუნებთ პოზიციას ე.წ. პეიჯრანკს.
(იხ.http://www.google.com/support/webmasters/bin/answer.py?hl=en&answer=70897&rd=1#1)
თქვენმა ვებ გვერდმა რომ მაღალი პოზიცია მოიპოვოს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, საჭიროა, გუგლმა შეძლოს საიტის სწორად დათვალიერება და ინდექსაცია, რაშიც SEO-ს სპეციალისტები დაგეხმარებიან. გუგლბოტისა და ობობის მუშაობის პრინციპის ცოდნა დაგვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას, რაზეც მოგვიანებით გვექნება საუბარი.