EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ხრიდოლი (ქართული საბრძოლო ხელოვნება) »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი:
თარიღი: 2013-05-24 19:38:19
ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას. ამ სახელწოდების საბრძოლო ხელოვნება ძველ საქართველოში არ არსებობდა. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ხრიდოლი იყო, შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს.
ხრიდოლში გამომწვევი გამორჩეულ მებრძოლს წარმოადენდა. ამ წესით ბრძოლა, ერთგვარი ოსატოტბის დონის მაჩვენებელიც იყო, რადგან “ხრიდოლის” წესით მებრძოლს უნდა დაემარცხებინა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქე და დამარცხების შემთხვევაშიც კი არ დაერღვია ხრიდოლის წესები. ხრიდოლის ბრძოლის წესში ასახულია ქართველობის ისტორია. საუკუნეების განმავლობაში მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა. ნაალაფარით ნაშოვნი სიმდიდრით, ლაშქრის სიმრავლით, უკეთესი შეიარაღებით ცდილობდნენ მსოფლიოს უდიდესი იმპერიები ჩვენს გატეხვას, მაგრამ მაინც ვერავინ აიძულა ქართველი გაჰქცეოდა განსაცდელს, სხვისთვის დაეტოვებინა ღვთისგან ნაბოძები მიწაწყალი. უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება, ღირსების საქმედ ექცა ქართველს. ხრიდოლის ბრძოლის წესის შინაარსიდან გამომდინარე, 1997 წელს, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენისას, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის ერთერთმა ჯგუფმა (იბეირლეი მგლები), “ხრიდოლი” გამოიყენა ქართული საბრძოლო სისტემის კრებით სახელწოდებად. ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. სისტემის აღდგენისას, მთავარ საფუძვლად გამოყენებული იქნა ქართული ჭიდაობა. “ქართული ჭიდაობისა” და ეთნოგრაფიულად მოძიებული მასალების საფუძველზე, თავდაპირველად აღდგენილი იქნა ქართული ჭიდაობის უძველესი სახეობა “რკენა”. “რკენას” ქართული ჭიდაობისგან განასხვავებს იმ ტიპის ფანდები, რომლებითაც შეტევა ხორციელდება ქვედა კიდურებზე. რკენაში აგრეთვე დასაშვებია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები. შერკინება გრძელდება ჩოქბჯენშიც. იმის გამო რომ ყველაზე მეტი ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალა, ჭდაობის ამ სახეობაზე, ხევსურეთის შესახებ არსებულ წყაროებში იქნა აღმოჩენილი, “რკენის” მეორე სახელწოდებად, ხრიდოლის ფედერაციაში, ხევსურული ჭიდაობა იხმარება. “რკენის” შემდეგ, მის საფუძველზე, აღდგენილი იქნა ქართული კრივი. “რკენას” დაემატა დარტყმითი ტექნიკა ხელით და ფეხით. “რკენაში” და “კრივში” ფანდების 90%-ს წარმოადგენს ქართული ილეთები, მაგრამ ხრიდოლის ფედერაციამ აღნიშნულ სახეობებში შემოიტანა, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო სახეობებში არსებული ილეთები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება “რკენაში” და “კრივში” არსებულ საასპარეზო წესებს. ხრიდოლის საბრძოლო სისტემაში, მეოთხე სახეობად, ჩართული იქნა “ხევსურული ფარიკაობა”. “ქართული ჭიდაობის” მსგავსად, ხრიდოლის ფედერაციას არ დასჭირვებია ფარიკაობის ამ სისტემის აღდგენა, რადგან ისიც ცოცხლად იყო შემონახული ხევსურთა ყოფაში. მოხდა მხოლოდ საასპარეზო წესების შემუშავება.
შერკინების წესები ხრიდოლში
საბრძოლო ხელოვნების ის სახეობები, რომლებსაც ხრიდოლი შეისწავლის უძველესია. მათი ფესვები და ბრძოლის წესი რამდენიმე ათასწლეულს ითვლის.
