EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რამოდენიმე რჩევა სამუშაოს მაძიებელთათვის »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 13:38:32

რამოდენიმე რჩევა სამუშაოს მაძიებელთათვის

1.    სამუშაოს ძიების საფუძველები
ვიდრე სამსახურის ძებნას შეუდგებოდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის დეტალები, რომელიც აუცილებელია სამუშაოს პოვნისათვის და, რომელისაც ხშირად ივიწყებენ. გადახედეთ თქვენს CV-ის, კარგი იქნება, თუ მეგობარს ან კომპეტენტურ პირს აჩვენებთ. ეს უმნიშვნელოვანესი საბუთია, რომლითაც უნდა შედგეს პირველი კონტაქტი თქვენსა და პოტენციურ დამსაქმებელს შორის. წარმოიდგინეთ თქვენი თავი კადრების შერჩევის სპეციალისტის ადგილზე – დაიბარებდით გასაუბრებაზე ისეთ აპლიკანტს, რომელსაც CV გრამატიკული შეცდომებით აქვს გადაჭედილი, ან, უარეს შემთხვევაში, ნახევრად ცარიელი აქვს? გაგზავნეთ მხოლოდ პროფესიონალური CV. ზოგი აპლიკანტი ,,ოდნოკლასნიკიდან” ამოღებულ ფოტოსაც კი გზავნის – ასეთი შეცდომით სამსახურის პოვნის შანსს გაუშვებთ ხელიდან. მიაქციეთ ყუადღება თქვენს ელ. ფოსტასაც, არაპროფესიონალური და მიუღებელიც კია რეზიუმეს გაგზავნა ისეთი მისამართიდან, როგორიცაა: basasuna@mail.ru, kaxa_87@posta.ge და ა.შ. დარეგისტრირდით და შექმენით ახალი ელ. ფოსტა gmal-სა ან yahoo-ზე. გასაუბრებაზეც პროფესინალურად ჩაიცვით, მაინცდამაინც იმ დღეს ნუ წაისვამთ წითელ პომადას და ხელოვნების ნიმუშს ნუ შექმნით ვარცხნილობით. გახსოვდეთ, რომ მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი უნარები და ჩაცმულობამ ან მაკიაჟმა არ უნდა მიიპყროს ყურადღება. სტატისტიკური მონაცემებით, დამსაქმებელთა 50 % დიდი მნიშვნელობას ანიჭებს აპლიკანტთა ჩაცმულობას. ეს არის ის დეტალები, რომელიც არსებითი და გადამწყვეტია სამუშაოს ძიების პირველ ეტაპზე.

2.    ნუ მოძებნით სამსახურს მხოლოდ დასაქმების საიტებით
გახსოვდეთ, რომ დასაქმების საიტები სამსახურის ძებნის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა. სამსახურის მაძიებლები გამუდმებით ჩივიან, რომ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებულ ვაკანსიათა 90 % არარეალურია. სინამდვილეში კი, ვაკანსიებისა და კომპანიების  ყველაზე სრული ჩამონათვალი მხოლოდ ასეთ საიტებზეა წარმოდგენილი. აუცილებლად გადაათვალიერეთ დასაქმების საიტებზე წარმოდგენილი ვაკანსიები და გაგზავნეთ რეზიუმე. კარგი იქნება თუ პირადად მიიტანთ კომპანიაში, მაგრამ მხოლოდ ამით ნუ შემოიფარგლებით, მოძებნეთ ალტერნატიული გზები. ვაკანსიათა 50 % არ ქვეყნდება. დასაქმების საიტები გაწვდით მხოლოდ იმ ვაკანსიებს, რომლებსაც HR-ები (რომლებიც საერთოდ არ ჰყავს ბევრ კომპანიას) აწვდიან დასაქმების საიტებს და ზოგჯერ ეს პროცედურა საჭიროდ არც მიაჩნიათ. ჩამოწერეთ ის კომპანიები, სადაც ისურვებდით მუშაობას. ამობეჭდეთ  და დატოვეთ CV ამ კომპანიებში, თუნდაც არ აცხადებდნენ ვაკანსიას.

3.    დაუკავშირდით ნაცნობებს
აქ ქსელური მუშაობა ანუ ე.წ. networking იგულისხმება. სამუშაოს პოვნის ყველაზე ეფექტური გზა ნაცნობ-მეგობრებია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მოიძიეთ კონტაქტები, გაიხსენეთ მეგობრები, მთლად 20 წლის უნახავ კლასელს  ნუ მისწერთ სამუშაოს ვეძებ და დამეხმარეო და სატელეფონო ზარებით ნუ შეაწუხებთ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში ყველას აცნობეთ, რომ სამუშაოს ეძებთ, აუცილებლად აღნიშნეთ თქვენი უნარები და უპირატესობები, ნუ შეგრცხვებათ იმის აღიარება, რომ უმუშევარი ხართ. საქართველოში რატომღაც შეიქმნა ისეთი მითი, რომ თუ ნაცნობ-მეგობარი ან ნათესავი არ გყავს, მუშაობას ვერსად დაიწყებ. სინამდვილეში კი, ეს ასეა მთელ მსოფლიოში და ამაში დასაძრახი არაფერია: ის რასაც ჩვენ ,,ჩაწყობას’’ ვუწოდებთ, ჩვეულებრივი მოვლენაა და მას ,,რეფერალს’’, რეკომენდაციებს უწოდებენ. CareerXRoads-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლშიც დიდი კომპანიების კადრების შერჩევის სპეციალისტები მონაწილეობდნენ, ახალი თანამშრომლების მხოლოდ 12 %-ის აყვანა ხდება შერჩევის, კონკურსის გზით,  27 %  კი -რეფერალებით.

4.    აქტიურად ეძებეთ სამუშაო
ეს პუნქტი ზემოთ აღნიშნულ ორივე პუნქტს აერთიანებს, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, ცალკე გამომეყო. სამუშაოს ძებნას დროის უდიდესი ნაწილი უნდა დაუთმოთ, გამოიყენეთ facebook, სხვა სოციალური ქსელები, პირადი შეხვედრები. ძალიან ბევრი სათანადოდ არ ცდილობს სამუშაოს პოვნას და მერე ჩივის, რომ სამსახურს ვერ პოულობს. ნუ იწუწუნებთ. სჯობს, აქტიურად მოძებნოთ სამუშაო და ნათქვამია ,,ვინც ეძებს, პოულობსო’’.

5.    იყავით გამორჩეული
მაღალი კონკურენციის პირობებში თანდათან უფრო მეტად ამართლებს ფორმულა: ,თუ სამუშაოს მიღება გსურს, იყავი გამორჩეული,’’. აქ ის არ იგულისხმება, რომ ყირაზე უნდა გადახვიდეთ ან ,,შპაგატზე’’ ჩაჯდეთ გასაუბრებაზე, მაგრამ სათანადოდ წარმოაჩინეთ საკუთარი თავი, ნუ იაზროვნებთ კლიშეებით და გაზეპირებული ფრაზებით. იყავი ,,შენ’’,  წარმოაჩინეთ თქვენი უნარები და გამოცდილება, აჩვენეთ ინტერვიუერს, რომ შეგიძლიათ დამოკიდებლად აზროვნება და დავალების შესრულება.

6.    მოემზადე გასაუბრებისთვის
ჩამოწერეთ სავარაუდო შეკითხვები, მოამზადეთ პასუხები, გაიარეთ რეპეტიცია სარკის წინ, მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც გასაუბრების წინ სტრესის მოხსნასა და მომზადებაში დაგეხმარებათ. მოუმზადებლად წასვლას, სჯობს საერთოდ არ მიხვიდეთ გასაუბრებაზე.

7.    გჯეროდეს საკუთარი თავის
იცოდი, რომ ადამიანი ათჯერ უფრო მეტად ენდობა საკუთარით თვალით ნანახს, ვიდრე გაგონილს. შენი საქციელითა და უნებლიე მოძრაობებით იოლად მიხვდება ინტერვიუერი რამდენად გჯერა შენი შესაძლებლობებისა და მოსაზრებების. ასე, რომ დაუჯერე საკუთარ თავს, თუ გსურს, სხვებსაც სჯეროდეთ შენი.

8.    განეწყვე პოზიტიურად
ამ პუნქტის შესრულება ყველაზე მეტად უჭირთ სამსახურის მაძიებლებს. ყველა შეკითხვას, თუნდაც ნეგატიური იყოს, დადებითი კუთხიდან გაეცი პასუხი. დაამტკიცე, რომ ,,სასოწარკვეთილი დიასახლისი’’ კი არ ხარ, არამედ ადამიანი, რომელიც სრულყოფილად შეასრულებს ყველა დავალებას. მაშინაც კი სამუშაოს თუ ვერ მიიღებ, ეს განწყობა შეინარჩუნე: ყველასთვის რთულია უმუშევრობა, სამუშაოს ძიების პროცესი  კი – დამღლელი.

გახსოვდეს, რომ სამუდამო არაფერია. იმუშავე საკუთარ თავზე და შედეგიც არ დააყოვნებს. თუ მაინც არ გიმართლებს, სხვა კუთხიდან შეხედე შენს თავს და უნარებს და გჯეროდეს, რომ სამუშაოს იპოვი.