EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მისაღებია თუ არა თქვენთვის საპენსიო რეფორმა?

დიახ
არა


დარეგისტრირებული მომხმარებლები

zviad

sofia

anano

ეკაkuna

wiwevichi




« A plague on both your houses - ჭირი ორსავე სახლსა თქვენსა! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-14 14:02:39

A plague on both your houses - ჭირი ორსავე სახლსა თქვენსა!

ხელმოწერა თუ პარაფირება - რაფინირებული დაცინვა გოიმებისთვის!

ახლოვდება მთელი პოსტსაბჭოური სივრცისათვის საეტაპო მოვლენა - ევროკავშირის ვილნიუსის სამიტი, რომლის ფარგლებში უნდა გაიმართოს აგრეთვე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ სახელმწიფოებთან შეხვედრა. იგულისხმება, რომ ევროკავშირი რამდენიმე მათგანთან გააფორმებს „ასოცირების ხელშეკრულებას". თუ რომელ ქვეყნებთან კონკრეტულად - ჯერ გარკვეული არ არის. თუმცა უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მათ რიცხვში არ იქნება. ევროკომისარმა შტეფან ფულემ ამასწინანდელი ვიზიტისას შემოგვაპარა: „თქვენთან დოკუმენტის პარაფირებას მოვახდენთ და არა ხელმოწერასო".

რა არის პარაფირება? იურიდიული, დიპლომატიური და პოლიტიკური თვალსაზრისით - არაფერი! „პარაფირება" ნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებიან თვით დოკუმენტის ტექსტზე, ანუ მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ტექსტს შეიძლება (!) მოეწეროს ხელი მომავალში, მაგრამ უშუალოდ ხელმოწერას ამჟამად მიზანშეუწონლად მიიჩნევენ. ჩვენს შემთხვევაში, სწორედ ევროკავშირი მიიჩნევს ხელმოწერას მიზანშეუწონლად, თორემ საქართველოს ხელისუფლება (ძველიც და ახალიც) ორივე ხელით „მოაწერდა" რამე რომ ყოფილიყო.

აქედან გამომდინარე, ისიც გაურკვეველია, გაფორმდება თუ არა საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება". ალბათ არა, რაკი ეს შეთანხმება „ასოციაციის" თანამდევი დოკუმენტია და მის გარეშე ვერ იმოქმედებს.

ბრიუსელი გულმოდგინედ „იცავს" ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელ სახელმწიფოებთან გაფორმდება ასოცირების ხელშეკრულება და ვისთან მხოლოდ პარაფირება მოხდება. საქართველოს ხელისუფლებაც, ბოლო დრომდე, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს „ხელმოწერა" და „პარაფირება" ერთი და იგივეა. თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს „ეშმაკობა" მოლდოვაში ამხილა და პირდაპირ თქვა: ევროკავშირის უარი, გააფორმოს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზეზებითაა განპირობებული.

რაც შეეხება შტეფან ფულეს თბილისურ და ბათუმურ ვოიაჟს, ევროპელმა პოლიტიკოსმა სწორედ ევროპული დიპლომატიური ფრაზეოლოგიით „დაგვამშვიდა" და ყველას მისცა „სახის შენარჩუნების" საშუალება. აქაოდა „მითია, თითქოს საქართველო ვილნიუსში დოკუმენტის პარაფირებას ვერ შეძლებსო". „ხელმოწერას ვერ შეძლებსო" კი არ უთქვამს - „პარაფირებას ვერ შეძლებსო". მართლაც რომ რაფინირებული დაცინვაა გოიმებისთვის! თუკი ვეთანხმებით, რომ მთავარი მიზანი მხოლოდ პარაფირებაა, მაშინ ესეც დიდი მიღწევა ყოფილა. ამავე სტილში შეეძლო ეთქვა: „მითია, თითქოს მე ბათუმის სასტუმროში გამართულ გემრიელ ვახშამს არ დავესწრებოდიო". დაახლოებით ბუქარესტის სამიტზე მიღებულ განცხადებას ჰგავს, როდესაც MAP-ზე უარი გვითხრეს, მაგრამ განცხადებით დაგვამშვიდეს: „ოდესმე აუცილებლად გახდებით ნატოს წევრიო".

მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ვილნიუსში მოხდეს, იქნება ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რომელიმე სხვა სახელმწიფოსთან. „დემოკრატიის" მოშველიება აქ სრული დემაგოგიაა. მაინც რომელია საქართველოზე უფრო დემოკრატიული ქვეყანა: სარგსიანის სომხეთი თუ იანუკოვიჩის უკრაინა?

