EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« წმინდა ტიქონ ზადონელი »
კატეგორია: რელიგიაავტორი:
თარიღი: 2013-07-26 17:57:29
სიკვდილს შეუძლია ცოდვილში სინანული აღძრას. ის ჩვენთვის ნაცნობიცაა და უცნობიც. ნაცნობია, რადგან ყველა მოვკვდებით; უცნობია, რადგან არ ვიცით როდის, როგორ და სად მოვკვდებით.
რაც მეტს ვცხოვრობთ, მით ილევა ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, გვიმცირდება სიცოცხლის დღენი და ვუახლოვდებით სიკვდილს. დღეს უფრო ახლო ვართ მასთან, ვიდრე გუშინ, ამ საათს უფრო მივუახლოვდით, წინასთან შედარებით;
სიკვდილი ყველას უხილავად დასდევს და მაშინ მიჰყავს კაცი, როცა არ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ჯანმრთელი და ძლიერი, ასე ოცნებობს: კიდევ ვიცოცხლებ, ჯერ არ ჩანს ჩემი აღსასრული; დავაგროვებ და გავძღები დაგროვილი სიკეთეებით, მაგრამ მოულოდნელად თავს ესხმის სიკვდილი და მისი ყველა ოცნება და ჩანაფიქრი იღუპება.
ის, ვინც ხანგრძლივ ცხოვრებაზე ოცნებობდა, მალე კვდება; ის, ვისაც დაგროვება და გამდიდრება სურდა, ტოვებს წუთისოფელსაც და თავის სხეულსაც. ასე უცნობია ჩვენთვის აღსასრული, ქრისტიანებო!
კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენზე ზრუნვით დაგვიფარა ჩვენი აღსასრულის ჟამი, რათა ყოველთვის მზად ვიყოთ მისთვის და ჭეშმარიტი სინანულით ვიცხოვროთ. ადამიანი რითაც გავა ამ სოფლიდან, იმითვე გამოცხადდება ქრისტეს სამსჯავროზე!
ცოდვილებო! ყურადღებით დავუფიქრდეთ ამ სიტყვას და მოვინანიოთ, რომ იმქვეყნად ცოდვებით არ წავიდეთ და ღვთის სამსჯავროზე ასე არ გამოვცხადდეთ. მოწყალე ღმერთმა აღგვითქვა თავისი მადლი და წყალობა, მაგრამ ხვალინდელ დღეს არ დაგვპირებია. გვახსოვდეს ეს და გამოვიღვიძოთ, გვახსოვდეს სიკვდილი და გამოვსწორდეთ, აღსასრულისთვის მოვემზადოთ და ნეტარებით აღვესრულოთ: "ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან" (გამოცხ. 14,13).
უფლისა მიერ კვდება ის, ვინც სინანულით, რწმენითა და ჭეშმარიტი ლოცვით აღესრულება. წუთისოფლიდან განსვლის წუთები ყველასთვის საშინელია. ყველა წმინდანი იმ ჟამს უმზერდა, ტიროდა და ასე ლმობიერყოფდა კაცთმოყვარე ღმერთს, რათა იგი აღსასრულისას შესწეოდა.
საკვირველია, რომ წმინდანები, როცა სიკვდილის ჟამს იხსენებენ, ტირიან, ცოდვილები კი არ ტირიან, თუმცა კი ყოველდღე ხედავენ მოძმეთა აღსასრულს.
საწყალო ცოდვილებო! რატომ გვძინავს? ეს ეშმაკი გვპარავს ქურდივით ჩვენს ცხოვრებას. ჩავიბეჭდოთ მეხსიერებაში ის ჟამი და მზად ვიყოთ: მას შემდგომ კაცი ან საუკუნოდ ინეტარებს, ან საუკუნოდ დაიტანჯება. აქ ყველასთვის იხსნება მარადისობის კარი და წავა კაცი ან სამუდამო ნეტარებაში, ან სამუდამო სატანჯველში.
აქედან იწყებს ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს ან მარადიულ სიკვდილს. სად არიან დღეს ისინი, ვინც ჩვენზე უწინ ცხოვრობდა ფუფუნებით, სიტკბოებით და სინანულის გარეშე? წავიდნენ ამქვეყნიდან და დატოვეს თავიანთი სიამეები, იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებზე და უკანასკნელ სამსჯავროს ელოდებიან, სადაც ყველას მიეგება საკუთარ საქმეთა მიხედვით.
ამიტომაც, სანამ აღსასრულის ჟამი არ დაგვდგომია, წმინდა გულით მივიქცეთ ჩვენი ღმერთისკენ, სინანულითა და რწმენით შევურიგდეთ და ამით საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ. ამას მოგვიწოდებენ და შეგვთხოვენ წმიდა მოციქულები თავიანთ ნაწერებში: "ქრისტესთვის უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთვის: დაეგენით (შეურიგდით – მთარგმ. შენ.) ღმერთსა.