EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თხილის ბიზნესი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-22 16:47:54
თხილის ბიზნესი
საქართველოს ექსპორტში, უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ პირველ ათეულში, ტრადიციულად, მძიმე მრეწველობა ლიდერობს და მოწინავე პოზიციებს თხილი და ღვინო იკავებს. ბოლო ინფორმაციით, ექსპორტის წილში, 4 პროცენტი უჭირავს თხილს (გასულ წელს 64 მლნ 035.900 აშშ დოლარის გაიყიდა) ხოლო ღვინოს 2,5 პროცენტი ( 39 მლნ 269 ათასი აშშ დოლარი).
ევროპაში, გაყიდვების თვალსაზრისით, ქართულ თხილს საუკეთესო პოზიცია გერმანიაში აქვს. ხოლო აზიის ბაზარზე, პროდუქტი მოთხოვნადია ერაყში და ავღანეთში. საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს თხილის პატარა პარტიები ირანსა და ჩინეთში გავიდა.
საქართველოში, თხილის ბაზრის სტრუქტურა სამი მიმართულებით ვითარდება. წამყვანი პოზიციები უკავიათ სადისტრიბუციო კომპანიებს, შემდეგ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებს და ბოლოს კი ფერმერებს, რომელთაც თხილის კულტურა მოჰყავთ. თხილს დისტრიბუტორებს ძირითადად წვრილი ფერმერები აბარებენ, მსხვილი მეურნეობები კი ამ მიმართულებით ახლა იდგამს ფეხს.
ერთერთი მსხვილი ექსპორტიორი კომპანია, “თხილის საექსპორტო კომპანია", სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. მას საკუთარი ნარგავები არ აქვს და თხილს ფიზიკური პირებისგან, ძირითადად გურიაში ყიდულობს.
ომპანიამ, 2009 წელს 1200 ტონა თხილი შეისყიდა, გასულ წელს კი, ეს მაჩვენებელი 1400 ტონას გაუტოლდა.
მოსახლეობისაგან თხილის შესყიდვის ფასი, ბოლო მონაცემებით, 3 ლარი და 50 თეთრია. თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებს თხილის ჩამბარებელი პუნქტები, საიდანაც პროდუქტი გადამამუშავებელ ქარხანაში ხვდება.
ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს: თხილის გამოშრობას, დაკალიბრებას და დატეხვას. შემდეგ კი პროდუქტი სახმელეთო გადაზიდვების მეშვეობით ექსპორტზე გადის. კომპანია “თხილის საექსპორტო კომპანიის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბეგი სიორიძე ამობობს: “თხილი ძირითადად ევროპის ბაზარზე იყიდება, სადაც მოთხოვნა გარჩეულ თხილის გულზეა, ხოლო აზიის ბაზარზე მიმზიდველი გაუტეხავი თხილი და კაკალია. ქართული გარჩეული თხილის ფასი ევროპის ბაზარზე 5 დოლარი და 20 ცენტია. ერაყში კი ნაჭუჭიანი თხილი 2 დოლარი და 10 ცენტი ღირს. ევროპის ბაზარზე მარტივად არ გავსულვართ. ეს რამდენიმეწლიანი შრომის ნაყოფია. გარკვეულწილად, ჩვენი წარმატება იმანაც განაპირობა, რომ IშO სერტიფიკატი ავიღეთ”.
სურსათის და აგროკულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თხილის კულტურის ფართობები ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: თურქეთი - 345 ათასი ჰა; იტალია - 69 ათასი ჰა; აზერბაიჯანი - 19.5 ათასი ჰა; ესპანეთი 12.1 ათასი ჰა; აშშ - 11.8 ათასი ჰა; ირანი - 11 ათასი ჰა; საქართველო და ჩინეთი - 8-8 ათასი ჰა. მიღებული მოსავლის მიხედვით, ასევე თურქეთი ლიდერობს - 501.6 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან იტალია - 112.3 ათასი ტონა; ესპანეთი - 18.3 ათასი ტონა; აზერბაიჯანი - 18.6 ათასი ტონა; აშშ - 28.5 ათ. ტონა; ირანი, საქართველო და ჩინეთი - 12-12 ათასი ტონა. როგორც მონაცებიდან ჩანს, მსოფლიო ბაზარზე, თხილის ბიზნესში ლიდერი თურქეთია. ქართული თხილის ფასი თურქულთან შედარებით 20 ცენტით მაღალია.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, თხილის კულტურას სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხილეობის ზონაში 10114 ჰა უჭირავს (65.1%,) მეორე პოზიციაზეა გურია - 3339 ჰა, (21.5%); მესამეზე იმერეთი - 1305 ჰა (8.4%), შემდეგ აჭარა - 275 ჰა ანუ 1.8%, და კახეთი - 388.ჰა. თხილის ნარგავების შედარებით მცირე რაოდენობა მოდის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამაჩაბლოს, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მეხილეობის ზონებზე. ამ მონაცემების საფუძველზე, დღეისათვის საქართველო თხილის კულტურით დაკავებული ფართობის მიხედვით, ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა თურქეთის, იტალიის და აზერბაიჯანის შემდეგ. იგი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, ირანი, აშშ და ჩინეთი.