გამოდის, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ აწერენ ხელს სხვებთან და ჩვენ უარს გვეუბნებიან, უფრო საქართველოში ამჟამად მიმდინარე „ურთიერთჭმის" პროცესებია. ამ გაუთავებელი ალიაქოთით საქართველო ევროპას ეუბნება, რომ მისთვის პოტენციური თავის ტკივილია, „პრობლემების ექსპორტიორია" (როგორც პრეზიდენტმა სარკოზიმ დაგვახასიათა ერთხელ) და ასეთ ქვეყანასთან ასოცირება ევროპას მცირე, მაგრამ მაინც დისკომფორტს შეუქმნის. მერედა, განა თუნდაც მცირე თავის ტკივილს არ სჯობს აუტკივარი თავი საერთოდ არ აიტკივო?

როგორც ნატო-ში მიღების, ასევე ევროკავშირან დაახლოების მთავარი პირობა (ამას პოლიტკორექტულობის გამო ღიად არ აჟღერებენ ხოლმე) ელიტათა თანაცხოვრების და ნორმალური ურთიერთქმედების უნარია, რასაც სხვაგვარად „შემდგარი სახელმწიფო" ეწოდება! იმით, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ევროპას ვუმტკიცებთ, რომ არშემდგარი სახელმწიფო ვართ. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტია ოკუპირებული, არამედ ელიტათა მუდმივი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გამო.

ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ევროკავშირი წინა ხელისუფლებას და მის ჩინოსნებს იცავს ან მეტისმეტად აღელვებს, თუ რატომ იყო აუცილებელი ვანო მერაბიშვილისთვის მაინცდამაინც წინასწარი პატიმრობის შერჩევა აღმკვეთ ღონისძიებად, მაშინ როდესაც, ევროპული გაგებით, „გაუსვლელობის ხელწერილიც" კმაროდა - სასამართლომდე. ვანოც და მიშაც, სინამდვილეში, სულ არ აინტერესებთ. რეალურად ბრიუსელში ის არ მოსწონთ, რომ „მდგრადი დემოკრატია" ვერ იქმნება ამ ქვეყანაში, ანუ სისტემა, როდესაც ხელისუფლებათა ყოველი ცვლა სამოქალაქო ომის უსისხლო აქტად და ანგარიშსწორებად არ იქცევა!

რალურად, ელიტათა თანაცხოვრების უნარი „ევროპულობის" ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია და თუ ქვეყანა ამ უნარს ვერ ამჟღავნებს უკვე ათეული წელია, - მას არათუ ევროკავშირში არაფერი ესაქმება, არამედ ასეთ ქვეყანას კეთროვანივით გაურბიან. იგი აღიქმება, როგორც უუნარო და არშემდგარი. მართლაც: რატომ უნდა იმტვრიოს თავი ევროპამ იმაზე, ვინ არის მართალი და ვინ მყტუანი ე.წ. „ციხის კადრების" მარაზმატულ ისტორიაში, ან ვინ - ვის უსწორებს პირად ანგარიშს პროკურატურს ხელით, ვინ ცდილობს ვითარების დესტაბილიზებას და ა.შ და ა.შ. ევროპას საკუთარი პრობლემებიც უამრავია აქვს და ღიად გვეუბნება: „ჯერ ჩამოყალიბდით, როგორც სახელმწიფო და მერე მომმართეთ რაღაც სურვილებით!"

ბუნებრივია, დღეს სამკვდრო-სასიციცხლოდ გადაკიდებული ორივე ჯფგუფი ამ სიტუაციას ერთმანეთს გადააბრალებს. „სათქმელი" მიშასაც ექნება და ბიძინასაც. ისევე, როგორც მათი გუნდის წევრებს. ქართველი პოლიტოკოსებისთვის ხომ, უკვე 25 წელია, სწორედ ესაა მთავარი: „ვისი ბრალია" და როგორ „გადააბრალოს" მოწინააღმდეგეს. ორივეს უმარავი არგუმენტი აღმოაჩნდება, უამრავ საბუთს მოიტანენ, თუ რატომაა „იმათი" ბრალი, რომ ვილნიუსში საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ვერ აფორმებს. თუმცა, ქართული საზოგადოების მხრიდან ყველაზე ჯანსაღი და ევროპული მიდგომა ის იქნებოდა, ორივესათვის მოეთხოვა პასუხი, ოღონდ ჯერ მკაფიოდ და გასაგებად ეთქვა გენიალური შექსპირის დარად: A plague on both your houses - „ჭირი ორსავე სახლსა თქვენსა!", ანუ, ქართულად: „ჭირსაც წაუღიხართ ორივენი!"

სანამ საზოგადოება ამის მკაფიოდ, გასაგებად და მრისხანედ თქმას ვერ მოახერხებს, ქვეყანა მუდამ დარჩება უმწეო ლუზერის როლში. როგორც ვილნიუსის მომავალ სამიტზე.