EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ საუბრობს დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2012-12-03 12:27:41
ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ საუბრობს დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური): “შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს”(დაბადება 1.27,28). ამ სიტყვების თხრობა დართულია ღმრთის მიერ შესაქმეს განსრულებისას. მანამდე მოთხრობილია ძუძუმწოვართა შექმნის შესახებ: “გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო” (დაბ. 1.25).
ღმრთის შექმნილი ადამიანის ბუნება ორი სამყაროს ორდინალური სინთეზია. ერთი მხრივ, იგი ზეციური სამყაროს წარმომადგენელია, ხატი და მსგავსი უფლისა, უკვდავი გონიერი სული-უნივთო შეუდგენელი, თავისუფალი მატერიალური სამყაროს ნაწილაკებისგან. წმიდა, მოაზროვნე, სწრაფვადი უმაღლესი გონისკენ. მეორე მხრივ, მსგავსი ძუძუმწოვართა სამყაროსი. მისი მატერიალური რთული შედგენილობის სხეული “მონათესავე” ცხოველური სამყაროსი. ბიოლოგიური შედგენილობა-აღნაგობა ახლოსაა სხვა ძუძუმწოვრებთან. როგორც ჩანს, ღმერთმა ძუძუმწოვარათა საერთო მსგავსებადი მოდელი შექმნა და ადამიანი ხორციელად დაენათესავა მიწიერ სამყაროს, რამდენადაც ადამიანი გახდა თვალსაჩინო-ხილული უფალი მათთვის. “თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.”( დაბ. 1.26).”
საიდან იღებს სათავებს ადამიანში გამრავლების გზა?
გამრავლების გზა ცხოველური სამყაროს მათი ფიზიონომიური აღნაგობიდან გამომდინარე წარიმართა. ამგვარი ქმედება ღმერთმა მათ ბუნებაში ჩადო და ამაში ბიწიერი არაფერია. თავისთავად, სხეულში ბევრი სხვადასხვა მიმდინარე პროცესი ბუნებრივია და მასში ცოდვითი არაფერია, ღმერთმა ასე ისათნოვა. “დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო”(დაბ. იქვე). თავისთავად ადამიანთა გამრავლების მეთოდიც ამგვარი იყო, მათ ღმერთი სამოთხეშივე აკურთხებს. მოკრძალებით შევეხები თემას იცხოვრეს თუ არა მათ სამოთხეში?… არანაირ საჭიროებას წარმოადგენდა დაბადების მთხობელისთვის ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, ეს ბუნებრივი მდგომარეობა იყო, რომელიც ღმერთმა სამოთხეში აკურთხა. ამ თემას ძველი აღთქმის ეპოქის ხალხი სრულიად ბუნებრივად აღიქვამდა და ამაზე აქცენტს არ აკეთებდნენ. ქვეცნობიერად ამორალური თვალთახედვისგან ჩვენგან განსხვავებით ისინი საღად აზროვნებდნენ და მასზე როგორც ვნება ამგვარად დაქვემდებარებულნი არ იყვნენ, ამიტომ შეუსაბამო შეკითხვებისგან თვისუფალნი იყვნენ. რაც შეეხება პირველი ადამიანების შვილიერებას, მათ სამოთხეში ყოფნა მცირე ხნით მოუწიათ, ბიბლიური თხრობითვე დედის მიერ შობილი პირველი ადამიანი ედემის გარეთ მოევლინა სამყაროს. თუმცაღა, საყურადღებოა შემდეგი ადგილები: “აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ”(დაბ.2. 18-25). აქ, რა თქმა უნდა, ცალსახად საუბარი არაა სხეულებრივ ლტოლვაზე, მაგრამ აშკარა მითითებაა მათი თანაცხოვრების ფორმის წესზე იმ პერიოდში. არსებობს ცალკეულ მამათა სწავლება ამ საკითხის შესახებ. ისინი გამოთქვამენ მოსაზრებას რომ ამგვარი ურთიერთობა ცოდვით დაცემის შედეგია და რომ ადამიანი რომ არა დაცემა, სხვა მეთოდით გამრავლდებოდა. ეს სწავლება არ გაზიარებულა საერთო საზოგადო საეკლესიო დოგმატურ სწავლებად ადამიანის შესახებ. მრევლის საყურადღებოდ უნდა აღინიშნოს: მიუხედავად მათი ავტორიტეტისა და პატივისცემისა, მათი ყოველი სწავლება არ იქნა გაზიარებული, როგორც უეჭველი გარდაუვალობა და არ განზოგადებულა. თავისთავად, ზემოთ აღნიშნული ბიბლიური სწავლება ამ აზრს აბათილებს. ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანს ანატომიური ცვლილება არ განუცდია, ეს წმიდა წერილში არსად ჩანს. დღევანდელი მეცნიერული დაკვირვებებიდან საინტერესოდ ჩანს თავად დედის წიაღში ადამიანის შექმნა, ჩამოყალიბება, განვითარება საოცარი პროცესია და ვერ დავარქმევთ ამ მოვლენას ცოდვის შედეგს. ცალკეულ სუბიექტთა მანკიერი ურთიერთსწრაფვა არაა საზოგადო, მიუხედავად მასობრიობისა. ღმერთს მასში ცუდი არ ჩაუდევს არაფერი. სხვაგვარად ღმერთი ამგვარად არ მოაწყობდა, არ განაგებდა. საკუთრივ სუბიექტიდან არასწორად აღქმა-ხედვა ინდივიდუალური და ცალმხრივია. ვნებადამოკიდებული მიდგომა საკითხისადმი სხვა მოვლენებზეც ვრცელდება: ადამი იკვებებოდა, ხარობდა სანახთა ხილვა-ცქერით, ტკბებოდა ფრინველთა გალობით, აღფრთოვანებაში მოდიოდა კოსმიური, ვარსკვლავთა სამყაროს მზერით. ამ ყველაფრით შეჰხაროდა ღმერთს და ადიდებდა. იგივე მოვლენები ჩვენ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვნება და როგორც ღმრთისადმი მადლიერება – ხედვა, ღმრთის მიერ შექმნილი საოცარი სამყაროს საოცარივე ბუნებისა. ეს უკვე ინდივიდუალურია, სუბიექტური ხედვიდან გამომდინარე. საზრდო-ხილი ღმერთმა სასარგებლო და გემოთ სასიამოვნო შექმნა. იგემებდა ადამი, განსჭვრეტდა მის ბუნებას და ადიდებდა შემოქმედს. ვიგემებთ ჩვენც და ვიქცევით მსგავსადვე ან ვხდებით გემოთმოყვრებას დამოკიდებულნი. ყოველივე ქმნილებაში უფალმა მშვენიერება, ჰარმონია და სიამე ჩადო და სიყვარულის გამოხატულებად მატერიალურ ყოფიერებას ბედნიერება აჩუქა. ბუნებრივი იქნებოდა რომ ახალი ადამიანის მოვლინებას სიამის განცდა ჰქონოდა და არა – პირიქით. თუკი მთელი სამყარო ამგვარად იყო მოწყობილი თავისთავად აქაც ასე იქნებოდა. ტკივილის განცდა ცოდვით დაცემის შედეგად ჩნდება: “ტანჯვით შობ შვილებს”დაბ. 3.16). მიდგომა საკითხისადმი როგორც ცოდვა, ცოდვილი გადასახედიდანვეა დანახული. პავლე მოციქული ამბობს: “თუ იქორწინებ არა სცოდავ და თუ ქალწული იქორწინებს არ სცოდავს” (1 კორ. 13,4) და თავად მაცხოვარი: “ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი” (მათ. 19,6).
შეწყვილებას თავად უფალი აკურთევს “საწოლი შეუგინებელი” (კურთხევანი,ქორწინება.) და მასში ცუდი არაფერია. დიდი სჯულის კანონში პირიქით ნეგატიურადაა ნათქვამი: “ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღმრთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს. თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სამღვდელო დასისი სხვა წარმომადგენელი ქორწინებას,…. განუდგება და უარყოფს…. იმიტომ რომ საძაგლად თვლის მათ და ამით ივიწყებს იმ სიტყვას, რომ ყოველივე კეთილია ფრიად და რომ კაცი მამაკაცად და დედაკაცად დაჰბადა ღმერთმა, და ამგვარად გმობს და ცილს სწამებს დამბადებელს, ან გამოსწორდეს, ან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნეს, ასევე ერისკაციც (დიდი სჯულის კანონი. წმ მოციქულთა კრება 5, 51,კანნ). ამავე შინაარს იმეორებს ღანგრის, კართაგენის, მეექვსე მსოფლიო კრების და ბასილი დიდის კანონები. ხაზგასმით აღინიშნება რომ ამით ადამიანის სიწმიდე არ ირღვევა. მართალი აბრაამი ღმრთის მიერ ქორწინებული სარაზე, უშუალოდ ესაუბრებოდა ღმერთს. მოსე წინასწარმეტყველი იოთორ მღვდლის ასულზე ქორწინებული სინას მთაზე პირისპირ ეზრახებოდა უფალს. მათთვის ღმრთისმჭვრეტელობაში ქორწინებას ხელი არ შეუშლია. შეწყვილება არა მხოლოდ უთმინოების ასაცილებლად და სიძვისგან დასაცავადაა. მეუღლეები არა თავისი ბიწიერი ზრახვებისა და ვნებების აღსასრულებლად წყვილდებიან. ლტოლვა ერთმანეთისადმი ესაა კურთხევა შვილიერებისადმი, რასაც ურთიერთნდობის უდიდესი ფაქტორი მოსდევს. რამხელა ნდობა და სიყვარული სჭირდება მეწყვილეს, რომ გაშიშვლდეს მეუღლის წინაშე და სირცხვილი მორიდება გადალახოს. ნდობას ფაქიზი პატივის დახვედრა უნდა და ამგვარად ისინი ღმრთის თვალში მადლს მოიპოვებენ. ავხორცული წარმოსახვებით შეწყვილებისას ფაქტობრივად მრუშობენ მესამე აბსტრაქტულ პირთან. და ეს განისჯება როგორც დაფარული ცოდვა. მეუღლენი ამ დროს გონებით ერთმანეთის პირისპირ უნდა იყვნენ.
