EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ID ბარათები — ელექტრონული მმართველობით ტოტალური კონტროლის დღევანდელი თუ სამომავლო საშიშროება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-07-22 03:47:15
22/07/13 03:47
„შეწყდეს საქართველოს მოქალაქეებზე იძულებითი წესით (საგანგებოდ შემოღებული კანონებით) ადმინისტრაციული ძალადობა და ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტისა და პლასტიკური ბარათების აღება მხოლოდ ნებაყოფლობით, არასავალდებულო წესით მოხდეს“.
ID ბარათების გარშემო საუბარი კვლავაც არ წყდება. რამდენიმე დღის წინ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ შეკრებილმა სასულიერო პირებმა, მართლმადიდებელ მოქალაქეთა საორგანიზაციო კრებულის წევრებმა, იურისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრევლთან ერთად კიდევ ერთხელ შეახსენეს მთავრობას იმ მოქალაქეთა მოთხოვნა, რომლებიც ელექტრონული მოწმობების ალტერნატიული ბარათებით ჩანაცვლებას მოითხოვენ.
მართლმადიდებელ მოქალაქეთა საორგანიზაციო კრებული ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. ხელმომწერები იუსტიციის სამინისტროს მიერ დაკვეთილ პლებისციტურ გამოკვლევას (იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ცენტრი ID ბარათებისადმი მოსახლეობის განწყობის მასშტაბურ კვლევას აწარმოებს) არაობიექტურობაში და სიყალბეში ადანაშუალებს. როგორც კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს იგნორირებას უკეთებს.
«პრაქტიკულად, 8 თვე ველოდეთ, გაუწბილეს ხალხს იმედი. იუსტიციის მინისტრის მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა უსამართლო განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია _ თუ მისი თქმით არანაირი სერვისი არ უნდა მიუერთდეს ახალ ელექტრონულ მოწმობას და მხოლოდ სახელი და გვარი იქნება მასში, მაშინ რაღა საჭიროა საერთოდ ელექტრონული მოწმობები და ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი იუსტიციის სახლები?! თუ დაუშვებენ ალტერნატიულ მოწმობებს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ალტერნატიულ საბუთს აირჩევს. მინისტრი 100 კაცის უფლებებს იცავს, როცა 50 000-მდე ხელმოწერა გვაქვს მოგროვებული და იგნორირებას უკეთებს ამ ადამიანებს. მთავრობა რომ არჩევნების ობიექტურობაზე ზრუნავდეს, უპირველეს ყოვლისა, თავად დაუშვებდა ალტერნატიულ საბუთებს!», — აცხადებს ნანობაშვილი.
ID ბარათი მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული ბარათია, რომლის გაცემა 2011 წლის აგვისტოდან დაიწყო. ამჟამად, ბარათით 700 000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. ID ბარათი დღეისთვის უალტერნატივოა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობებისთვის ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქე ვალდებულია, ის ID ბარათით ჩაანაცვლოს.
2010 წელს პარლამენტმა გადაწყვიტა ბიომეტრიული პასპორტები და აიდი ბარათები დაემზადებინა. ეს ქმედება მაშინდელმა მთავრობამ გაამართლა, როგორც მოქალაქეებისთვის ურთიერთობების გაადვილება და სხვადასხვა უწყებაში აიდი ბარათების გამოყენებით ოპერაციების შესრულების ხელმისაწვდომობა და მოხერხებულობა.
ექსპერტების მტკიცებით, ელექტრონული პირადობის მოწმობები შეიძლება იქცეს ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტად იმ სუბიექტების ხელში, რომლებიც მართავენ ბიომეტრულ სისტემებს. ID ბარათზე გროვდება დიდი მოცულობის ინფორმაცია ინდივიდისა და მისი საქმიანობის შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ ტრანზაქციებს, ქონებრივ მდგომარეობას, გადაადგილების მარშრუტს, სამსახურებრივ ურთიერთობებს და ა.შ.
მართლმადიდებელ მოქალაქეთა საორგანიზაციო კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით უცხოეთის პრაქტიკას არ იშველიებს: „იუსტიციის სამინისტრო ტენდენციურია და არ აშუქებს ელექტრონული მმართველობის დღევანდელ თუ სამომავლო საშიშროებას ტოტალურ კონტროლთან დაკავშირებით. სახელი და გვარი კი არაა საბუთში საშიში, არამედ ელექტრონულ მმართველობასთან დამაკავშირებელი ჩიპი, რომელიც საშუალებაა კონტროლის მექანიზმისა. ბიომეტრული სისტემების შემდგომმა განვითარებამ საჯარო დაწესებულებებს შეიძლება საშუალება მისცეს, განახორციელონ ადამიანებზე შეუზღუდავი თვალთვალი და აღრიცხონ მათი ნებისმიერი გადაადგილება. სერიოზულად გასათვალისწინებელია აგრეთვე ხაკერების მიერ კიბერშეტევის მსოფლიო მაგალითები, სადაც აშკარად ჩანს, რომ ელექტრონული მოწმობები არ არის გაყალბებისაგან დაცული, სწორედ ასეთი მაგალითების საფუძველზე გააუქმა დიდმა ბრიტანეთმა ელექტრონული მმართველობა“.
