EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კათალიკოს-პატრიარქისა და პაატა ბურჭულაძის საიდუმლო შეხვედრა 11 ივლისს, 14 საათზე გაიმართა... »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-15 20:52:30
15/07/13 16:14
საპატრიარქოდან გამოსული ხმების თანახმად, პატრიარქი და სხვა მაღალი სასულიერო იერარქები უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებით. უფრო კონკრეტულად, მათ შეშფოთებას მმართველ კოალიციაში არსებული მდგომარეობა იწვევს.
შეიძლება ითქვას საპატრიარქოს პოზიცია, ამ თვალსაზრისით, სრულად ეხმიანება ქართველი ხალხის განწყობას. კერძოდ, საპატრიარქოში შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ `ქართული ოცნების~ წამყვან პოლიტიკურ ძალას ლიბერალური ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ _ `რესპუბლიკელები~ და `თავისუფალი დემოკრატები~. ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე კი ახერხებს თავის კოალიციაში დააბალანსოს პროლიბერალური და პრონაციონალისტური ძალები, მაგრამ თუ კოალიცია დაიშალა, მაშინ ეროვნული ძალები აშკარად არასახარბიელო მდგომარეობაში რჩებიან, რადგან პარლამენტში ლიბერალებს უფრო მყარი პოზიციები და შესაბამიის პოსტები აქვთ. ვინ ვინ და პატრიარქმა და უმაღლესმა სასულიერო პირებმა სხვებზე უკეთ უწყიან, რა უბედურება დააწია ხალხსა და ქვეყანას ხელისუფლებაში ლიბერალური იდეებით მოსულმა `ნაციონალურმა მოძრაობამ~ და ამის გამეორება, ბუნებრივია, არ სურთ. მართალია, დღეს ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიას აკონტროლებს, გარედან ისე ჩანს, რომ `ქართულ ოცნებაში~ სრული ჰარმონიაა, მაგრამ რეალურად ასე არ არის და `ქართულ ოცნებაში~ მიდის ფორსირებული ბრძოლა გავლენების მოსაპოვებლად. ჯერჯერობით, ამ ბრძოლაში, ლიბერალური მიმართულების ძალები იმარჯვებენ. ეს არა მარტო პარლამენტში ძალთა განლაგებაზე აისახება. აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ლიბერალები უფრო საჩინოდ არიან წარმოდგენილნი, ვიდრე სხვა ტიპის პარტიები.
სწორედ ამის გამოა, რომ ქვეყანაში ყბადაღებული კოჰაბიტაციის პროცესი 10 თვეს გააგრძელდა და დასასრული არ უჩანს. `ნაციონალური მოძრაობის~ ლიდერები სწორედ `ქართული ოცნების~ ლიბერალური მიმართულების ლიდერებთან არიან შეხმატკბილებულნი და მათთან საერთო ენა რა ხანია, გამონახეს. `ნაცმოძრაობის~ ზოგიერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ ციხეში იჯდეს, დღეს სხვადასხვა ტრიბუნიდან ჭკუას არიგებს ხელისუფლებას. და არანაირი პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებენ იმ უბედურების გამო, რაც 9 წლის მანძილზე ქვეყანას დააწიეს _ ესეც `ქართული ოცნების~ ლიბერალი ლიდერების დამსახურებაა.
უმთავრესი მიზეზი, რის გამოც პატრიარქმა პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობის კანდიდატობა შესთავაზა, ხელისუფლებაში კვლავ ლიბარალური ძალების აღზევებაა. საპატრიარქოში ხედავენ და აქვთ ინფორმაცია, რომ ამ ძალების აღზევებას ხელს ისევ ის საერთაშორისო პოლიტიკური ძალები უწყობენ ხელს, რომელთა დახმარებითაც `ნაციონალური მოძრაობა~ ქვეყნის სათავეში მოვიდოდა და მათი დახმარებით, 9 წელი დარჩა ხელისუფლებაში.
პატრიარქსა და მის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ, თუ პაატა ბურჭულაძე გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ის დააბალანსებს არსებულ ვითარებას. პაატა ბურჭულაძე ქართული ცნობიერების, ტრადიციების მიმდევარი ადამიანია. მისი საზოგადოებრივი საქმიანობა ადასტურებს, რომ მისი პოლიტიკური სიმპათიები, ერთი მხრივ, მემარჯვენეობისკენ, მეორე მხრივ, კონსერვატიზმისკენ იხრება. მისი მხარდამჭერები საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ, თუ ის პრეზიდენტი გახდება, ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში არა მარტო სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ `ნაციონალებისგან~ გათელილი ქართული ცნობიერების აღსადგენად. რაც მთავარია, მისი მსოფლმხედველობის ადამიანისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი იქნება ის ნეოლიბერალური იდეები, რომლებიც ფაშიზმისგან არაფრით განსხვავდება და რომელთა ხელახალი აღორძინების საფრთხე საქართველოში ჯერაც დიდია. აქვე იმის აღნიშვნაც არ იქნება ზემდეტი, რომ პაატა ბურჭულაძეს წლების მანძილზე, საპატრიარქოსთან ერთად, არაერთი საქველოქმედო ღონისძიენაბა გაუმართავს, მისი მთავარი საქველოქმედო პროექტის _ `იავნანას~ პარტნიორი სწორედ საპატრიარქოს ფონდია. პაატა ბურჭულაძე პატრიარქის აქტიური მხარდამჭერია და პატრიარქისგან საპახუსო სიყვარულით სარგებლობს.
ცხადია, თუ პაატა ბურჭულაძე დაყაბულდა პატრიარქის თხოვნას და საპრეზიდენტო მარათონში ჩაება, მას საპატრიარქო ღიად არ დაუჭერს მხარს, მაგრამ ბურჭულაძეს პატრიარქის ფარული მხარდაჭერა ექნება.
თუნდაც იმ ფაქტის გახმაურება, რომ პაატა ბურჭულაძე კათალიკოს-პატრიარქის რჩეულია, არჩევნების პირველსავე ტურში მის გამარჯვებას უზრუნველყოფს _ პატრიარქის ნების საწინააღმდეგოდ, სულ მცირე, საქართველოს მოსახლეობის 80% არ წავა.
ამ ინფორმაციის გახმაურებსს ათასი საშუალება არსებობს. `ქართული ოცნების~ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მას ღირსეული წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, რაც ზემოთ მოგახსენეთ, იმის გარდა კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი, რომ მარგველაშვილი იმ ლიბერალური იდეების ერთგულია, რომელსაც საპატრიარქო ებრძვის და რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენში ლიბერალიზმი `ნაციონალური მოძრაობასთან~ ასოცირდება და ყველაფერი, რაც `ნაცმოძრაობასთან~ კავშირშია, ხალხისთვის საფრთხობელას როლს თამაშობს. მეორეც, `ქართულ ოცნებას~ ამ ეტაპზე აღარ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენიც შარშან, 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ჰყავდა. ივანიშვილის პარტიის `ნაცმოძრაობასთან~ 10 თვიანმა კოჰაბიტაციამ ხალხს სამართლიანობის აღდგენის რწმენა დაუკარგა. არადა, `ქართული ოცნების~ მთავრესი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ეს იყო _ დამნაშავე `ნაციონალებს~ დავსჯით და ქვეყანაში სამართლიანობას აღვადგენთო. სიმართლის მაძიებელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ამ ეტაპზე ახალი პოლიტიკური ძალის ან ლიდერის გამოჩენას ელოდება, რომელიც მათ `ნაციონალებთან~ უკომპრომისო ბრძოლაში გაუძღვება წინ და მათთან კოჰაბიტაციაზე ცალსახად უარს იტყვის. თუ ასეთ ლიდერად ხალხს პაატა ბურჭულაძე მოევლინება, იმ ხალხის დიდი ნაწილი, ვინც ბიძინა ივანიშვილს არჩევნები მოაგებინა, ბურჭულაძის მხარდამჭერი იქნება.
კათალიკოს-პატრიარქისა და პაატა ბურჭულაძის საიდუმლო შეხვედრა 11 ივლისს, 14 საათზე გაიმართა საპატრიარქოში.
შეხვედრამ დიდხანს გასტანა და საღამოს დასრულდა. პატრიარქის ფავორიტმა დრო ითხოვა მოსაფიქრებლად, იყრიდა თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში.
პარალელურად ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის ამ მოლაპარაკების შესახებ.
ის მხარს უჭერს პაატა ბურჭულაძის კანდიდატურას, მაგრამ კოალიცია რომ არ დაეშალოს, ცხადია, ამას ღიად ვერ იტყვის. მას ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი ჰყავს და მხარი მას უნდა დაუჭიროს _ ეს აქსიომაა. თუმცა, კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით ასეთი სურათი იკვეთება.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილი ფარულად შეხვდნენ ერთმანეთს და იმსჯელეს, როგორ შეეკავებინათ ხელისუფლებაში ლიბერალური ძალების მოძლიერება. ივანიშვილს პატრიარქთან უღიარებია, რომ ის გავლენიანი საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური ძალებისგან სერიოზულ ზეწოლას განიცდის და მათი უმთავრესი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ კოალიციაში არსებულ ლიბერალურ პილიტიკურ ძალებს მეტი გასაქანი მიეცეთ.
ივანიშვილს, ასევე, ძალიან აწუხებს ის საკითხი, რომ იმავე საერთაშორისო ძალების ზეწოლის შედეგად, დიდხანს გაგრძელდა ქვეყანაში კოჰაბიტაციის პროცესი, რაც ხელს უშლის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს. წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანაში გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა ან ლიდერი, რომელიც, ერთი მხრივ, შეაკავებს ლიბერალების მოძლიერების შეუქცევად პროცესს, მეორე მხრივ, `ქართულ ოცნებაზე~ განახორციელებს ზეწოლას ხალხის სახელით _ დაჩქარდეს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. მოკლედ, ივანიშვილს სურს, საკუთარივე გარემოცვის წევრები სხვამ აიძულოს, გააკეთონ ის, რასაც თავად შეჰპირდა საზოგადოებას.