თანამედროვე სპორტულ ხრიდოლში, ძველი საბრძოლო სახეობისგან განსხვავებით, ამოღებულია ის ილეთები, რომელთა შესრულება მეტოქის სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. კისრისა და კიდურების მეყსეული მოტეხვა, სხეულის დაუცველ ადგილებში შეტევა.
ჭიდაობა
ქართულ ჭიდაობაში შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხითი. მოქმედება ხდება მხოლოდ დგომში, ჩოქბჯენში ბრძოლის გაგრძელება დაუშვებელია.
დაუშვებელია აგრეთვე ხელებით ქვედა კიდურებზე რაიმე საჭიდაო მოქმედება. აკრძალულია მტკივნეული ილეთები და გაგუდვა. არსებული წესები ქართულ ჭიდაობას გამორჩეულ, დახვეწილ იერს აძლევს, რის გამოც ის ჭიდაობის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობადაა მიჩნეული.
რკენა
ხევსურულ ჭიდაობაში (რკენაში) შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხით. მისი ერთ-ერთი სახელწოდებაა `მოშ და მოშ~, რაც მთის კილოზე ხელების შემოხვევით მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების შესრულებას გულისხმობს. დასაშვებია ნებისმიერი ილეთის შესრულება, რომელიც ქართულ ჭიდაობაში ან ჭიდაობის საერთაშორისო სახეობებში არ იკრძალება. ხევსურულ ჭიდაობაში შერკინება გრძელდება ჩოქბჯენში. გარდა ამისა, დასაშვებია როგორც დგომში ასევე ჩოქბჯენში მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების შესრულება, რომლებიც კისრისა და კიდურების მეყსეულ მოტეხვას არ იწვევს. ძველი საბრძოლო წესებით ამ ტიპის ილეთების შესრულება დასაშვები იყო. ქულებით ფასდება შებოჭვაც.
კრივი
ქართულ კრივში მებრძოლები ქართული ტრადიციული ჩოხით იბრძვიან. ძველ დროს უხელთათმანოდ, ახლა სპეციალური ხრიდოლის ხელთათმანებით. ხრიდოლის ხელთათმანი თითებს არ ფარავს და საშუალებას აძლევს მებრძოლს მეტოქის ჩოხაზე ან ქამარში ხელის ჩავლებით ილეთი შეასრულოს. ბრძოლის დროს დასაშვებია დარტყმების მიყენება მუშტით და ფეხით სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, აკრძალული ადგილების გარდა.
დასაშვებია თავით, მუხლით და იდაყვით სხეულის ნებისმიერ ადგილას შეტევის განხორციელება. დასაშვებია საჭიდაო ილეთების გამოყენება. როგორც დგომში, ასევე ჩოქბჯენში. ასევე დასაშვებია დგომში და ჩოქბჯენში მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება.
აკრძალულია დარტყმები საზარდულში, ყელში, კეფაში, ზურგისა და ხერხემლის მიდამოებში, დგომიდან წაქცეულის ცემა.
ფარიკაობა
ხევსურულ ფარიკაობაში მეტოქეები იბრძვიან ხმლით და პატარა წრიული ფორმის ფარით. ძველ დროში უმცროსი ასაკის მებრძოლები სწავლების პროცესში ხმარობდნენ ხის იარაღს, თანამედროვე სპორტული შეჯიბრებების დროსაც ხრიდოლის მებრძოლები ასევე იყენებენ ხის ფარ-ხმალს. აკრძალულია ხმლის მხრიდან მოქნევა, რადგან, ქართული ადათით, თუ მეტოქე მოსისხლე მტერს არ წარმოადგენს, მებრძოლმა მაჯიდან უნდა მიაყენოს მსუბუქი ჭრილობა და მის სიცოცხლეს გაუფრთხილდეს. თანამედროვე ფარიკაობისას ტრამვის თავიდან აცილების მიზნით ხმლის პირი დარბილებულია სპეციალური დამცავით.