ევროპის ქვეყნებში ბიომეტრიული მონაცემების პასპორტებში შეტანის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2004 წელს ამერიკის კატეგორიული მოთხოვნის შედეგად მიიღო, რაც ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიით იყო დასაბუთებული. ამის მიუხედევად, ევროკავშირის გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებს არ ავალდებულებს ბიომეტრიული მონაცემები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში შეიტანონ. გადაწყვეტილება მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით გაცემულ პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტებზე მოქმედებს და არა ქვეყნის შიგნით მოქმედ პირადობის მოწმობებზე. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი უნიკალური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის ვალდებულება კი მოქალაქეებს არ აქვთ.
მართლმადიდებელ მოქალაქეთა საორგანიზაციო კრებულის წევრები საერთაშორისო პრაქტიკისა და კვლევების გათვალისწინებით აცხადებენ, რომ ელექტრონული საბუთის გაყალბება უფრო ადვილია, ვიდრე ჩვეულებრივის. ამ მოსაზრებას იზიარებს უკრაინელი “ხაკერი”, რომელიც „weeknews” კომენტარზე კონფიდენციალობის დაცვის სანაცვლოდ დასთანხმდა: „თუ მოთხოვნა იქნა, “ხაკერს” შეუძლია ნებისმიერ ქსელში შეღწევა და ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოპარვა. მე ვერ გეტყვით, ვის რაში სჭირდება ასეთი სახის ინფორმაცია, თუმცა შავ ბაზარზე დიდი მოთხოვნილებაა მსგავსი ტიპის ბაზებზე. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამწყები “ხაკერები” გართობის მიზნით ხშირად ახდენენ ბაზებში შეღწევას და მის ან შეცვლას, ან დაზიანებას“, — აცხადებს უკრაინელი “ხაკერი”.
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ შეკრებილი საზოგადოება (სასულიერო პირები, მართლმადიდებელ მოქალაქეთა საორგანიზაციო კრებულის წევრები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები) არსებული მძიმე სიტუაციის გამო, თხოვნით მიმართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოს მორწმუნეების მიმართ, უფრო მკაფიოდ დაიცვას მათი უფლებები და ნუ გაემიჯნებიან მათ ყველაზე რთულ ვითარებაში.
რელიგიურ ჯგუფებში ID ბარათების გარშემო გარკვეული მისტიფიცირებული წარმოდგენები არსებობს. თუმცა სინოდის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ID ბარათებს „ანტიქრისტეს ბეჭდის“ შემცველად არ განიხილავს.
სიონის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა ბასილი ახვლედიანიც იზიარებს სინოდის გადაწყვეტილებას და ადასტურებს, რომ ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ მოსახლეობას ურჩევს, ნუ აიღებენ მას: „ვადასტურებ სინოდის განცხადებას, ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ ადამიანებს ვურჩევ, ნუ აიღებენ მას. ID ბარათები წამყვანმა ცივილიზებულმა ქვეყნებმაც უარყვეს, რადგან ის ტოტალური კონტროლის მსხვერპლად აქცევს ადამიანს. დიდი ბრიტანეთის მაგალითი ავიღოთ, სადაც ID ბარათები 2010 წელს გაუქმდა. სამწუხაროდ, ეკლესიაში ერთიანი აზრი არ არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა სასულიერო პირი თანხმდება, რომ ID ბარათის მეშვეობით ტოტალური კონტროლი და ადამიანის უფლებების დარღვევა ინერგება. მინდა, ვუთხრა ამ საქმის მესვეურებს, ამხელა ცოდვას ნუ აიღებენ საკუთარ თავზე, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება სისხლი და მსხვერპლი. საქართველოში, ასი ათასი მოწამის ქვეყანაში, სარწმუნოებისთვის უამრავი ადამიანი დადებს თავს და ნუ მიიყვანენ საქმეს აქამდე, დაუშვან ალტერნატიული საშუალება“, აცხადებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა ბასილი ახვლედიანი.
ზაზა ნანობაშვილის თქმით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. მართლმადიდებელ მოქალაქეთა საორგანიზაციო კრებულის წევრები აპირებენ, რომ ამ პროცესმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს და ხელმოწერები შეგროვდეს იუსტიციის სახლებთან, მეტროებთან და საზოგადოებრივ დაწესებულებებთან. „იუსტიციის სამინისტროს ერთ დროს ვითომდა კეთილი დამოკიდებულება მართლმადიდებელთა მოთხოვნების მიმართ მოჩვენებითი იყო და, სამწუხაროდ, მხოლოდ დროის გაწელვის პოლიტიკას ემსახურებოდა, რაც არც ერთობას წაადგება და არც ქვეყნის წინსვლას, რამეთუ შემოაქვს გაყოფა და განხეთქილება. ყოფს საზოგადოებას ფენებად _ ელექტრონულად უზრუნველყოფილი მოქალაქეებისა და უსაბუთო დისკრიმინირებული მოქალაქეების ფენად. დღეს ნდობა რაღაც დონეზე რომ შევინარჩუნოთ და სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, სიცრუის დამღუპველ გზას არ დავადგეთ _ სასწრაფოდ უნდა დავუშვათ არაელექტრონული ალტერნატიული მოწმობები ყველა მიმართულებით!“, — ზაზა ნანობაშვილი.
ID ბარათებისა და მათი ალტერნატივის დასაშვებობის საბოლოო ბედი ცნობილი ამდრომდე არ არის. მანამდე კი, ვინაიდან საქართველოში პირადობის მოწმობების გაცემის წესი ნორმატიული აქტებით რეგულირდება, საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ კი მიიჩნევს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების უალტერნატივო წესი არღვევს მის ძირითად უფლებებს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტს დაეკისრება ვალდებულება, გადასინჯოს პირადობის მოწმობების გაცემის მოქმედი წესი.