ვაჟის სახელები |
ტაგუ (ქართული) გავრცელებულია ძირითადად სამეგრელოში. ეტიმოლოგია უცნობია. ტაია (ქართული) მიღებული ჩანს ტარია-საგან, რომელიც თავის მხრივ ტარიელ-ის მოფერებით ფორმას წარმოადგენს. ტარასი (ბერძნული) " მოუსვენარი ". აქედანაა გვარები ტარასაშვილი და ტარსაიძე. ტარიელ – შოთა რუსთაველის " ვეფხისტყაოსნის " მთავარი გმირის სახელი, ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული. როგორც ფიქრობენ, მომდინარეობს ირანული დარიელ-ისაგან, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: დარ, დარა - " მეუფე ", " მეფე ", " მფლობელი " და იელ – " გმირი ", " მოყმე ". ამრიგად, ტარიელი ნიშნავს " მეფე გმირს ", " მოყმე მეფეს ". აქედანაა გვარი ტარიელაშვილი. ტატე – ითვლება ესტატე-ს შემოკლებულ ფორმად. დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. აქედანაა გვარი ტატიშვილი. ტერენტი (ლათინური) " მხეხავი ", " გამფშვნეტელი ", " გამლესი ", სხვაგვარი ახსნით: " მომქანცველი " (ეტიმოლოგიები საეჭვოა). ტიმოთე (ბერძნული) " პატივი ღვთისა ", " ღვთისმოსავი ". ხალხში გავრცელებული ფორმაა კიმოთე (აქედან გვაქვს სოფლის სახელიც კიმოთესუბანი). ტიტე (ლათინური) " ღირსება ", " პატივი " (შეადარეთ ტიტული - " საპატიო წოდება "). მოფერებითი ფორმებია: ტიტია, ტიტიკო. ტრიფონ (ბერძნული) " ნებიერი ", " განებივრებული ". ტროფიმე (ბერძნული) " გაზრდილი ", " გამონაკვები ". შეადარეთ ატროფია – რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის ზრდის შეწყვეტა საკვების უკმარობის (ან უმოქმედობის) გამო: ჰიპერტროფია – რომელიმე ორგანოს არანორმალური ზრდა-განვითარება. ტუხა (ქართული) მოეპოვება ნაირფეროვანი სუფიქსიანი ვარიანტები: ტუხე, ტუხია, ტუხო, ტუხო. არსებობს გვარები: ტუხაშვილი, ტუხიშვილი, ტუხიაშვილი. ‘ტუხ’ ფუძეს შეიცავს კომპოზიტი შავ-ტუხ-ა, მაგრამ ამ ფუძის კონკრეტული მნიშვნელობა გაურკვეველია.
|