EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქართული საეკლესიო მედიცინა »

კატეგორია: რელიგია

ავტორი:

თარიღი: 2013-06-03 12:23:21

ქართველ ერს უძველესი სამედიცინო კულტურა და ტრადიციები გააჩნდა, რაზეც მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ბრინჯაოსაგან დამზადებული სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკური საშუალებები, გველის გამოსახულებიანი სამედიცინო დანიშნულების კერამიკული და ნეიტრალური რეაქციის მქონე მინის სხვადასხვა ჭურჭელი, რომლებიც თავის დროზე წამლის მოსამზადებელი სააფთიაქო დანიშნულების – კომპონენტების შესანახად ყოფილა გამიზნული.
საქართველოში სამედიცინო ხელოვნება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე ყოფილა და ჩვენ ქვეყანას უაღრესად მრავალფეროვანი სამედიცინო კულტურა ჩამოუყალიბდა.

საეკლესიო და საერო მედიცინა“ ერთმანეთს ავსებდნენ და მათი განცალკევება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ „სენთა კურნება“ ეკლესიის მსახურთა კომპეტენციაში შედიოდა და „საეკლესიო მედიცინა“ გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე – „საერო“. შემთხვევითი არაა, რომ „კარაბადინები“ უმეტესად სასულიერო პირების ღვაწლის შედეგად იქმნებოდა.

„საეკლესიო მედიცინის“ დასახასიათებლად საქართველოში მდიდარი ფაქტობრივი მასალა მოიპოვება. მაგ., იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“ ნახსენებია მნიშვნელოვანი ფრაზა: „და მე ვარქუ წმინდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოვბანო სისხლი ესეე პირსა შენსა და ნაცარი, რომელიც თუალთა შენთა შთაცეულ არს, და სალბუნი წამალი დაგდვა, რაითა ჰე, ღამე თუ განიკურნე“. აქ „სალბუნი“ – მალამო გაიგივებულია წამალთან.

 

V საუკუნიდან დასტურდება, სამკურნალო დაწესებულებებისა და სამედიცინო განათლების კერების არსებობა, წერს თავის ნარკვევებში პროფ. ა.გელაშვილი. მისივე თქმით, საქართველოში ყოფილან მედიცინის ამა თუ იმ დარგში დახელოვნებული ექიმები: მკურნალი (თერაპევტი), დასტაქარი (ქირურგი), მეშირიმე (უროლოგი), ტატბერიე (მეან-გინეკოლოგი) და სხვა.

დავით გარეჯში შემორჩენილია „საეკლესიო მედიცინის“ არსებობასთან დაკავშირებული მრავალი ფაქტობრივი მასალა. განსაკუთრებით ხაზი გაესმის იოანე ზედაზნელის, დავით გარეჯელის და მისი მოწაფის ლუკიანეს მოღვაწეობას. მემატიანეს ცნობით, ასურელი მამები დახელოვნებულნი ყოფილან „სენთა მკურნალობაში“. ისინი არა მხოლოდ „სასწაულებითა“ და „საკვირველებებით“ მოქმედებდნენ, არამედ იყენებდნენ იმ დროისათვის რაციონალურ სამკურნალო საშუალებებს, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნაწარმს. მაგ. ირმის რძეს. ამას მოწმობს ლუკიანეს მიერ ირმების მოწველის ამსახველი ფრესკა. ასევე ფართო გამოყენებაში ჰქონდათ ნიახურის თუ სხვა მცენარეთა თესლები, ღერო და ფესვები სითხოვანი წამლის ფორმების მომზადებისთვის, რომლებიც გამოიყენებოდა ღვიძლისა და თირკმლის დაავადებათა სამკურნალოდ. დავით გარეჯის გამოქვაბულში შეინიშნება წამლების დასალაგებელი თაღჩების ნანგრევთა ნაშთები.

„კლდეში ნაკვეთი ქალაქის “- უფლისციხის მონოგრაფიის ავტორი დ. ხახუტაშვილი ადასტურებს, რომ სასახლის სამხრეთ-აღმოავლეთ მხარეს დაცულია კლდეში ნაკვეთი დარბაზი, რომელშიც მოწყობილია მცირე ზომის თაღჩები, რომლებშიც წამლებს ინახავდნენ. არაა გამორიცხული, რომ ის აფთიაქის მოვალეობას ასრულებდა.

XII-XIII საუკუნეებში საქართველოს ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ძლიერებამ აღორძინების გზაზე დააყენა ქართული „საეკლესიო“ და „საერო“ მედიცინა.

XII საუკუნეში წამალთმცოდნეობა და წამლის მომზადების ტექნიკა ძალზე განვითარებული ყოფილა. ამაზე მეტყველებს ვარძიის ციხე – ქალაქი, სადაც აღმოჩენილია კლდეში გამოკვეთილი თაღჩებიანი აფთიაქი წამლის შესანახად.