რამდენად მიღებულია მარხვის პერიოდში ცოლქმრული ურთიერთობა?
მარხვაში ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ არასწორი მოსაზრებებია გავრცელებული. არსად გვხვდება ამ დროს პირდაპირი აკრძალვა. დიდი შჯულის კანონი ამ საკითხზე პავლე მოციქულის სიტყვებზე დაყრდნობით მსჯელობს: “ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო” (1 კორინთ.7.5). კონკრეტულ შეკითხვაზე ქორწინებით ერთმანეთთან შეერთებულებმა შვიდეულის რომელ დღეებში უნდა შეიკავონ თავი ერთმანეთთან შეერთებისგან და რომელ დღეებში აქვთ ამის უფლება? ორგზის პავლე მოციქულის ხსენებული სიტყვებით პასუხობს, მხოლოდ მე-5 კითხვაში აღნიშნავს რომ ზიარების წინ თავი შეიკავონ. ტიმოთე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის სწავლება დიდი შჯულის კანონში შევიდა (5,12,13 მუხლი). ამასვე იმეორებს დიდი შჯულის კანონში დიონისე ვასილიდის მიმართ ეპისტოლეში: “ქორწინებულნი თვითონ უნდა კმაროდნენ თავისი თავის მსაჯულად, რადგანაც მათ სმენიათ პავლესგან, რომელსაც დაუწესებია: რამდენიმე ხნით, ერთმანეთთან შეთანხმებით მათ უნდა შეიკავონ თავი ერთმანეთისგან, რათა მოიცალონ ლოცვისათვის და შემდეგ ისევ ერთად იყვნენ” (კანონი 3.). ამრიგად, ეს საკითხი ამით იწურება. სხვაგან რაიმე საზოგადო კანონი ჩვენ არ გვხვდება. ცალკეულ მამათა სწავლებანი საყოველთაო სახეს ვერ ღებულობს და არაა მიზანშეწონილი სავალდებულოდ გავრცელება. ეს ინდივიდუალურია და ამით არც არავინ შეიქება, ან დაიძრახება. რომ არა შვილიერება კაცობრიობა და მათ შორის წმიდათა დასი არ გვეყოლებოდა. ბასილი დიდი კესარია-კაბადოკიელი მრავალშვლიანი ოჯახის წევრი იყო, საიდანაც ექვს წმიდანს ვიცნობთ. კონკრეტულად კარნახი რაიმე პერიოდზე არ არსებობს. ეს ოჯახის ჩამომყალიბების ინდივიდუალური პროცესია. თავად ადამის და ევას შემთხვევაში ასე იყო: მას პერიოდულად ეცხადებოდა უფალი. გრძნობდა ადამი უფლის სიახლოვეს, შინაგანად ემზადებოდა მასთან შესახვედრად და ეზრახებოდა. მოსე წინასწარმეტყველს უფალი მოუწოდებს, რომ მისი სინას მთაზე ასვლის დროს, არც მას, არც მისმა ძმა აარონს და არც ერს არ ეცხოვრათ მეუღლესთან. ამგვარად შემზადებულნი შეხვედროდენ ღმერთს. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ცოლქმრული ურთიერთობის იდეალისა, ადამიანური გონება არაა ვნებისგან სრულად თავისუფალი, სწორედ ამიტომაა საჭირო თავშეკავება ღმერთთან შეერთების, ზიარების წინ. სწორედაც დიდი მარხვის პირველ და ბოლო კვირაში, სხვა მარხვათა დასკვნით პერიოდში, სადღესასწაულო დღეებში-ზიარების წინ, როდესაც პავლე მოციქულის სიტყვებით: ლოცვას ვართ მიცემულნი, გვმართებს თავშეკავება. დანარჩენ პერიოდში მარხვა-ხსნილის მიუხედავად ინდივიდუალურია და ამით არავინ განისჯება. ღმერთმა ღირსებითა და სიწმიდით შეგვახვედროს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობას.