EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქმედებები რასაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებს, მოსალოდნელი იყო »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-08-03 03:37:42
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ქმედებები რასაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებს, მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის ექს-პრემიერთან იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის მიერ, ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეების გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ეს ქმედებები, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის. ეს იყო სრულიად მოსალოდნელი. თუ ვინმეს ეგონა, რომ პუტინს მე რაიმე შეურაცხყოფა მივაყენე, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს გარდა არასოდეს, მასთან მე სხვა ენით არ მილაპარაკია, მაგრამ ეს ხდებოდა ომამდე. ომის შემდეგ ოკუპანტისთვის ენის მოჩლექვა და ფეხების დაკოცნა არ არის ღირსების საქციელი. ომამდე შესაძლებელი იყო, ვყოფილიყავით ზედმეტად დიპლომატიური. ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა. ახლა ხშირად ატრიალებენ კადრებს, რომ 2005 წელს სააკაშვილი პუტინზე კარგად ლაპარაკობსო. რა თქმა უნდა, ვილაპარაკებდი, ომი არ ყოფილა ოფიციალურად. რა თქმა უნდა, რუსეთი სჩადიოდა ყველაფერს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მას არასოდეს ეს ოფიციალურად არ განუცხადებია. სანამ ეს ზღვარი არ იყო გადალახული, ყველაფერი უნდა გვექნა, რომ ეს ზღვარი არ გადალახულიყო, მაგრამ როცა დღეს შენი ქვეყნის ოკუპანტზე ლაპარაკობ, რომ პუტინი არის კარგი კაცი, მას ქართველებისთვის სიკეთე უნდა და თვალებში ცრემლები ადგება, როცა საქართველოს ახსენებ ან რაღაც მსგავსი – ეს ძალიან ჰგავს იმ მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ისტორიის სამარცხვინო შემადგენელ სამარცხვინო ნაწილს, რასაც ქართულ ენაზე ჰქვია -ღალატი. სხვა განმარტება, როცა ეს ეხება შენი ქვეყნის თავისუფლებას, ქართულ ენაზე არ არსებობს. ამიტომ მე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ შორს დაიჭირონ თავი ამ ღალატისგან. საქართველო აუცილებლად გამოვა ამ სიტუაციიდან და აუცილებლად გადარჩება, მაგრამ ახლა არის კრიტიკული პერიოდი იმისათვის, რომ რაღაც ისეთი არ დავკარგეთ, რაც უკვე დავიბრუნეთ. ერთ-ერთი ასეთი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. არ შეიძლება, რომ შენ ერთდროულად გინდოდეს მხარდაჭერა და კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი მტრის და შენი ქვეყნის დამაქცევარის სტალინის ძეგლს დგამდე უკან. არ შეიძლება, გინდოდეს მხარდაჭერა და ქვეყანაში დემოკრატიას მთავარ საფუძველს აცლიდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციები გაგრძელდება. რა თქმა უნდა, რუსეთი მოქმედებს თავის გეგმით. ჩვენი გეგმა უნდა იყოს საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მაქსიმალური ეკონომიკური განვითარება, რომ ვერასოდეს რუსეთმა ვეღარ დაგვაბრუნოს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არის მთავარი, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ,ახლა ხომ ყველა მიხვდა, რომ მთავარი პიროვნული დამოკიდებულება კი არ იყო, არაფერი ისეთი განსხვავებული არ იყო. შევარდნაძე ზუსტად ისევე ეზიზღებოდა რუსეთს, როგორც - მე. საერთოდ, სხვა ფიგურა იყო გამსახურდია. გამსახურია იყო მტერი რუსეთის. პუტინმა ივანიშვილს ორი მილიარდი დოლარი გადაუხადა და ეს არ არის ჩემი სპეკულაცია. ბოლო წლებში მარტო ორმა ადამიანმა გამოიტანა რუსეთიდან ფული წარმატებულად, აბრამოვიჩმა, რომელიც პუტინის ჩვეულებრივი მოლარეა და ბიძინა ივანიშვილმა. ეს ხომ ფაქტია. საქართველოს არჩევნების წინ, დამატებით ორი მილიარდი გადაუხადეს იმისთვის, რაც მისი ქონება ღირდა. თუმცა რუსეთმა მაინც არ ჩათვალა, რომ კოჭი უნდა გაგვიგოროს, იმიტომ, რომ რუსეთს აქვს თავისი გეგმები და პირიქით ჩათვალა, რომ 2 მილიარდი რომ აქვს მიცემული კიდევ აქეთ უნდა დაგვიტმოს რამე?! იქით უნდა დავუთმოთ ეხლა ყველაფერი, ახლა როცა აქეთ აქვს მოცემული, ბუნებრივია თვლის, რომ იქითაც უნდა მისცე. ყველაფერი ლოგიკურია. მიუხედავად ამ ორი მილიარდის ისტორიისა, მზად ვარ, რომ საქართველოს მთავრობასთან ვიმუშაო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პუტინის სქემას ასრულებენ და ეს არის პოლიტიკიდან ჩემი ჩამოშორება და გაქრობა, ალბათ ცხოვრებიდანაც. ეს პუტინმა არაერთხელ თქვა საჯაროდ. ამაზეც დავხუჭავ თვალს; თუ ჩვენ დამოუკიდებლობას დავკარგავთ, წყლასაც წაუღია ყველაფერი, რაც პიროვნულად მეხება, მთავარია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარ პოსტულატებს არ შევეხოთ",-განაცხადა სააკაშვილმა.