EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 10 შეცდომა CV–ის შედგენისას »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 13:32:53

დღეს CV-ის შედგენა  სირთულეს აღარ უნდა წარმოადგენდეს. ინტერნეტში უამრავი რჩევის, შაბლონისა და ფორმის მოძებნა შეიძლება. თუმცა, კადრების შერჩევის სპეციალისტთა თქმით, მიღებული რეზიუმეების 95% უხარისხოა. დაშვებული შეცდომები იმდენად მარტივი და თვალშისაცემია, რომ, ერთი შეხედვით, მათზე ყურადღების გამახვილება არც უნდა ღირდეს. მიუხედავად ამისა, სამსახურის მაძიებლები ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ და კარგავენ სამუშაოს პოვნის შანსს.

რეზიუმეთა ანალიზის შდეგად გამოვავლინეთ ის ათი ძირითადი შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ CV-ის შედგენისას:

1. ფოტოსურათი
საჭიროა თუ არა ფოტოსურათის ჩართვა CV-ში? თუ დამსაქმებელი საგანგებოდ არ ითხოვს ფოტოსურათს, მისი გაგზავნა აუცილებელი არ არის. საქართველოში ფოტოსურათს ძირითადად ისეთ პოზიციებზე ითხოვენ, როგორებიცაა: ოფისის მენეჯერი, მდივანი, პრომო გოგონა და ა.შ. ბევრ ქვეყანაში დამსაქმებელის მიერ ფოტოსურათის მოთხოვნა დისკრიმინაციად ითვლება. დიდ ბრიტანეთში ფოტოსურათის გაგზავნა CV-ისთან ერთად მისაღებია მხოლოდ მსახიობისა და ფოტომოდელის პოზიციაზე. მართლაც, ადამიანის გარეგნობას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს მის პროფესიონალიზმთან, უნარებსა და გამოცდილებასთან.
CV-ის დაურთეთ მხოლოდ პროფესიული, საბუთის ფოტო. მართალია, საბუთის ფოტოში ადამიანთა 90 % არაეფექტურად გამოიყურება, მაგრამ შეუფერებელი სურათის გაგზავნით მხოლოდ არასერიოზულ შთაბეჭდილებას დატოვებთ დამსაქმებელზე. სჯობს, საერთოდ არ გაგზავნოთ ფოტო, ვიდრე ბუნებაში, მეგობრებთან თუ ჯიხვზე ნადირობისას გადაღებული სურათი დაურთოთ CV-ის. ეს არის ყველაზე გამაღიზიანებელი და ხშირი შეცდომა – 10 მიღებული CV-იდან დაახლოებით რვა ამ შეცდომას შეიცავს.

2. ელ.მისამართი
CV-ში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თქვენი ელ.ფოსტის მისამართი. ეს მნიშვნელოვანი დეტალი ხშირად ავიწყდებათ. არასერიოზულობაზე მეტყველებს ისეთი მისამართები, როგორებიცაა bombora@mail.ru, kuskusela997@inbox.ru, druncha@posta.ge ა.შ. მოძველებული და ნაკლებად საიმედოა mail.ru, inbox.ru, posta.ge და ა.შ. გაცილებით ეფექტურია yahoo,  gmail და ა.შ. თქვენი ელ. ფოსტის მისამართი რაც შეიძლება ლაკონური უნდა იყოს: სახელი, გვარი (მაგ., ninochaladze@yahoo.com და ა.შ.).

3. სათაური
საკონტაქტო დეტალებსა და მონაცემებზე წინ CV-ის სათაურად თქვენი სახელი და გვარი უნდა ეწეროს, გამოიყენეთ მსხვილი, მკაფიო შრიფტი.  CV-ის დასათაურება სიტყვებით ,,Curriculum Vitae’’,  ,,CV’’, ,,ავტობიოგრაფია’’ უკვე მოძველებულია და არ არის მიზანშეწონილი.

4. ზედმეტი პირადი ინფორმაცია
ბევრს ჰგონია, რომ აუცილებელია ისეთი დეტალების აღნიშვნა CV-ში, როგორებიცაა: ოჯახური მდომარეობა, შვილების რაოდენობა, ეროვნება და ა.შ. მსგავსი ინფორმაციის მოყვანა  უადგილო და ზედმეტია  და შეგიძლიათ, თამამად გამოტოვოთ.

5. სექციები/ქვესათაურები
უმნიშვნელოვანესია, რომ CV-ში წარმოდგენილი ინფორმაცია გასაგები და ორგანიზებული  იყოს. შესაბამისად, თითოეული სექცია უნდა გამოყოთ და დაასათაუროთ. რეკომენდირებულია ხაზების ან სხვა გრაფიკული საშუალებების გამოყენებაც.

6. სტილი
CV-ში წარმოდგენილი წინადადებები რაც შეიძლება ლაკონურად უნდა იყოს წარმოდგენილი. კადრების შერჩევის სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ნაცვალსახელებისა და ზმნების გამოყენება სრულიად ზედმეტია, ვინაიდან CV მაქსიმალურად ნათლად და მკაფიოდ უნდა გადმოსცემდეს ინფორმაციას.
მაგალითად:
2004-2008 წწ. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
ისედაც ნათელია, რომ CV-ის ავტორი სწავლობდა ზემოთ დასახელებულ უნივერსიტეტში და უმჯობესი იქნება, თუ ინფორმაციას შემდეგ სახეს მივცემთ:
2004-2008 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სპეციალობა – ბიზნესის ადმინისტრირება, ბაკალავრიატი.

7. ქრონოლოგიური წყობა
სტანდარტის მიხედვით, CV-ში ქრონოლოგიური წყობა შებრუნებული უნდა იყოს, ე.ი. წარმოდგენილი უნდა იყოს უახლესი და შესაბამისად ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აუცილებელია ამ ნორმის დაცვა CV-ის შედგენისას.

8.  ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, შრიფტი
ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, არეული შრიფტი იმ შეცდომათა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებს კადრების შერჩევის სპეციალისტს. დარწმუნდით, რომ CV აკრეფილია ერთი შრიფტით (სასურველია, სილფაენით, რადგან არ ირევა ელ. ფოსტით გაგზავნისას) და არ შეიცავს გრამატიკულ თუ ორთოგრაფიულ შეცდომებს.

9. რეკომენდაცია
რეკომენდატორისა და მათი საკონტაქტო დეტალების აღნიშვნა CV-ში საჭირო არ არის, თუ დამსაქმებელი საგანგებოდ არ ითხოვს აღნიშნულ ინფორმაციას.

10. CV-ის მოცულობა
თუ თქვენი CV სამ გვერდს აღემატება, სავარაუდოდ, მესამე გვერდს აღარ გადაფურცლავენ.  დასაქმების სპეციალისტი, რომელიც, დაახლოებით, 200  შემოსულ რეზიუმეს ფილტრავს, ნამდვილად არ ისურვებს თქვენი ავტობიოგრაფიის წაკითხვას.
CV არ უნდა აღემატებოდეს სამ გვერდს (ორ გვერდიანი CV სავსებით საკმარისია) და უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური და პროფესიული.