EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ შევარჩიოთ წინდები ფეხსაცმლისა და შარვლის მიხედვით »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი:
თარიღი: 2013-09-19 22:51:32
წინდა მამაკაცის გარდერობის მნიშვნელოვანი დეტალია.
მამაკაცთა უმეტესობისთვის ის ერთგვარი სისუსტეა.
ხოლო ცალკე საუბრის თემაა, როგორ ხმარობს მას მამაკაცი. პირველ რიგში, წინდა უნდა იყოს სუფთა.
მისი ტარების ვადა ერთი დღეა, ანუ დილით ჩაცმულ წინდას საღამოს ვიხდით და ვრეცხავთ.
წინდები ზაფხულში
როგორც კი დაცხება, ქუჩები ივსება მოკლე შარვლებში, ღია ფეხსაცმელებსა და წინდებში გამოწყობილი ინდივიდუმებით. ჰიგიენისთვის მებრძოლი ზოგიერთი მამაკაცი წინდებზე საპლაჟე ქოშების წამოცმასაც კი ახერხებს და ამგვარად სეირნობს სანაპიროზე.
ცხადია, ეს მეტად სამწუხარო სანახაობაა და ღამით მზის სათვალით სიარულის ტოლფასია (იმის დასამტკიცებლად, რომ სათვალე იმიჯის ნაწილი უფროა, ვიდრე კაშკაშა მზისგან დამცავი საშუალება).
ასევე არ უნდა ჩაიცვათ წინდები ღია ფეხსაცმელთან. თუ ვერ ელევით, ჩაიცვით დახურული ფეხსაცმელი. თუმცა ზოგიერთი დახურული ფეხსაცმლის ტარებაც შეიძლება წინდების გარეშე.
მაგალითად, საზაფხულო მოკასინებისა, რომლებიც ძალიან თხელი და რბილი ტყავისგან იკერება. სანდლებსა და ღია ფეხსაცმელთან წინდებს მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები მამაკაცები როდი იცვამენ - ამგვარად შეიძლება გამოეწყოს გერმანელიც და ამერიკელიც. ცუდი გემოვნების ადამიანები ნებისმიერ ქვეყანაში არიან.
წინდების ფერი
არსებობს მრავალი ლეგენდა იმის შესახებ, რას უნდა შევუხამოთ წინდები: ჰალსტუხს, პერანგს, თვალების ფერს, მანქანის ფერს თუ ტრუსებს. ბევრი ატარებს მკვეთრი ფერის ჰალსტუხს, შარფს, მაგრამ ლურჯი წინდების ჩაცმაც კი მიუღებლად მიაჩნია. არადა, თუ ტანსაცმელსა და ფერებს სწორად შევარჩევთ, შეიძლება მრავალი საინტერესო ვარიანტი გამოგვივიდეს.
გაითვალისწინეთ: წინდები უნდა შეუხამოთ კოსტიუმს და ფეხსაცმელს და ეს ფეხსაცმელი დახურული უნდა იყოს.
წინდების ფერი შარვლის ფერზე ერთი ტონით მუქი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, თუ ჯინსის ჩაცმას აპირებთ, მოძებნეთ გარდერობში ლურჯი წინდები. გამონაკლისს წარმოადგენენ მოდის ეპატაჟური მიმდევრები, რომელთაც შეუძლიათ, კლასიკურ კოსტიუმთან სტაფილოსფერი, წითელი ან მწვანე წინდები ჩაიცვან.
თეთრი წინდების ჩაცმა ჯობს სპორტული შეჯიბრების დროს, თეთრ სპორტულ ფეხსაცმელთან. თუ გაცვიათ კლასიკური შავი კოსტიუმი, შავი ფეხსაცმელი და თეთრი წინდები, უგემოვნო ადამიანის იმიჯს ვერაფრით გადაურჩებით.
ასევე შეიძლება შეუხამოთ წინდების ფერი ტანსაცმლის ელემენტებსა და აქსესუარებს. თუ გაცვიათ მწვანე სვიტერი, შეიძლება ჩაიცვათ მუქი მწვანე ფერის წინდა.
წინდების სიგრძე
ცდება, ვინც ფიქრობს, რომ არაფერი დაშავდება, თუ წინდის ყელსა და შარვლის ტოტს შორის შიშველი ფეხი გამოჩნდა. წინდის ყელი იმსიგრძე უნდა იყოს, რომ ჯდომისას ფეხი გარეშე თვალისგან დაფარული დარჩეს.
მეორე ვარიანტია მოკლე, კოჭებამდე სიგრძის სპორტული წინდები. მათ სპორტულ საზაფხულო ფეხსაცმელებსა და მოკასინებთან იცვამენ. ამ დროს უმჯობესია შორტების ან ბრიჯების ჩაცმა.
და რაც მთავარია, ნუ ეცდებით დახეული წინდის დაკემსვას - მისი ადგილი სანაგვეშია.