სამომავლო პერსპექტივა, ქართული თხილისთვის მსოფლიო ბაზრის 10-პროცენტიანი ნიშის ათვისებაა. ბაზრის მოთამაშეები იმედოვნებენ, რომ საქართველოში არსებობს პოტენციალი, რომელიც მომავალში მსოფლიო ბაზრის უფრო მეტ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ბაზრის მეორე და მესამე სეგმენტის მოთამაშეების - ფერმერების და თხილის გადამამუშავებელი ქარხნების მფლობელების ძირითად პრობლემას საბანკო სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, ეს სექტორი ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ვითარდება.
აღმოსავლეთ საქართველოში თხილის ნარგავები ლაგოდეხში, ყვარელში და ახმეტაში ხარობს. რეგიონში თხილის გადამამუშავებელი ერთი ქარხანა ფუნქციონირებს.
შპს “დორანი" ადგილობრივ ბაზარზე თხილის ნარგავებსაც ფლობს და თხილის გადამამუშავებელ ქარხანასაც აშენებს. კომპანიის დირექტორი გიორგი ზირაქაშვილი განმარტავს: “კომპანია თხილის მოყვანით 4 წლის წინ დაკავდა. ამ ეტაპზე ახმეტაში 50 ჰექტარი გვაქვს გაშენებული და ვაგრძელებთ გაფართოებას. კომპანია ქართული კაპიტალით შეიქმნა და ინვესტიციებიც ადგილობრივი მეწარმეების მიერ განხორციელდა. 2 წელია, რაც თხილი გავაშენეთ და მოსავალს 3-4 წლის შემდეგ ველოდებით. კომპანია თხილის გადამამუშავებელ ქარხანას მილენიუმის პროექტის დახმარებით აშენებს. 145 ათასი დოლარი მილენიუმის პროგრამიდან გამოიყო, ამ თანხას ადგილობრივი კაპიტალიც დაემატა. საკუთარი მოსავლის აღებამდე ქარხანა ჩვეულებრივ ექსპორტზე იმუშავებს - მოხდება მოსახლეობისაგან თხილის შესყიდვა, მისი გადამუშავება და ექსპორტირება."
ადგილობრივ ბაზარზე, თხილის მომხმარებელი შოკოლადის ქარხანა “ბარამბო" და საკონდიტრო საწარმოებია. ევროპაში ძირითადი მოთხოვნა თხილის გულზე ანუ გარჩეულ თხილზეა. ამ პროდუქტს ევროკავშირის ქვეყნები მოიხმარენ. ქართული თხილის ნაწილი რუსეთის ბაზარზე ხვდება. ექსპორტში მოწინავე პოზიციები უჭირავს უკრაინას და ყაზახეთს, ბალტიის ქვეყნებს. რაც შეეხება გაურჩეველ თხილს, აქ შესყიდვის კუთხით ლიდერი ერაყი და ირანია. საგულისხმოა ისიც, რომ ქართული თხილი ავსტრალიაში და აშშ-შიც იყიდება. ექსპორტზე გადის ძირითადად ანაკლიური ჯიშის თხილი, რომელიც სამეგრელოს რეგიონში მოდის.
თხილის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე მამუკა თოდუას შეფასებით: “გასულ წელს 2009 წელთან შედარებით, თხილის გადამამუშავებელი ქარხნების საქმიანობა ადგილობრივ ბაზარზე უფრო გააქტიურებულია. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ბანკები ამ სექტორის დაკრედიტების კუთხით უფრო გააქტიურდნენ. ამ ინდუსტრიის დაფინანსება გაიზარდა და კრედიტები უფრო გაიაფდა. თუ გასულ წელს ბანკები ბიზნესსესხებს 18-20 პროცენტად გასცემდნენ, ახლა საპროცენტო განაკვეთი 13 პროცენტია. თუმცა 2008 წლის კრიზისისის შემდეგ თხილის გადამამუშავებელი ბევრი ქარხანა დაიხურა, უცხოური კაპიტალისთვის ეს ბიზნესი დიდად მიმზიდველი არ არის.
თუმცა ექსპერტის შეფასებით, ქართული თხილის ~საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაძლებელია. საქართველოში თხილის მოსაყვანად თავისუფალი მიწა ბევრი არ არის. თხილის მოსავალი მცირე პროცენტით 10 წლის განმავლობაში გაიზრდება და როცა თავისუფალი მიწების რესურსი ამოიწურება, პროდუქციის რაოდენობის ზრდა შეჩერდება.
მსოფლიო ბაზარზე თხილის გაყიდვის თვალსაზრისით, თურქეთს 75-პროცენტიანი წილი აქვს. რაც შეეხება საქართველოს, მისი ნიშა დაახლოებით 2-3 პროცენტია. ქვეყანას ცოტათი მეტი პროდუქტი ექნება თუ ნაკლები, ეს მსოფლიო ბაზარზე ამინდს ვერ შექმნის. მაგრამ საქართველოში წარმოებული თხილი მაღალი ხარისისაა და თურქულთან შედარებით 20 ცენტით ძვირია და მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნა იზრდება.