უფლისციხისა და ვარძიის კომპლექსში არსებული თაღჩებიანი გამოქვაბულის ანალოგიური ნაგებობა აღმოჩენილია „მაღალაძიანთ ეკლესიაში.“

საავადმყოფოები იქმნებოდა როგორც ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში, ისე მონასტრებთან, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთაც. ცნობილი იყო საექიმო საქმიანობით ათონის ივერთა მონასტერი. XI საუკუნიდან მოყოლებული, იქ რამდენიმე საავადმყოფო შეიქმნა, მათ შორის სპეციალიზებული საავადმყოფო კეთროვანთათვის–ლეპროზორიუმი. მონასტრის ხელმძღვანელი ექვთიმე ჩორჩანელი-ხურსიძე იყო საექიმო საქმისა და საავადმყოფოთა მშენებლობის ორგანიზატორი. ამ პერიოდს ეკუთვნის პეტრიწონისა და გელათის მონასტრებთან საავადმყოფოების აშენება, ვარძიის აფთიაქისა და ვანისქვაბის მონასტრის სასნეულოს დაარსება. აღსანიშნავია საბაწმინდის (იერუსალიმი) ქართველთა ლავრისა და ხანძთის სავანეების საექიმო საქმიანობა, ასევე ილარიონ ქართველის საექიმო მოღვაწეობა.

შატბერდის მონასტერში XI საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი „ექიმი სამცხისა“ გრიგოლ ვაჩაძორელი, რომლის სამედიცინო ხასიათის ხელნაწერები 1462-66 წლებში მშობლიურ ენაზე თარგმნა სომეხმა ბერმა მარქარმა. ხელნაწერი ეძღვნება წამალთმცოდნეობას, პათოლოგიასა და თერაპიას.

საქართველოში დღემდე შესწავლილი და გამოცემულია ქანანელის „უსწორო კარაბადინი“ (XI საუკუნე), ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოი“ (XII საუკუნე), ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი — კარაბადინი“ (XV საუკუნე), დავით ბატონიშვილის „იადიგარ დაუდი“, ი. ბაგრატიონის „წიგნი სიმართლისა და აქიმობის“, აგრეთვე პეტრე კლაპიტონიშვილის „მოკლე კარაბადინი ანუ დარიგება ადვილად წამლობისათვის მრავალთა გვართა შინაგანთა და გარეგანთა სნეულებათა“ (XIX საუკუნე), მისივე „მოკლე კარაბადინი ანუ დარიგება მისთვის, თუ ვითარი ღონისძიება და შემწეობა მოიხმარონ კავთათვის ჟამსა უეცრად ჩავარდნისა და სასიკვდილოსა მდგომარეობისა შინა“ (XIX საუკუნე) და სხვა.

საქართველოს „საეკლესიო და საერო“ მედიცინის განვითარების ისტორიაში დიდია მაღალაძეების როლი, რომელთა სამოღვაწეო სარბიელზე გამოჩენა XIV საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. მათ სამედიცინო ტრადიციებს საფუძველი ივანიძეებმა მოუმზადეს. მაღალაძეები სამკურნალო მცენარეებს აშენებდნენ. აქვე ყოფილა „მუნის სამკურნალო ეკლესია“ და „ძუძუს ხატი“ – დედა ღვთისას ეკლესიაში. მაღალაძეებს კოშკის შემოგარენში წამლების დამზადების აფთიაქიც ჰქონიათ.

თურმანიძეების გვარი საქართველოში ცნობილია, უპირველეს ყოვლისა“ იმ მალამოს გამო, რომელბსაც ისინი ამზადებდნენ. საყურადღებოა, რომ იგი საქართველოს გარეთაც ყოფილა ცნობილი.

გარდა წამლებისა და ქირურგიული ჩარევისა, „საეკლესიო მედიცინა“ ავადმყოფთა განსაკურნავად სხვა პრაქტიკულ საშუალებებსაც იყენებს. მაგ., თეძმის ხეობაში მდებარეობს ერთაწმინდის ეკლესია, რომლის კედელში გამოჭრილი ყოფილა ხვრელი, სადაც გადმოკიდებული ყოფილა ჯაჭვი „დადიანური“. აქ თურმე მოჰყავდათ სულით ავადმყოფები, ჟაჭვით შეკრავდნენ და ჯაჭვის ორივე ბოლოს კედელში გაუყრიდნენ, მეორე დღეს ავადმყოფს აუშვებდნენ. იგი ადგებოდა და თავისუფლად გაივლიდაო. ასეთი რამდენიმე ფაქტი იყო…

კოლხურ-იბერიულ მედიცინას სახელი გაუთქვა გერმანელმა მკვლევარმა კურტ შპრენგელმა. 1792 წელს მან გამოსცა „სამკურნალო გამოყენებითი ხელოვნების ცდის ისტორია“, სადაც მან განსაკუთრებული ადგილი დაუთმო „უძველეს კოლხურ მედიცინას“, სწორედ ამ ქვესათაურით იწყება მსოფლიო მედიცინის ისტორიის პირველი ტომი.

მედიცინის განვითარებაში ქართული სამღვდელოება ოდითგანვე დიდ როლს ასრულებდა. ისინი არამარტო სულის, არამედ „ხორცის მკურნალადაც“ გვევლინებიან.

წყარო: ვ.ა. თორაძე, ნ.ვ. თორაძე, „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მე-19 და მე-20 საუკუნეებში“.