EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქართველთა უძველესი სპორტული თამაშობები და საბრძოლო ხელოვნება »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი:
თარიღი: 2013-06-17 11:46:14
უძველესი სახეობები
რამდენადაც საქართველო მელითონეთა კულტურის უძველესი კერაა, ამდენად, ბუნებრივია, რომ ქართველები იმთავითვე ფლობდნენ იარაღის დამზადების ხელოვნებას და, რა თქმა უნდა, საბრძოლო ხელოვნებაში გამოწრთობილნი იყვნენ. “ეს იყო უმამაცესი ხალხი, მათ შორის ვისთანაც კი ოდესმე ჰქონიათ ელინებს საქმე. ეს ყველაზე უკეთ მათ იგრძნეს, ვინც ხალიბებთან (ქართველებთან) ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობდა. კამარზე ეკიდათ მოკლე, სპარტელების მსგავსი მახვილები. ამ მახვილებით ხოცავდნენ ყველას, ვისაც კი მოიხელთებდნენ, კვეთდნენ თავებს და მიჰქონდათ მაღლა აღმართული, ცეკვითა და სიმღერით, მტრის დასანახად” (ქსენოფონტე, ქრ.შ.-მდე Vს.). “…ქართველები ბრწყინვალე, გამორჩეული და გამოცდილი მეომრები არიან; მათ ახასიათებთ მეომრული სული და ვაჯკაცური სიმამაცე, ამასთანავე ისინი ძაილიან თავაზიანნი და კეთილშობილნი არიან” (ბიზანტიელი ისტ. პაქიმერე, XIVს-ს დასაწყისი). ქართული ორთაბრძოლის ხელოვნება გამოირჩევა თვითმყოფობითა და პრაქტიკულობით. იარაღის ხმარებას ქართველები ბიჩებს 5-6 წლიდან ასწავლიდნენ. ჯერ ხის საჩვევი ხმლით და ფარით, ხოლო შემდეგ ნამდვილ ფარ-ხმალზე გადაჰყავდათ. ბავშვებს წვრთნიდნენ ფარიკაობაში, ოღროჩოღროზე სირბილში, ქვევიდან ქვაზე ხტომაში, კლდეზე ცოცვაში, ეკლიან ბუჩქზე გადახტომაში ,ჭიდაობასა და სხვა. 14-15 წლის ყმაწვილს საზეიმოდ გადასცემდნენ მამა-პაპურ ფარ-ხმალს და ის უკვე ნამდვილ მამაკაცად ითვლებოდა.
ხევსურული ფარიკაობა – კეჭნაობა
კეჭნაობა ქართული ორთაბრძოლიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა. უძველესი დროიდან არსებობდა, თითქმის XXს-ის 50-იან წლებამდე . ამ სახეობის არსებობას განაპირობებდა როგორც გარეშე მტერი, ისე ადგილობრივი ტრადიცია – მესისხლეობა, რომელიც ხშირად თაობიდან თაობაში გადადიოდა. ამიტომ მესისხლეები მუდამ ფარ-ხმალით იყვნენ აღჭურვილნი, რათა მოულოდნელად მეტოქეს არ შეჰყროდნენ. ხევსურული ფარიკაობის და საბრძოლო სათითეების (ფოლადისგან დამზადებული დაკბილული, ალესილი იარაღი, რომელსაც ცერზე საჩვენებელ ან სუა თითზე ჩამოიცვამდნენ ხოლმე. მათი სახელებია: “ღაჯია”, “საცერულა”, “ლესულა”) უნიკალურობა კარათეს იაპონელმა ოსტატებმაც აღიარეს.
კეჭნაობა – მესისხლეობის მსუბუქი ფორმაა. მას სჭირდებოდა კარგი ფიზიკური მომზადება, გავარჯიშებული მკლავი და კარგი ხმალი. მოკეჭნავეს ცერზე ან სხვა თითზე “ღაჯია”, რომელსაც ხმლის ხელიდან გავარდნის შემთხვევაში იიარაღად იყენებდა. კაცი, რომელიც კეჭნაობას გაურბოდა, მხდალი და ბეჩავი იყო. ხევსურეთში იშვიათად იყო დაუკეჭნავი ან “ღაჯიით” დაუსერავი ხევსური. მოკეჭნავეს ფარ-ხმალი ორივე ხელით ეჭირა, ცერები გადაჭდობილი ჰქონდა და შეთევას მაჯიდან დარტყმით ახორციელებდა. მოძრაობაში სწრაფი და იმპულსური იყო. ფარი ვერტიკალურ მდგომარეობაში იყო. ცდილობდნენ ერთმანეთის მსუბუქად დაჭრას, მაგრამ თუ რომელიმე მზიმედ დაიჭრებოდა, დიდ სირცხვილად ითვლებოდა. იტყოდნენ, მკლავი არ ემორჩილებოდა და ამიტომ გაწირაო. 180 გრადუსიან ტრიალში შეეძლოთ მიზანში ხმლის დაკვრა, მცენარის ფოთლის ან ნაყოფის გაჭრა. დღემდე მოძიებულია ფარიკაობის 16-მდე საწყისი ბრძოლა.
კრივი
კრივი საბრძოლო ხელოვნების განუყოფელი ნაწილია და ჭიდაობასთან ერთად ხელჩართული ბრძოლის ერთ-ერთი სახეობაა. იგი სამხედრო ხელოვნების სავალდებულო დისციპლინაა და უძველესი დროიდან მეომრის აღზრდისა და ჩამოყალიბების მნიშვნელოვან სისტემას წარმოადგენდა. საქართველოში კრივის პოპულარობაზე მისი მრავალსახეობაც მეტყველებს: ხრიდოლი, მესხური, სალდასტი, ქალაქური მუშტი-კრივი და სხვა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება მანერით, სტილით და სტრატეგიით.
“ხრიდოლი”
ხრიდოლი ცალი ხელით ორთაბრძოლაა. მოკრივეებს ხელი ზურგს უკან, ქამარში აქვთ ჩავლებული, ერთმანეთს ცალი ხელით ერკინებიან. ეს სახეობა განსაკუთრებულ სისწრაფეს, ტექნიკას, გამძლეობასა და კარგ სტრატეგიას მოთხოვს. ბრძოლაში იყენებენ მუშტს, იდაყვს, თავს, მუხლს, ტერფს და საჭიდაო ილეთებს. “ხრიდოლის” კარგ მოკრივეს ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგის დაძლევა შეუძლია, მაშინაც კი, თუ ისინი ორივე ხელით ებრძვიან.
“მესხური კრივი”
მესხური კრივი ორთაბრძოლის ძალზე რთული სახეობაა. მოკრივენი ტანზევით შიშველნი ერკინებიან ერთმანეთს. ბრძოლაში იყენებენ მუშტს, იდაყვს , თავს , მუხლს. დასაშვებია საჭიდაო, მტკვნეული და მახრჩობელა ილეთები. ორთაბრძოლა გრძელდება მოწინააღმდეგის დანებებამდე.
“ყარაჩოღელთა მუშტი-კრივი”
ძველ თბილისში, კვირაობით, ყველიერის ბოლო დღეს, აგრეთვე ნათლიღების მეორე დღეს იმართებოდა “ქალაქური” ორთაბრძოლა. თბილისის უბნების “ყოჩები” ერთმანეთს მუშტი-კრივში იწვევდნენ. ბრძოლაში რიგრიგობით ურტყამდნენ ერთმანეთს და იმარჯვებდა ის, ვისაც ძლიერი დარტყმა და მეტი გამძლეობა ჰქონდა. ჩხუბობდნენ მუშტით, გაშლილი ხელით, თავით და იდაყვით. ფეხით დარტყმა სამარცხვინოდ ითვლებოდა. ხშირად ჯგუფური კრივიც იმართებოდა, ათეულობით და ასეულობით მოკრივე ერთდროულად იბრძოდა. ჯერ ახალგაზრდები იწყებდნენ, შემდეგ კი უფროსებიც ებმებოდნენ ორთაბრძოლაში.
“სალდალისთი კრივი” – “ქვის კრივი”
ორ ბანაკად გაყოფილი ქალაქის მოსახლეობა ერთმანეთს “ებრძოდა”. ეს იყო ბრძოლის იმიტაცია და მოქალაქეების (მამაკაცების) საბრძოლო მომზადებას ემსახურებოდა. კრივში წართმეული იარაღი, სარტყელი, ქუდი და ნაბადი კანონიერ ნადავლად ითვლებოდა. იბრძოდნენ შურდულებით და ხის ხმლებით. ქვებსაც იყენებდნენ და ხელჩართული ჩხუბიც იმართებოდა. ნიშნად შერიგებისა, საშინელი და დაუზოგავი კრივის მერე, ცხვირპირჩამტვრეულნი ეთად მიდიოდნენ მოსალხენად.